ას-307-289-10 8 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ. ა-ური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. და ნ. ა-ურები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება—თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი _ ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა, მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღებულად და წილის მესაკუთრედ ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ა-ურის სარჩელი ნ. და ო. ა-ურების მიმართ ანდერძისმიერ მემკვიდრეს ცნობის, მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღებულად და წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე შ. ა-ურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მოსარჩელეს აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 28 იანვარს. შ. ა-ურმა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარადგინა 2010 წლის 02 მარტს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 07 აპრილის განჩინებით შ. ა-ურის საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 04 მარტის განჩინებით გასწორდა 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უზუსტობა, კერძოდ, განჩინების მიღების, ნაცვლად – “2009 წლის 22 ოქტომბრის" მიეთითა “2009 წლის 19 ნოემბერი".
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ა-ურმა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2010 წლის 28 იანვარს მას დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ჩაჰბარდა, რადგან მასში დაშვებული იყო შეცდომა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა 2010 წლის 04 მარტს, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის დენაც სწორედ ამ განჩინების ჩაბარების დღიდან უნდა აითვალოს. აქედან გამომდინარე, შ. ა-ური კერძო საჩივრით ითხოვს საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის ვადის დანიშვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს და საქმის მასალებს და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 04 მარტის განჩინებით გასწორდა ამავე პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უზუსტობა და ნაცვლად “2009 წლის 22 ოქტომბრისა", განჩინების გამოტანის თარიღად აღინიშნა “2009 წლის 19 ნოემბერი’’.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს საკასაციო საჩივრის წარდგენისათვის 1-თვიანი ვადის აღდგენა და ამ ვადის ათვლა უსწორობის გასწორების განჩინების ჩაბარების დღიდან.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ვადის ათვლა ვერ დაუკავშირდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 04 მარტის განჩინების ჩაბარებას, ვინაიდან აღნიშნული განჩინებით ადგილი ჰქონდა ამავე სასამართლოს განჩინებაში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას, რაც არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის უზუსტობას, რომელიც გავლენას მოახდენდა განჩინების დასაბუთებულობაზე და მისი გასაჩივრების ვადაზე.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შ. ა-ური კერძო საჩივარში არათუ მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უსწორობის გასწორების შესახებ განჩინების გაუქმების სამართლებრივ მოტივებზე, არამედ საერთოდ არ ითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. ა-ურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 04 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.