ას-310-292-2010 31 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ კ. ს-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ს-შვილი (მოსარჩელე)
კანონიერი წარმომადგენელი _ ლ. ე-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნივთის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ს-შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ე-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუს გ. ბ-შვილისა და კ. ს-შვილის მიმართ სამკვიდრო ქონების თანამემკვიდრეთა შორის განაწილების თაობაზე 2007 წლის 4 აგვისტოს გარიგების ბათილად ცნობისა და სამკვიდრო ქონების განაწილების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად შპს “ბ-უ” ჩაბმულ იქნა სამოქალაქო დავაში. ამავე სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე თელავის ნოტარიუს გ.ბ-შვილის მიერ დადასტურებული 2007 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტი სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრეთა შორის წილის გადანაწილების ხელშეკრულება კ. ს-შვილისათვის წილის გადაცემის ნაწილში ნაწილობრივ, კერძოდ, ა)მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (შპს “ტ.პ.გ. …დან”) გარდაცვლილ ნ. ს-შვილის კუთვნილი 20% წილი, მდებარე თელავის რაონის სოფელ სანიორეში, ბ)93.8 ჰექტარი მიწაზე, მათ შორის 78 ჰექტარ მიწაზე გაშენებული ვენახის, დასასვენებელი პარკი “ს-ო”, დამხმარე ნაგებობის _ 2498 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ს-ში, გ)არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე თელავში, ... ქ¹4-ში, დ)არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... ქ¹3, ე)არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... ქ¹5, ვ)არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... ქ¹-ში, ზ)საცხოვრებელი სახლი, მდებარე თელავში, ... ქ¹1-ში, თ)არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... გამზირზე, ი)არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... გამზირზე, კ) არასასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწა, მდებარე თელავში, ... გამზირზე, ლ)თელავში, ... ¹2-ში მდებარე 1158 კვ.მ მიწაზე განთავსებული შპს “სასტუმრო …დან” ნ. ს-შვილის კუთვნილი წილი _ 25%, მ)თელავში, ჭავჭავაძის მოედანზე მდებარე შენობა-ნაგებობა _ ი.ჭავჭავაძის კინოთეატრი, ნ)სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე თელავის რაიონის სოფელ სანიორეშე, ო)სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწა, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე თელავის რაიონის სოფელ სანიორეში, პ)სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მასზე გაშენებული ვენახით, მდებარე თელავის რაიონის სოფელ სანიორეში, ჟ)თელავში, ... ¹30-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი (ყოფილი “მ-ის” შენობა) რ)არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მდებარე დუშეთის რაიონში, ს)დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე მეძროხეობის ფერმა, დამაგრებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 195 ჰექტარზე საიჯარო ხელშეკრულებით, ტ)დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე “ტ-ში” მდებარე მეცხვარეობის ¹6 ბრიგადის ფერმა 400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად, უ)იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 300.0 ჰექტარ მიწაზე განთავსებული საძოვარი “ი”, ფ)2000 წელს გამოშვებული ტოიოტა “ლექსუსი”, ქ)ცეცხლსასროლი იარაღები: “საიგა-მ-3 სისტემის კარაბინი, იჟ-94 სისტემის კომბინირებული თოფი, თთ _ სისტემის პისტოლეტი, ზიგ-ზაუერის სისტემის პისტოლეტი, ვინჩესტერ იმპერატ, თ03-34 EPN¹7560 ღ)2006 წლის 27 ივლისს განვადების უფლებით სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ყ)2006 წლის 23 აგვისტოს იჯარა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი სამი ტრაქტორი, შ)ნ.ს-შვილის მიერ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “კ-ში” შეტანილი 12000 შშ დოლარი, ამხანაგობის საკუთრებაში რიცხული მშენებარე უძრავი ქონების შესაძენად, საცხოვრებელი სახლის ბლოკი, სართული 5, 68.3 კვ.მ ბინა ¹3, ჩ)ქ.თელავში, ... გამზირის ¹30-ში მდებარე ნ.ს-შვილის მიერ 2004 წლის 8 სექტემბერს დაფუძნებული შპს “თ-ო”, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი იყო ნ. ს-შვილი (საწესდებო კაპიტალი 2300 ლარი).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნოტარიუსმა გ. ბ-შვილმა, ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. ს-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის განჩინებით ნოტარიუს გ.ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ი. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს გ. ბ-შვილის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹2-119 სანოტარო აქტი კ. ს-შვილისათვის მთელი სამკვიდრო ქონების 1/7-ის გადაცემის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ს-შვილის წარმომადგენელმა გ. ყ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით კ.ს-შვილის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა გ. ყ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლისა და სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა გ.ყ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლი და შპს “მკ-ი” რაიპოლიკლინიკის მიერ 2010 წლის 4 მარტს გაცემული ¹110533 ცნობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის თაობაზე, სადაც სტატუსი განსაზღვრულია უვადოდ და იშუამდგომლა კ.ს-შვილის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინებით კასატორის წარმომადგენელ გ.ყ-შვილის შუამდგომლობა კ.ს-შვილის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგანაც მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებს რადგანაც შპს “მკ-ი” რაიპოლიკლინიკის 2010 წლის 4 მარტს ¹110533 ცნობით არ დასტურდებოდა თუ ვის სახელზე იყო ცნობა გაცემული, კერძოდ, წარმოდგენილ მტკიცებულებაში შემოწმებული პირის გვარისა და სახელის მისათითებლად განკუთვნილ გრაფაში მითითებულია მისი გამცემის დასახელება, ამასთან, მასში საერთოდ არაა მოხსენებული კ. ს-შვილი. ამდენად, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მტკიცებულება “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი “მ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება, ამასთან კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი უტყუარი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოსადგენად.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა კ. ს-შვილის წარმომადგენელ გ. ყ-შვილს და ჩაბარდა ადრესატის თანაშემწე ს. ნ-შვილს 2010 წლის 14 მაისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზია არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის განჩინებით კასატორის წარმომადგენელ გ.ყ-შვილის შუამდგომლობა კ.ს-შვილის “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი შპს “მკ-ი” რაიპოლიკლინიკის 2010 წლის 4 მარტს ¹110533 ცნობა არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა შემოწმებული პირის ვინაობა, ამასთან მასში საერთოდ არ იყო მოხსენებული კ. ს-შვილი, ამასთან კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების უდავოდ დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გაიგზავნა კასატორის წარმომადგენლის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა გ.ყ-შვილის თანაშემწეს 2010 წლის 14 მაისს (იხ. ტ.IV, ს.ფ.109).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას სასამართლოს შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება) აცნობოს მასში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სამუშაო ადგილას სასამართლოს შეტყობინების გაგზავნისას შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება სამუშაო ადმინისტრაციისათვის ჩაბარების შემთხვევაში. მითითებული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სასამართლო შეტყობინების გ. ყ-შვილის თანაშემწისათვის ჩაბარება განიხილება შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარებად და იგი სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყებისათვის საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 15 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 17 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.