Facebook Twitter

ას-311-293-10 30 სექტემბერი,2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,ს. რ.” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები–ა. და ლ. ა-ოვები

(მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი –ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურისა და მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ა. და ლ. ა-ოვების სარჩელი შპს „ს. რ.-ის“ მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებით განაცდურისა და მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს. რ.-ის“ 2008 წლის 8 დეკემბრის ¹873 და ¹874 ბრძანებები ა. ა-ოვსა და ლ. ა-ოვთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, შპს „ს. რ.-ს“ ა. და ლ. ა-ოვების სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 503 ლარის გადახდა 2008 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა პირვანდელი მდგომარეობის – შრომითი ურთიერთობის აღდგენის შესახებ, ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა 2008 წლის ნოემბერში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისა და მატერიალური ზიანის_220,51 და 68,93 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს. რ.-მ” და გასაჩივრებულ ნაწილში მისი გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ს. რ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ლ. ა-ოვი, შპს „ს. რ.-ს“ ელექტრომომარაგების დეპარტამენტის „აღმოსავლეთის ელმომარაგების სამმართველოს“ უფროსის 2008 წლის 7 მაისის ¹493 ბრძანებით დაინიშნა ეჩესადახლოს მორიგე ელმექანიკოსის თანამდებობაზე, 2008 წლის 8 მაისიდან განუსაზღვრელი ვადით და მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 503 ლარით;

ა-ოვი შპს „ს. რ.-ს“ ელექტრომომარაგების დეპარტამენტის „აღმოსავლეთის ელმომარაგების სამმართველოს“ უფროსის 2008 წლის ¹492 ბრძანებით დაინიშნა ეჩე-სადახლოს მორიგე ელმექანიკოსის თანამდებობაზე 2008 წლის 8 მაისიდან განუსაზღვრელი ვადით და მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 503 ლარით;

ა. ა-ოვთან, სადახლოს წევის ქვესადგურის მორიგე მექანიკოსთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2008 წლის 8 დეკემბრის ¹873 ბრძანებით შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ლ. ა-ოვთან სადახლოს წევის ქვესადგურის მორიგე მექანიკოსთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2008 წლის 8 დეკემბრის ¹874 ბრძანებით შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2008 წლის 1 ნოემბრიდან.

მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული იყო განუსაზღვრელი ვადით, თუმცა მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაედო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ ობიექტი, სადაც ა. და ლ. ა-ოვები მუშაობდნენ, მოპასუხის საკუთრებაში აღარ იმყოფება. აღნიშნული ობიექტი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 31.10.2008 წლის 10-1\242 ბრძანების საფუძველზე, წარმოადგენს სს „ე-ს“ საკუთრებას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განსაზღვრული ვადით.

Pპალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ, მართალია, დამსაქმებელს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეარჩიოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებლის ნება არ გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან ან შრომის კოდექსიდან, შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოს ადმინისტრაციის მხრიდან მოპასუხეების მიმართ სადავო ბრძანებები გამოცემული იყო კანონის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი გარემოება რომ პირვანდელ მდგომარეობაში მოსარჩელეთა აღდგენა შეუძლებელი იყო, ვინაიდან შესაბამისი ობიექტი, სადაც დასაქმებული იყვნენ მოსარჩელეები, აღარ წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ, რამდენადაც მოსარჩელეებთან პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი იყო, მათ უნდა მისცემოდათ ფულადი ანაზღაურება. კონკრეტულ შემთხვევაში, ესაა ის ფულადი ანაზღაურება, რომელიც მათ შეიძლებოდა მისცემოდათ იძულებით განაცდურის სახით, თუ მათ განთავისუფლებას უკანონოდ ცნობდნენ და სამუშაოზე აღადგენენ. რამდენადაც სასამართლომ მათი განთავისუფლება მიიჩნია უკანონოდ და დაადგინა, რომ მათი სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია, დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა იძულებით განაცდურის სახით მათი შესაბამისი ფულადი ანაზღაურებით დაკმაყოფილების თაობაზე.

რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას, მოპასუხისათვის ნოემბერში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს, რომ მათ ნოემბერში შესაბამისი სამუშაო შეუსრულეს მოპასუხეს. პალატამ Pარ გაიზიარა აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ჟურნალები, რადგან 2008 წლის 31 ოქტომბერს ობიექტზე საკუთრების უფლება მოიპოვა „ე-მ“, შესაბამისად, სამუშაოები, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ შესრულდა აღნიშნულ ობიექტზე, ვერ ჩაითვლება მოპასუხისთვის შესრულებულად.

პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, საბანკო ხელშეკრულებათა, ორიენჯ ბარათებთან დაკავშირებით, ვერ მიიჩნევდა იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მათ მიუღებელ შემოსავალს ან მათთვის მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს. რ.-მ”.

კასატორის განმარტებით, შპს „ს. რ.-ს“ ელექტრომომარაგების დეპარტამენტის აღმოსავლეთ ელმომარაგების სამმართველო, ობიექტი სადაც მუშაობდნენ მოსარჩელეები, სხვა ობიექტებთან ერთად საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით ამოღებულ იქნა შპს „ს. რ.-ს“ საწესდებო კაპიტალიდან. აღნიშნული ობიექტები „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა სს „ე-ს“. ობიექტი, სადაც დასაქმებული იყვნენ მოსარჩელეები, აღარ წარმოადგენს შპს „ს. რ.-ს“ საკუთრებას მოსარჩელეებმა რ.-ს სისტემაში შეასრულეს თავისი სამუშაო და მათ კასატორი მხარე ვერ გაუგრძელებდა შრომით ხელშეკრულებას რ.-ს სისტემაში იმ ობიექტის გასხვისების გამო, სადაც მოსარჩელეები მუშაობდნენ. კასატორის აზრით, კანონი არ დარღვეულა, რადგან ა-ოვებს შრომითი ურთიერთობა შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულლების გამო, აგრეთვე ირკვევა, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ დაინტერესებული სამუშაოს დაწყებაზე იმავე ობიექტის ახალ მფლობელთან, ვინაიდან არ გამოცხადდენ კონკურსზე, რითაც უარი თქვეს დასაქმებაზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგანაც არც ერთი სამართლებრივი ნორმა არ არსებობს იმისა, რომ შპს „ ს. რ.-ს“ უნდა დაკისრებოდა 2008 წლის დეკემბრიდან მოსარჩელეების სასარგებლოდ იძულებით განაცდურის ხელფასის სახით გადახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ფაქტობრივად ცნო, რომ შპს ,,ს. რ.” ფიზიკურად ვეღარ შესძლებდა მოსარჩელეთა დასაქმებას, მათ სააპელაციო საჩივარში მითითებული მიზეზების გამო (ობიექტის გაყიდვისა) და აქედან გამომდინარე, კონკრეტული დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემობათა გამო:

სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ. ა-ოვი და ა. ა-ოვი შპს ,,ს. რ.-ს ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ,,აღმოსავლეთის ელ- მომარაგების სამმართველოს’’ უფროსის 2008 წლის 7 მაისის ბრძანებებით დაინიშნენ ეჩე-სადახლოს მორიგე ელ.მექამიკოსის თანამდებობებზე განუსაზღვრელი ვადით, მათი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 503-503 ლარით. 2008 წლის 8 დეკემბრის ¹873 და ¹ 874 ბრძანებებით მათთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2008 წლის 8 დეკემბრიდან. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ობიექტი სადაც მოსარჩელეები იყვნენ დასაქმებულები მოპასუხის საკუთრებაში აღარ იმყოფება და იგი წარმოადგენ სს ,,ე-ს’’ საკუთრებას.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოთ მითითებული ბრძანება უკანონოდ მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ დაუშვებელია განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა სამუშაოს შესრულების ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ კი ჩათვალა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულის განთავისუფლება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ მასთან დადებულია ხელშეკრულება გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით. პალატა მიიჩნევს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება არასწორია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაცია საერთოდ არ შეესაბამება საქმის მასალებს. როგორც საქმეში წარმოდგენილი ბრძანებებიდან ირკვევა, მოსარჩელეები გაანთავისუფლდნენ სამსახურიდან არა ვადის გასვლის გამო (როგორც ამას უთითებს სასამართლო), არამედ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების გამო. ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიერ სწორად არ არის დადგენილი განთავისუფლების საფუძველი, შესაბამისად არასწორია ბრძანების უკანონოდ მიჩნევის არგუმენტებიც.

უსაფუძვლოა, სააპელაციო სასამართლოს ის მოსაზრებაც, რომ მითითებული ნორმით განთავისუფლება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ დასაქმებულთან დადებულია ხელშეკრულება გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით. პალატა მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის განმარტებისას დაცული უნდა იქნას როგორც დასაქმებულთა, ასევე დამსაქმებელთა ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში სამუშაოს შესრულება, რომელსაც მოსარჩელეები ასრულებდნენ, საწარმოს აღარ ესაჭიროება. ასეთ მდგომარეობა საწარმოში არაერთი ობიექტური გარემოებით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგალითად ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, ფინანსური სიძნელეებით, ან სულაც იმ ობიექტის გასხვისებით, სადაც მსახურობს დასაქმებული. ასეთ შემთხვევაში მუშაკის განთავისუფლების შეუძლებლობის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტს ექმნება ფინანსური სიძნელეები, რამაც სერიოზულ პრობლემებამდე შეიძლება მიიყვანოს საწარმო და იმავდროულად იქ დასაქმებული სხვა თანამშრომლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული ნორმაში არ შეიძლება მოვიაზროთ მხოლოდ ის პირები, რომლებიც გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით არიან დასაქმებული, არამედ განუსაზღვრელი ვადით დასაქმებულნიც, თუ საწარმოს აღარ ესაჭიროება იმ კონკრეტული სამუშაოს შესრულება, რომელსაც ასრულებს განთავისუფლებული პირი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სამუშაოდან განთავისუფლება განპირობებული უნდა იყოს საწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე აუცილებელი წინაპირობებით. მოცემულ შემთხვევეაში, როდესაც გასხვისებულია ობიექტი, სადაც მუშაობდნენ მოსარჩელეები და რეალურად აღარ არსებობს ამ პირთა მიერ შესასრულებელი სამუშაო, პალატა თვლის, რომ ამ პირთა სამსახურიდან განთავისუფლება მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გუქმდეს და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

შპს ,,ს. რ.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

ა. და ლ. ა-ოვების სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.