Facebook Twitter

ას-313-295-10 17 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-იანი (მოსარჩელე)

დავის საგანი – უფლების დამდგენი საბუთის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 21 ივლისს სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ჩ-იანმა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ. დაინტერესებულ მხარედ ჩაბმულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ჩ-იანის განცხადება დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კ. შ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ქ. თბილისში, გაცემული 1994 წლის 11 მარტს გაცემული ბრძანება ¹99 საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში გაწვევისა და დანიშვნის შესახებ, (რიგით ¹87) ჩ-იანი გ. გრ.-ის ძის სახელზე, ეკუთვნის გულრიფშში 1955 წლის 5 ოქტომბერს დაბადებულ გ. გრ.-ის ძე ჩ-იანს. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ გ. ჩ-იანი ჩარიცხულ იყო გალის რეგიონში დისლოცირებული ცალკეული სამთო-მსროლელი ბატალიონ “მონადირეში” მსროლელად. აღნიშნულ ბატალიონში გ. ჩ-იანის გარდა ამ სახელით და გვარით არავინ არ ყოფილა ჩარიცხული. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 17.08.2009 წერილობითი პასუხით სასამართლომ დაადგინა, რომ სრს მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება 1995 წლის 5 ოქტომბერს დაბადებული გ. გრ.-ის ძე ჩ-იანის სახელზე საქართველოს მოქალაქის პარადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივის 17.08.2009 წლის წერილობითი პასუხით სრს ცენტრალურ არქივს არ მოეპოვება დაბადების სააქტო ჩანაწერი გ. ჩ-იანის შესახებ. უდავო წარმების წესით განიხილება მხარის მოთხოვნა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენის თაობაზე, რა დროსაც შესაძლებელია მოხდეს პირის იდენტიფიცირება იმ დოკუმენტების მიმართ, რომელშიც მისი პირადი მონაცემები არასწორადაა დაფიქსირებული. უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმეების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ყველა იურიდიული ფაქტის დადგენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს განმცხადებლის მიზნისა და ფაქტის იურიდიული მნიშვნელობის დადგენა. მიუხედავად იმისა, რომ უდავო წარმოებაში არ არის ურთიერთდაპირისპირებული მხარეები და არ არსებობს დავა უფლებაზე, აღნიშნული წარმოება შეიძლება მიჩნეულ იქნეს უდავოდ მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობს უფლების შესახებ დავა რაც დამახასიათებელია სასარჩელო წარმოებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეში დასადგენია ფაქტები და არა ამ ფაქტების სამართლებრივი შედეგი, ე.ი, თუ რა შედეგს უკავშირებს კანონი უდავო წარმოების წესით დადგენილ ფაქტს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უდავო წარმოებაში დაინტერესებული პირის არსებობა და მის მიერ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრება დასადგენ იურიდიულ ფაქტთან დაკავშირებით, ცალსახად არ ნიშნავს ამ პირის უფლების დარღვევას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას განცხადების განუხილველად დატოვების მაშინ არსებობს, როდესაც კონკრეტული განმცხადებლისათვის დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი დაინტერესებული პირის უფლებაში იჭრება და ართმევს მას შესაძლებლობას, სრულად და თავისუფლად გამოიყენოს ეს უფლება. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ საქმეების განხილვისას დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ პროცესის ის მონაწილენი, რომელთა უფლებებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კონკრეტულ საქმეზე გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ.

Aაღნიშნული გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მიუთითა, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ. უდავო წარმოების წესით განიხილება მხარის მოთხოვნა ისეთი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე, რა დროსაც შესაძლებელია მოხდეს პირის იდენტიფიცირება იმ დოკუმენტის მიმართ, რომელშიც მისი პირადი მონაცემები არასწორადაა დაფიქსირებული. უდავო წარმოების წესით საქმეთა განხილვისას სასამართლო აცნობებს სავარაუდოდ ყველა დაინტერესებულ პირს, რათა შესაძლებლობა მიეცეთ, მათ მონაწილეობა მიიღონ საქმის განხილვაში და დროულად განახორციელონ სსსკ-ის 311-ე მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებული უფლება – მოითხოვონ საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვა. ამასთან, თუ უდავო წარმოების დროს აღიძვრება დავა, სასამართლო საქმეს უდავო წესით ვერ განიხილავს. მას გამოაქვს განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს სარჩელით საერთო წესით. ასევე მიუთითა, რომ განცხადების ავტორის მიზანია აღნიშნული დოკუმენტის დადგენის შემდეგ დაიდგინოს ვეტერანის სტატუსი და მიიღოს გარკვეული სოციალური შეღავათები.

ასევე, კასატორის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება უდავო წარმოების დაწყების ფორმალური წინაპირობა, კერძოდ, სსსკ-ის 313-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ სასამართლომ მიიღოს განცხადება განსახილველად მას უნდა ერთვოდეს დოკუმენტი ამ ფაქტის დადგენის შეუძლებლობის შესახებ. იურიდიული ფაქტის დადაგენის შესახებ განცხადების მიღება განსახილველად დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა გზით ამ ფაქტის დადგენა შეუძლებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.