Facebook Twitter

¹ას-314-298-2011 30 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ე. თ-ანი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... 1» (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. თ-ანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «... 1-ის» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის _ 9155 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი გარემოებების გამო:

საფინანსო კომპანია «...» 1994 წლის 4 აგვისტოს ¹... ხელშეკრულებით გადასცა 350 აშშ დოლარი წლიური სარგებლით _ 288%-ად, 1994 წლის 30 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე 2310 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით, ყოველწლიური 288% სარგებლით, 1994 წლის 12 მაისის ხელშეკრულებით 50 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველწლიური 288% სარგებლით, 1994 წლის 6 აპრილის ხელშეკრულებით 30 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველწლიური 288% სარგებლით. საფინანსო კომპანია «...ს» სამართალმემკვიდრე 1995 წელს გახდა სს «... ...». 2007 წლის 19 აპრილს სს «......» ე. თ-ანს პროცენტის სახით გადაუხადა 200 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა არ აუნაზღაურა. შესაბამისად, საერთო ჯამში, ოთხი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს «... 1» ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს 1994 წლის 4 აგვისტოს ¹... ხელშეკრულებიდან ძირითადი თანხა 350 აშშ დოლარი და ექვსი თვის სარგებელი _ 117,32 აშშ დოლარი, (სარგებელი 317,32 აშშ დოლარი – მიღებული 200 აშშ დოლარი), 1994 წლის 30 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი თანხა 2310 აშშ დოლარი, სარგებელი 6087,28 აშშ დოლარი, 1994 წლის 12 მაისის ხელშეკრულებით ძირითადი თანხა 50 აშშ დოლარი, ექვსი თვის სარგებელი _ 131,75 აშშ, 1994 წლის 6 აპრილის ხელშეკრულებით ძირითადი თანხა 30 აშშ დოლარი, სარგებელი _ 79,06 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:

მოსარჩელემ 2004 წელს ჯერ ქ.თბილისის ...-... რაიონულ სასამართლოში, ხოლო 2006 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი სს «... 1-ის» დირექტორ ლ. ხ-ძის მიმართ საფინანსო კომპანია «...ი» შეტანილი თანხების დაბრუნების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განჩინებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, 2006 წელს შეტანილ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით 2004 წელს შეტანილ სარჩელზეც საქმის წარმოება შეწყდა. შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, სს «...» არის საფინანსო კომპანია «...ს» წილობრივი სამართალმემკვიდრე და პასუხს აგებს მხოლოდ იმ თანხით, რაც გადაეცა საფინანსო კომპანიისგან, სს «... 1-ის» წესდებით მოპასუხე არ არის ვალდებული აუნაზღაუროს მოსარჩელეს მოთხოვნილი სარგებელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ე. თ-ანის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე სს «... 1-ს» ე. თ-ანის სასარგებლოდ დაეკისრა 9155 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს «... 1-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. თ-ანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. თ-ანსა და საფინანსო კომპანია «...» შორის 1994 წლის 6 აპრილს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ე. თ-ანმა საფინანსო კომპანია «...» გადასცა 30 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველწლიური 288% სარგებლით, 1994 წლის 12 მაისს _ 50 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, ყოველწლიური 288% სარგებლით, 1994 წლის 30 მაისს _ 2310 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით, ყოველწლიური 288% სარგებლით, 1994 წლის 4 აგვისტოს _ 350 აშშ დოლარი წლიური 288% სარგებლით, სს «....-1» წარმოადგენს საფინანსო კომპანია ...ს სამართალმემკვიდრეს, სს «... 1» არ არის საკრედიტო დაწესებულება, ის არის სამეწარმეო იურიდიული პირი და რეგისტრაციაში გატარებულია, როგორც საფინანსო კომპანია «...ს» მეანაბრეთა მიერ ნებაყოფლობით საწყისებზე შექმნილი დამოუკიდებელი ორგანიზაცია. 1994 წლის 6 აპრილს, 1994 წლის 12 მაისს, 1994 წლის 30 მაისს და 1994 წლის 4 აგვისტოს ე. თ-ანსა და საფინანსო ორგანიზაცია «...» შორის გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენდნენ სესხის ხელშეკრულებებს. ე. თ-ანს სს «... 1-ის» დირექტორ ლ. ხ-ძისაგან 2007 წლის 19 აპრილს მიღებული აქვს 200 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 22-ე, 24-ე, 389-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹... წერილით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო კომპანია «... « საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაცემული არ ყოფილა და, შესაბამისად, იგი არ ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრში. საფინანსო კომპანია «...» არ წარმოადგენდა არც სახელმწიფო შრომით შემნახველ სალაროს და არც საკრედიტო დაწესებულებას. შესაბამისად, ე. თ-ანის მიერ 1994 წლის 6 აპრილს, 12 მაისს, 30 მაისსა და 4 აგვისტოს საფინანსო კომპანია «...ი» შეტანილი თანხები არ წარმოადგენდა ანაბარს და ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს: «მეანაბრე», «ანაბრის შეტანა», «ანაბრის შემტანი» _ უშუალოდ ის ფუნქციური დატვირთვა არა აქვს, რაც აღნიშნულ სიტყვებს თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე გააჩნია.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 153-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად განმარტა, რომ ე. თ-ანსა და «...» შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად. პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნის უფლების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებისას სასამართლომ ყურადღება არ გაამხვილა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომელიც სარჩელის ხანდაზმულობას შეეხებოდა და არ გამოიყენა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 83-ე მუხლსა და 84-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება სარჩელის შეტანით, ხოლო ამ ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.

ე. თ-ანსა და საფინანსო ორგანიზაცია «...» შორის გაფორმებული 1994 წლის 6 აპრილის, 1994 წლის 12 მაისის, 1994 წლის 30 მაისის და 1994 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულებები დადებული იყო ექვსი თვის ვადით. შესაბამისად, ე. თ-ანს უფლება ჰქონდა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნება მოეთხოვა შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადის გასვლიდან სამი წლის განმავლობაში. ე. თ-ანმა სხვა მოსარჩელეებთან ერთად სასამართლოს მიმართა 2004 წლის 26 აგვისტოს მოპასუხეების ფიზიკური პირების _ ნ. ს-შვილისა და ლ. ხ-ძის მიმართ საფინანსო კომპანია «... « დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდის მოთხოვნით. აღნიშნულ საქმეზე შეწყდა წარმოება მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. იურიდიული პირის, სს «... 1-ის» მიმართ სარჩელი ე. თ-ანმა აღძრა 2009 წლის 3 ივნისს სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

სასამართლომ არ გაიზარა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად ე.თ-ანის წარმომადგენლის მოსაზრება მოპასუხის მიერ 2007 წლის 19 აპრილს 200 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, რადგანაც შესაბამისი საფუძვლით ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში კი, 2007 წლის 19 აპრილს, როდესაც სს «... 1-ის» დირექტორის მიერ გადახდილ იქნა 200 აშშ დოლარი, რაც, მხარეთა განმარტებით, საფუძვლად დაედო 2004 წელს აღძრულ სარჩელზე ე.თ-ანის მხრიდან უარის თქმასა და საქმის წარმოების შეწყვეტას, 1994 წლის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო, ამდენად, პალატის განმარტებით, თანხის გადახდა ვერ ჩაითვლება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად. იგი ასევე არ წარმოდგენს ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარებას ან კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების მიცემას, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან, ე. თ-ანმა სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოს მიმართა სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ხანდაზმულობის საფუძვლით მას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. თ-ანმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი გარემოებების გამო:

სს «... 1» შეიქმნა აქციონერთა 1995 წლის 21 ივლისის კრების ¹... ოქმისა და ამ კრებაზე მიღებული წესდების საფუძვლეზე და ქ.თბილისის ... რაიონის სასამართლოს მეშვეობით 1995 წლის 4 აგვისტოს მოხდა საზოგადოების რეგისტრაცია.

სს «... 1» საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანია «...ს» სამართალმემკვიდრეა, რადგანაც შექმნილია ამ უკანასკნელის მიერ მოძიებული ქონებით. ე. თ-ანი საზოგადოების წესდების 3.1 მუხლის თანახმად, არის ამავე საზოგადოების აქციონერი, რომლსაც უფლება აქვს, მოითხოვოს ანაბრის დაბრუნება მიღებული დივიდენდის გამოკლებით და ამ თანხის დაბრუნება საზოგადოების ვალდებულებაა.

საზოგადოების წესდების 5.2 მუხლის თანახმად, ე.თ-ანი უფლებამოსილია, საზოგადოებიდან გავიდეს და მოითხოვოს მისი ანაბრის პროპორციული წილი. მოწინააღმდეგე მხარე შეგნებულად არ იღებს კასატორის განცხადებას საზოგადოებიდან გასვლის შესახებ, რაც სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის საფუძველი გახდა. აღნიშნული გარემოება დასტურდება სასამართლო სხდომის ოქმითაც, როდესაც 2009 წლის 4 დეკემბერს სასამართლო სხდომა სს «... 1-ის» დირექტორ ლ. ხ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო საზოგადოების აქციონერთა სიის წარმოსადგენად.

სააპელაციო სასამართლომ ე. თ-ანის მიერ მითითებული არგუმენტების საწინააღმდეგოდ ყადაღა მოხსნა თანხას, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო ე.თ-ანის მოთხოვნა, სასამართლომ არასწორად იმსჯელა ხანდაზმულობის საკითხზე და არასწორად ჩათვალა მხარეთა ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებად, რადგანაც ე.თ-ანი არის მეანაბრე, მის მოთხოვნაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება და გასაჩივრებული გადაწყვეტილება არღვევს მის ინტერესებს.

სასამართლომ ასევე არასწორა მიუთითა საქმის წარმოების შეწყვეტაზე, რადგანაც საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი სარჩელის ასლის თანახმად, ეს სარჩელი აღძრული იყო ე.თ-ანისა და ნ.ს-შვილის მიერ მოპასუხე ლ.ხ-შვილის მიმართ, რის გამოც აღნიშნული ერთსა და იმავე მხარეებს შორის არსებულ დავად ვერ ჩაითვლება.

საზოგადოების წესდების 4.2 მუხლის თანახმად, საწარმოს ...ის ოდენობა მეანაბრეთა შენატანების საფუძველზე განისაზღვრა, რომლიც მეანაბრეებმა შეიტანეს საფინანსო კომპანია «...ი», თავის მხრივ მხარეთა წილები განისაზღვრა საზოგადოებასა და მეანარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით, რომელიც სასამართლომ არასწორად შეაფასა სესხის ხელშეკრულებად და არასწორად გაავრცელა ამ გარიგებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადები. ამასთან. სასამართლოს მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, რადგანაც ხელშეკრულებაზე გაკეთებული მინაწერის თანახმად, რადგანაც მათ ძირითადი თანხა არ მიუღიათ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებულია. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სადავო ხელშეკრულებები დადებულია 1994 წლის 6 აპრილს, 12 მაისს, 30 მაისსა და 4 აგვისტოს, ხოლო 1995 წელს სწორედ ეს ხელშეკრულებები გახდა სს «... 1-ის» აქციონერად გახდომის საფუძველი, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს სადავო გარიგებების სესხის ხელშეკრულებად მიჩნევის შესაძლებლობას. ხელშეკრულების საწესდებო კაპიტალში წილის შეტანის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის წინაპირობაა საზოგადოების მოქმედი წესდება და ის ფაქტიც, რომ საზოგადოება ფუნქციონირებს როგორც იურიდიული პირი. კასატორის მოთხოვნა თანხის მიღებაზე ნიშნავს, რომ ის გამოდიოდა საზოგადოების აქციონერობიდან. კასატორის განმარტებით, მოცემული დავა არ შეესაბამება საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას და მისი განხილვა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 აპრილის განჩინებით ე. თ-ანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. თ-ანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. თ-ანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ე.თ-ანს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 782 ლარის 70% _ 547.4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. თ-ანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ე. თ-ანს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹..., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹.., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹..., დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 547.4 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.