Facebook Twitter

ას-315-297-10 18 ივნისი, 2010 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი, (თავმჯდომარე)

მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი –რ. გ-შვილი(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –ხ. კ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი –თანხის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით, რ. გ-შვილის სარჩელი მოპასუხე ხ. კ-შვილის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რ. გ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით რ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა.

პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სესხის მიცმის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. პალატამ არ მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა გ. ზ-ძის ნოტარიალურად დამოწმებულ ახსნა-განმარტებას და განმარტა, რომ ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებას.

პალატამ ასევე მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტებები წინააღმდეგობრივია.

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ხელწერილს, სადავო არ არის, რომ შედგენილია მოპასუხის_ხ. კ-შვილის მიერ, მაგრამ პალატამ მიიჩნია რომ ამ ხელწერილით არ დგინდება მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა, ვინაიდან აღნიშნულ ხელწერილში არ არის მითითებული ვის და რომელი ვალუტით გადაეცა თანხა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინება რ. გ-შვილმა გაასაჩივრა საკასციო წესით და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის განმარტებით, მასა და ხ. კ-შვილს შორის არსებული სასესხო ურთიერთობა იყო რეალური, ვინაიდან მან თანხის 3500 ლარი გადასცა ხ. ლ-ძეს, რასაც ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ შედგენილი თანხის გადახდის გრაფიკი და მოწმე გ. ზ-ძის ახსნა-განმარტება.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას რ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.