Facebook Twitter

საქმე # 200100118002624327

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№132აპ-19 ქ. თბილისი

თ. ა-ი, 132აპ-19 1 აგვისტო, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით ა. თ., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 16 აგვისტოდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით ა. თ-ს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 13 ივლისს მთვრალი ა. თ. მართავდა „სუბარუ ლეგასის“ მარკის ავტომობილს, სახ. №-- და გადაადგილდებოდა ა-ის რაიონიდან თ-ის რაიონის მიმართულებით, რა დროსაც თ-ის რაიონის სოფელ რ-ში დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი. მას გაცნობიერებული ჰქონდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებული ნორმით დადგენილი ქმედებები, ითვალისწინებდა მათი დარღვევის შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა და გადავიდა გზის სავალი ნაწილის შემხვედრ, საპირისპირო ზოლში, სადაც ჯერ შეეჯახა „ოპელ მერივას“ მოდელის ავტომობილს, სახ. №--, რომელსაც მართავდა მ. პ., ხოლო შემდეგ – საპირისპირო ზოლში, მარჯვენა გვერდულზე მდგარ კაკლის ხეს. შედეგად ა. თ-ის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი მ. გ. გარდაიცვალა, ხოლო მეორე მგზავრმა – უ. ნ-ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით გველესიანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ანრი თორღვაშვილისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებულ ა. თ-ის ადვოკატი მ. პ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებით, მოწმეების – უ. ნ-ის, გ. გ-ის, მ. ნ-ის, თ. გ-ის, ნ. ო-ის, ზ. ბ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 26 ივლისის №--, სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 27 ივლისის №-- და №--, კომპლექსური ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 27 ივლისის №-- დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა. თ-მა ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა: ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, დანაშაულის გულწრფელი მონანიება და ის, რომ იგი ნასამართლევი არ არის, ასევე, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი – ერთი პირის გარდაცვალება, ხოლო მეორისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება, აგრეთვე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ა. თ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. შესაბამისად, არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.

9. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №58აპ-17).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე