21 ივნისი 2011 წელი
¹ას-319-303-2011 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძეკასატორები _ შპს «...», ბ. ს-ნი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ლ. ჯ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ქ-ვა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ნ. გ-უა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ქ-ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «...» და ბ. ს-ნის მიმართ და მოითხოვა რ. ქ-ვასა და შპს «...» შორის 2008 წლის 27 მარტს დადებული ¹... ხელშეკრულების მოშლა, შპს «...» და ბ. ს-ნს შორის 2009 წლის 17 ივნისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში მდებარე 790 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა შემდეგი გარემოებების გამო:
შპს «...» (დირექტორი ბ. ს-ნი), შპს «დ-ლსა» და რ. ქ-ვას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც რ. ქ-ვა ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში მდებარე 790 კვ.მ მიწის ფართს გადასცემდა შპს «...» და შპს «-დ-ლს», რის სანაცვლოდაც ეს უკანასკნელნი კისრულობდნენ ვალდებულებას გადაეხადათ რ. ქ-ვასთვის 60000 აშშ დოლარი და გადაეცათ 120 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რომელსაც ააშენებდნენ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 30 თვის განმავლობაში. და მთელი ვალდებულება თავის თავზე აიღო შპს «...» დირექტორმა ბ. ს-ნმა, თუმცა ამ უკანასკნელმა არ შეასრულა რ. ქ-ვას მიმართ ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ არათუ მშენებლობა არ დაწყებულა, არამედ პროექტიც კი არ არის დამტკიცებული. აღნიშნული დაყოვნების გამო არ სრულდება ხელშეკრულება. შპს «...» არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და მიმოწერისა, რის გამოც აზრი არ აქვს შემდგომ გაფრთხილებასა თუ დამატებითი ვადის განსაზღვრას. ამასთან, შესაბამისი ფართი არ არის მის საკუთრებაში, არამედ იგი აღნიშნულ საზოგადოებასა და ბ. ს-ნს შორის 2009 წლის 17 ივნისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, გადავიდა ფიზიკური პირის _ ბ. ს-ნის საკუთრებაში. სადავო ხელშეკრულების დადებით, საზოგადოების დირექტორმა ბოროტად გამოიყენა თავისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, საკუთარ თავთან დადო გარიგება, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები და ხელშეკრულება დარჩა შესრულების საგნის გარეშე.
მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან აშკარაა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, უარს ამბობს 2008 წლის 27 მარტის ხელშეკრულებაზე. ამასთან, მოპასუხის ბრალეული ქმედებით ჭიანურდება ნებართვის მიღება, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილს, ასევე 25-ე მუხლის მოთხოვნებს. შპს «...» და ბ. ს-ნს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილია, რადგანაც იგი წარმოადგენს საკუთარ თავთან დადებულ გარიგებას, აგრეთვე, მოჩვენებით დადებულ გარიგებას, რადგან სინამდვილეში ქონების რეალური მესაკუთრე ბ. ს-ნია და ხელშეკრულება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, არ შეასრულოს საზოგადოებამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საზოგადოებასა და დირექტორს შორის დადებული გარიგება ბათილია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, რადგან ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს, არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს.
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად რ.ქ-ვამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე, 976-ე მუხლებზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი გარემოებების გამო:
სადავო ქონება 2009 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა არა ბ. ს-ნს, არამედ შპს «...», ამასთან, რამდენადაც უძრავი ქონების მესაკუთრე იყო შპს «...», მას არ ეკისრებოდა არავითარი ვალდებულება, შეეტყობინებინა რ. ქ-ვასათვის ქონების გასხვისების თაობაზე, გაურკვეველია მოსარჩელის მითითება საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე.
მოპასუხის განმარტებით, ფართი არ გადასცემია მოსარჩელეს, თუმცა არც ბ. ს-ნის მხრიდან აქვს ადგილი ყალბ დაპირებებს და მოსარჩელის შეცდომაში შეყვანას, ასევე უსაფუძვლოა მითითება, რომ ბ. ს-ნს ვალდებულების შესასრულებლად არ განუხორციელებია არავითარი მოქმედება. მშენებლობის ნებართვის მიღებას ხელს უშლიდა ობიექტური გარემოებები, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენები და ის, რომ სადავო ტერიტორია გამწვანების ზონაშია მოხვედრილი. ხელშეკრულებაში არ არის რაიმე ვადა განსაზღვრული, თუ როდის უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, ამასთან, მშენებლობის ნებართვის მიღების გაჭიანურება არ მომხდარა მოპასუხეთა ბრალით, აღნიშნული გამოწვეული იყო აგვისტოს მოვლენებით, რის გამოც შეჩერებული იყო სამშენებლო სამუშაოები, არსებობდა მომეტებული რისკფაქტორები, ამასთან, აღმოჩნდა, რომ უძრავი ქონება მდებარეობდა თბილისის სახელმწიფო დაცვის ზონაში, სადაც მოქმედებდა ექსპლოატაციის შეზღუდული რეჟიმი, რაც მათთვის არ იყო ცნობილი ხელშეკრულების დადების დროს. მოსარჩელის წერილი არ შეიძლება იყოს მიჩნეული გაფრთხილებად ან დამატებითი ვადის დაწესებად.
მოპასუხეთა შორის დადებული ხელშეკრულების საკუთარ თავთან დადებულ გარიგებად მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, რადგან გარიგება დადებულია სამართლის ორ სხვადასხვა სუბიექტს შორის, ამასთან, მხარე ვერ ადასტურებს, რაში გამოიხატება შესაბამისი გარიგების მოჩვენებითობა, რამდენადაც სახეზეა იურიდიული შედეგი _ ბ. ს-ნი რეგისტრირებულია მესაკუთრედ. მხარე ვერ უთითებს გარემოებებზე, რის გამოც შეიძლება გარიგება ეწინააღმდეგებოდეს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, აგრეთვე საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ქ-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს «...» და ბ. ს-ნს შორის 2009 წლის 17 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ¹...), მოსარჩელეს საკუთრებაში დაუბრუნდა ქ.თბილისში, ... ხევის 23-ში მდებარე 790 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი (წინა ნომერი 63, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 97,91 კვ.მ. საკადასტრო კოდი ....), დაეკისრა მოსარჩელეს მოპასუხისათვის 60000 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეილებით შპს «...» და ბ. ს-ნის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხეთა სასარგებლოდ დაეკისრა 60000 აშშ დოლარის გადახდა და დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცველად შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი შპს «...» და ბ. ს-ნს შორის 2009 წლის 17 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ¹...), მოსარჩელეს საკუთრებაში დაუბრუნდა ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში მდებარე 790 კვ.მ მიწის ფართობი (ნაკვეთის წინა ნომერი 63, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 97,91 კვ.მ საკადასტრო კოდი ...), ამასთან, დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 27 მარტს შპს «...» (დირექტორი და ერთადერთი დამფუძნებელი ბ. ს-ნი), შპს «დ-ლსა» და რ. ქ-ვას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც რ. ქ-ვამ საკუთრების უფლება ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში მდებარე 790 კვ.მ მიწაზე (ნაკვეთის წინა ნომერი 63, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 97,91 კვ.მ) საკუთრების უფლება გადასცა შპს «...» და შპს «დ-ლს», რომლის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელებს რ. ქ-ვასათვის უნდა გადაეცათ 60000 აშშ დოლარი, ასევე გაყიდულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 30 თვის განმავლობაში მყიდველებს რ. ქ-ვასათვის უსასყიდლოდ უნდა აეშენებინათ და საკუთრების უფლებით გადაეცათ გარემონტებული 120 კვ.მ საცხოვრებელი ფართი გატიხრული ორ ნაწილად, რომლის ერთი ნაწილი შეადგენს 50 კვ. მეტრს, ხოლო მეორე ნაწილი 70 კვ. მეტრს, ასევე – ერთი ავტოსადგომი.
სასამართლომ სადავო ხელშეკრულების 2.5 პუნქტის ბოლო წინადადებაზე მითითებით განმარტა, რომ, თუ გამყიდველი (რ. ქ-ვა) ვერ მიიღებს ბინას ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მყიდველისაგან კომპენსაციის სახით მიიღებს 250000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას. 2009 წლის 8 ივნისს შპს «დ-ლსა» და შპს «...» (დირექტორი ბ. ს-ნი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს «დ-ლმა», რ. ქ-ვას თანხმობით, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი, ნაკისრი ვალდებულებებით გადასცა შპს «...» დირექტორ ბ. ს-ნს. 2009 წლის 17 ივნისს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 დღის შემდეგ, შპს «...» ერთადერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა ბ. ს-ნმა ბ. ს-ნს, რ. ქ-ვასათვის შეტყობინებისა და მისი თანხმობის გარეშე, საკუთრებაში გადასცა სადავო უძრავი ნივთი, ამჯერად წინარე ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გარეშე. პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მითითება, რომ ბ. ს-ნი ადასტურებს შპს ,,...» მიერ ნაკისრ ვალდებულებას რ. ქ-ვას წინაშე და იგი თანახმაა სრულად იკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, რადგანაც საქმეში არ მოიპოვება ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...» ვალდებულება ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში მდებარე ნაკვეთზე 120 კვ.მ საცხოვრებელი ფართის აშენებისა და რ. ქ-ვასათვის გადაცემის თაობაზე არ შესრულდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან გასულია 2 წელზე მეტი და ამ ხნის განმავლობაში მშენებლობის ნებართვა არ აღებულა და არც რაიმე მშენებლობა დაწყებულა. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას, რომ 2009 წლის 17 ივნისის სადავო ხელშეკრულების დადებით, რ. ქ-ვასა და შპს ,,...» შორის გაფორმებული ხელშეკრულება დარჩა შესრულების საგნის გარეშე, რადგან მოპასუხე საზოგადოებას სწორედ გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა სახლი და იქ არსებული 120 კვ.მ საცხოვრებელი ფართი უნდა გადაეცა რ. ქ-ვასათვის. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მხრიდან მოპასუხე შპს ,,...» 2008 წლის 27 მარტისა და 2009 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა, რის გამოც არ დაეთანხმა აპელანტის მითითებას სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის სავალდებულო წინაპირობების არარსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2009 წლის 17 ივნისს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლით განსაზღვრულ საკუთარ თავთან გარიგების დადების ამკრძალავ დებულებას, ასევე სამოქალაქო სამართალში განმტკიცებულ კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგება და დადებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს მოსარჩელეს. პალატის განმარტებით, ამ ხელშეკრულების ძალაში დატოვებით, მოსარჩელეს ესპობა საშუალება, 2008 წლის 27 მარტის ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში უკან დაიბრუნოს ის, რაც გადასცა მოპასუხეს ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან, შესრულების დაბრუნება ვერ მოხდება ფულადი ანაზღაურებით, რადგან მოპასუხე საზოგადოებას არ გააჩნია სხვა აქტივი.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, 115-ე მუხლით და განმარტა, რომ არსებობდა ამავე კოდექსის 54-ე მუხლითა და 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები შპს «...» ერთადერთ დამფუძნებელსა და დირექტორ ბ. ს-ნსა და ბ. ს-ნს შორის 2009 წლის 17 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის. ამასთან, საქალაქო სასამართლომ ამავე კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე, სწორად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა 2008 წლის 27 მარტის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, აქედან გამომდინარე შედეგით (სადავო უძრავი ნივთის დაბრუნება მოსარჩელისათვის).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის საშუალებით ხორციელდება, მისთვის არ არის აუცილებელი ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობა. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა. მისი ერთ-ერთი თავისებურება იმაშია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენება იწვევს ახალი ვალდებულების წარმოშობას _ ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ (სამოქალაქო კოდექსის 352.1 მუხლი). ამდენად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ რ. ქ-ვას არ ჰქონდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, რადგან ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მას ამის ნაცვლად მოპასუხისაგან უნდა მოეთხოვა 250000 აშშ დოლარის ფართის გადაცემა, ამასთან, სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმების თაობაზე, რადგანაც რ. ქ-ვას სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შპს «...» და ბ. ს-ნს შორის 2009 წლის 17 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 2008 წლის 27 მარტის ხელშეკრულებიდან გასვლა; ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში მდებარე უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება. მოპასუხეებს პირვანდელ სარჩელთან მიმართებაში შეგებებული სარჩელი თანხის დაბრუნების მოთხოვნით არ აღუძრავთ და სასამართლომ ამ ნაწილში ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარეს არ ჰქონია დაყენებული მოთხოვნა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, მოპასუხისათვის მიეკუთვნებინა 60000 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს «...» და ბ. ს-ნმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და ამ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის დებულება, რადგანაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტია, რომელიც უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებით დადოს გარიგება. შპს «...» და ფიზიკურ პირ ბ. ს-ნს შორის დადებული ხელშეკრულების მიმართ სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია, რადგანაც გარიგება სამართლის ორ სუბიექტს შორის დადებული გარიგებაა, აღნიშნული ნორმა მიმართულია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მიმნიჭებელი სუბიექტის ინტერესების დაცვისაკენ და წარმოადგენს ამ პირის საზიანოდ დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებას არავითარი ზიანი არ მიდგომია, რაც გარიგების ბათილად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია. კასატორის განმარტებით, «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე მითითება დაუშვებელია, ვინაიდან დირექტორ ბ.ს-ნის მიერ საზოგადოების არაკეთილსინდისიერად გაძღოლისა და ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება.
სამოქალაქო კოდექსის 114-ე მულით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის მოთხოვნისას, დაუსაბუთებელია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, კერძოდ არ იკვეთება, თუ რა მიზნით სჭირდება მას საზოგადოებასა და ბ.ს-ნს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილობა, მაშინ, როდესაც საქმის განხილვისას ახალი მესაკუთრის _ ბ.ს-ნის მიერ აღიარებულია, რომ ნივთის შეძენის შედეგად საზოგადოების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე ბ.ს-ნი იღებს ვალდებულებას, ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ არსებობდა ხელშეკრულებიდან გასვლისათვის სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ასევე არასწორად იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებიდან გასვლის ნამდვილობის წინაპირობად მიიჩნევს დამატებითი ვადის დაწესებას ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ასეთი დამატებითი ვადა მოსარჩელეს არ განუსაზღვრავს, ხოლო სასამართლოს მითითება საქმეში წარმოდგენილ რ. ქ-ვას წერილობით მიმართვებზე უსაფუძვლოა, ვინაიდან ამ მტკიცებულებებით ირკვევა რ.ქ-ვას მიმართვა საზოგადოებისადმი რომლითაც მოსარჩელე ითხოვს ინფორმაციას ვალდებულების შესრულებაზე, უსაფუძვლოა სასამართლოს მიერ ამ მტკიცებულების იმგვარად შეფასებაც, რომ მოსარჩელემ დაკარგა ინტერესი ვალდებულების შესრულებისადმი.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის საფუძველზე რ. ქ-ვა აღჭურვილია უფლებამოსილებით, კონტრაჰენტის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოშალოს ხელშეკრულება. ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენაა და, სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების გზით, ამასთან ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჭიროა მისი მეორე მხარის მიერ მიღება. დასახელებული ნორმების გამოყენება მოცემული ურთიერთობის რეგულირებისას არასწორია, რადგანაც სახეზე არ არის კანონით დადგენილი წინაპირობა _ ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის დაწესება. კასატორმა მიუთითა იმ ფაქტზეც, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს სანქციებს. რ. ქ-ვას მშენებლობის ნებართვის მეორე მხარის მიერ არმიღების, დადგენილ ვადაში სახლის აუშენებლობის შემთხვევაში უფლება ჰქონდა მოეთხოვა 250000 აშშ დოლარის ღირებულების ფართის გადაცემა და არა ხელშეკრულებიდან გასვლა და სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე აღნიშნულის შესახებ არაერთხელ აღინიშნა. ამდენად, არ არსებობს არც ხელშეკრულებიდან გასვლის და არც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საფუძვლები. ამასთან, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა სახეზე საერთოდ არაა, ვინაიდან მხარეთა შრორის დადედბული ხელშეკრულებით არავითარ თარიღზე შეთანხმება არ მომხდარა.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ კასატორისათვის 60000 აშშ დოლარის მიკუთვნება, რადგანაც აღნიშნული შპს «...» და ბ. ს-ნს არ მოუთხოვიათ, ამდენად, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, თუ რის საფუძველზე განსაზღვრა მან აღნიშნული თანხა, რადგანაც თავად რ.ქ-ვაც ადასტურებს, რომ მას სასამართლოს ინიციატივით კასატორთათვის მიკუთვნებულ თანხაზე მეტი აქვს მიღებული, ამასთან საქმეში წარმოდგენილია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, რომ შპს «...» და ბ. ს-ნმა რ.ქ-ვას გადაუხადეს 60000 აშშ დოლარზე 150000 აშშ დოლარით მეტი. აღნიშნული გარემოება კი, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებითY შპს «...» და ბ. ს-ნის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად.
საკასაციო საჩივრის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე შემდეგი პირობებით:
1. შპს «...» და ბ. ს-ნი წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლო განჩინებით დამტკიცების დღიდან 2 (ორი) თვის ვადაში გადაუხდიან რ. ქ-ვას 80000 (ოთხმოცი ათას) აშშ დოლარს;
2. მორიგების აქტის დამტკიცებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში შპს «...» და ბ. ს-ნის მიერ ამ მორიგების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის ანგარიშში გადახდილი იქნება 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი;
3. 2011 წლის 22 აგვისტომდე ბ. ს-ნსა და შპს «...» მიერ გადახდილი იქნება დარჩენილი თანხა _ 65000 (სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი;
4. ბ. ს-ნი უფლებას აძლევს რ. ქ-ვას, ოჯახთან ერთად ისარგებლოს ბ. ს-ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში (საკადასტრო კოდი ¹...) 2011 წლის 22 ნოემბრამდე;
5. წინამდებარე მორიგების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის სრულად დაფარვამდე უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში (საკადასასტრო კოდი ¹...) რჩება სასამართლოს მიერ ყადაღის სახით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სრულად გაუქმდება პირველ პუნქტში მითითებული თანხის სრულად გადახდის შემდეგ;
6. რ. ქ-ვას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის მიერ 2011 წლის 22 ნოემბრამდე ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ¹...) დაცლაზე უარის თქმის შემთხვევაში მოხდება მფლობელობის შეწყვეტა იძულების წესით;
7. წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ ეს მორიგების აქტი წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას და უარს აცხადებენ დავაზე 2008 წლის 27 მარტის ხელშეკრულებიდან, ასევე 2009 წლის 17 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (რეესტრის რეგისტრაციის ¹...) გამომდინარე ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი საფუძვლით;
8. მხარეები უარს აცხადებენ ერთმანეთის მიმართ თითოეული მხარის მიერ გადახდილი სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე;
9. ამ მორიგების აქტზე ხელმოწერით მხარეთა შორის ამოწურულია რ. ქ-ვას სარჩელიდან გამომდინარე ბ. ს-ნისა და შპს «...» შორის არსებული ნებისმიერი დავა;
10. მხარეები შეთანხმდნენ წინამდებარე მორიგების აქტზე და მოითხოვენ სასამართლოს მიერ მის დამტკიცებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «...» და ბ. ს-ნს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ 2011 წლის 28 თებერვალს ლ. ჯ-იას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი და 2011 წლის 23 მარტს შპს «...» მიერ გადახდილი 7700 ლარი, სულ _ 8000 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს მორიგების აქტი რ. ქ-ვასა და ბ. ს-ნსა და შპს «...» შორის შემდეგი პირობებით:
ა) შპს «...» და ბ. ს-ნი წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლო განჩინებით დამტკიცების დღიდან 2 (ორი) თვის ვადაში გადაუხდიან რ. ქ-ვას 80000 (ოთხმოცი ათას) აშშ დოლარს;
ბ) მორიგების აქტის დამტკიცებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში შპს «...» და ბ. ს-ნის მიერ ამ მორიგების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის ანგარიშში გადახდილი იქნება 15000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი;
გ) 2011 წლის 22 აგვისტომდე ბ. ს-ნსა და შპს «...» მიერ გადახდილი იქნება დარჩენილი თანხა _ 65000 (სამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი;
დ) ბ. ს-ნი უფლებას აძლევს რ. ქ-ვას, ოჯახთან ერთად ისარგებლოს ბ. ს-ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში (საკადასტრო კოდი ¹...) 2011 წლის 22 ნოემბრამდე;
ე) წინამდებარე მორიგების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის სრულად დაფარვამდე უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში (საკადასასტრო კოდი ¹...) რჩება სასამართლოს მიერ ყადაღის სახით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სრულად გაუქმდება პირველ პუნქტში მითითებული თანხის სრულად გადახდის შემდეგ;
ვ) რ. ქ-ვას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის მიერ 2011 წლის 22 ნოემბრამდე ქ.თბილისში, ... ხევის ¹23-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ¹...) დაცლაზე უარის თქმის შემთხვევაში მოხდება მფლობელობის შეწყვეტა იძულების წესით;
ზ) წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ ეს მორიგების აქტი წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას და უარს აცხადებენ დავაზე 2008 წლის 27 მარტის ხელშეკრულებიდან, ასევე 2009 წლის 17 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (რეესტრის რეგისტრაციის ¹...) გამომდინარე ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი საფუძვლით;
თ) მხარეები უარს აცხადებენ ერთმანეთის მიმართ თითოეული მხარის მიერ გადახდილი სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე;
ი) ამ მორიგების აქტზე ხელმოწერით მხარეთა შორის ამოწურულია რ. ქ-ვას სარჩელიდან გამომდინარე ბ. ს-ნისა და შპს «...» შორის არსებული ნებისმიერი დავა.
2. შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება, რ. ქ-ვას სარჩელის გამო, შპს «...» და ბ. ს-ნის მიმართ ხელშეკრულების მოშლის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
4. ძალაში დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მორიგების პირობებით გათვალისწინებული თანხის გადახდამდე.
5. შპს «...» (საიდენტიფიკაციო ¹...) და ბ. ს-ნს (პირადი ¹...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹..., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹..., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹..., დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე») დაუბრუნდეთ 2011 წლის 28 თებერვალს ლ. ჯ-იას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი და 2011 წლის 23 მარტს შპს «...» მიერ გადახდილი 7700 ლარი, სულ _ 8000 ლარის ოდენობით.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.