Facebook Twitter

ას-320-301-10 22 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “ნ-ა’’ და ი. დ-ძე

წარმომადგენელი = გ. ბ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ს-ი’’

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განჩინება.

დავის საგანი – თანხის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს “ს-მა’’ მოპასუხეების შპს “ნ-ასა’’ და ი. დ-ძის მიმართ და ითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად სს “ს-ის’’ სასარგებლოდ 71 780 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს „ს-ის“ სასარგებლოდ შპს „ნ-ას“ და ი. დ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი თანხის – 28 409 აშშ დოლარის და პროცენტის – 9 470 აშშ დოლარის, სულ – 37 879 აშშ დოლარის გადახდა. ი. დ-ძეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 5 000 აშშ დოლარის გადახდა.

არ დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხეებისათვის დამატებით პროცენტის სახით 8049 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს – 21 735,50 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის – 1671,80 ლარის ანაზღაურება, ხოლო ი. დ-ძეს დამატებით 325 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სს „ს-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ნ-ამ“ და ი. დ-ძემ. გადაწყვეტილებასთან ერთად აპელანტებმა ასევე გაასაჩივრეს 2008 წლის 01 დეკემბრის საოქმო განჩინება სს „ს-იდან“ წერილობითი მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ, 2008 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინება საქმის განხილვისაგან მოსამართლის აცილების შესახებ და 2008 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინება საქმის განხილვისაგან მოსამართლიმს აცილების შესახებ და 2008 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინება საქმეზე საბუღალტრო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამაღთლო 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნია, ამასთან, აღნიშნა, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების შპს “ნ-ასა’’ და ი. დ-ძის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

2010 წლის 2 მარტს “ნ-ასა’’ და ი. დ-ძის წარმომადგენელმა გ. ბ-შვილმა წარადგინა საკასაციო საჩივარი და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ საქმე წაიყვანა აშკარა და პირდაპირი მიკერძოებით, რითიც პირდაპირ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპი. საქმეში არ არსებობდა და დღემდე არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ი. დ-ძის მიერ სს „ს-იდან“ სესხის აღება - თანხის გამოტანა. სრულიად გაუგებარია თუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში რას დაეყრდნო სასამართლო როდესაც დადგენილად მიიჩნია ი. დ-ძეს მიერ სესხის სახით თანხის მიღება და გადაუხდელი თანხების არსებობა. კასატორების განმარტებით არ არსებობდა სს “ს-ის’’ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ნ-ას’’ და ი. დ-ძის წარმომადგენლის გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ნ-ას’’ და ი. დ-ძის წარმომადგენლის გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს შპს “ნ-ასა’’ და ი. დ-ძეს უნდა დაუბრუნდეს შპს “ნ-ას’’ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3709 ლარის 70% - 2596,3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე,401 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ნ-ას’’ და ი. დ-ძის წარმომადგენლის გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორებს დაუბრუნდეს შპს “ნ-ას’’ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3709 ლარის 70% _ 2596,3 ლარი, თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 (სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.