ას-321-302-2010 13 მაისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
განიხილა ნ. ე-შვილის (წარმომადგენელი ზ. ჯ-ძე) საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის განჩინებით ნ. ე-შვილს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა გადახდილი 500 ლარის გათვალისწინებით.
აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელ ზ. ჯ-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 30 აპრილს. ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა მოცემულ შემთხვევაში ამოიწურა 2010 წლის 7 მაისს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, 2010 წლის 11 მაისს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ჯ-ძემ და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ერთი კვირით. განმცხადებელი მიუთითებს, რომ განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 5 მაისს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის მითითებას, რომ მას ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება 2010 წლის 5 მაისს ჩაჰბარდა. საქმეში არსებული სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურის თანახმად, წარმომადგენელ ზ. ჯ-ძეს კორესპონდენცია ჩაბარებული აქვს 2010 წლის 30 აპრილს, რასაც ადასტურებს მისი ხელმოწერა და დასმული თარიღი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ წარმოდგენილია ხარვეზის შევსების ვადის ამოწურვის შემდეგ. დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 63-ე მუხლების თანახმად, უკვე მოჰყვება კანონით დადგენილი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი _ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რის შემდეგაც შეუძლებელია გაგრძელდეს საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა. ასეთი შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის გასვლამდე, რისი შესაძლებლობაც მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ გამოუყენებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საკასაციო საჩივრი განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ე-შვილის (წარმომადგენელი ზ. ჯ-ძე) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. ნ. ე-შვილს დაუბრუნდეს ზ. ჯ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 500 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.