ას-326-304-2010 24 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. ს-უა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ყ-ი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ს-უამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ყ-ის” მიმართ გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 2741 ლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 5 თებერვლიდან მოსარჩელე მუშაობდა შპს “ყ-ის” საკადრო პოლიტიკისა და კანცელარიის დეპარტამენტის ...ის განყოფილების ...ად. 2008 წლის 1 მაისის ¹კ-241 ბრძანებით იგი გათავისუფლდა სამუშაოდან ისე, რომ გამოუყენებელი შვებულების თანხა არ ანაზღაურებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეს მუშაობის პერიოდში ანაზღაურებადი შვებულება არ მოუთხოვია. იგი სამუშოდან გათავისუფლდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და მის მიმართ შრომის კოდექსის 21-ე მუხლის დანაწესები არ დარღვეულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ს-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით მ.ს-უას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2008 წლის 1 ივნისიდან მ. ს-უა მუშაობდა შპს “ყ-ში” ...ის განყოფილების ...ის თანამდებობაზე და მისი შრომის ხელშეკრულება გაგრძელდა 2009 წლის 30 აპრილის ჩათვლით. 2009 წლის 1 მაისის ¹კ-241 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე, შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. მ. ს-უას საწარმოში მუშაობის მანძილზე შვებულებით არ უსარგებლია და სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ საშვებულებო ანაზღაურება არ მიუღია. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეოთხე პუნქტით, რომლის თანახმად შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება კანონით. სასამართლოს მითითებით, საქართველოს ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებს და მათგან გამომდინარე შრომით უფლებებს 2006 წლის 4 ივლისიდან აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით წესრიგდება საქართველოს ტერიტორიაზე შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობები, ხოლო ამავე კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ, დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით ანუ ხელშეკრულებით. სააპელაციო პალატამ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება ასევე დააფუძნა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, 21-ე მუხლის პირველ ნაწილს, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილს, 319-ე მუხლის პირველ ნაწილს და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 2.4.2. პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტს, როგორც კანონმდებლობით, ასევე შრომის ხელშეკრულებით მინიჭებული ჰქონდა უფლება, ესარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით და მასზე იყო დამოკიდებული მოახდენდა თუ არა თავისი უფლების რეალიზებას. მოცემულ შემთხვევაში პალატამ დაადგინა, რომ მ. ს-უას შვებულებით არ უსარგებლია, ხოლო აპელანტის არგუმენტი, რომ მან შვებულების მოთხოვნით მიმართა ადმინისტრაციას, საქმის მასალებით არ დადასტურდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან მან არ მოახდინა თავისი უფლების რეალიზება, არ ისარგებლა შვებულებით, შესაბამისად, იგი იღებდა ანაზღაურებას (ხელფასს) შესრულებული სამუშაოსათვის, რაც გათვალისწინებული იყო შრომითი ხელშეკრულებით. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მითითებას, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შრომის კოდექსის 26-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს მხოლოდ საშვებულებო ანაზღაურების ოდენობის გამოთვლის წესს დასაქმებულის შვებულებით სარგებლობის შემთხვევაში და არ ადგენს საშვებულებო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას იმ დასაქმებულისათვის, რომელსაც შვებულებით არ უსარგებლია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ს-უამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა კასატორის შუამდგომლობა მოწმის სახით კ.ე-უას დაკითხვის თაობაზე, რომელიც დაადასტურებდა მ.ს-უას მიერ მუშაობის პერიოდში შვებულების მოთხოვნის ფაქტს. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ კასატორის მიმართ დაირღვა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მეოთხე ნაწილი, 21-ე მუხლის პირველი ნაწილი, 22-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილები, 34-ე მუხლი, ასევე შრომითი ხელშეკრულების 2.1.2. და 2.4.2. პუნქტები. სასამართლომ არ გამოიყენა “ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ” შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის 52-ე მუხლი, რომელიც ადგენს შვებულებით სარგებლობის აუცილებლობისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საჭიროებას. ნაშრომ “შრომის სამართალში” მოცემული განმარტებით, შვებულების შეცვლა ფულადი ანაზღაურებით დასაშვებია მხოლოდ მუშაკის მიერ სამსახურის დატოვებისას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შრომის კოდექსის 34-ე მუხლი არ შეიძლება გულისხმობდეს ისეთ საკითხებს, რომელიც არც კანონით და არც შრომითი ხელშეკრულებით მოწესრიგებული არ არის, თუმცა სასამართლოს ასეთ დროს უნდა ეხელმძღვანელა ზემოხსენებული კონვენციის შესაბამისი დანაწესით. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კასატორის მიმართ არსებობდა დისკრიმინაცია, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ სამუშაოდან გათავისუფლებულ სხვა პირებს სადავო თანხა აუნაზღაურა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინებით მ. ს-უას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ს-უას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია მუშაკის გათავისუფლებისას მის მიერ გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება შრომის კოდექსის მე-2 და მე-6 მუხლებს, ასევე სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 319-ე მუხლების დანაწესებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ს-უას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.