ას-326-310-11 18 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:Bბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
N ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ გ. გ-ავა, თ. ჯ-ავა, ლ. ა-ია, ი. რ-უა, ნ. გ-ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ე.მ.გ-ის სამინისტრო, მარტვილის ს- კოოპერატივი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მარტვილის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს გ. გ-ავამ, თ. ჯ-ავამ, ლ. ა-იამ, ნ. გ-ძემ და ი. რ-უამ მოპასუხეების _ საქართველოს ე.მ.გ-ის სამინისტროსა და მარტვილის ს- კოოპერატივის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეების მიერ მათი კუვთნილი შრომითი ხელფასის – გ. გ-ავას სასარგებლოდ – 1874 ლარის, ლ. ა-იას სასარგებლოდ – 1196 ლარის, თ. ჯ-ავას სასარგებლოდ – 1004 ლარის, ი. რ-უას სასარგებლოდ – 987 ლარის, ნ. გ-ძის სასარგებლოდ – 1123 ლარის, სულ 6185 ლარის, საშემოსავლო გადასახადის სახით – 843 ლარის და სოციალური გადასახადის სახით 1406 ლარის ანაზღაღურება.
მოსარჩელეთა განმარტებით, გ. გ-ავა მარტვილის ს- კოოპერატივში მუშაობდა რაიკოოპკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ 1997 წლის 29 აგვისტოდან 2006 წლის 1 ივნისამდე, ლ. ა-ია – რაიკოოპკავშირის მთავარ ეკონომისტად 1996 წლის 2 მაისიდან 2006 წლის 1 ივნისამდე, თ. ჯ-ავა – რაიკოოპკავშირის საქმის მწარმოებლად 1988 წლის 10 ივნისიდან 2006 წლის 1 ივნისამდე, ი. რ-უა – რაიკოოპკავშირის იურისკონსულტანად 2000 წლის 24 დეკემბრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე. მოსარჩელეებს მიუღებელი აქვთ შრომითი ხელფასი, კერძოდ, გ. გ-ავას – 1874 ლარი, ლ. ა-იას – 1196 ლარი, თ. ჯ-ავას – 1004 ლარი, ი. რ-უას – 987 ლარი, ნ. გ-ძის – 11123 ლარი.
2006 წლის 15 მაისის მარტვილის ს- კრების გადაწყვეტილებით მარტვილის ს- კოოპერატივის საკუთრებაში არსებული 61 ობიექტი უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს, იმ აუცილებელი პირობით, რომ სახელმწიფოს აენაზღაურებინა რაიკოოპერატივიდან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ხარჯზე რაიკოოპერატივის საბიუჯეტო და სახელფასო დავალიანებები, რომლის ნაწილიც აანაზღაურა საქართველოს ე.მ.გ-ის სამინისტრომ, ხოლო სახელფასო დავალიანების ნაწილი დღემდე არ ანაზღაურებულა.
მოპასუხე – მარტვილის ს- კოოპერატივის წარმომადგენელმა აღიარა ის ფაქტი, რომ გ. გ-ავას, თ. ჯ-ავას, ლ. ა-იას, ნ. გ-ძესა და ი. რ-უას მიუღებელი აქვთ შრომითი ხელფასი, სულ 6 184 ლარის ოდენობით, მაგრამ უნდა აანაზღაუროს არა მარტვილის ს- კოოპერატივმა, არამედ საქართველოს ე.მ.გ-ის სამინისტრომ მარტვილის ს- კოოპერატივისაგან უსასყიდლოდ 61 ობიექტის მიღების სანაცვლოდ.
საქართველოს ე.მ.გ-ის სამინისტროს წარმომადგენელმა ოთარ იაშაღაშვილმა თავის შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ე.მ.გ-ის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებათ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შემდეგი მოსაზრებებით:
მარტვილის ს- კოოპერატივის მიერ გაცემული ცნობითა და კოოპერატივის წარმომადგენლის, ზ. დანელიას განმარტების თანახმად, მოსარჩელეები იყვნენ კოოპერატივის თანამშრომლები და 2006 წლის 1 ივნისამდე დარიცხული ხელფასის სახით გასაცემი თანხა შეადგენდა გ. გ-ავასათვის – 1874 ლარს, ლ. ა-იასათვის – 1196 ლარს, თ. ჯ-ავასათვის – 1004 ლარს, ი. რ-უასათვის – 987 ლარს, ხოლო ნ. გ-ძისათვის 1123 ლარს.
სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი თანხა საშემოსავლო გადასახადის სახით შეადგენს – 843 ლარს, სოციალური გადასახადის – 1406 ლარს.
2006 წლის 15 მაისს, მარტვილის ს- კოოპერატივის წარმომადგენელთა კრებაზე მიღებულ იქნა დადგენილება, კოოპერატივის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების, სულ 61 ობიექტის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
მხარეთა მიერ დადასტურებულ იქნა, რომ 2006 წლის 30 მაისს, ერთი მხრივ, მარტვილის ს- კოოპერატივსა და მეორე მხრივ მარტვილის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი უძრავი ქონების უსასყიდლოდ სახელმწიფოზე გადაცემის შესახებ.
მარტვილის ს- კოოპერატივის მიერ სახელმწიფოზე უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება 61 ობიექტი რეგისტრირებულ იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნული უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მიჩნეულ იქნა მარტვილის რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა 2006 წლის 15 მაისის კრების ოქმი ¹1.
სააპელაციო პალატის განმარტებით, 2006 წლის 15 მაისს, მარტვილის ს- კოოპერატივის წარმომადგენელთა კრებაზე „უძრავი ქონება მიღება-ჩაბარების აქტით» დადგენილ, იქნა რომ მარტვილის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის განყოფილებას ჩაბარდეს კოოპერატივის ბიუჯეტთან არსებული დავალიანება 28027 ლარი, მ/შ ძირითადი დავალიანება 14251 ლარი, საურავი 13776 ლარი. ბიუჯეტში დღგ-ი ზედმეტად შეტანილი 9324 ლარი, სახელფასო დავალიანება 28600 ლარი, აღნიშნული საბიუჯეტო და სახელფასო დავალიანებები გადაფარულ იქნა რაიკოოპერატივის მიერ სახელმწიფოზე გადაცემული ქონების ხარჯზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მარტვილის ს- კოოპერატივის წარმომადგენელთა 2006 წლის 15 მაისის კრების გადაწყვეტილება კოოპერატივის ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ ფაქტის დასადგენად, რომ გ. გ-ავას, თ. ჯ-ავას, ლ. ა-იას, ნ. გ-ძისა და ი. რ-უას წინაშე სახელფასო დავალიანების სახით არსებული მარტვილის რაიკოოპერატივის ვალი აღიარა (გადაიკისრა) სახელმწიფომ, აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოხდა კოოპერატივის ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა და კოოპერატივის წინაშე არსებული სახელფასო დავალიანების სახელმწიფოს მიერ აღიარება, მიღებულია მხოლოდ ერთი მხარის ს- კოოპერატივის მიერ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2006 წლის 15 მაისის კრების გადაწყვეტილება სახელმწიფოსათვის ვალის გადაკისრების თაობაზე, ვერ მიიჩნევა სამოქალაქო კოდექს-ის 203-ე მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულებად სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არსებობს მეორე მხარის – სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობა, ან ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სახელფასო დავალიანების სახელმწიფოსათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საშემოსავლო და სოციალური გადასახადების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახადების გადახდის ვალდებულება გააჩნია საზოგადოებას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სარჩელი წარდგენილია არაუფლებამოსილ პირთა მიერ, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ. გ-ავამ, თ. ჯ-ავამ, ლ. ა-იამ, ნ. გ-ძემ, ი. რ-უამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორების განმარტებით, გადაწყვეტილებით არასწორად იქნა მიჩნეული ცალმხრივ შეთავაზებად მარტვილის სამომხმარებო კოოპერატივის მხრიდან ეკონომიკის სამინისტროსადმი, რადგანაც მარტვილის ს- კოოპერატივის წარმომადგენლობითი კრების 2006 წლის 15 მაისის კრების ოქმის გარდა, დაიდო შეთანხმება მიღება_ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარემ მიიღო მეორე მხარის შეთავაზება და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დაარეგისტრირა სახელმწიფომ საკუთრება კოოპერატივის კუთვნილ ქონებაზე, ასევე გადაწყვეტილებაში არ არის დებულება იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ ნაწილობრივ შეასრულა კოოპერატივთან დადებული გარიგების პირობა და მოსარჩელეები მიიჩნია არაუფლებამოსილ პირებად მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე.
კასატორების განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. იმავე კოდექსის 328-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ხელშეკრულება ძალაში შედის ამ ფორმის მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ასევე 329-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში რომელიც მიმართულია ერთი ან რამოდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი თანხმობის შემთხვევაში შეასრულებს თავის წინადადებას. მოცემულ შემთხვევაში კოოპერატივმა სახელმწიფოს შესთავაზა თავისი ქონება უსასყიდლოდ და სახელმწიფოს მიერ კოოპერატივის ვალდებულებების შესრულება მესამე პირების მიმართ. სახელმწიფომ მიიღო შეთავაზება ამ პირობებით.
კასატორების მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფომ თავისი თანხმობით ვალდებულება აიღო დაეფარა კოოპერატივის საგადასახადო და სახელფასო დავალიანებები, რაც მან ნაწილობრივ შეასრულა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მარტვილის ს- კოოპერატივს გადაუხადა 18 840 ლარი. აღნიშნული გათვალისწინებით, მათ უფლება აქვთ, მოითხოვონ ვალდებულების შესრულება, რადგანაც სწორედ მათ სასარგებლოდ იქნა დადებული შეთანხმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ავას, თ. ჯ-ავას, ლ. ა-იას, ი. რ-უსა და ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
განსახილველ შემთხვევში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. გ-ავას, თ. ჯ-ავას, ლ. ა-იას, ი. რ-უსა და ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ავას, თ. ჯ-ავას, ლ. ა-იას, ი. რ-უსა და ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.