ას-328-312-2011 30 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. მ-ძე-ბ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «....» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-ძე-ბ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «....ს» მიმართ შრომის კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე სახელფასო დავალიანების ანაზღაურების _ 2001 წლის აპრილიდან 2002 წლის ნოემბრის ჩათვლით 27891 ლარისა და 54 თეთრის, ასევე ყოველ გადაცილებულ დღეზე 1369 დღის განმავლობაში სარჩელის აღძვრამდე ზემოაღნიშნული თანხის 0,07%-ის _ 19,52 ლარის, სულ _ 26722,88 ლარის და სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 19,52 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
სს ნავთობის ეროვნულ კომპანია «....» და გერმანულ კომპანია შპს «...-ს» შორის 2000 წელს დაიდო ხელშეკრულება ამხანაგობის შექმნის თაობაზე. აღნიშნულმა ამხანაგობამ დააფუძნა საოპერაციო კომპანია «.... სერვისი», რომლის მუშაობასაც კოორდინირებას უწევდა საკოორდინაციო საბჭო. 2000 წლიდან მოსარჩელე გ. მ-ძე-ბ-ია მუშაობდა «.... სერვისის» საკოორდინაციო საბჭოს წევრად და მისი ხელფასი შეადგენდა 1000 აშშ დოლარს თვეში.
შპს «...-ის» მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო ნავთობის ეროვნულმა კომპანია «...მა» გადაწყვიტა, 2002 წლის პირველი ივლისიდან შეეჩერებინა, ხოლო 2002 წლის პირველი დეკემბრიდან შეეწყვიტა მოქმედი ხელშეკრულება, რასაც შედეგად მოჰყვა მუშა-მოსამსახურეთა და საკოორდინაციო საბჭოს წევრთა მიმართ დავალიანების წარმოქმნა.
2002 წლის 18 დეკემბერს სს «....ის» სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე (ოქმი ¹66) დამტკიცდა სახელფასო დავალიანების მიზნით შედგენილი გრაფიკი. სახელფასო დავალიანებამ შეადგინა 42130 ლარი, საიდანაც მოსარჩელეს გადაუხადეს 14238,47 ლარი, ხოლო აუნაზღაურებელი დარჩა 27891,54 ლარი, თუმცა, მიუხედავად დაპირებისა, მოსარჩელისათვის აღნიშნული თანხა არ გადაუხდიათ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელე გ.მ-ძე-ბ-ია სს ნავთობის ეროვნულ კომპანია «საქგეოსერვისში» დასაქმებული არ ყოფილა. სს «....» და შპს «...-ს» შორის 2000 წლის ოქტომბერში გაფორმდა ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის თაობაზე და მხარეთა შეთანხმებით შეიქმნა ამხანაგობა «....». ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესაბამისად, ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით შეიქმნა ამხანაგობა «....ის» საკოორდინაციო საბჭო. მოსარჩელის განმარტებით, იგი დაინიშნა საბჭოს წევრად. «.... სერვისი» კი წარმოადგენდა «....ის» ფილიალს, რომელიც ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარკვეული სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად შეიქმნა და წარმოადგენდა ამხანაგობა «....ისაგან» დამოუკიდებელ სუბიექტს.
მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ასევე მიუთითა მის ხანდაზმულობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. მ-ძე-ბ-იას სარჩელი მოპასუხე შპს «....ს» მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ.მ-ძე-ბ-იას სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მათი სამართლებრივი შეფასება და განმარტა, რომ აპელანტმა ვერ შეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნების გაბათილება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი, როგორც უსაფუძვლო არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ძე-ბ-იას წარმომადგენელმა ა. გ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. მ-ძე-ბ-იას სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებას. საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, გასულია დარღვეული უფლების დაცვისათვის დადგენილი 3-წლიანი ვადა. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 129- მუხლის მე-2 ნაწილზე, 130-ე, 137-ე, 141-ე მუხლებსა და 144-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და არასწორად განმარტა კანონი. გ. მ-ძე-ბ-იას სახელფასო დავალიანება მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღიარებული დავალიანებაა, რომელიც დღემდე მოპასუხის ბალანსზე ირიცხება, როგორც კრედიტორული დავალიანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით გ. მ-ძე-ბ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ ცნობილ იქნა დასაშვებად საქმის განხილვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, დაინიშნა ზეპირი მსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ გ. მ-ძე-ბ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ზემოხსენებული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს შეუძლია, მხოლოდ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნების გაზიარების შესახებ ზოგადი მითითებით შემოიფარგლოს. კანონის ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებსა და სასამართლოს, როგორც პირის ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალების მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. «მოკლე დასაბუთება» არ ნიშნავს ბლანკეტურ მითითებას. ამგვარი დასაბუთებით არ უნდა ირღვეოდეს 249-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დაკვნებს, შეიძლება ეს შეფასებები და დასკვნები არ გაიმეოროს, მაგრამ დასაბუთება უნდა შეიცვალოს თითოეულ მათგანზე და არა ზოგადად გადაწყვეტილებაზე ან მის რომელიმე სტრუქტურულ ნაწილზე მითითებით.
«ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის» ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი კუთხით არ შეუფასებია. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე სასამართლოს, თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია ცალკეული მტკიცებულებები არასარწმუნოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა აისახოს, რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა სასამართლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამგვარ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა დაასაბუთოს თავისი მოსაზრებები საქმის ფაქტობრივ გარემოებათა და მათ იურიდიულ შეფასებათა თაობაზე და გადაწყვიტოს დავა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ-ძე-ბ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.