Facebook Twitter

ას-330-314-11 18 აპრილი, 2011 წელიA

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ...ის სამინისტრო (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ე. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ჯ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა კ. ჯ-ძემ და მოითხოვა მოპასუხე ...ის სამინისტროსათვის თანხის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ...ის სამინისტროს დაეკისრა კ. ჯ-ძის სასარგებლოდ 5400 ლარის ანაზღაურება.

კ. ჯ-ძის სარჩელი ანაზღაურების დაყოვნებისათვის 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ...ის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით კ. ჯ-ძის მიერ სარჩელზე, 1400 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში უარის თქმის გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება ...ის სამინისტროსათვის 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარიდან 1400 (ათას ოთხასი) ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, ...ის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ...ის სამინისტროს კ. ჯ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა შემდეგი მოსაზრებებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის სხდომაზე კ. ჯ-ძემ იშუამდგომლა 2007 წლის 19 თებერვლიდან 18 მარტამდე ხაშურის ¹..., ნინოწმინდის ¹..., ახალქალაქის ¹... და ¹... სკოლებზე განხორციელებული ზედამხედველობისათვის 1400 ლარის ანაზღაურების _ მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ამ ნაწილში მოთხოვნაზე უარის თქმის გამო.DQD

საპელაციო პალატამ გაიზიარა შემდეგი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სამშენებლო ობიექტზე _ ახალქალაქის @¹... საჯარო სკოლაზე მიმდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება კ. ჯ-ძეს დაევალა ...ის სამინისტროსა და თავად კ. ჯ-ძეს შორის 2006 წლის 7 ივნისს, 7 ივლისს, 8 აგვისტოს, 11 სექტემბერს, 6 ნოემბერს, 14 დეკემბერს, 2007 წლის 15 იანვარსა და 19 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებებით. 2007 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულებით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 18 მარტის ჩათვლით. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდა 2007 წლის 15 მაისს, რაც დასტურდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესაბამისი აქტით.

სამშენებლო ობიექტზე _ ახალქალაქის ¹... საჯარო სკოლაზე მიმდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება კ. ჯ-ძეს დაევალა მასსა და ...ის სამინისტროსა და თავად კ. ჯ-ძეს შორის 2006 წლის 7 ივნისს, 7 ივლისს, 8 აგვისტოს, 11 სექტემბერს, 6 ნოემბერს, 14 დეკემბერს, 2007 წლის 15 იანვარსა და 19 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებებით. 2007 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულებით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 18 მარტის ჩათვლით. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდა 2007 წლის 1 ივნისს, რაც დასტურდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესაბამისი აქტით.

სამშენებლო ობიექტზე _ ნინოწმინდის ¹... საჯარო სკოლაზე მიმდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება კ. ჯ-ძეს დაევალა ...ის სამინისტროსა და თავად კ. ჯ-ძეს შორის 2006 წლის 7 ივნისს, 7 ივლისს, 8 აგვისტოს, 11 სექტემბერს, 6 ნოემბერს, 14 დეკემბერს, 2007 წლის 15 იანვარსა და 19 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებებით. 2007 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულებით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 18 მარტის ჩათვლით. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდა 2007 წლის 15 მაისს, რაც დასტურდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესაბამისი აქტით.

სამშენებლო ობიექტზე _ ხაშურის ¹... საჯარო სკოლაზე მიმდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება კ. ჯ-ძეს დაევალა ...ის სამინისტროსა და თავად კ. ჯ-ძეს შორის 2006 წლის 7 ივნისს, 7 ივლისს, 8 აგვისტოს, 11 სექტემბერს, 5 ოქტომბერსა და 6 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებით. 2006 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულებით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვა 2006 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდა 2007 წლის 1 მაისს, რაც დასტურდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესაბამისი აქტით.

სამშენებლო ობიექტზე _ ხაშურის ¹... საჯარო სკოლაზე მიმდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება კ. ჯ-ძეს დაევალა ...ის სამინისტროსა და თავად კ. ჯ-ძეს შორის 2006 წლის 8 აგვისტოს, 11 სექტემბერს, 5 ოქტომბერსა, 6 ნოემბერსა და 2007 წლის 19 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებებით. 2007 წლის 19 თებერვლის ¹11/139 ხელშეკრულებით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 18 აპრილის ჩათვლით. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდა 2007 წლის 28 თებერვალს, რაც დასტურდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესაბამისი აქტით.

სამშენებლო ობიექტზე _ ხაშურის ¹... საჯარო სკოლაზე მიმდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება კ. ჯ-ძეს დაევალა ...ის სამინისტროსა და თავად კ. ჯ-ძეს შორის 2007 წლის 15 იანვარსა და 19 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებებით. 2007 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულებით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვა 2007 წლის 18 მარტის ჩათვლით. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები დასრულდა 2007 წლის 7 მაისს, რაც დასტურდება მხარეთა მიერ ხელმოწერილი შესაბამისი აქტით.

კ. ჯ-ძე ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვალდებულებას, ობიექტზე ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ზედამხედველობას ახორციელებდა აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე, რაც დასტურდება სამუშაოს დასრულების აქტების შინაარსითა და მასზე კ. ჯ-ძის _ როგორც სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერით. აღნიშნული გარემოება დამსაქმებლმა _ ...ის სამინისტრომ სადავოდ გახადა. მოპასუხის (აპელანტის) პოზიციის არგუმენტაციას წარმოადგენს მითითება იმაზე, რომ ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ მხარეები არც წერილობით და არც ზეპირად შეთანხმებულან შრომითი ურთიერთობების გაგრძელებაზე, არ არსებობს კ. ჯ-ძის მიერ ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სამუშაოების დასრულების აქტებზე კ. ჯ-ძის ხელმოწერა კი, საამისო მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნული არგუმენტაცია დაუსაბუთებელად მიიჩნია და განმარტა, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე სამუშაოების დასრულების აქტებზე ამ სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის მითითება და სამუშაოს დასრულების დადასტურება მისი ხელმოწერით მიჩნეულ უნდა იქნეს ტექნიკური ზედამხედველის მხრიდან თავის ვალდებულების სამუშაოს დასრულებამდე განხორციელების დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებად. საწინააღმდეგოს მტკიცებისას, ...ის სამინისტროს არ განუმარტავს, თუ რატომ აწერდა ხელს სამუშაოს დასრულების აქტებს კ. ჯ-ძე, როგორც ტექნიკური ზედამხედველი, რომელსაც ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ჯ-ძე ცალკეულ ობიექტებზე ყოველი თვისათვის განხორციელებული სამუშაოსათვის, სრულად რეაბილიტაციის შემთხვევაში იღებდა ანაზღაურებას თვეში 400 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული რეაბილიტაციისას _ 200 ლარის ოდენობით. სასამართოს აზრით, დასახელებული გარემოება დასტურდება მოსარჩელე _ კ. ჯ-ძის განმარტებით ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანაზღაურების გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ასევე ობიექტებთან დაკავშირებით 2007 წლის 19 თებერვალს გაფორმებული ¹11/96 ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაცემული თვის ხელფასის საანგარიშო უწყისით. დასახელებული ხელშეკრულებით, კ. ჯ-ძემ განახორციელა ზედამხედველობა ახალქალაქის ¹..., ¹..., ნინოწმინდის ¹..., ხაშურის ¹... სკოლებზე და მიიღო ანაზღაურება 1400 ლარის ოდენობით, კერძოდ, სრულად რეაბილიტირებული 3 სკოლისათვის 400 ლარის ოდენობით, ხოლო არასრულად რეაბილიტირებული სკოლისათვის _ 200 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ანაზღაურების დეტალური ანგარიშსწორების დოკუმენტების წარმოდგენის პროცესუალური მოვალეობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, მაგრამ მას საწინააღმდეგო წესზე არ მიუთითებიათ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალქალაქის ¹..., ახალქალაქის ¹..., ნინოწმინდის ¹... ხაშურის ¹..., ხაშურის ¹..., ხაშურის ¹... საჯარო სკოლებზე მიმდინარე სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისათვის, როგორც სრულად რეაბილიტირებული ობიექტისათვის, კ. ჯ-ძე იღებდა ანაზღაურებას თვეში 400 ლარის ოდენობით.

სასამართლოს დასკვნით, კ. ჯ-ძეს არ მიუღია ანაზღაურება მის მიერ ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებების ვადის გასვლიდან თითოეულ ობიექტზე სამუშაოების დასრულებამდე პერიოდში 4000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ არსებული ურთიერთობა არ შეწყვეტილა და დასაქმებული _ კ. ჯ-ძე აგრძელებდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას _ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობას _ სამუშაოების დასრულებამდე.

სააპელაციო სასამართლომ განსახილველი დავა შეაფასა, როგორც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება, წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებების ვადის მხარეთა ზეპირი შეთანხმებით გაგრძელების საფუძველზე, რაც გამომდინარეობდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს არსიდან, ისევე როგორც ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ კ. ჯ-ძის მიერ ამ ხელშეკრულებებით განსაზღვრული სტატუსით შესრულებული მოქმედებებიდან.

აპელანტის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა შეიძლებოდა, გაგრძელებულიყო მხარეთა შეთანხმებით მხოლოდ წერილობით ფორმით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ახორციელებდა სამუშაოს, მხარეთა შორის სადავოა არა მუშაკის დაქირავების ფაქტი, არამედ სამართალურთიერთობის შინაარსი.

სააპელაციო სასამართლო მოსაზრებით, შრომითი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საქართველოს შრომის კოდექსი სპეციალურ ფორმას არ ითვალისწინებდა. მხარეები თავისუფალი არიან, გააფორმონ წერილობითი ან ზეპირი ხელშეკრულება. ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები გაფორმებული იყო წერილობით ფორმით, ხოლო ყოველი ხელშეკრულებისA ვადის გასვლის შემდეგ იდებოდა ახალი ხელშეკრულება ისევ წერილობით, არ გამორიცხავდა ვადასთან დაკავშირებული შეთანხმების ზეპირი ფორმით განხორციელების დაშვებას. პალატამ მიიჩნია, რომ ამგვარი შეთანხმების სპეციალური ფორმას არ ითვალისწინებდა არც ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონი _ შრომის კოდექსი და არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს შრომის კოდექსის 2.1, 31.2. მუხლებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ კ. ჯ-ძემ განახორციელა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობა, თუმცა ანაზღაურება არ მიუღია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა შესრულებული სამუშაოს მიხედვით მოპასუხისათვის შეთანხმებული ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ... სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

კასატორის წარმომადგენლის მითითებით, ...ის სამინისტროსა და კ. ჯ-ეს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებებით განისაზღვრა, რომ „ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე“. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა ცვლილება, რომელიც გაითვალისწინებდა ვადის გაგრძელებას, ხელშეკრულებები დადებულია საქართველოს შრომის კოდექსის 6.1 მუხლის საფუძველზე წერილობითი ფორმით და განსაზღვრული ვადით, ამდენად აღნიშნულ ხელშეკრულებებში ცვლილებაც მხარეთა შეთანხმების შესახებ უნდა დაფიქსირებულიყო წერილობითი ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ახალი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.“.

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთერთი საფუძველია „შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.“. კასატორის წარმომადგენლის აზრით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ მათი გაგრძელების შესახებ არ შეთანხმებულან.

კასატორის წარმომადგენლი არ იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტაციას, რომლითაც სამუშაოს დასრულების აქტებზე ტექნიკური ზედამხედველის მითითება და სამუშაოს დასრულების დადასტურება კ. ჯ-ის ხელმოწერით მიჩნეულ იქნა ტექნიკური ზედამხედველის მხრიდან თავისი ვალდებულების შესრულებად.

კასატორი განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სამუშაოს დასრულების აქტის ფორმა დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნეიერების მინისტრის 2006 წლის 9 ოქტომბრის ¹852 ბრძანებით, რომელშიც განისაზღვრა სამინისტროს ექსპერტის, ტექნიკური ზედამხედველობის, შემსრულებლისა და საჯარო სკოლის დირექტორის ხელმოწერის ადგილი. აღნიშნული ფორმის არსებობა, მართალია, ითვალისწინებს ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერას, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კ. ჯ-ძე არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში სამინისტროსთან, აღნიშნული სამუშაოების მისაღებად საკმარისი იყო ექსპერტის ხელმოწერის არსებობაც. ამასთან, თუ კ. ჯ-ძეს ხელი მიუწვდებოდა სამუშაოს დასრულების აქტებზე და ხელმოწერას აფიქსირებდა მათზე, მხოლოდ ეს არგუმენტი არ შეიძლება გახდეს საფუძველი მისთვის ხელფასის ანაზღაურებისა.

კასატორის წარმომადგენლი არ იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტაციას, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ კ. ჯ-ძე ასრულებდა სამუშაოს ობიექტის დასრულებამდე. კასატორის წარმომადგენლი აღნიშნავს, რომ კ. ჯ-ძეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება (მაგ. სამუშაოს შესრულების ანგარიში მოხსენებითი ბარათის სახით), რომლითაც დადასტურდებოდა ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების ფაქტი.

კასატორის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სამუშაოს დასრულების აქტების შედგენისა და ობიექტის დასრულების თარიღები არ ემთხვევა ერთმანეთს, უფრო მეტიც, სამუშაოს დასრულების დღიდან სამუშაოს დასრულების აქტის შედგენამდე პერიოდი განისაზღვრება ერთიდან ორ თვემდე. ამდენად, კ. ჯ-ძისთვის ხელფასის ანაზღაურების საფუძვლად სამუშაოს დასრულების აქტის გამოყენება გაუმართლებელია. ის მტკიცებულება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა (სამუშაოს დასრულების აქტებზე ტექნიკური ზედამხედველის ხელმოწერა) ადასტურებს მხოლოდ კონკრეტულ დღეს აქტზე ხელმოწერის განხორციელების ფაქტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ...ის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

განსახილველ შემთხვევში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ...ის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ...ის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.