ას-331-315-2011 30 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ მ. წ-ური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. წ-ური (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. წ-ურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. წ-ურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დავალდებულება შემდეგი გარემოებების გამო:
2007 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელემ მ. წ-ურთან გააფორმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების _ 3300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის, ასევე 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება. შემძენმა გამყიდველს გადაუხადა საფასური _ 15000 ლარი და საკუთრების უფლება აღნიშნულ ქონებაზე აღრიცხა საჯარო რეესტრში. მოსარჩელის მითითებით, თეთრიწყარის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული ხელშეკრულება გაუქმდა, თუმცა მოპასუხეს ზ.წ-ურისათვის ნასყიდობის საფასური არ დაუბრუნებია.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან ერთ წარმოებად გაერთიანდა ასევე სამოქალაქო საქმე ზ.წ-ურის სარჩელის გამო მ.წ-ურის მიმართ მსხვილფეხა პირუტყვის დაბრუნების ან მისი ღირებულების _ 3000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხე მ. წ-ურმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ.წ-ურის სარჩელის არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. წ-ურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. წ-ურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. წ-ურს ზ. წ-ურის სასარგებლოდ დაეკისრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის გადახდა, პირუტყვის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალტამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 27 აგვისტოს ზ.წ-ურსა და მ.წ-ურს შორის დაიდო ნასყიდობის 3 ხელშეკრულება თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 3300 კვ.მ, 1200 კვ.მ და 4400 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე შესაბამისი ფასით _ 10000 ლარი, 2000 ლარი და 3000 ლარი. სოფელ ...ში მდებარე 3300 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ასევე მოიცავდა მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლს (განაშენიანების ფართით 169.9 კვ. მეტრი, შენობის ფართი _ 237.7 კვ. მეტრი). 2007 წლის 30 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ სამივე ნასყიდობის ხელშეკრულება აღირიცხა საჯარო რეესტრში და ზ. წ-ური დარეგისტრირდა ნასყიდობის საგნების მესაკუთრედ. ა., გ. ა-ვებმა და ნ. მ-შვილმა სარჩელი აღძრეს მ. წ-ურის მიმართ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და მოითხოვეს 3300 კვ. მეტრ მიწის ფართობსა და მასზე განლაგებულ საცხოვრებელ ფართზე 2007 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, ასევე სოფელ ...ში არსებული მიწის ნაკვეთებისა და სახლის ერთი ნახევრის ა. ა-ვის, ხოლო მეორე ნახევრის – გ. ა-ვის, ნ. მ-შვილისა და მ. წ-ურის სახელზე აღრიცხვა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მ. წ-ურსა და ზ. წ-ურს შორის 2007 წლის 27 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება, მ. წ-ური ცნობილ იქნა აწ გარდაცვლილი რ. ა-ვის თანამესაკუთრედ საცხოვრებელ სახლსა და უძრავ ქონებაზე და მიეკუთვნა აღნიშნული ქონების ნახევარი. რ. ა-ვის კანონისმიერ მემკვიდრეებს: მ.წ-ურს, ა.ა-ვს, გ.ა-ვსა და ნ.მ-შვილს თანაბარწილად მიეკუთვნათ ქონების მეორე ნახევრიდან 1/4-1/4¼ ნაწილი. მხარეთა თანხმობით, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით.
აღნიშნული საქმის განხილვისას, 2008 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე მ. წ-ურმა აღიარა, რომ ზ. წ-ურს კანონიერად მიჰყიდა სადავო სახლი და რომ გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა უკვე დახარჯული აქვს, რის გამოც, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მას ვერ დააბრუნებს. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მ. წ-ური აღირიცხა სამივე სადავო ქონების 1/2-ის მესაკუთრედ, ხოლო, ა. და გ. ა-ვები, ნ. მ-შვილი და მ. წ-ური _ ამ ქონებათა 1/2½-ის თანამესაკუთრეებად. მოპასუხემ სადავო გახადა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მისთვის ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია, მიუხედავად იმისა, რომ მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრში მოხდა სადავო ქონების მესაკუთრედ.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების გასხვისების შესახებ სისრულეში იქნა მოყვანილი მყიდველის მესაკუთრედ რეგისტრაციით საჯარო რეესტრში, პალატის მითითებით, არსებობს პრეზუმფცია, რომ გამყიდველმა მიწის ნაკვეთებისა და სახლის სანაცვლოდ მიიღო შესაბამისი ანაზღაურება. აღნიშნულ პრეზუმფციას მეტად ამყარებს 2008 წელს მიმდინარე სასამართლო პროცესზე მ. წ-ურის აღიარება თანხის მიღებისა და მისი დახარჯვის შესახებ, რის გამოც იგი ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების წინააღმდეგი იყო. პალატის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი დაეკისრა მოპასუხეს, როგორც ფაქტის უარმყოფ მხარეს და მან აღნიშნულის რეალიზაცია ვერ უზრუნველყო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. წ-ურმა მიიღო ნასყიდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხა 15000 ლარი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ზ. წ-ურის მიერ, საკუთარი სახსრებით სადავო პირუტყვის შეძენის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით და მიუთითა, რომ ზ. წ-ურსა და მ. წ-ურს შორის 2007 წლის 27 აგვისტოს დაიდო ნასყიდობის 3 ხელშეკრულება, რამაც იურიდიული ძალა შეიძინა საჯარო რეესტრში უძრავ ქონებებზე ზ. წ-ურის მესაკუთრედ დარეგისტრირების შედეგად, ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა ნასყიდობის საფასური, ხოლო 2008 წლის 26 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილებით გაუქმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველ ნაწილებზე, ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე და მიუთითა, რომ ზ. წ-ურმა მ. წ-ურს გადაუხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, შესაბამისად, გარიგების ბათილობის გამო მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხისაგან მოითხოვოს, გადაცემული თანხის _ 15000 ლარის უკან დაბრუნება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, დაუბრუნოს მოსარჩელეს საფუძვლის გარეშე შეძენილი სიკეთე _ მიღებული თანხა, ამასთან, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაუბრუნებლობის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. წ-ურმა, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი დასაბუთებით:
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორადაა დადგენილი და შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოსაზრებები და არგუმენტები. დარღვეულია შეჯიბრებითობის პრინციპი, არასტანდარტული გარემოებების ახსნას სასამართლო მიუდგა სტანდარტულად და თავი აარიდა სირთულეების გამოკვლევას. პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტი, სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 82-ე, 477-ე მუხლები. სასამართლომ შეფასება მისცა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებებსა და არგუმენტებს, მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მოპასუხე მ. წ-ურის მოსაზრებები და არგუმენტები კი საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რაც, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მტკიცებულებად თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმში ჩაწერილი მოპასუხე მ. წ-ურის ე.წ აღიარება – მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ზ. წ-ურისათვის მიყიდვისა და მისგან ნასყიდობის ფასის – 15 ათასი ლარის მიღების თაობაზე, ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული საქმის განხილვის დროს ზ. წ-ური და მ. წ-ური არ წარმოადგენდნენ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, არამედ ზ. წ-ური საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მ. წ-ურის მხარეს.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა 2008 წლის სხდომის ოქმით, რადგანაც მოცემული საქმესა და სასამართლოს მიერ მტკიცებულებად მითითებული საქმის მასალებში მოწინააღმდეგე მხარეები სხვადასხვა იყვნენ, ისევე, როგორც დავის საგანი იყო სხვადასხვა. მ.წ-ურის მითითებით, ვინაიდან იგი უარყოფდა საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის გაყიდვის ფაქტს, ასევე ნასყიდობის საგნის ღირებულების მიღებას, მიღებულ აღიარებას მტკიცებულების ძალა აღარ გააჩნია.
სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ზ. წ-ურმა ვერ შეძლო ხელახალი მტკიცებულებების წარმოდგენა 2009 წელს განხილულ საქმეში. მ. წ-ური ხანდაზმული ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომერეობის გამო წარმოადგენდა სუსტ მხარეს. ზ. წ-ურს შეეძლო მოეტყუებინა მ. წ-ური მით უფრო, რომ არსებული ახლო ნათესაური კავშირის გამო იგი მინდობილი იყო მასზე და გამორიცხავდა ეჭვის შეტანას. თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობლი ზ. წ-ურსა და მ. წ-ურს შორის 2007 წლის 27 აგვისტოს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში სადავო უძრავი ქონების ზ. წ-ურის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წელს გამართულ სხდომის ოქმში ჩაწერილმა მ.წ-ურის ე.წ აღიარებამ დაკარგა ყოველგვარი მტკიცებულებითი ძალა. პალატამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმში ჩაწერილი მ. წ-ურის აღიარება ნასყიდობის თანხის მიღების თაობაზე, ასევე ნივთის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი, თუმცა სადავო ხელშეკრულება თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ მ.წ-ურმა სადავო გახადა მოსარჩელის მიერ ნასყიდობის თანხის გადახდის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ზ.წ-ური საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სადავო ქონების მესაკუთრედ. აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მ.წ-ური სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყოფს სახლის გაყიდვას და თანხის მიღების ფაქტს, სხვა მტკიცებულებები კი საქმეში არ მოიპოვება. ზ.წ-ურის განმარტებით არის დადგენილი, რომ მას მ. წ-ურისთვის არ გადაუხდია ნასყიდობის ფასი, არც საჯარო რეესტრში გამოცხადებამდე და არც უშუალოდ საჯარო რეესტრში ყოფნისას. თანხა მან გადაუხადა საცხოვრებელ სახლში დაბრუნების შემდეგ და აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს მ.წ-ური, სხვა მოწმე კი, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა, არ არსებობს. მ.წ-ურის პოზიციას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების მოტყუებით დადებისა და საჯარო რეესტრში ზ. წ-ურის სახელზე სადაო უძრავი ქონების რეგისტრაციის შემდეგ არ შეცვლილა მათი ფაქტობრივი მდგომარეობა. მ.წ-ური სადავო პერიოდიდან დღემდე უძრავი ქონების ფაქტობრივი მოსარგებლეა და იურიდიულად რეგისტრირებული მესაკუთრე. მოსარჩელე ზ. წ-ურს კი არასდროს არ მოუპოვებია ქონებით სარგებლობის უფლება. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით. 2009 წელს აღძრული სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება მან სასამართლოს ვერ წარუდგინა, კერძოდ, ვერ დაადასტურა სადავო ქონების ნამდვილად შეძენისა და საფასურის გადახდის ფაქტი.
კასატორის მითითებით, ის არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებას, რომ ზ.წ-ურის მიერ თანხის გადახდის პრეზუმფციას უფრო გაუბათილებელს ხდის მ.წ-ურის აღიარება თანხის მიღებისა და მისი დახარჯვის თაობაზე. სასამართლოს ასეთი მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ჩანაწერი ზ. წ-ურის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ ბათილად არის ცნობილი, შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე აპელირება დაუსაბუთებელია, ხოლო 2007 წლის 30 აგვისტოს ზ. წ-ურის უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა მოხდა მ.წ-ურის მოტყუებით, მისი ნდობის ბოროტად გამოყენებით.
სასამართლო სადავო ხელშეკრულების დადების ერთადერთ მტკიცებულებად მიიჩნევს სადავო უძრავ ქონებაზე ზ. წ-ურის უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვას, რაც შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი. ამასთან, ასეთივე მტკიცებულებად შესაძლოა მიჩნეულ იქნას თანხის გადაუხდელობის ფაქტი იმავე მდგომარეობაში მყოფი მ. წ-ურის სასარგებლოდ. დადასტურებულია, რომ არ განხორციელებულა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალსწინებული პირობები, მხარეები დარჩნენ იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ მოტყუებით დადებული ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერი 2008 წლიდან გაუქმებულია. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლოს უნდა მიეჩნია ზ.წ-ურის მიერ თანხის გადაუხდელობის ფაქტი დადასტურებულად. სასამართლომ ზ.წ-ური არ ცნო კეთილსინდისიერ შემძენად. ზ.წ-ური ამ გადაწყვეტილებას წერილობით დაეთანხმა. მ. წ-ურის განმარტებით, გაუგებარია, თუ რატომ მოხვდა სასამართლო სხდომის ოქმში მისი აღიარება, მაშინ, როცა მას სახლი არ გაუყიდია და ზ. წ-ურისგან ფული არ მიუღია. ამასთან, ოქმში ჩაწერილი მ. წ-ურის აღიარებითი განმარტების შინაარსი ისეა კონსტრუირებული, რომ მას დამოუკიდებლად არ შეეძლო ასეთი აზრის ფორმულირება. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ, მას შემდეგ რაც ზ. წ-ური საჯარო რეესტრში აღირიცხა სადავო ქონების მესაკუთრედ, მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არ გაუყიდია სახლი და ზ. წ-ურს არ გადაუცია მისთვის ნასყიდობის ფასი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, გადავიდა მ.წ-ურზე როგორც ფაქტის უარმყოფ მხარეზე, რის რეალიზაციასაც მან ვერ მიაღწია. ის ფაქტი, რომ მ. წ-ურს არ გაუყიდია სახლი და ზ. წ-ურისაგან არ მიუღია ნასყიდობის ფასი დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოებებით. საჯარო რეესტრში სადავო ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი სასამართლოს აბსოლუტურ მტკიცებულებად არ უნდა მიეჩნია, რადგან ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას თან ახლდა მთელი რიგი წინამძღვრები, რომლებიც მ. წ-ურის ნების გამოხატვის ნაკლზე მიუთითებდა, ანუ იგი აცნობიერებდა მხოლოდ იმას, რომ ხელს აწერდა არა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე, არამედ მის ფაქტობრივ მფლობელობაში და სარგებლობაში არსებულ უძრავი ქონების მის საკუთრებაში რეგისტრაციაზე. საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილ პირს მ.წ-ურისათვის არ წაუკითხავს ხელშეკრულების ტექსტი. სარეგისტრაციო სამსახურში ყოფნის დროს ზ. წ-ურსა და მ. წ-ურს შორის არსებული ნათესაური კავშირი საჯარო რეესტრის სამსახურის უფლებამოსილ პირს არ აძლევდა რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველს. სამოქალაქო კოდექსის 81-ე და 82-ე მუხლები სპეციალური ნორმებია, რომლებიც ითვალისწინებს მოტყუებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას, დაინტერესებული პირის მიერ დაზარალებულის მოტყუების გზით ამა თუ იმ დოკუმენტზე მოტყუებით ხელის მოწერისას.
სასამართლომ არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების მხარეთა მიერ შესრულების ფაქტზე, რაც არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს.
ასევე არასწორად მიიჩნია პალატამ სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 327-ე მუხლების პირველი ნაწილის შესაბამისად სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და ზ.წ-ურის მიერ მ.წ-ურისათვის ნასყიდობის ფასის გადაცემა, რადგანაც საქმეში არსებული მასალებით დადგენილი არ არის სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივად ყიდვა-გაყიდვისა და ნასყიდობის ფასის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, მ.წ-ურს არ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა. ამრიგად, ფაქტობრივი გარემოებები და სადავო უძრავ ქონებაზე მხარეთა არსებული მდგომარეობა აშკარად მიუთითებს, რომ ყიდვა-გაყიდვა და თანხის გადაცემა სინამდვილეში არ განხორციელებულა. შესაბამისად არ არსებობდა ზ. წ-ურის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით მ. წ-ურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ამასთან კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 750 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქმის მასალების თანახმად, 2011 წლის 11 აპრილს კასატორის წარმომადგენელმა შ.შ-შვილმა საკასაციო სასამართლოში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. წ-ურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. წ-ურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით მ.წ-ურს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 750 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო 2011 წლის 11 აპრილს კასატორის წარმომადგენელმა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, პალატა თვლის, რომ კასატორ მ. წ-ურს უნდა დაუბრუნდეს შ. შ-შვილის მიერ გადახდილი 300 ლარიდან 75 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. წ-ურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. წ-ურს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» შ. შ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 75 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.