Facebook Twitter

ას-3-3-2011 17 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ზ. ჭ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქვედა საქარის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა. ა-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ჭ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქვედა საქარის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ა.ა-ძის მიმართ, მოითხოვა ამავე სკოლაში დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელემ განმარტა, რომ მუშაობდა მოპასუხე სკოლაში ტექნიკური მენეჯერისა და შრომის მასწავლების თანამდებობებზე, საიდანაც სკოლის დირექციის სადავო ბრძანებების საფუძველზე უკანონოდ გათავისუფლდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.ჭ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ზ.ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის დირექტორის 2009 წლის 27 ივლისის ¹78 ბრძანებით ზ. ჭ-ძე გათავისუფლდა სკოლის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობისაგან. მასვე დაეკისრა დაზიანებული ინვენტარის აღდგენა ხელფასის დაქვითით. ამავე სკოლის დირექციის ¹11 ბრძანებით შრომის მასწავლებელ ზ. ჭ-ძეს ვადაზე ადრე შეუწყდა შრომის ხელშეკრულება. მის სამუშაოდან გათავისუიფლებას საფუძვლად დაედო სამეთვალყურეო საბჭოს მიმართვა სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელ ქმედებასთან დაკავშირებით.

ზ. ჭ-ძესა და სკოლის დამლაგებელ ნარგიზ გურულს შორის არსებობდა დაპირისპირება. აღნიშნული კონფლიქტის გამო მოპასუხემ ლურსმნით ჩააჭედა სკოლის კუთვნილი ფორტეპიანოს თავსახური და ნ.გურულს მიაყენა შეურაცხყოფა.

სასამართლომ იხელმძღვანელა «ზოგადო განათლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, შრომის კოდექსის 44-ე, 33-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹959-ე ბრძანებით და მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებები კანონიერია და უნდა დარჩეს ძალაში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ჭ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად, სადავო მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანებები ბათილი გარიგებებია. ამდენად, მხარეს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში ხელი ეშლება ბათილი ბრძანებების გამო, რაც სასამართლოს არ შეუფასებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით ზ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ. ჭ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.