Facebook Twitter

ას-332-316--11 11 აპრილი, 2011 წელი¹ ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

კასატორი – საქართველოს .... სამინისტრო (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ლ. ჭ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ინდმეწარმე გ. გ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდევინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს .... სამინისტრომ 2008 წლის 19 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილის» მიმართ და მოითხოვა - 2006 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მოპასუხისათვის 2008 წლის 29 აპრილის მდგომარეობით პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 42 299, 74 ლარს.

2008 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა მოპასუხე ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილის» შეგებებული სარჩელი მოსარჩელე საქართველოს .... სამინისტროს მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს .... სამინისტროსა და ინდ. მეწარმე ,,გ. გ-შვილს» შორის 2006 წლის 27 ივლისს დადებული განვადებით ნასყიდობის ¹1 ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს .... სამინისტროსა და ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილს» შორის 2006 წლის 26 ივლისს დადებული განვადებით ნასყიდობის ¹1 ხელშეკრულების პირგასამტეხლოდ განისაზღვროს ვალებულების შესრულების მომენტისათვის გადაუხდელი თანხის 0,07%.

თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს .... სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილის» მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილის» შეგებებული სარჩელი მოპასუხე საქართველოს .... სამინისტროს მიმართ განვადებით ნასყიდობის ¹1 ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბათილად ცნობისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს .... სამინისტროს სასარჩელო განცხადება ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილის» მიმართ და ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილის» შეგებებული სარჩელი საქართველოს .... სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილს» დაეკისრა 14 804,93 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით საქართველოს .... სამინისტროსა და ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილის» მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით აპელანტ საქართველოს .... სამინისტროსა და აპელანტ ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილის» სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველი საქმე საქართველოს .... სამინისტროსა და ინდმეწარმე გ. გ-შვილს შორის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს .... სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ინდმეწრმე «გ. გ-შვილის» წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და ინდმეწარმე «გ. გ-შვილის» შეგებებული სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს .... სამინისტროს წინააღმდეგ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს .... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილზე» საქართველოს .... სამინისტროს სასარგებლოდ 27 494.41 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს .... სამინისტროს უარი ეთქვა ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილზე» 27 494, 81 ლარის დაკისრებაზე.

სააპელაციო საამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებეთან დაკავშირებით, კერძოდ:

იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის სასურსათო წარმოების ზრდის მიზნით გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, საქართველოს .... სამინისტროს მიერ 2006 წლის 12 ივლისს ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე, საქართველოს .... სამინისტროსა და ინდმეწარმე გ. გ-შვილს შორის 2006 წლის 26 ივლისს დაიდო განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მყიდველს გადაეცა სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომლის საერთო ღირებულებამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეადგინა 224 975 ლარი. ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულებით გადაცემული ტექნიკის ნარჩენი ღირებულების 177,730.25 ლარის გადახდა შეთანხმებული ოდენობისა და პერიოდულობის გათვალისწინებით: 44,432.56 ლარი _ 2007 წლის მე-4 კვარტალი, 44,432.56 ლარი – 2008 წლის მე-4 კვარტალი, 44,432.56 ლარი _ 2009 წლის მე-4 კვარტალი, 44,432.56 ლარი _ 2010 წლის მე-4 კვარტალი.

გ. გ-შვილს ტექნიკის ნარჩენი ღირებულების 44,432.56 ლარი უნდა გადაეხადა 2007 წლის მე-4 კვარტლისათვის. თანხა გადახდილ იქნა 2008 წლის 29 აპრილს.

საქართველოს .... სამინისტროს 2008 წლის 8 თებერვლის წერილით, 2008 წლის 18 თებერვალს გ. გ-შვილს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო დაეკისრებოდა 2007 წლის მე-4 კვარტლისათვის დადგენილი ნარჩენი ღირებულების ნაწილის 44,432;56 ლარის გადახდა და პირგასამტეხლო.

შპს ,,აგრომემანქასერვისის’’ დირექტორის მიერ 2008 წლის 14 თებერვლის ცნობით დასტურდება, რომ გ. გ-შვილისათვის გადაცემული ტექნიკის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ტექნიკის სავალი დეტალების დაზიანების მიზეზი იყო ქარხნის წუნი და რეკლამაციის წარდგენის შემდეგ ახალი სათადარიგო ნაწილები გამოიგზავნა 2007 წლის ივნისის თვეში, ხოლო დამონტაჟება განხორციელდა 2007 წლის ივლისის ბოლოს.

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილი», ხოლო აპელანტმა საქართველოს .... სამინისტრომ მოითხოვა მის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მხარეთა შორის ხელშეკრულების 2.1. პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს – ხელშეკრულების ნარჩენი ღირებულების 0,2%-ის გადახდა, რაც შეადგენდა 42 299,74 ლარს, საიდანაც 14 804,93 ლარი დაკმაყოფილებულ იქნა 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, ხოლო ამ ნაწილში შეტანილი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა 2010 წლის 28 დეკემბრის საოქმო განჩინებით. ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილმა» ხელშეკრულებით განსაზღვრული 2007 წლის მე-4 კვარტლის ნაცვლად თანხა დაფარა 2008 წლის 29 აპრილს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი ისედაც დადასტურებულია და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა ამ ფაქტის თავისთავად დადასტურებას არ ნიშნავდა.

პალატის მოსაზრებით, მოცემულ საქმეში დავის საგანია არის თუ არა პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილს» დაეკისრა პირგასამტეხლო 14 804,93 ლარი, პირგასამტეხლოს დარჩენილმა თანხამ შეადგინა 27 494,81 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის განმარტებით თანხის ეს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს წარმოადგენს, ვინაიდან 14 804, 93 ლარი პირგასამტეხლოს სახით ისედაც დაკისრებულ აქვს მოწინააღმდეგე მხარეს და ეს ოდენობა უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნების მიზნის მიღწევას _ ვალდებულების შესრულების წახალისებას და კრედიტორის შესაძლო ზიანის ანაზღაურებას. თავად საპროცენტო განაკვეთი 0,2%-ი და მისი გაანგარიშების საფუძველი - ნარჩენი თანხა პირგასამტეხლოს ამ ოდენობას შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ აქცევს სამოქალაქო ბრუნვიდან და სამართლებრივი ურთიერთობების თავისებურებიდან გამომდინარე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევას, რაც გამორიცხავდა საქართველოს .... სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს .... სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ინდმეწარმე ,,გ. გ-შვილზე» პირგასამტეხლოს 27 494.81 ლარის დაკისრება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კასატორის მიერ მოთხოვნილი 27 494.25 ლარი შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს წარმოადგენს, დაკისრებული პირგასამტეხლო – 14 804.93 ლარი, უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნების მიზნის მიღწევას – ვალდებულების შესრულების წახალისებას და კრედიტორის შესაძლო ზიანის ანაზღაურებას, აღნიშნული მსჯელობას კასატორის წარმომადგენლი არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების „იძულების“ საშუალებას და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს და არა ვალდებულების შესრულების წახალისებას, როგორც ამას სასამართლო განმარტავს.

კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, გ. გ-შვილს ხელშეკრულების აღნიშნული პირობები პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება მიუღებლია.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-შვილი „სუსტ მხარედ» და „ძლიერ მხარედ“ სოფლის მეურნებობის სამინისტრო. აღნიშნული მსჯელობა კასატორის წარმომადგენლის აზრით, მიუღებელია, ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობით თითოეულ მოქალაქეს მინიჭებული აქვს უფლება, თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში. საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება და არც მოწინააღადეგე მხარის მიერ ყოფილა გამოთქმული მოსაზრება, რომ მისი თავისუფალი ნება შეზღუდულ ან იგნორირებულ იქნა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რაც მას „სუსტ მხარედ“ აქცევდა.

ამდენად, კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილი და მხოლოდ ვადის დარღვევა არ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად. მაშინ, როდესაც მხარეებს შორის 2006 წლის 26 ივლისს დადებული განვადება ნასყიდობის ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 224,975 ლარს. აღნიშნულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ჩაეთვალა დამტკიცებულად და მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს .... სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

განსახილველ შემთხვევში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს .... სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს .... სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.