Facebook Twitter

ას-333-310-2010 4 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. შ-ინა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ელი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, საკუთრებით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. შ-ინამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ელისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ი. რ-ევის მემკვიდრედ და ქ.თბილისში ... ქ¹51-ში მდებარე სახლის 1/2-ის მესაკუთრედ ცნობის, ასევე ნ.კ-ელის სახელზე გაცემულ ანდერძისმიერ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის, კერძოდ, მოპასუხის სადავო უძრავი ნივთის 1/2-ის მესაკუთრედ ცნობისა და ნივთით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით მ.შ-ანას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ინას წარმომადგენელმა მ. პ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინებით მ. შ-ინას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომელიც ხელმოწერილი იქნება უშუალოდ კასატორის მიერ ან ადვოკატ მ.პ-შვილის სახელზე გაცემული რწმუნებულება სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების უფლების მინიჭებით, ასევე საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში მ. პ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ დავის საგნის ღირებულების შეფასება ვერც სააპელაციო ინსტანციაში საქმის წარმოებისას ვერ მოხერხდა, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარე აუდიტის დაშვების შესაძლებლობას არ აძლევს, ამასთან, მხარის მითითებით აღნიშნული სადავო ნივთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 5000 ლარს, ასევე წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. მ. პ-შვილის მითითებით, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მხარისათვის მიცემული საპროცესო ვადის განმავლობაში ხარვეზის სრულად გამოსწორება ვერ მოხერხდა, რადგანაც მარწმუნებელი ცხოვრობს რუსეთში, რაც ართულებს რწმუნებულების გამოგზავნას, აღნიშნულიდან გამომდინარე, მ.პ-შვილმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინებით შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორ მ.შ-ინას გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 (ათი) დღით და დაევალა მ.შ-ინას მიერ ადვოკატ მ.პ-შვილის სახელზე გაცემული რწმუნებულების (სადაც წარმომადგენელს მინიჭებული ექნება სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების უფლება) ან უშუალოდ მ.შ-ინას მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის, ასევე სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა კასატორს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიულად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის სამთვიან ვადას და, შესაბამისად, სასამართლო ამ ვადის განმავლობაში ვალდებულია, შეამოწმოს საკასაციო საჩივარი ამავე კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებია თუ არა, დასახელებული ვადის დენა იწყება სასამართლოსათვის საქმის გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება კი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის დადგენილი ვადის დარღვევას გამოიწვევს. ასევე განემარტა მხარეს, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაიგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მ.შ-ინას ოჯახის სრულწლოვან წევრს _ დეიდას, ლ. მ-შვილს 2010 წლის 20 მაისს.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით მ. პ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის კიდევ 10 (ათი) დღით გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მ.შ-ინას რუსეთში გაეგზავნა საკასაციო საჩივარი ხელმოსაწერად, ხოლო განმცხადებელს ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი არ დაბრუნებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. პ-შვილის მიერ მ. შ-ინას სახელით შეტანილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, მ. შ-ინას საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 10 (ათი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, ასევე მ.შ-ინას მიერ ადვოკატ მ.პ-შვილის სახელზე გაცემული რწმუნებულების გაცემა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების წარმომადგენლისათვის მინიჭებით ან უშუალოდ მ.შ-ინას მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, ამასთან მხარის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილი საკასაციო საჩივარი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებთან. ამავე განჩინებით განემარტა ადრესატს ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შედეგი.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე და 2010 წლის 20 მაისს ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს _ დეიდას, ლ.მ-შვილს (იხ.ტ.II, ს.ფ.238).

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში მ.პ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების ვადის კიდევ 10 (ათი) დღით გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მითითებულ ვადაში ვერ უზრუნველყო კასატორმა ხარვეზის სრულად გამოსწორება, ამასთან, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ჩარიცხვის ქვითარი და განმარტა, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო მხარემ ხარვეზი ვერც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში გამოასწორა სრულად.

დასახელებული განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება ჯეროვნად არ შეასრულა და დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორა, ამასთან, იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, ხოლო შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად, განცხადებაში მითითებული გარემოების დამადასტურებელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულება, რომელიც უადავოდ დაადასტურებდა შუამდგომლობის საფუძვლიანობას, სასამართლოსათვის არ წარუდგენია. საკასაციო სასამართლო ასევე გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზეც, რომ 2010 წლის 13 მაისის განჩინებით მხარეს სათანადოდ განემარტა ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შედეგი, ასევე ეცნობა იმ მიზეზის თაობაზე, რაც საპროცესო ვადის გაგრძელეაზე უარის თქმის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. შ-ინას შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

მ. შ-ინას უნდა დაუბრუნდეს ლ. მ-შვილის მიერ 2010 წლის 1 მაისის ¹1 საგადასახადო დავალებითა და ამავე წლის 31 მაისის ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 200 ლარი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას. დასახალებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო მხარეს დაუბრუნებს ამ ინსტანციის სასამართლოში გადახდილ სახელმწიფო ბაჟს თუ მხარის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, განუხილველად იქნება დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. შ-ინას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

კასატორს დაუბრუნდეს ლ. მ-შვილის მიერ 2010 წლის 1 მაისსა და 2010 წლის 31 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 200 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.