საქმე # 020100118002534878
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №228აპ-19 ქ. თბილისი
ჯ. გ-ა, 228აპ-19 26 სექტემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით გ. ჯ., – - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 23 ივნისიდან; მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აპრილის განაჩენით გ. ჯ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
· 2018 წლის 23 ივნისს გ. ჯ-ემ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 0,376 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი აბები და უკანონოდ ინახავდა პირადად – ჯინსის შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში, რაც პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს 2018 წლის 23 ივნისს ქ. ფ-ში, გ. ჯ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება 8 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით (თავად გ. ჯ-ის აღიარებით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, გ. ჯ-ის 2018 წლის 23 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის 2018 წლის 23 ივნისის №- დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებითა და სხვ.) უტყუარადაა დადასტურებული გ. ჯ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
8. რაც შეეხება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის საბოლოო ზომას – 10 წლით თავისუფლების აღკვეთას – საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ის დანიშნულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
9. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №204აპ-12).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე