Facebook Twitter

ას-334-318-11 28 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე _ ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ტ. ა-ივის წარმომადგენლის ს. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ტ. ა-ივის სარჩელის გამო მოპასუხეები ყ. და ე. პ-ურების და ა. ზ-ირის მიმართ მინდობილობის ბათილად ცნობის თაობაზე

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ტ. ა-ივის წარმომადგენლის ს. მ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის განჩინებით კასატორს და მის წარმომადგენელს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2011 წლის 18 მარტს (ს.ფ.71-72). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2011 წლის 23 მარტს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის და მისი წარმომადგენლის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

2011 წლის 24 მარტს ტ. ა-ივის წარმომადგენელმა ს. მ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს და მის წარმომადგენელს ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა ამოეწურა 2011 წლის 23 მარტს, ხოლო მათ მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა მიმდინარე წლის 24 მარტს, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე ტ. ა-ივის წარმომადგენლის ს. მ-ძის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს და მათ უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ა-ივის წარმომადგენლის ს. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ტ. ა-ივს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.