Facebook Twitter

ას-339-315-10 24 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. გ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ს.” (მოპასუხე)

დავის საგანი – უფლების არსებობის აღიარებისა და საზიარო უფლების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2010 წლის 17 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2009 წლის 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს ,,ს.” მოპასუხე მ. გ-შვილის მიმართ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება და ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის აღიარება.

თბილისის საქალქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,ს.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სს “ს.”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,ს.” სააპელაციო სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, აღიარებულ იქნა, რომ 2004 წლის 29 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, თანამესაკუთრეებს შორის მოხდა წილების შესაბამისი გამიჯვნა.

სასამართლომ მიუთითა, რომ სს ,,ს.” წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... ¹32/43-ში მდებარე 8 106 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 5 ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს, რომელთა საერთო ფართი იყო 9 132,75 კვ.მ.

სს ,,ს.” სამეთვალყურეო საბჭოს 2004 წლის 20 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექციას ნება დაერთო ლაბორატორიული კორპუსის მე-3 და მე-4 სართულის ფართის გაყიდვისა და შესასვლელის სპორტული მოედნიდან მიშენება.

2004 წლის 29 დეკემბერს სს ,,ს.” დირექტორ დ. გ-შვილსა და მ. გ-შვილს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... ¹32/34-ში მდებარე 1308 კვ.მ შენობის მე-3 და მე-4 სართული ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველს შესასვლელი მიეცემოდა სპორტული მოედნის მხრიდან. ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 222 360 ლარით. მითითებული ხელშეკრულება დამოწმებულ იქნა ნოტარიუს მ. ჩ-შვილის მიერ. ამ სანოტარო აქტზე მხარეთა და ნოტარიუსის ხელმოწერებით დადასტურებული შენიშვნის მიხედვით, ნასყიდობის საგანი იყო ლაბორატორიული კორპუსის მე-3 და მე-4 სართული.

სადავო გარიგებების დადების დროისათვის სს ,,ს.” წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... 32/34-ში მდებარე 8 106 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 5 ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს, რომელთა საერთო ფართი იყო 9 132,75 კვ.მ.

დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ როგორც ძირითადი ხელშეკრულება, ისე მასში ცვლილების შეტანის შესახებ სანოტარო აქტი დადასტურებულია ნოტარიუს მ. ჩ-შვილის მიერ. საქმეში არსებული მისი წერილობითი განმარტებისა და მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნასყიდობის საგანში _ მიწის ნაკვეთის იდეალური წილი _ იგულისხმება მხოლოდ ლაბორატორიული კორპუსის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთი, საიდანაც მ. გ-შვილს ეკუთვნის 655 კვ.მ-ის 2/5 ნაწილი ანუ 262 კვ.მ. მასვე დადასტურებული აქვს, რომ რექტიფიკაციის შესახებ სანოტარო აქტის გაფორმების აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მ.გ-შვილს საჯარო რეესტრმა არ დაურეგისტრირა შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება. მისივე ჩვენებით, დგინდება, რომ ამ აქტის შედგენისას მ. გ-შვილმა იცოდა, რომ ნასყიდობის საგანში მითითებულ მიწის ნაკვეთში იგულისხმებოდა ის ნაკვეთი, რაზეც დგას კონკრეტული შენობა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-შვილმა. მან განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი, რომლის თანახმად, საერთო საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში მითითებულ მიწის ნაკვეთზე საერთო საკუთრება მხარეებს წარმოეშვათ გარიგების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ პალატა პირდაპირ არ მიუთითებს, სავარაუდოა, რომ პალატა ასეთ გარიგებად მიიჩნევს მხარეთა შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასა და შემდგომ ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებას. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მხარეებმა ნათლად გამოხატეს თავიანთი ნება უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება შესწორებას, აღნიშნულის მე-2 პუნქტი კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვრა, რომ ნასყიდობის საგანია 9132,75 კვ.მ. საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობის ნაწილი. მყიდველი იძენს ინდივიდუალური საკუთრების უფლებას შენობა-ნაგებობის შესყიდულ ნაწილზე, ნასყიდობის საგანზე, რაც მითითებულია ამ პუნქტში და თანასაკუთრების უფლებას იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც განთავსებულია მის საკუთრებაში არსებული ფართი, შესაბამისად, მყიდველის საკუთრებაში გადავიდა საკუთრების ობიექტი იმ ფორმით, რა ფორმითაც ის იმყოფებოდა გამყიდველის საკუთრებაში _ ფართი მიწის ნაკვეთთან ერთად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

მ. გ-შვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.