Facebook Twitter

საქმე # 190141119003144456

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№401-19 ქ. თბილისი

რ. ზ. ნ. კ-ი, 401-19 12 სექტემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორების – თინათინ სტურუას, მარიკა ტყაბლაძის

ადვოკატ – ზ. ნ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ. კ-ი რ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ას საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ზ. ნ. კ-ი რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2002 წლის რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. აღნიშნულ განაჩენში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებით შევიდა ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. რ-ას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. 2019 წლის 13 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა ადვოკატმა ზ. ნ-ამ ძებნილი მსჯავრდებულის – ზ. ნ. კ-ი რ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის №202–ს კანონის გამოყენების თაობაზე, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა – ტ. მ-მა, გ. ა-იმ და ა. ბ-ის უფლებამონაცვლე ზ. ბ-მა განაცხადეს, რომ ზ. ნ. კ-ი რ-ას მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ, რაზეც შედგა სანოტარო აქტები.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ნ. კ-ი რ-ას მიმართ არ გამოიყენა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. რ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ-ამ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ნ. კ-ი რ-ას მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ხელახლა გამოყენება და ამავე კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება, დაზარალებულებისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

3. ამდენად, დაზარალებულებისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, მხედველობაში მიიღება ამ კანონის, ანუ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების მომენტისთვის არსებობის შემთხვევაში. კანონის გამოყენების შემდეგ მოპოვებული დაზარალებულის თანხმობა არ წარმოადგენს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის ხელმეორედ გავრცელების საფუძველს (იხ. სუსგ №194აგ-16).

4. გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, მსჯავრდებულზე ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება, პრობაციის ბიურო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, ხოლო ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ იმავე ვადაში მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

5. მოცემულ შემთხვევაში ზ. ნ. კ-ი რ-ას მიმართ ამნისტია გაავრცელა საქმის თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც მსჯავრდებულს ჰქონდა საერთო წესით, კერძოდ კი, საქართველოს სსსკ-ის 292-ე-293-ე მუხლებით დადგენილი წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, რითიც მან არ ისარგებლა. იმ შემთხვევაში, თუ ძებნილ მსჯავრდებულს დააპატიმრებენ ან თავად გამოცხადდება სათანადო ორგანოებში, სასამართლოს უფლება ექნება, იმსჯელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებაზე.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. ნ. კ-ი რ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე