Facebook Twitter

ას-346-322-2010 31 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “ს-ს” დირექტორი გ. ი-ელი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ა-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ პარტნიორთა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს-ს” მიმართ პარტნიორთა 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე მისი აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 25 ნოემბერს ნოტარისუმა ნ.გ-ურმა დაამოწმა შპს “ს-ს” პარტნიორების _ თ.ჩ-იანის, ბ.ხ-იანის, მ.მ-ძის, გ.კ-შვილისა და თ.ყ-ავას წერილობითი შეთანხმება, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან, მის ნაცვლად დაინიშნა სხვა პირი, მოსარჩელეს უარი ეთქვა კუთვნილი წილის ნატურით გატანაზე და დადგინდა პარტნიორთა წილების გარეშე პირისათვის _ ლ.ღ-ავასათვის მიყიდვა. აღნიშნული აქტი უკანონოა, ვინაიდან მიღებულია შპს “ს-ს” პარტნიორთა მხოლოდ ერთი ნაწილის მიერ, სხვა პარტნიორთაგან მალულად, რითაც ირღვევა საზოგადოების წესდება და კანონი “მეწარმეთა შესახებ”. მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად ე.წ. “შეთანხმებაში” მითითებულია საზოგადოების კომუნალურ, სახელფასო დავალიანებებზე და მოსარჩელის მიერ საზოგადოების საქმიანობის შეგნებულად პარალიზებაზე, რაც რეალობას არ შეესაბამება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება, რომ 2008 წლის 25 ნოემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება უკანონოა და იგი მოწვეულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, პარტნიორთა ნაწილისაგან მალულად, ვინაიდან შპს “ს-ს” წესდების 8.3, 8.4, 8.5 პუნქტები ითვალისწინებს საზოგადოების პარტნიორთა კრების მოწვევის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის შესაძლებლობას და კრებაზე საზოგადოებისათვის სასიცოცხლო საკითხების გადაწყვეტას. სადავო კრებაზე თავისი ნება გამოხატა საზოგადოების 50,8% წილის მფლობელმა პარტნიორებმა, რის გამოც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გ.ა-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ნ.გ-ურის მიერ 2008 წლის 25 ნოემბრის ¹1-17714 სანოტარო აქტით დამოწმებული შპს “ს-ს” პარტნიორთა წერილობითი შეთანხმების პირველი და მეორე ნაწილები და აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, მოსარჩელე აღდგენილ იქნა შპს “ს-ს” დირექტორის თანამდებობაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შპს “ს-ს” დირექტორმა გ.ი-ელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გ.ა-ძემ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს “ს-ს” სააპელაციო საჩივარი და გ. ა-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: გ. ა-ძე ფლობს შპს “ს-ს” კაპიტალის 5,09%-ს. ამავდროულად, 2008 წლის 25 ნოემბრის “წერილობითი შეთანხმების” გაფორმებამდე მას ეკავა საზოგადოების დირექტორის თანამდებობა. შპს “ს-ს” პარტნიორები _ თ.ჩ-იანი, ბ.ხ-იანი, მ.მ-ძე, გ.კ-შვილი და თ.ყ-ავა (სულ კაპიტალის 50,8%-ის მფლობელები) წერილობით შეთანხმდნენ, რომ საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გ.ა-ძე და დაინიშნოს გ.ი-ელი, უარი ეთქვას პარტნიორებს _ თ.ა-ძეს, თ.დ-იანსა და გ.ა-ძეს წილების ნატურით გატანაზე, თანხმობა მიეცეთ პარტნიოებს _ თ.ჩ-იანს, ბ.ხ-იანს, გ.კ-შვილს, თ.ყ-ავასა და მ.მ-ძეს კუთვნილი წილების ლ. ღ-ავასათვის მიყიდვაზე. აღნიშნული შეთანხმება დამოწმდა 2008 წლის 25 ნოემბრის ¹1-17714 სანოტარო აქტით ნოტარიუს ნ.გ-ურის მიერ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ იქნა გაზიარებული მოპასუხის არგუმენტი 2008 წლის 25 ნოემბრის კრებაზე პარტნიორ გ. ა-ძის სატელეფონო შეტყობინებით გაფრთხილების შესახებ, რადგან მითითებული გარემოება საქმის მასალებით არ დადასტურებულა.

სასამართლომ იხელმძღვანელა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მეშვიდე ნაწილით, 47-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 91 მუხლის პირველი, მერვე ნაწილებით და ყურადღება გაამახვილა 2008 წლის 10 ივლისის რედაქციის შპს „ს-ს“ წესდების მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, პარტნიორები გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, იღებენ პარტნიორთა კრებაზე ან პარტნიორთა აზრის გამოკითხვის წესით – ოქმზე ხელის მოწერის გზით. ამავე წესდების მე-8 მუხლის მეათე პუნქტით, პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე ანგარიშის დამტკიცება. წესდების მე-8 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, კრება მოიწვევა დირექტორის მიერ. განსაკუთრებული კრების მოწვევის მოთხოვნის უფლება აქვს საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 5% წილის მქონე პარტნიორს. კრება მოიწვევა თითოეული პარტნიორისათვის შეტყობინებით (წერილი, ტელეფონი ან ფაქსი). შეტყობინებისას (წერილი, ტელეფონი ან ფაქსი) უნდა ეცნობოს კრების მოწვევის დრო, ადგილი და დღის წესრიგი. ჩვეულებრივი კრების შემთხვევაში ორი კვირით ადრე, ხოლო განსაკუთრებული კრებისათვის – ერთი კვირით ადრე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება შეიძლება ჩატარდეს აგრეთვე ფორმისა და ვადის წესების დაუცველად, ამ წესდების შესაბამისად. წესდების მე-8 მუხლის მეცხრე პუნქტის თანახმად, კრებას უძღვება თავმჯდომარე, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებისათვის დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. პარტნიორთა გადაწყვეტილება შეიძლება გაფორმდეს აგრეთვე „პარტნიორთა გადაწყვეტილების“ სახით, რომლის დროსაც პარტნიორები ხელს აწერენ ოქმს.

სასამართლომ მიუთითა შპს “ს-ს” წესდების მე-9 მუხლის მეორე პუნქტზეც, რომლის შესაბამისად პარტნიორთა გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას კრების გარეშეც. კრების გარეშე გადაწყვეტილება მიიღება მიმოწერის გზით, ასევე ზეპირად ან თუკი ამ ორი უკანასკნელი შემთხვევისათვის წერილობითი თანხმობა წარდგენილი იქნება სამი დღის ვადაში. კრების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას ორგანიზაციას უწევს დირექტორი. კრების გარეშე მიღებული ყოველი გადაწყვეტილებისათვის დირექტორის მიერ უნდა მომზადდეს ოქმი, რომელშიც მიეთითება გადაწყვეტილების მიღების ფორმა, დღე, გადაწყვეტილების შინაარსი და კენჭისყრის შედეგები. ოქმის ასლი გაეგზავნებათ პარტნიორებს.

ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ ს-ს კანონიც და შპს „ს-ს” წესდებაც ითვალისწინებს საზოგადოების პარტნიორების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობას როგორც კრებაზე, ასევე კრების გარეშე. ამასთან, კრების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება უთანაბრდება კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა კანონიც და საზოგადოების წესდებაც ადგენს კრებაზე და მის გარეშე პარტნიორთა გადაწყვეტილებების მიღების წესებსა და პროცედურებს.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული შპს „ს-ს“ მიერ მითითებული გარემოება 2008 წლის 25 ნოემბრის „წერილობითი შეთანხმების“ პარტნიორთა კრებაზე მიღების თაობაზე. პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული „წერილობითი შეთანხმება“ წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორთა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და არა კრების გარეშე მიღებულ პარტნიორთა შეთანხმებას. სააპელაციო პალატამ დასკვნა დააფუძნა შპს „ს-ს“ წესდების შინაარსს და მიუთითა, რომ წესდების მე-8 მუხლი განსაზღვრავს პარტნიორთა კრების მოწვევის, ჩატარების, კრებაზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურებს. 8.9 პუნქტი ითვალისწინებს კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შედგენის (გაფორმების) შემდეგ წესს: კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებისათვის დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ან პარტნიორთა გადაწყვეტილება (იგულისხმება კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება) ფორმდება „წერილობითი შეთანხმებით“. ამ შემთხვევაში, ოქმს ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე პარტნიორები. კრების გარეშე გადაწყვეტილების გაფორმებისათვის საზოგადოების წესდების 9.2 მუხლი ადგენს, რომ ასეთი წესით მიღებული გადაწყვეტილებისათვის დირექტორის მიერ უნდა მომზადდეს ოქმი, სადაც აღინიშნება გადაწყვეტილების მიღების ფორმა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო პარტნიორთა გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების წესდების 8.9 პუნქტით დადგენილი „წერილობითი შეთანხმებისა“ და არა წესდების 9.2 პუნქტის შესაბამისად, „დირექტორის მიერ ხელმოწერილი ოქმის“ ფორმით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ გ.ა-ძის, როგორც საზოგადოების დირექტორის გათავისულებისა და პარტნიორთათვის წილის ნატურით გატანაზე უარის თქმის გადაწყვეტილებების მიღებისას „მეწარმეთა შესახებ“ ს-ს კანონისა და შპს „ს-ს“ წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაცული არ ყოფილა.

„მეწარმეთა შესახებ“ ს-ს კანონის მე-91 მუხლის მეორე პუნქტის, შპს „ს-ს“ წესდების მე-8 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კრების მოწვევის შესახებ პროცედურების დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ კრების მომწვევის სუბიექტის მოვალეობით, შეტყობინება გაუგზავნოს ადრესატს. კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს დაზღვეული წერილით შეტყობინების გაგზავნაზე, ან საკომუნიკაციო სხვა ისეთი საშუალების გამოყენებაზე, რაც თავის მხრივ, შეტყობინების ადრესატისთვის (პარტნიორისათვის) ჩაბარების შესაბამისი დასტურით დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა. მოცემულ შემთხვევაში კი 2008 წლის 25 ნოემბრის კრების შესახებ შეტყობინების გ.ა-ძისათვის გაგზავნის, შესაბამისად, ადრესატის მიერ მისი მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება.

სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტის მითითება, რომ საზოგადოების წესდების 8.5 მუხლი საზოგადოების პარტნიორებს უფლებას აძლევს, ჩაატარონ საზოგადოების პარტნიორთა კრება, განიხილონ მასზე საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხები და მიიღონ ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ისე, რომ არ დაიცვან წესდების 8.3-8.4 მუხლებით განსაზღვრული პროცედურები. პალატამ აღნიშნა, რომ წესდების მე-8 მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება შეიძლება ჩატარდეს აგრეთვე ფორმისა და ვადის წესების დაუცველად, ამ წესდების შესაბამისად. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მუხლი ადგენს კრების მოწვევის შესაძლებლობას იმავე წესდებით განსაღზვრული ვადებისა და ფორმის დაცვის გარეშე, რაც არ გამორიცხავს საზოგადოების ვალდებულებას, აცნობოს პარტნიორს კრების ჩატარების დროის, ადგილის, კრებაზე განსახილველი საკითხის შესახებ.

სასამართლოს მითითებით, პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში პარტნიორთა კრების მოწვევის კანონითა და წესდებით დადგენილი მოთხოვნები დაცული არ იყო, პარტნიორთა კრება არ მოუწვევია დირექტორს, საზოგადოების პარტნიორს არ გაგზავნია შეტყობინება კრების მოწვევის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის თაობაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ს-ს“ პარტნიორთა 2008 წლის 25 ნოემბრის წერილობითი შეთანხმების პირველი და მეორე პუნქტები მართებულად იქნა ცნობილი ბათილად.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება აპელანტის არგუმენტი, რომ ვინაიდან მოსარჩელე არ ფლობდა წილთა საჭირო რაოდენობას, მისი მონაწილეობა კრების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა. პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურის მოწესრიგება და კრების თაობაზე პარტნიორის ინფორმირების უზრუნველყოფის ვალდებულება ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ მოხდეს პარტნიორთა მიერ თავიანთი უფლების კრებაზე რეალიზების უზრუნველყოფა და პარტნიორთა კრების მოწვევის ორგანიზებისას პარტნიორს არ წაერთვას კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საზოგადოების წესდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 3.9 მუხლის თანახმად, საზოგადოების პარტნიორების განსხვავებულ უფლება-მოვალეობებს არ ადგენდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს „ს-ს“ მითითება სარჩელის მოთხოვნათა ნაწილის მიმართ მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 მარტის საოქმო განჩინების უკანონობის თაობაზე.

სასამართლოს მოსაზრებით, პარტნიორთა კრება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა. კრების უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები პარტნიორთა მიერ მიიღება საზოგადოების სახელით. შპს „ს-ს“ პარტნიორთა 2008 წლის 25 ნოემბრის „წერილობითი შეთანხმების“ საფუძველზეც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამდენად, იგი საზოგადოების გადაწყვეტილებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პარტნიორთა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს სწორედ იურიდიული პირი და არა გადაწყვეტილების მიმღები პარტნიორები, როგორც ფიზიკური პირები.

სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია გ. ა-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივრის პრეტენზია და არ გაიზიარა მხარის მოსაზრება, რომ პარტნიორი უფლებამოსილია რა გაასაჩივროს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებანი, მისი სარჩელი კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ყოველთვის დასაშვებია და მოსარჩელის მიერ სარჩელის მოთხოვნათა მხარდაჭერა თავისთავად გულისხმობს იურიდიული ინტერესების არსებობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია საკითხის გარკვევა – გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მითითებით, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღების შემთხვევაშიც, იგი მხარს დაუჭერდა პარტნიორთა გადაწყვეტილებას სხვა პარტნიორებისათვის კუთვნილი წილის მესამე პირზე გასხვისების თანხმობის მიღების შესახებ, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით სწორად იქნა მიჩნეული, რომ პარტნიორთა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მიმართ მას იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ს-ს” დირექტორმა გ.ი-ელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ 2008 წლის 25 ნოემბრის წერილობით შეთანხმებაში დაფიქსირებული გადაწყვეტილებები მიღებულია არა საზოგადოების პარტნიორთა კრების, არამედ პარტნიორთა ნაწილის მიერ, თუმცა აღნიშნული გარემოება პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძვლად არ ჩათვალა. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას არ ყოფილა დაცული საზოგადოების წესდებით დადგენილი პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილების კრებაზე და კრების გარეშე მიღების სავალდებულო პროცედურა. შპს “ს-ს” წესდების 8.3, 8.4 მუხლები განსაზღვრავენ საზოგადოების პარტნიორთა კრების მოწვევის წესს და ამ პროცედურასთან დაკავშირებულ ვადებს, ხოლო ამავე წესდების 8.5 მუხლის თანახმად, პარტნიორთა კრება შეიძლება ჩატარდეს, აგრეთვე, ფორმისა და ვადის დაუცველად. ზემოხსენებული მუხლი საზოგადოების პარტნიორებს უფლებას ანიჭებს, შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარონ საზოგადოების პარტნიორთა კრება, განიხილონ მასზე საზოგადოებისათვის სასიცოცხლო და აუცილებელი საკითხები და მიიღონ ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები, ისე, რომ არ დაიცვან წესდების 8.3, 8.4 მუხლებით განსაზღვრული პროცედურა. რაც შეეხება 2008 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების ფორმას, მასში დაფიქსირდა საზოგადოების 50,8% წილის მფლობელი პარტნიორების ნება და დოკუმენტის სახელს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სააპელაციო პალატამ მოცემული დავა არსებითად არ შეისწავლა და არ გაითვალისწინა, რომ სადავო კრებაზე გ.ა-ძის დასწრება გასაჩივრებულ შეთანხმებაში ასახული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ დააბრკოლებდა.

ს-ს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 აპრილის განჩინებით შპს “ს-ს” დირექტორ გ.ი-ელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “ს-ს” დირექტორ გ.ი-ელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრებაზე ერთ-ერთი პარტნიორის მიწვევის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება “მეწარმთა შესახებ” ს-ს კანონის მე-91 მუხლის პირველ, მეორე და მერვე პუნქტებს, 47-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “ს-ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 13 აპრილს მ. წ-აურის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ს-ს” დირექტორ გ.ი-ელის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

შპს “ს-ს” დაუბრუნდეს მ. წ-აურის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.