Facebook Twitter

ას-349-325-2010 27 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, თ. თოდრია

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი _ კ. შ-ძე

წარმომადგენელი _ გ. ყ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ძე

წარმომადგენელი _ გ. კ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონოდ გადაადგილებული ბავშვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს კ. შ-ძის შუამდგომლობის საფუძველზე, “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” ჰააგის კონვენციის შესაბამისად, ავსტრიიდან უკანონოდ გადაადგილებული არასრულწლოვნის _ ე. შ-ძის ავსტრიაში დაბრუნების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: კ. შ-ძესა და ნ. ბ-ძეს ქორწინების პერიოდში, 2008 წლის 27 ივნისს, შეეძინათ შვილი _ ე. შ-ძე. ისინი მუდმივად იმყოფებოდნენ ავსტრიაში და კ.შ-ძე სისტემატურად მონაწილეობდა შვილის აღზრდაში, სანამ ნ. ბ-ძემ, მასთან შეთანხმების გარეშე, უკანონოდ არ წაიყვანა ბავშვი საქართველოში. აღნიშნულით დაირღვა “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის “ა” და “ბ” პუნქტებით გათვალისწინებული კ.შ-ძის, როგორც ბავშვის მეურვის უფლებები.

ნ.ბ-ძემ კ.შ-ძის შუამდგომლობა არ ცნო და განმარტა, რომ მის მიმართ ზემოხსენებული კონვენციის დანაწესები არ დარღვეულა, ვინაიდან ბავშვის საქართველოში ჩამოყვანამდე კ.შ-ძე მათი საერთო შვილის მეურვე არ იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით კ. შ-ძეს უარი ეთქვა, “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, ავსტრიიდან გადაადგილებული არასრულწლოვნის _ ე. შ-ძის ავსტრიაში დაბრუნების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რაც კ.შ-ძის წარმომადგენლებმა გ. ყ-შვილმა და მ. ქ-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით კ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

არასრულწლოვანი ე. შ-ძის მშობლები არიან საქართველოს მოქალაქეები _ ნ. ბ-ძე და კ. შ-ძე. ე. შ-ძე დაიბადა 20.... წლის ..... ივნისს ავსტრიის ქალაქ ვენაში და იგი საქართველოს მოქალაქეა. დაბადებიდან 2009 წლის 13 იანვრამდე კი ე. შ-ძე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად მისამართზე: ... , ვენა, ავსტრია, 13 იანვრიდან 19 იანვრამდე _ ამავე მისამართზე დედასთან, ნ. ბ-ძესთან ერთად, რადგან მოცემულ პერიოდში კ. შ-ძე, მეუღლესთან გამწვავებული ურთიერთობის გამო, საცხოვრებლად გადავიდა ამავე ქალაქში სასტუმრო “გრანდ ოტელში”, ხოლო 19 იანვრიდან კი ბავშვი იმყოფებოდა დედასთან ერთად ვენა ... ¹36-ში მდებარე პანსიონში. 2009 წლის 31 იანვარს ნ. ბ-ძემ 7 თვის ე.შ-ძე ჩამოიყვანა ავსტრიიდან საქართველოში. ამჟამად კი ბავშვი ერთ წლამდე ასაკისაა.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ე. შ-ძის ავსტრიის სახელმწიფოში დაბრუნებით ბავშვისათვის ფსიქიკური ტრავმის მიყენების ფაქტი დასაბუთებული არ არის. შპს “ფ-ის” ფსიქოლოგების დასკვნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების 2009 წლის 21 აპრილის დასკვნით, შპს “თ-ის” ექიმ-სპეციალისტ თ. ვ-ძის მიერ მიცემული განმარტებით, შპს “ფ-ის” ფსიქოლოგ ნ. ჩ-უას განმარტებით, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა ის გარემოება, რომ მცირეწლოვან ე. შ-ძის დედასთან განშორება და მისი ავსტრიაში დაბრუნება გამოიწვევს ბავშვის ფსიქიკის რღვევას და, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მას აუცილებლად საფრთხეს შეუქმნის.

პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაზე სპეციალისტის სახით მიწვეული ფსიქოლოგ ნ. ჩ-უას განმარტებაზე, რომ ბავშვსა და დედას შორის არსებობს ფსიქო-სომატური კავშირი, რაც ნიშნავს იმას, რომ დედის განწყობა პირდაპირპროპორციულად ასახვას ჰპოვებს ბავშვზეც და, თუ დედისათვის ამა თუ იმ გარემოში სასურველია ყოფნა, მაშინ ეს გარემო კომფორტული და სასურველია ბავშვისთვისაც, ხოლო, თუ დედისათვის ეს ფსიქოლოგიურად დაძაბულობას იწვევს, მაშინ ასეთი ყოფა ბავშვისთვის არათუ უარყოფითი, არამედ დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ კ. შ-ძესა და ნ. ბ-ძეს შორის არსებობს გამწვავებული ურთიერთობა, რამაც მათი დაშორება (ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტა) გამოიწვია და ნ. ბ-ძე იძულებული გახდა, ბავშვთან ერთად დაბრუნებულიყო მისთვის და მისი შვილისათვის უსაფრთხო გარემოში – საქართველოში. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ძისათვის ავსტრიაში გამგზავრება იქნება არაკომფორტულ გარემოში დაბრუნება, რაც მის ფსიქოლოგიურ დაძაბულობას გამოიწვევს და, დედა-შვილს შორის არსებული ფსიქო-სომატური კავშირის გათვალისწინებით, უარყოფითად იმოქმედებს და ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ბავშვს ავსტრიაში დედასთან ერთად დაბრუნების შემთხვევაშიც კი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ დაასაბუთა, რომ მცირეწლოვან ე. შ-ძის დედასთან განშორება და მისი ავსტრიაში დაბრუნება გამოიწვევს ბავშვის ფსიქიკის რღვევას და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მას აუცილებლად საფრთხეს შეუქმნის, რაც, აღნიშნული კონვენციის მე-13 მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, სასამართლოს უფლებას აძლევს, უარი თქვას ე. შ-ძის ავსტრიაში დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კ.შ-ძის წარმომადგენლებმა გ.ყ-შვილმა და მ.ქ-ძემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად განმარტა “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის “ბ” პუნქტი. პალატამ მიიჩნია, რომ კ.შ-ძის შუამდგომლობაზე უარის თქმის საფუძველი არის თავად ბავშვის ინტერესი, არ მოსწყდეს ჩვეულ გარემოს ახალი მდგომარეობის სტაბილურობის საკმარისი გარანტიის გარეშე, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია ბავშვისათვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან ნ. ბ-ძის მიერ მისი უკანონოდ წამოყვანის შედეგებზე. პალატამ მიუთითა ე. პ-ეს-ვ-ას განმარტებით მოხსენებაზე, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ, აღნიშნული მოხსენების შესაბამისად, კონვენციის უპირველესი ამოცანაა უკანონოდ გადაადგილებული ბავშვის თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ხოლო სხვა სამართლებრივი საკითხების შემდგომ გარკვევა.

გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ეფუძნება იმას, რომ დედასთან განშორება უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, რამდენად შეუქმნიდა საფრთხეს ბავშვის ფსიქიკას იმ გარემოში დაბრუნება, სადაც იგი ადრე ცხოვრობდა. სასამართლომ უგულებელყო რა ზემოხსენებული კონვენციის დანაწესები, არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა მშობლები, კერძოდ, პალატა არასწორად დაეყრდნო ბავშვის მცირეწლოვანების ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია 16 წლამდე ბავშვებს შორის რაიმე განსხვავებულ მიდგომას არ ითვალისწინებს. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, ბავშვის დედას შეუძლია გაიტაცოს იგი და ამისათვის მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო მამა ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. შ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

მოცემულ საქმეზე დადგენილია და კასატორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი ფაქტობრივი გარემობები:

არასრულწლოვანი ე. შ-ძის მშობლები არიან საქართველოს მოქალაქეები _ ნ. ბ-ძე და კ. შ-ძე. ე. შ-ძე დაიბადა 2008 წლის 27 ივნისს ავსტრიის ქალაქ ვენაში და იგი საქართველოს მოქალაქეა. დაბადებიდან 2009 წლის 13 იანვრამდე ე.შ-ძე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად მისამართზე: ... , ვენა, ავსტრია, 13 იანვრიდან 19 იანვრამდე _ ამავე მისამართზე დედასთან, ნ.ბ-ძესთან ერთად, რადგან მოცემულ პერიოდში კ.შ-ძე, მეუღლესთან გამწვავებული ურთიერთობის გამო, საცხოვრებლად გადავიდა ამავე ქალაქში სასტუმრო “გ-ში”, ხოლო 19 იანვრიდან კი ბავშვი იმყოფებოდა დედასთან ერთად ქ. ვენაში მდებარე პანსიონში. 2009 წლის 31 იანვარს ნ. ბ-ძემ 7 თვის ე.შ-ძე ჩამოიყვანა ავსტრიიდან საქართველოში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას გასაჩივრებული განჩინებით “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის “ბ” პუნქტის არასწორად განმარტებაზე და, შესაბამისად, მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არაკანონიერებაზე.

იმისათვის, რომ გაირკვეს კასატორთა მიერ მითითებული ნორმის გამოყენების კანონიერება, ყურადღება უნდა მიექცეს რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ:

“ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციის პრეამბულაში კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყონ ბავშვის საერთაშორისო დაცვა მათი არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების მავნე შედეგებისაგან და დაადგინონ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ სწორად დაბრუნებას მათი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში, და აგრეთვე იძლევიან ურთიერთობის უფლებათა დაცვის გარანტიას. ამავდროულად, კონვენციის პრეამბულაშივე ხაზგასმით მითითებულია ბავშვების ინტერესების უმთავრეს მნიშვნელობაზე.

კონვენცია ემსახურება რა ბავშვების საერთაშორისო გატაცების ფაქტების აღკვეთას, ამავდროულად კონვენციის უმთავრესი მიზანი სწორედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვაა. აღნიშნულით კონვენცია განიხილება როგორც ბავშვთა უფლებების დამცველი და არა გატაცებული ბავშვის მშობლის უფლებების დამცველი, ანუ ბავშვის გატაცებისას უპირველესად დაზარალებულია ბავშვი, რომელიც ტრავმირებულია ჩვეული გარემოდან უცხო სამყაროში მოხვედრით და მშობლებთან დაცილებით.

კონვენცია არეგულირებს რა ბავშვთა გატაცების სამოქალაქო ასპექტებს, უდავოა, რომ კონვენციის ფარგლებში განსახილველ ყველა ფაქტს საფუძვლად უდევს მართლსაწინააღმდეგო, უკანონო ქმედება _ ბავშვის გატაცება, უკანონო გადაადგილება. არც ის წარმოადგენს სადავოს, რომ ასეთი უკანონო ქმედება უნდა აღიკვეთოს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ არის იგი ჩადენილი, თუმცა კონვენციისათვის მნიშვნელოვანს და, მოცემულ დავასთან დაკავშირებით, არსებითს წარმოადგენს, რომ უკანონო ქმედების _ ბავშვის გატაცების აღკვეთას მოჰყვეს ბავშვის უფლებების დაცვით მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომაც ადგენს დასახელებული კონვენცია გამონაკლისებს ბავშვის დაბრუნებასთან მიმართებით, კერძოდ, კონვენციის მე-13 მუხლით, მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს ამავე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა კონვენციის მე-13 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა _ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მცირეწლოვანის დაბრუნება ბავშვს შეუქმნის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებული დასკვნა დასაბუთებულია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ უარი თქვა ბავშვის დაბრუნებაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა _ შპს “ფ-ის” ფსიქოლოგების დასკვნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების 2009 წლის 21 აპრილის დასკვნით, შპს “თ-ის” ექიმ-სპეციალისტ თ. ვ-ძის მიერ მიცემული განმარტებით, შპს “ფ-ის” ფსიქოლოგ ნ. ჩ-უას განმარტების საფუძველზე დადგენილია, რომ ბავშვის დაბრუნება უკანონოდ გადაადგილებამდე ტერიტორიაზე ბავშვს შეუქმნის ფიზიკურ ან ფსიქიკურ საფრთხეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია და არც საქმის მასალებში მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას ბავშვის გატაცებამდე არსებულ გარემოში ბავშვის ინტერესების დარღვევის გარეშე დაბრუნების შესაძლებლობისა. უფრო მეტიც, კასატორი ითხოვს რა ბავშვის ავსტრიაში დაბრუნებას, მისი მოთხოვნა ემყარება ზემოაღნიშნული კონვენციის ვიწრო გაგებას, ვინაიდან იგი ვერ ადასტურებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთით უფრო მაღალი მიზნის მიღწევას და ვერ გამორიცხავს, რომ მცირეწლოვანის დედასთან დაშორებით უფრო მეტად არ დაირღვევა გატაცების მსხვერპლის _ ბავშვის ინტერესები და უფლებები. ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული ფსიქიკური საშიშროებები და პრობლემები კი ნათლად წარმოჩენილია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლის საწინააღმდეგო მტკიცება, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორს არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ ამ კონვენციის ფარგლებში არ არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, თუ ვის უნდა დაეკისროს ბავშვის მეურვეობა.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ ბავშვის დაბრუნების დაკმაყოფილება მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დაუშვებელია, ვინაიდან კასატორმა ვერ შეძლო, გამოერიცხა მცირეწლოვნის დედასთან დაშორებით ბავშვის ფსიქიკისათვის შესაფერისი და სტაბილური გარემოს შექმნის შესაძლებლობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე კასატორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კ. შ-ძის მოთხოვნას წარმოადგენს რა მხოლოდ მცირეწლოვანის დაბრუნება, ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი _ მამა კ.შ-ძე მუშაობს, ხოლო დედა _ ნ.ბ-ძე საქართველოშია და, ამ უკანასკნელის განმარტებით, იგი ავსტრიაში დაბრუნების წინააღმდეგია.

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას, ხოლო, ამავე კონვენციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

სრულიად უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი კასატორის მითითება, რომ ბავშვის უკან დაბრუნებაზე უარის თქმით სასამართლომ უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა დედას. საქმეში წარმოდგენილ სპეციალისტთა დასკვნებით, რომელიც ემყარება მეცნიერულ გამოკვლევებსა და ლიტერატურას, დასაბუთებულია დედის როლი ბავშვთან ურთიერთობაში, თუმცა სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს არა მხოლოდ დედისა და ბავშვის დაცილებით ბავშვისთვის დიდი ალბათობით მოსალოდნელი ფსიქიკური პრობლემები, არამედ ისიც, რომ ბავშვთან მიმართებაში სამართლებრივად იმავე უფლებებით აღჭურვილმა მეურვემ _ მამამ ვერ შესძლო დაესაბუთებინა, რომ ბავშვის დაბრუნება ავსტრიაში ბავშვის ინტერესებიდან მომდინარეობს და დაბრუნებით ბავშვის უფლებები არ დაირღვევა. ამდენად, მხარემ საქმის განხილვის ვერც ერთ სტადიაზე ვერ შესძლო, დაესაბუთებინა, რომ მისი მოთხოვნა ბავშვის ინტერესების და არა მხოლოდ მისი, როგორც მშობლის ინტერესების დაცვას ემსახურება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ კ. შ-ძესა და ნ. ბ-ძეს შორის არსებობს გამწვავებული ურთიერთობა, რამაც მათი დაშორება (ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტა) გამოიწვია და ნ. ბ-ძე იძულებული გახდა, ბავშვთან ერთად დაბრუნებულიყო მისთვის და მისი შვილისათვის უსაფრთხო გარემოში – საქართველოში. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ბ-ძისათვის ავსტრიაში გამგზავრება იქნება არაკომფორტულ გარემოში დაბრუნება, რაც მის ფსიქოლოგიურ დაძაბულობას გამოიწვევს და, დედა-შვილს შორის არსებული ფსიქო-სომატური კავშირის გათვალისწინებით, უარყოფითად იმოქმედებს და ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ბავშვს ავსტრიაში დედასთან ერთად დაბრუნების შემთხვევაშიც კი. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, დედასთან განშორება და მისი ავსტრიაში დაბრუნება გამოიწვევს ბავშვის ფსიქიკის რღვევას და, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მას აუცილებლად საფრთხეს შეუქმნის. როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნულის საწინააღმდეგოს დამტკიცება მხარემ ვერ შეძლო.

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მოცემულ დავაში ბავშვის მცირეწლოვან ე. შ-ძის დაცვის ჭეშმარიტი ინტერესი მისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რაც მშობლების და ამავდროულად სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების უმთავრესი ზრუნვის საგანს წარმოადგენს.

“ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” კონვენციით არსებითი მნიშვნელობა არა აქვს როგორც ბავშვის გამტაცებლის, ისე იმ პირის ნათესაურ კავშირს ბავშვთან, ვისგანაც ბავშვი იქნა გატაცებული (სავარაუდოდ, უფრო ხშირად, დედა ან მამა, თუმცა შესაძლებელია სხვა ნათესავი ან მესამე პირიც). შესაბამისად, კონვენციის მე-13 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის გამოყენებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს გამტაცებლის ნათესაურ კავშირს ბავშვთან და ბავშვის დაბრუნებაზე მოთხოვნის წარმდგენი პირის ნათესაურ კავშირს ბავშვთან (ანუ ვის უფრო ახლო ნათესაური კავშირი აქვს ბავშვთან). კონვენცია არ აკონკრეტებს, თუ ვინ შეიძლება იყვნენ ეს პირები. აღნიშნულს განაპირობებს ამ კონვენციის არსებობის მთავარი მიზანი _ უპირატესად და უპირველესად დაცულ იქნეს ბავშვის ინტერესი, იცხოვროს მისთვის უსაფრთხო, შესაფერის გარემოში და შესაბამისად, კონვენციით დავის რეგულირებისას სწორედ ეს შედეგი უნდა იქნეს მიღწეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. შ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.