ას-350-326-2010 7 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ შპს “ს.”
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ ი. ხ-შვილი, ქ. ა-ძე, გ. ჯ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ი. ხ-შვილმა, ქ. ა-ძემ და გ. ჯ-ძემ მოპასუხე შპს “ს.” მიმართ, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 7 500 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2003 წლის 30 დეკემბრიდან სს “ს.” ადმინისტრაციამ და პროფკავშირებმა მიიღეს გადაწყვეტილება თითოეული მოსარჩელისთვის ბინების საკომპენსაციო თანხის სახით 7 500 აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ, მაგრამ დღემდე აღნიშნული თანხა არ მიუღიათ, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს თითოეულ მოსარჩელეს 7 500 აშშ დოლარი. ასევე მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სახაზინო საწარმო სახელმწიფო კომპანია “ს.” უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა სს “ს.”, მის უფლებამონაცვლეს _ სს “თ. ნ. კომპანია”, ხოლო ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლეს _ შპს “ს.” (ტომი I, ს.ფ. 1-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ი. ხ-შვილის, ქ. ა-ძის, გ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “გ.” თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 500 აშშ დოლარის გადახდა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელეებსა და სს ეროვნულ კომპანია “ს.” შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ვალის არსებობის აღიარებას სს ეროვნული კომპანია “ს.” ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის 2003 წლის 30 დეკემბრის ¹357/15-60 გადაწყვეტილებით. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობაზე, რადგან ადმინისტრაციისა და პროფკავშირის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით ვალდებულების შესრულების თარიღი კონკრეტულად არ იყო მითითებული. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე, 130-ე, 165-ე მუხლებით (ტომი I, ს.ფ. 66-71).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს.”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, ნების გამოვლენისთვის, კერძოდ, ვალის აღიარებისთვის, საჭირო იყო, რომ იგი გამგზავნის ხელით აღმოჩენილიყო ადრესატის ხელში. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის ნებით არ მომხდარა კომპანია სს “ს.” ადმინისტრაციისა და პროფკომის პრეზიდიუმის 30.12.2003წ. ¹357/15-60 გადაწყვეტილების მოსარჩელისთვის გადაცემა და აქედან გამომდინარე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი. ასევე, თუ ჩაითვლებოდა აღნიშნული გადაწყვეტილება გარიგებად და შესაბამისად ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად, დგინდებოდა, რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული რადგან როგორც გადაწყვეტილებაში იყო მითითებული, გადახდა უნდა მომხდარიყო ნაწილ-ნაწილ კომპანიის განკარგულებაში დარჩენილი მოგების ხარჯზე, რაც გულისხმობდა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კომპენსაციის გადახდა უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს მომდევნო წლისა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი (ტომი I, ს.ფ. 77-89).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შპს “ს.” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სს “თ. ნ. კომპანიის” გენერალურმა დირექტორმა _ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირმა _ 2007 წლის 29 მარტის წერილით დაადასტურა კომპანიის მხრიდან ბინების საკომპენსაციო თანხების გადახდის საკითხის გადაჭრის ნება და აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეთათვის შეტყობინების ვალდებულება იკისრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ხანდაზმული არ იყო (ტომი II, ს.ფ. 50-57).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს.”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა მიუთითა, რომ ნების გამოვლენისთვის, კერძოდ, ვალის აღიარებისთვის, საჭირო იყო, რომ იგი გამგზავნის ხელით აღმოჩენილიყო ადრესატის ხელში. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის ნებით არ მომხდარა ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოსარჩელისთვის გადაცემა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი. ასევე, თუ ჩაითვლებოდა აღნიშნული გადაწყვეტილება გარიგებად და შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად, დგინდებოდა, რომ მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან, როგორც გადაწყვეტილებაში იყო მითითებული, გადახდა უნდა მომხდარიყო ნაწილ-ნაწილ კომპანიის განკარგულებაში დარჩენილი მოგების ხარჯზე, რაც გულისხმობდა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად კომპენსაციის გადახდა უნდა დაწყებულიყო არაუგვიანეს მომდევნო წლისა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი. აღნიშნული გარემოებები კი საქრათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს (ტომი II, ს.ფ. 68-77).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “საქგეოსერვისის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, შპს “ს.” საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის განჩინებით კასატორს _ შპს “ს.” გადაევადა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემული საკასაციო წარმოების დასრულებამდე. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მას უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (1 125 აშშ დოლარი) 30%-ის _ 337.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “ს.” საკასაციო საჩივარი თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს “ს.” დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (1 125 აშშ დოლარი) 30%-ის _ 337.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.