Facebook Twitter

¹ას-350-333-2011 6 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. გ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ჯ-ი», შპს «მ-ი», აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა

დავის საგანი _ ანძის დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქვეუწყებო დაწესებულება აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის, შპს «ჯ-ის», შპს «მ-ისა» და შპს «ბ-ი» მიმართ სოფელ ... ... მდებარე მოპასუხეთა კუთვნილი ანძების დემონტაჟის მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

ნ. გ-ძე ცხოვრობს სოფელ ... კონცხზე, სადაც განთავსებულია მოპასუხეთა კუთვნილი ე.წ «გ.რ.ტ.ო.-ს» ტიპის ანძები, კერძოდ, მოსარჩელის სახლის მარცხენა მხარეს 2 ანძაა, წინა მხარეს _ 3, მარჯვნივ, საკარმიდამო ნაკვეთიდან 100 მეტრში, შპს «ჯ-მა» ააგო ახალი ანძა, რომელიც ჯერ არ არის ექსპლოატაციაში. მოპასუხეთა კუთვნილ ანძებს ელექტრომაგნიტური გამოსხივება აქვს, რაც მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, ცოცხალ არსებებსა და ბუნებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მას და მისი ოჯახის წევრებს გაურთულდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სწორედ ამ ანძების ექსპლოატაციის შედეგია.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განხილვის საგანი ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარია მოწინააღმდეგე მხარეების: ... საქვეუწყებო დაწესებულების, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის, შპს «ჯ-სა» და შპს «მ-ის» წინააღმდეგ, ანძათა დემონტაჟის თაობაზე. აპელანტი თვლის, რომ მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ანძები ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ... განთავსებულია შესაბამისი პროექტის გარეშე, ამასთან, ანტენების ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივების სიმკვრივე მავნე ზეგავლენას ახდენს მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რის გამოც უნდა მოხდეს ანძათა დემონტაჟი. სასამართლომ მიუთითა საქმეში მოპასუხე ... საქვეუწყებო დაწესებულება, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის შესაგებელზე, რომლითაც მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს. შესაგებელზე დართული ... საქვეუწყებო დაწესებულება, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის კუთვნილი ტელერადიომაუწყებლობის რადიოსადგურის სანიტარული პასპორტის თანახმად, რომელიც კომპლექსური დოკუმენტია და განსაზღვრავს ობიექტის დანიშნულებას, მის პარამეტრებს, სანიტარულ-დაცვითი და განაშენიანების შეზღუდვის ზონებს, მიწის ნაკვეთებზე (შენობაზე) განთავსების შესაძლებლობის საკითხს, სამუშაო ადგილებზე და ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრომაგნიტური ველის დონეების განაწილებას, აგრეთვე, ელექტრომაგნიტური ველის ზღვრულად დასაშვები დონეების უზრუნველყოფის პირობებს. აღნიშნული სანიტარული პასპორტისა და მსაზე თანდართული დანართი «ა-ს» თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის ანტენების ენერგიის ნაკადის სიმკვრივე შეადგენს მაქსიმუმ 2.10მკვტ/სმ2, ანუ იგი არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეს _ 10მკვტ/სმ2-ს. პალატამ მიუთითა შპს «ჯ-ის» შესაგებელზე, რომლითაც მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან, წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი იმის თაობაზე, რომ შპს «ჯ-მა» 2009 წლის 30 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც ააგო ფიჭური კავშირგაბმულობის 60მ-იანი მიმღებ-გადამცემი ანძა. საქმეში განთავსებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 29 დეკემბრის ¹... სანებართვო მოწმობით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის თაობაზე შპს «ჯ-ს» მიეცა ნებართვა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა ... 60 მ-იანი საკომუნიკაციო ანძის აგებისათვის. პალატამ ასევე მიუთითა შპს «მ-ის» მიერ სარჩელის უსაფუძვლობის დასადასტურებლად წარმოდგენილ დოკუმენტებზე: ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2003 წლის 2 ოქტომბრის ¹... აქტზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... შპს «მ-ის» კავშირგაბმულობის ანძის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. ანძის მშენებლობისათვის არსებობდა ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის «ა-ის» 2000 წლის 7 დეკემბრის ¹...მშენებლობის დაწყების ნებართვა. საქმეში განთავსებული საექსპერტო დასკვნის თანახმად, რომელიც შედგენილია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ..., სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე შპს «მ-ის» ... სისტემის საბაზო სადგურის მშენებლობის ტექნიკურ დოკუმენტაციაზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «მ-ის» ... სისტემის საბაზო სადგურის მშენებლობის ტექნიკური დოკუმენტაცია დამუშავებული იყო სამშენებლო წესებისა და ნორმების მიხედვით, რის გამოც პროექტს მიეცა რეკომენდაცია დამტკიცებაზე. ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების სანიტარული ნორმებისა და ანგარიშის მეთოდიკის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ასევე, რომ ელექტრომაგნიტური ველის მაჩვენებლის გაზომვა უნდა ჩატარდეს ყველა მათგანის ფუნქციონირების დროს, რათა შეფასებული იქნას ველი ყველაზე «უარესი» შემთხვევისათვის. სასამართლომ ასევე მიუთითა ნ. გ-ძის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ანძის მიერ, თითოეულისაგან დამოუკიდებლად მომდინარე ენერგიის ნაკადის სიმკვრივე (მკვტ/სმ2), არ აღემატება დასაშვებ ზღვრულ ოდენობას _ 10მკვტ/სმ2-ს, თუმცა აპელანტი მიუთითებს, რომ არასოდეს გაზომილა ერთობლიობაში ყველა ანძის საერთო მაჩვენებელი, რაც, რეალურად, გაცილებით მეტია დასაშვებ ნორმაზე. სასამართლომ არ გაიზიარა ნ.გ-ძის ზემოაღნიშნული მოსაზრება, რადგან საქმეში განთავსებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2010 წლის 2 თებერვლის ¹... წერილითა და ტექნოლოგიური და ფიზიკური ფაქტორების ანალიზის განყოფილების უფროსის ო. ყ-ას განმარტებით დადგინდა, რომ ნ. გ-ძესთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე (როგორც განმცხადებელთან), გაზომვები მიმდინარეობდა 50 წუთის განმავლობაში, რომლის დროსაც მაქსიმუმი მაჩვენებელი არ იყო 4 მკვტ/სმ2-ზე მეტი. ამასთან, განმარტებაში აღნიშნულია, რომ 2008 წელთან შედარებით ანძაზე ანტენების რაოდენობა ნაკლებია.

სასამართლომ მიუთითა ტექნოლოგიური და ფიზიკური ფაქტორების ანალიზის განყოფილების უფროს ო. ყ-ას განმარტებაზე, რომლის თანახმადაც ცალ-ცალკე ანტენების გამოსხივების შემოწმება მათი თანმიმდევრული გამორთვის გარეშე შეუძლებელი იყო, რაც არ შედიოდა სააგენტოს კომპეტენციაში და მიიჩნია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ნ. გ-ძის საცხოვრებელ სახლში შემოწმება ჩატარდა ისეთ ვითარებაში, როდესაც ყველა ანძა ფუნქციონირებდა, ანუ მდგომარეობა შემოწმდა ერთობლიობაში ყველა ანძის მოქმედების დროს, რა დროსაც ენერგიის ნაკადის სიმკვრივე არ იყო 4 მკვტ/სმ2-ზე მეტი, რაც დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

პალატას შეფასება არ მიუცია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2009 წლის 24 დეკემბრის ¹... წერილისა და თანდართული ცხრილისათვის, რადგანაც ეს მტკიცებულება მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საქმიდან იქნა ამოღებული.

ნ.გ-ძის ოჯახის წევრ გ. ჯ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ დასკვნა არ შეიცავს მითითებას დაავადების გამომწვევ მიზეზებზე (შესაძლო მიზეზებზე), ანუ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ანძათა გამოსხივებასთან. გ. ჯ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ქ. ... დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო ბარათით ¹... პაციენტს დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, თუმცა არც აღნიშნული დასკვნა შეიცავს მითითებას დაავადების გამომწვევ მიზეზებზე (შესაძლო მიზეზებზე), არც მიზეზობრივ კავშირზე ანძათა გამოსხივებასთან.

სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია ნ.გ-ძის მოსაზრება მისი და მისი ოჯახის წევრების გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... აგებული ანტენებიდან მომდინარე ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გამო გაუარესების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» საქრთველოს კანონის 70-ე მუხლით, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და განმარტა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოსა და ანთროპოგენური ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 70-ე მუხლის, «გარემოს დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, «წყლის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს ¹297/ნ ბრძანებით დამტკიცდა გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმები. აღნიშნული ბრძანებით სხვა ნორმებთან ერთად განისაზღვრა «ფიზიკური ფაქტორების დასაშვები დონეების სანიტარული ნორმები სახალხო მოხმარების საგნების გამოყენებისას საყოფაცხოვრებო პირობებში» სანიტარული წესები და ნორმები, რომლის თანახმადაც ფიჭური რადიოკავშირების სისტემის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დასაშვები დონეები არ უნდა აღემატებოდეს 10მკვტ/სმ2-ს. პალატის განმარტებით, საქმეში არ არის განთავსებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... განთავსებული მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ანძების მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივე აღემატება 10მკვტ/სმ2-ს, ხოლო ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივე 10მკვტ/სმ2-მდე დასაშვებ ნორმას წარმოადგენს, აღნიშნული დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ¹297/ნ ბრძანებით, სადაც აღნიშნულია, რომ დადგენილი ნორმა უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

ამდენად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... განთავსებული მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ანძები არ არის საშიში ადამიანთა ჯანმრთელობისათვისა და მათი უსაფრთხო გარემოსათვის.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მას და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ადგება ზიანი, რადგანაც, პალატის განმარტებით, ზიანი სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. თუ არაა ზიანი, არც რაიმენაირი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ცნობილია სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანი. სახელშეკრულებო ზიანი სახელშეკრულებო ურთიერთობათა დარღვევის შედეგია. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე და განმარტა, რომ არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან. ზიანი არსებობს მაშინ, როცა სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი ნ. გ-ძის და მისი ოჯახის წევრების ავადმყოფობის მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ანძების ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივით გამოწვევის თაობაზე.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და განმარტა, რომ, ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, მართალია, მხარის მიერ მიცემული განმარტება წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, თუმცა ნ. გ-ძის განმარტება, რომ მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ანძების მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველების ენერგიის ნაკადის სიმკვრივე აღემატება 10მკვტ/სმ2-ს და ზიანი ადგება ნ.გ-ძისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც დადგინდება ენერგიის ველების ნაკადის სიმკვრივის ნორმების გადაჭარბებისა და ზიანის არსებობის ფაქტი, რადგანაც სხვა მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, რაც ნ.გ-ძის სარჩელის უსაფუძვლობაზე მეტყველებს. საწინააღმდეგოს დაუდასტურებლობის გამო სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... განთავსებული ანძები მავნე ზემოქმედებას არ აყენებს ნ. გ-ძესა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ანძების ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივება არ აღემატება დადგენილ ზღვრულ ოდენობას 10მკვტ/სმ2-ს, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა ანტენათა დემონტაჟის თაობაზე სრულიად დაუსაუთებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ მიღება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქმის განხილვისათვის საპროცესო ნორმებით დადგენილი წესები, კერძოდ არ მომხდარა მტკიცებულებათა გამოკვლევა, მხარეთა პაექრობა, რეპლიკა. სასამართლომ მხარეთა პოზიციების ნაჩქარევად მოსმენის შემდეგ დანიშნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე.

სააპელაციო პალატა განჩინაში მიუითებს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გამოსხივების მაჩვენებელი აღემატება დადგენილ ოდენობას _ 10 მკვ/სმ2, მაშინ, როდესაც ნ.გ-ძემ წარადგინა გარემოებს დაცვის სააგენტოს 2008 წლის 10 დეკემბრის დასკვნა, რომლის თანახმადაც შპს «მ-ისა» და «ა-ის» ანძების გამოსხივების მაჩვენებელმა შეადგინა 7.98 მკვტ/სმ2, კასატორის განმარტებით, ლოგიკურია, რომ 6 ანძის გამოსხივების მაჩვენებელი გაცილებით აღემატება დადგენილ ზღვრულ ოდენობას, ამასთან შპს «მ-ის» ანძის იმდროინდელი სიმძლავრე იყო 900 მგ.ჰ, ამჟამად კი ეს სიმძლავრე 900-დან 4000-მდე გაიზარდა და აღნიშნული მითითებულია შპს «მ-ის» სანიტარულ პასპორტში, ამასთან, ამ დროისათვის არ იყო «ბ-ია» და «ჯ-ის» ანძები.

საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა ამ მტკიცებულებების გამოკვლევა.

სასამართლომ ნ. გ-ძეს არასწორად დააკისრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დადასტურების ვალდებულება, ვინაიდან კასატორმა აღნიშნული არ უნდა დაადასტუროს. ნ.გ-ძის მოთხოვნა სასიცოცხლო საფრთხის აღკვეთაა. ის ვალდებულია, ამტკიცოს და დაამტკიცა კიდევაც სათანადო მტკიცებულებებით, რომ სადავო ობიექტები საფრთხის შემცველია, რაც შეეხება საქმეში არსებულ სამედიცინო ცნობებს, ნ.გ-ძის განმარტებით, მან ისინი წარადგინა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს მტკიცებულებები ჰქონდა და მათში ასახული დაავადებები გამოსხივების შედეგია.

ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის წერილით დასტურდება, რომ არსებული 6 ანძიდან 4 ფუნქციონირებს უკანონოდ, ულიცენზიოდ, მონიტორინგის გარეშე და აღნიშნული მავნე ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გარემოზე.

საქმეში არსებული აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის სანიტარული პასპორტით დაშვებულია მხოლოდ 1 სანიტარული ზონა 2-ის ნაცვლად და ეს ზონა განსაზღვრულია 250 კილომეტრით, მაშინ, როდესაც ნ.გ-ძის სახლი ანძიდან 150 კილომეტრშია. სასამართლომ ასევე არ გამოიკვლია სხვა მტკიცებულებები, რაც მითითებულია ნ.გ-ძის წერილობით პოზიციებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ამავე განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

2011 წლის 9 მარტსა და 15 აპრილს კასატორმა განცხადებებით მომართა სასამართლოს და წარმოადგინა მტკიცებულებები მისი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნულის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო 2011 წლის 9 მარტის განცხადებით ნ.გ-ძემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები და იშუამდგომლა მათი საქმეზე დართვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, პალატა მიიჩნევს, ნ. გ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 300 ლარის 30% _ 90 ლარი.

რაც შეეხება ნ. გ-ძის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადახდისაგან გათავისუფლების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარის სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებს.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე, სასამართლომ კასატორს გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რის შემდეგაც მხარემ კვლავ მომართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. აღნიშნულის დასადასტურებლად ნ.გ-ძემ წარმოადგინა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე სამუშაოდან გათავისულფლების საკითხი საკასაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რადგანაც ნ.გ-ძე ამ გარემოებაზე საკასაციო საჩივარშიც მიუთითებდა, თუმცა ზემოაღნიშნული არ გახდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო პალატა ნ.გ-ძის მიერ დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებს ამ ეტაპზეც ვერ მიიჩნევს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საკმარის მტკიცებულებად.

ამასთან, კასატორ ნ. გ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის ¹... განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 3 ფურცლად, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ნ. გ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ნ.გ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. ნ. გ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 90 ლარის გადახდა

4. სახელმწიფო ბაჟი ჩაირცხოს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹..., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹..., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹..., დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე».

5. კასატორ ნ.გ-ძეს დაუბრუნდეს ¹... განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 3 ფურცლად.

6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.