¹ას-351-334-2011 6 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ქ.უ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ეE.ჯ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ.უ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ეE.ჯ-ძის მიმართ, დანაშაულით მიყენებული ზიანისა და მოტყუებით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლების შესაბამისად 106985 აშშ დოლარისა და სარგებლის _ ყოველთვიურად 725 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
1997 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელემ დადო სესხის ხელშეკრულება ¹3088 ლომბარდ «-სთან». სესხის ხელშეკრულებას, როგორც ლომბარდის დირექტორმა, ხელი მოაწერა ეE.ჯ-ძემ და თანხაც მოსარჩელისაგან წაიღო არა ლომბარდმა, არამედ, მოპასუხემ.
მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ე.ჯ-ძე ლომბარდის დირექტორი არასოდეს ყოფილა. ქ.უ-ძის განცხადების პასუხად, რომლითაც მან მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის მე-7 განყოფილებას, სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, თუმცა დადგენილების თანახმად, მოპასუხემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ თაღლითობა და ქ.უ-ძეს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით კი, დადგინდა ე.ჯ-ძის მიერ დანაშაულებრივი გზით ქ.უ-ძის თანხის მითვისების ფაქტი და ე.ჯ-ძეს სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
ქ.უ-ძის სარჩელი ხანდაზმულია, სასამართლოს კი დამატებითი მოთხოვნის ნაწილში დაზუსტებული სარჩელი არ უნდა მიეღო წარმოებაში, რადგანაც საქმის მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, მოპასუხე სესხის ხელშეკრულების დადებისას მოქმედებდა, როგორც შპს «-ს» ლომბარდ ¹-ის დირექტორი, ამდენად, მოპასუხეც სწორედ ლომბარდია, ხოლო ე.ჯ-ძე _ არასათანადო მოპასუხე.
მოგვიანებით მოპასუხემ კვლავ მიმართა სასამართლოს შესაგებლით, სადაც აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მოპასუხე არ იყო ლომბარდის დირექტორი, არასწორია, სარჩელში მითითებულ სხვა ფაქტებთან ერთად, აღნიშნული გარემოებები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებასა და 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებას, ამასთან, სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედი 625-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მითითებული სარგებელი არაგონივრულია, ვინაიდან ამ დროს ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონით დადგენილი ზღვრული ოდენობა 3% იყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ეE.ჯ-ძეს მოსარჩელე ქ.უ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 10285 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხისათვის 96700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და გადაწყვეტილების მიღების დღიდან დავალიანების დაფარვამდე სარგებლის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ეE.ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე ეE.ჯ-ძეს მოსარჩელე ქ.უ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 10285 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე ეE.ჯ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის 1147 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.უ-ძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 1997 წლის 5 ოქტომბერს ხელი მოეწერა შპს ,,-ს» ბლანკზე შესრულებულ სესხის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ქ.უ-ძემ პროცენტიანი სესხის სახით 10000 აშშ დოლარი გადასცა შპს ,,-ს» ლომბარდის დირექტორ ეE.ჯ-ძეს. 1998 წლის 13 მარტსა და 5 ივლისს, ქ.უ-ძემ კვლავ გადასცა ეE.ჯ-ძეს დამატებითი სესხის სახით 3000-3000 აშშ დოლარი, სულ 6000 აშშ დოლარი. 1998 წლიდან მიღწეულ იქნა ახალი შეთანხმება, 6%-ის ნაცვლად, 5%-იან სარგებელზე. 1999 წლის 30 სექტემბერს, ეE.ჯ-ძემ ქ.უ-ძეს დაუბრუნა 1998 წლის 5 ივლისს მიღებული 3000 აშშ დოლარიდან 1500 აშშ დოლარი, მას შემდეგ, არც სარგებელი და არც ძირითადი თანხა აღარ დაუბრუნებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ეE.ჯ-ძე ცნობილია დამნაშავედ 1998 წლის 5 ივლისს გადაცემული ქ.უ-ძის კუთვნილი 3000 აშშ დოლარიდან _ 1500 აშშ დოლარის მოტყუების გზით დაუფლებაში (თაღლითობაში), რისთვისაც იხდის სასჯელს. პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტებითა და სესხის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სესხის დაბრუნების კონკრეტული ვადა გათვალისწინებული არ ყოფილა. მოსარჩელე ქ.უ-ძემ მოპასუხეEეE.ჯ-ძის პრობლემების შესახებ შეიტყო 1998 წლის სექტემბრიდან, როდესაც მოპასუხის მეუღლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ამის შემდეგ დაიწყო თანხის დაუყონებლივ მოთხოვნა. თანხის დაბრუნების მოთხოვნით ყოველდღეE დადიოდა ეE.ჯ-ძესთან. ამ უკანასკნელმა კი, 1999 წლის 23 სექტემბერს გადასცა მხოლოდ 1500 აშშ დოლარი, სხვა თანხები არ დაუბრუნებია. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე და განმარტა, რომ 1998 წლის 5 ივლისს, ქ.უ-ძის მიერ ეE.ჯ-ძისათვის დამატებითი სესხის სახით გადაცემულ 3000 აშშ დოლარზე მიღწეული შეთანხმება ყოველთვიურად 5%-იან სარგებელზე გამომდინარეობს მითითებული ნორმის დანაწესიდან. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,გ» ქვეპუნტზე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე დაყრდნობით დადასტურებულად ჩათვალა, რომ 1998 წლის 5 ივლისს ქ.უ-ძისაგან სესხად გადაცემული თანხის _ 3000 აშშ დოლარის ნაწილი _ 1500 აშშ დოლარი კრედიტორისათვის არ დაუბრუნებია და მითვისებული აქვს ეE.ჯ-ძეს. სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 411-412-ე მუხლების თანახმად, ვინაიდან დადგენილია, რომ 1998 წლის 5 ივლისს ქ.უ-ძისაგან სესხად გადაცემული თანხის 3000 აშშ დოლარის ნაწილი _ 1500 აშშ დოლარი კრედიტორისათვის არ დაუბრუნებია, არც საპროცენტო სარგებელი, თვეში 5%-ის დარიცხვით, რაც შეადგენდა 75 აშშ დოლარს (1500-ის 3%=75) არ გადაუხდია და ეს თანხები მითვისებული აქვს ეE.ჯ-ძეს, სასარჩელო მოთხოვნა როგორც ძირითადი თანხის 1500 აშშ დოლარის, ისე გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდის სარგებელის, სულ _ 10285 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე, 365-ე მუხლებით, 626-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 627-ე მუხლებით და მიუთითა, რომ გამსესხებელს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ქ.უ-ძემ განმარტა, რომ მოპასუხე ეE.ჯ-ძის პრობლემების შესახებ შეიტყო 1998 წლის სექტემბრიდან, როდესაც მოპასუხის მეუღლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ამის შემდეგ დაიწყო თანხის დაუყონებლივ მოთხოვნა, თანხის დაბრუნების მოთხოვნით ყოველდღეEდადიოდა ეE.ჯ-ძესთან, ამ უკანასკნელმა კი 1999 წლის 23 სექტემბერს გადასცა მხოლოდ 1500 აშშ დოლარი, სხვა თანხები არ დაუბრუნებია, პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა და ამ დრომდე წარმოშობილი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ქ.უ-ძემ მოითხოვა 1998 წლის სექტემბერში. ამასთან, ვინაიდან, მოპასუხემ დაუყოვნებლივ არ შეასრულა მისი მოთხოვნა, ადასტურებს, რომ ქ.უ-ძისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა სწორედ 1998 წელს, საიდანაც იწყება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლების შესაბამისად, მიიჩნია, რომ ქ.უ-ძემ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის, ვალდებულების შესრულებისა და ფულის დაბრუნების მოთხოვნით ე.ჯ-ძეს, მართალია, მიმართა 1998 წლის სექტემბერში, მაგრამ ეE.ჯ-ძემ 1999 წლის 23 სექტემბერს გადასცა რა თანხის ნაწილი _ 1500 აშშ დოლარი, ამ დროისათვის შეწყდა 1998 წელს დაწყებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა და დაიწყო ხელახლა. სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად კი, 1999 წლის 23 სექტემბრიდან ძირითადი თანხის _ 1500 აშშ დოლარის და მისგან გამომდინარე სარგებლისა თუ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის წარდგენის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2002 წლის 23 სექტემბერი. ვინაიდან ქ.უ-ძემ 1998 წლის 5 ივლისს გადაცემული სესხის დაბრუნებისა და მისგან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2009 წელს, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოთხოვნა, მიუხედავად საფუძვლიანობისა, ხანდაზმულია, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში უნდა დაიწყოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის დადგენის დღიდან, ანუ 2008 წლის 18 სექტემბრიდან, სასამართლომ მიუთითა სარჩელის წარდგენის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 33-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 39-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ითვალისწინებენ სამოქალაქო სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას, როგორც სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, ასევე მისგან დამოუკიდებლად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამასთან, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები ადგენენ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას სამოქალაქო სარჩელის წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტის საგამონაკლისო წესებს, რომლებიც არ შეიძლება გავრცელდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით წარდგენილ სამოქალაქო სარჩელებზე, რაც პირდაპირაა მითითებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილით. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სარჩელი წარდგენილია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მიუხედავად იმისა, თუ რა არის მითითებული სამართლებრივ საფუძვლად, დანაშაულით მიყენებული, თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ყველა შემთხვევაში გამოიყენება სამოქალაქო სამართლის მატერიალური ნორმები და არა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმები. იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება, პალატამ ჩათვალა, რომ გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის ნორმები, ამასთან, ვინაიდან ე.ჯ-ძის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, მისი უფლების დარღვევისა და ზიანის წარმოშობის თაობაზე ქ.უ-ძისათვის ცნობილი გახდა თავდაპირველად 1998 წლის სექტემბერში, ხოლო შემდეგ 1999 წლის 23 სექტემბერს, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამი წლის განმავლობაში, 2002 წლის სექტემბრამდე მიემართა სასამართლოსათვის, რაც არ გაუკეთებია. შესაბამისად, მისი მოთხოვნა ე.ჯ-ძისათვის გადაცემული სესხიდან წარმოშობილი ზიანის _ 10285 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დაზუსტებული სარჩელით დავის საგნისა და საფუძვლის შეცვლასთან დაკავშირებით, რადგანაც როგორც თავდაპირველ, ისე დამატებით და დაზუსტებულ სარჩელებში მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ერთი და იგივეა, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი არ შეცვლილა, ასევე არ შეცვლილა დავის საგანი, რასაც ყველა შემთხვევაში წარმოადგენდა 1998 წელს გადაცემული სესხის ნაწილის _ 1500 აშშ დოლარის დაუბრუნებლობით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართალია, სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულებით, სესხის დაბრუნების კონკრეტული ვადა გათვალისწინებული არ ყოფილა, ასევე მოსარჩელე ქ.უ-ძემ მოპასუხე EეE.ჯ-ძის პრობლემების შესახებ შეიტყო 1998 წლის სექტემბრიდან, როდესაც მოპასუხის მეუღლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ამის შემდეგ დაიწყო თანხის დაუყონებლივ მოთხოვნა, მაგრამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და ისეთ ვითარებაში, როდესაც მოპასუხემ სადავო გახადა მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობა, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად არ მიიჩნია, რამაც მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.უ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხისათვის 9835 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგანაც სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, შესაბამისად, არასწორია სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.უ-ძის სარჩელი სესხად მიცემული თანხის ნახევრის _ 1500 აშშ დოლარისა და მისი სარგებლის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად საფუძვლიანია, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, არასწორად ჩათვალა, რომ სარჩელის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2002 წლის სექტემბერი და არა 2009 წლის სექტემბერი, რადგანაც სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ქ.უ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ე.ჯორთენაძის მიმართ 2005 წლის 25 მარტს და მოითხოვა მოპასუხისაგან 44800 აშშ დოლარის დაბრუნება, ასევე არ იქნა შეფასებული ის გარემოებაც, რომ დელიქტური ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა ქ.უ-ძის მიმართ უნდა დაწყებულიყო 2004 წლის ოქტომბრიდან, რადგანაც მანამდე კასატორისათვის უცნობი იყო, ლომბარდ შპს «-ს» ნაცვლად მის თანხების ე.ჯ-ძის მიერ მიღების შესახებ. ამასთან, საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.
სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ 2005 წლის 13 აპრილს სასამართლოში შეტანილ დაზუსტებულ სარჩელს ერთვოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მე-7 სამმართველოს 2005 წლის 3 მარტის დადგენლება, რომლითაც დასტურდებოდა ე.ჯ-ძის მიერ ქ.უ-ძის თანხის მითვისება, თუმცა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე მხარეს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ დანაშაული ხანდაზმულია. აღნიშნული მტკიცებულების შეუფასებლობით, სასამართლომ გვერდი აუარა იმ ფაქტის დადგენას, რომ ფინანსური პილიციის ოპერატიულ დეპარტამენტს მიმართა 2005 წლის 24 იანვარს, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტიც, რომ ქ.უ-ძე, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ითხოვს 9835 აშშ დოლარის დაკისრებას.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ე.ჯ-ძის მიერ მე-7 სამმართველოს დადგენილების გასაჩივრების გამო შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება და იგი მხოლოდ 2009 წელს განახლდა, როდესაც ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე ის ფაქტი, რომ ქ.უ-ძემ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დააზუსტა სარჩელი და მას ახალი სარჩელით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ კასატორისათვის მისი უფლების დარღვევის თაობაზე პირველად ცნობილი გახდა სწორედ მე-7 სამმართველოს უფროსის 2005 წლის 3 მარტის დადგენილებით.
კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1008-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრების მოთხოვნა იყო ხანდაზმული.
სასამართლომ ასევე არ შეაფასა მხარეთა განმარტება და ე.ჯ-ძის შესაგებელში მითითებული გარემოება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 1999 წლის შემდეგაც ჰპირდებოდა მოპასუხე მოსარჩელეს თანხის დაბრუნებას და ქ.უ-ძე თანახმა იყო, მიეღო შესრულება დაგვიანებით. მითითებულ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კასატორმა 1999 წელს მიიღო ნაწილობრივი შესრულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 1999 წლის სექტემბერში.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, კერძოდ სასამართლომ არასწორად განმარტა 33-ე მუხლის მე-6 ნაწილი და 39-ე მუხლი, რადგანაც მოთხოვნილი თანხიდან, რომლის დაკისრებასაც მოითხოვდა მოსარჩელე, 9835 აშშ დოლარი დანაშაულით მიყენებული ზიანია, სწორედ აღნიშნული განაპირობებდა სხვადასხვა დროს შეტანილი დამატებითი სარჩელების ტრანსფორმირებას, ანუ დაზუსტება ხდებოდა განაჩენის მიხედვით, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა, ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სარჩელებზე არ ვრცელდება სამართლის სხვა დარგებში დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის დებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში სწორედ სასარჩელო ხანდაზმულობის დენის დაწყების განმსაზღვრელი ნორმაა. ამასთან, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების დებულებები.
კასატორმა სადავოდ მიიჩნია ასევე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოება, რომ ქ.უ-ძისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 1998 წელს, როდესაც მოპასუხემ დაუყოვნებლივ არ შეასრულა ვალდებულება, ასევე ის, რომ დავის საგანს წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი აპრილის განჩინებით ქ.უ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქ.უ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ.უ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ქ.უ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ვ.გ-ძის მიერ გადახდილი 838.20 ლარის 70% _ 586.74 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.უ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ქ.უ-ძეს (პირადი ¹-) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» ვ.გ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 586.74 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.