ას-353-329-2010 26 ოქტომბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ გ. კ-ავა, წარმომადგენელი მ. ყ-შვილი
კასატორი (მოპასუხე) _ შპს “ტ.”, წარმომადგენელი გ. გ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ საავტორო უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 10 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. კ-ავამ მოპასუხე ტელეკომპანია “ტ.-ს” მიმართ საავტორო უფლებების დარღვევის გამო ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა:
მოპასუხე შპს “ტ.-ს” მიერ გ. კ-ავას თანხმობის გარეშე ტელესერიალ “...” გასხვისების გამო ჰონორარის ანაზღაურება კომპენსაციის სახით 20 000 აშშ დოლარის ოდენობით;
მოპასუხე შპს “ტ.-ს” მიერ გ. კ-ავას თანხმობის გარეშე ტელესერიალ “...” განმეორებითი ჩვენების გამო ჰონორარის ანაზღაურება 5 000 აშშ დოლარის ოდენობით;
მოპასუხე შპს “ტ.-ს” მიერ ტელესერიალ “...” განმეორებითი ჩვენების დროს სცენარის ავტორის _ გ. კ-ავას მიუთითებლობის გამო ჰონორარის ანაზღაურება 5 000 აშშ დოლარის ოდენობით;
რუსეთის ტელევიზიით ტელესერიალ “...” ჩვენებისას გ. კ-ავას, როგორც სცენარის ავტორის სახელის არასწორად გახმოვანების გამო 5 000 აშშ დოლარის ანაზღაურება;
მისი გვარის არასწორად გახმოვანების შედეგად საქმიანი მოლაპარაკებების ჩაშლის გამო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 5000 აშშ დოლარის ოდენობით;
ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 აშშ დოლარის ოდენობით.
სარჩელის თანახმად, 2003 წელს მოსარჩელემ მოპასუხე ტელეკომპანიისათვის დაწერა სატელევიზიო სერიალის “...” სცენარი, რისთვისაც მოსარჩელეს გადაუხადეს შეთანხმებული საფასური. სერიალი 2003-2004 წლებში გადაიცა მოპასუხე ტელეკომპანიის საშუალებით. 2004 წელს მოსარჩელემ შეიტყო, რომ “ტ.-მ” გაასხვისა ტელესერიალი, რის შესახებაც მისთვის მოპასუხეს არაფერი უცნობებია, ასევე არ მიუღია კუთვნილი ჰონორარი, როგორც სცენარის ავტორს. 2004 წელს სერიალი განმეორებით აჩვენეს საქართველოში. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელეს მოპასუხისგან ასევე არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ან კუთვნილი ჰონორარი. გარდა ამისა, საქართველოში სერიალის განმეორებითი ჩვენების დროს მოპასუხემ არ მიუთითა მოსარჩელის, როგორც სცენარის ავტორის სახელი, რითაც დაარღვია მისი კანონმდებლობით გარანტირებული უფლება. რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე სერიალის ჩვენებისას მოსარჩელე მითითებული იყო ტიტრებში, მაგრამ ტიტრების კითხვის დროს, რომლის რუსული თარგმანი შესრულებულია მოპასუხის მიერ, გამოცხადდა არა გ. კ-ავა, არამედ სულ სხვა გვარი, რაც გამეორდა ყველა სერიაში. აღნიშნულით კვლავ დაირღვა გ. კ-ავას კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები.
მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლიდან იგი მოლაპარაკებას აწარმოებდა ბრაზილიურ კომპანია “კ-თან” სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარის დაკვეთასთან დაკავშირებით. 2004 წლის სექტემბრის თვეში ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მოსარჩელესთან საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებაზე. გ. კ-ავას დაჟინებული მოთხოვნით მიღებულ იქნა პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ სწორედ მოპასუხის მიერ მოსარჩელის ზემომითითებული უფლების დარღვევასთან (ტიტრებში გვარის მიუთითებლობა) უშუალო მიზეზობრივ კავშირშია მოსარჩელის შეუმდგარი საქმიანი ურთიერთობები, ანუ სახეზეა ფაქტობრივად მიუღებელი შემოსავალი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი, როგორც ავტორის უფლებების არაერთგზისი დარღვევით და იგნორირებით შეილახა მისი პატივი და მიადგა მორალური ზიანი, რომელიც ანაზღაურებას ექვემდებარება (ტომი I, ს.ფ. 1-3, 105).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა შემდეგი:
შპს “ტ.-მ” გ. კ-ავას მართლაც დაუკვეთა ტელესერიალ “...” რამდენიმე სერიის შექმნა. ამის შედეგად მოსარჩელემ მიიღო შესაბამისი ანაზღაურება. სამუშაოს შესრულების პროცესში და მისი დამთავრების შემდეგ მოპასუხემ არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს, გაეფორმებინათ ხელშეკრულება აღნიშნულ სცენართან დაკავშირებით და ამით დაედგინათ სამომავლო ურთიერთობების პირობები და ფარგლები. მოსარჩელეს წარედგინა ხელშეკრულების ფორმა, რაზეც მან ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე ხელი არ მოაწერა. აქედან გამომდინარე, გაურკვეველი დარჩა სცენარის გამოყენების უფლებების პირობები.
მოპასუხის მითითებით, “ტ.-მ” მიიღო გადაწყვეტილება, თავისი წვლილი შეეტანა ქართული სატელევიზიო კონემატოგრაფიის განვითარებაში და განიზრახა ქართული სატელევიზიო ფილმების (სერიალები, ტელეფილმები და სხვა) შექმნა. პარალელურად “ტ.” ქართული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების, ქართველ ავტორთა და შემსრულებელთა პოპულარიზაციის მიზნით აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ყველა საშუალებით ცდილობდა შექმნილი პროექტი გაეტანა მსოფლიო ბაზარზე. აღნიშნულმა მცდელობამ გამოიღო შედეგი და უცხოური კომპანია “Nეკლის Iნც-გან” მიიღო წინადადება მათ მიერ წარმოებული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების გამოყენების უფლებების შეძენასთან დაკავშირებით. სხვა ნაწარმოებებთან ერთად გადაეცა ტელესერიალ “...” გამოყენების უფლება. მოპასუხე ვერ შეაყოვნებდა აღნიშნულ პროცესს იმის გამო, რომ მოსარჩელესთან არ იყო საბოლოო ურთიერთობები გარკვეული. “ტ.-ს” არ დაურღვევია მოსარჩელის, როგორც სცენარის ავტორის უფლებები (ტომი I, ს.ფ. 19-22).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გ. კ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 115-120).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, გ. კ-ავას საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტომი I, ს.ფ. 154-160).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით გ. კ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჰონორარის სახით 4 500 ლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის (25 000 აშშ დოლარი) ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელემ შექმნა 7 სცენარი სერიალისათვის “...”, რომლის მიხედვითაც გადაღებულ იქნა “...” სერიები მე-13 სერიის ჩათვლით;
მხარეთა შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა;
მოსარჩელეს სცენარის შექმნისათვის მიღებული აქვს საფასური 5 600 ლარის ოდენობით (თითოული სცენარისათვის 800 ლარი);
2004 წლის 4 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით სერიალი “...” გადიოდა რუსულ არხზე “ტელე კლუბი;
მოპასუხემ 2004 წლის 30 ივლისს სალიცენზიო ხელშეკრულება გააფორმა კომპანია “ნეკლისთან” ნაწარმოებების გამოყენებაზე, მათ შორის, ტელესერიალზე “...” განსაკუთრებული უფლებების შეძენასთან დაკავშირებით. ტიტრების რუსულ ენაზე თარგმნა განახორციელა მოპასუხემ. მან აღნიშნული დაადასტურა სასამართლო პროცესზე. აღნიშნულს ადასტურებდა მოსარჩელეც;
“...”-ის სცენარები პირველი 5 სერიისთვის შესრულებული იყო გ. ა-იანის მიერ. მოსარჩელის სცენარების მიხედვით გადაღებული სერიების შემდეგ შესაბამის სერიათა (სულ გადაღებულია 80 სერია) სცენარები იწერებოდა სხვა პირთა მიერ.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ რუსულ არხზე “ტ-ი” რუსულ ენაზე ფილმის ჩვენებისას მისი გვარი გახმოვანდა შეცდომით, კერძოდ, მისი გვარის ნაცვლად გახმოვანდა სხვა გვარი, ასევე, რომ ქართულ არხ “ტ.”-ზე სერიალის განმეორებით ჩვენებისას ტიტრები იყო მოჭრილი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით _ ა. ტ-ოვის წერილით და ვიდეოკასეტით აღნიშნული ვერ დასტურდებოდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა არ არსებობდა. სადავო სცენარი არ შექმნილა სამსახურებრივი დავალების წესით, იგი შეიქმნა შეკვეთით ანუ სახეზე იყო მხარეთა შორის ნაწარმოების შექმნასთან დაკავშირებული ურთიერთობა (“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 43-ე მუხლი). მოპასუხეს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეთა შორის იარსებებდა შრომითი ურთიერთობა, ნაწარმოების შექმნასთან დაკავშირებული ურთიერთობები უნდა დარეგულირებულიყო წერილობითი ფორმით, რომელიც გაითვალისწინებდა როგორც ჰონორარის, ისე ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებულ უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასეთი ხელშეკრულების შექმნის ვალდებულება, პირველ რიგში, ეკისრებოდა მოპასუხეს, რაც მას არ განუხორციელებია. იგი აღნიშნავდა, რომ აუცილებლად მიაჩნდა ხელშეკრულების საფუძველზე მხარესთან ნაწარმოების სამომავლო გამოყენების პირობების დარეგულირება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, როგორი მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა მოპასუხეს შესაბამისი ნაწარმოების გამოყენებისათვის, ამის უფლება არ ჰქონდა მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე და მოსარჩელის საავტორო უფლებების დარღვევის სანაცვლოდ. ამიტომ საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ იგი შესაბამის პროცესებს ვერ ჩაშლიდა იმის გამო, რომ მოსარჩელესთან არ იყო საბოლოო ურთიერთობა გარკვეული.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ რუსულ არხზე “ტ-ი” სერიალის ჩვენებისას მისი გვარის არასწორად გახმოვანების გამო მას ჩაეშალა შესაბამისი კონტრაქტები, რის გამოც განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ არასწორად მოხდა სერიალის გახმოვანება და რომ მოპასუხემ არასწორი თარგმანი მიაწოდა. მხოლოდ მოსარჩელის განმარტება და ა. ტ-ოვის წერილი სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად ასეთი გარემოების დასადასტურებლად. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ, მოსარჩელის განმარტებით, მოლაპარაკებები ჩაიშალა 2004 წლის სექტემბრის თვეში, მაშინ როდესაც წარდგენილი დოკუმენტებით (სატელევიზიო ტელეპროგრამები) დასტურდებოდა, რომ რუსულ არხზე სერიალი გადაიცემოდა ოქტომბრის 4 რიცხვიდან 30 რიცხვამდე. შესაბამისად, თუნდაც ყოფილიყო არასწორი გახმოვანება, ამის გამო მოსარჩელეს სექტემბერში საქმიანი მოლაპარაკებები ვერ ჩაეშლებოდა. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ ა. ტ-ოვი, რომელიც მოსკოვში 23 ოქტომბერს ჩაფრინდა, მოსარჩელის სცენარების მიხედვით გადაღებულ სერიებს ტელევიზიით ვერ ნახავდა, ვინაიდან ეს სერიები ეთერში გადიოდა 11-17 ოქტომბერს. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული ვერ გახდებოდა იმ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი, რომელიც 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ეს მოსარჩელემაც დაადასტურა თავის ახსნა-განმარტებაში.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის თანხმობის გარეშე გაყიდა სერიალი რუსეთში, ასევე, მოსარჩელის თანხმობის გარეშე მოხდა სერიალის განმეორებითი ჩვენება საქართველოში. მოპასუხემ თავად დაადასტურა, რომ სერიალის გაყიდვასთან დაკავშირებით წარმოებულ მოლაპარაკებებს ვერ ჩაშლიდა მოსარჩელის თანხმობის არარსებობის გამო (ტომი I, ს.ფ. 19-21). მოპასუხეს სადავოდ არც ის გარემოება გაუხდია, რომ საქართველოში მოხდა სერიალის განმეორებით ორჯერ ჩვენება. საქმეზე დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს არ მიუღია ჰონორარი სერიალის საქართველოში ორჯერ განმეორებით ჩვენებისა და რუსეთში მისი გასხვისებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა მოსარჩელის უფლება ჰონორარის მიღებაზე, ვინაიდან აუცილებელი იყო მისი თანხმობა სერიალის გასხვისებასა და განმეორებით ჩვენებაზე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დადება იწვევს ავტორის მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისათვის, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ ნაწარმოების ავტორებს უნარჩუნდებათ უფლება, მიიღონ ჰონორარი მოსარგებლისაგან ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის. ხელშეკრულებით სხვაგვარი შეთანხმება აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლებსა და ავტორებს შორის ბათილია. ამასთან, ასეთი ხელშეკრულების წერილობით დადება იწვევს ავტორთა მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას დამამზადებლისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის სცენარის გამოყენების პირობები გარკვეული არ ყოფილა, აღნიშნული დაადასტურა მოპასუხემაც. ასეთ პირობებში, დამამზადებლისათვის ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემის შემთხვევაშიც კი, კანონი ცალსახად ითვალისწინებს ავტორის უფლებას, მიიღოს ჰონორარი მოსარგებლისაგან (მაუწყებლობის ორგანიზაციისაგან) ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის. ხელშეკრულებით სხვაგვარი შეთანხმება ბათილია.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ იგი თითოეული სერიის გასხვისებისათვის მიიღებდა 3 000 აშშ დოლარს, ვინაიდან მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის განმარტება, რომ მან სერიალის 80 სერია რუსულ კომპანიაზე გაასხვისა 800 აშშ დოლარად. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია და სარწმუნოდაც არ მიუთითებია ჰონორარის გონივრულ ოდენობაზე. უფრო მეტიც, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია განმარტოს, თუ როგორ გაიანგარიშა ჰონორარის ოდენობა, ვინაიდან იგი კინოსცენარისტია და ამ საკითხზე ზუსტად არ შეუძლია რაიმეს თქმა (24 ივნისის სხდომის ოქმი).
საქალაქო სასამართლომ ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად ჰონორარის სახით თითო სცენარის შექმნისათვის მიიღო 800 ლარი, ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნული სერიალი მართლაც იყო პირველი ქართული სერიალი და რომ მისი საზღვარგარეთ გასხვისება ემსახურებოდა სერიალის პოპულარიზაციას და გარკვეულ პოპულარობას მოუტანდა სცენარის ავტორებსაც. საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ფაქტობრივად შემდგომი შრომა აღარ განუხორციელებია სცენართან დაკავშირებით, ამასთან, მან ვერ დაასაბუთა, თუ რა შემოსავალი შეიძლებოდა მიეღო მის მიერ შექმნილი სცენარის მართლზომიერად გამოყენებით ან რა ქონებრივი ზიანი მიიღო აღნიშნული დარღვევების გამო. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, რომ თითოეული სცენარის მიხედვით გადაღებული სერიის გასხვისებისათვის ჰონორარის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 500 ლარის გადახდა, სულ 3500 ლარი.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მისი თანხმობის გარეშე საქართველოში სერიალის ორჯერ განმეორებით ჩვენებისათვის ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას თითოეული შემთხვევისთვის 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 10 000 აშშ დოლარს. საქალაქო სასამართლომ თანხმობის გარეშე საქართველოში სერიალის ორჯერ განმეორებით ჩვენება მოსარჩელის უფლების დარღვევად მიიჩნია, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ითხოვდა იგი თითოეული ასეთი დარღვევისათვის 5 000 აშშ დოლარს. მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სერიალის თითოეული განმეორებითი ჩვენებისთვის მას შეიძლებოდა მიეღო 5 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ სასამართლოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებაც ვერ წარუდგინა, თუ რა შემოსავალს იღებდა მოპასუხე სერიალის განმეორებით ჩვენებისას. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სერიალის განმეორებითი ჩვენებისთვის 500 ლარის, მთლიანობაში 1 000 ლარის დაკისრება.
რაც შეეხებოდა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, საქალაქო სასამართლოს მითითებით, მართალია, ადგილი ჰქონდა მოსარჩელის საავტორო უფლების დარღვევას, რაც მისი თანხმობის გარეშე სერიალის გასხვისებასა და ორჯერ განმეორებით ჩვენებაში გამოიხატა, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ იყო საკმარისი საფუძველი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ იმის დამადასტურებელი, რომ რუსულ არხზე რუსულ ენაზე ფილმის ჩვენებისას მისი გვარის ნაცვლად ხმოვანდებოდა სხვა გვარი, ვერ წარადგინა, ისევე როგორც ვერ დაადასტურა, რომ ფილმის საქართველოში განმეორებითი ჩვენებისას ტიტრები იყო ამოჭრილი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით (ვიდეოკასეტა) აღნიშნული ვერ იქნა დადასტურებული. სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის განმარტება, რომ მის მიერ შესრულებული თარგმანის წარმოდგენა, რაც სასამართლოს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საშუალებას მისცემდა, შეუძლებელია დროის ხანგრძლივი პერიოდის გასვლის გამო. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ვერ მიიჩნია დადასტურებულად მოსარჩელის განმარტება, რომ რუსულ არხზე სერიალის ჩვენებისას მისი გვარის გახმოვანება ხდებოდა შეცდომით და რომ ქართულ არხ “ტ.-ზე” სერიალის განმეორებით ჩვენებისას ტიტრები იყო მოჭრილი. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ არხზე შესაბამისი სერიის გადაცემას არასწორი გახმოვანებით მოპასუხის წარმომადგენელი ადასტურებდა, შემდგომში მას აღნიშნული გარემოება აღარ დაუდასტურებია, პირიქით, უარყოფდა კიდეც. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ისინი მოპასუხეს ედავებოდნენ იმის გამო, რომ მათ რუსულ არხს მიაწოდეს არასწორი თარგმანი. აღნიშნულის დამადასტურებელი კი მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს (ტომი I, ს.ფ. 256-271).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 277-293).
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა შპს “ტ.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 295-306).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გ. კ-ავასა და შპს “ტ.-ს” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, აგრეთვე მათი სამართლებრივი შეფასება (ტომი II, ს.ფ. 61-79).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
გ. კ-ავამ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორი გ. კ-ავა აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, თუმცა არასწორად განსაზღვრა მოპასუხეზე დაკისრებული თანხის ოდენობა.
კასატორის მითითებით, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რუსეთში სერიალის ჩვენებისას მოსარჩელის, როგორც სცენარის ავტორის გვარი არ გამოცხადდა, თავად მოპასუხეც ადასტურებდა. ეს უკანასკნელი არ უარყოფდა, რომ მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს რუსულ მხარეს.
კასატორის მოსაზრებით, რომც არ დასტურდებოდეს ის ფაქტი, რომ რუსეთის ტელევიზიით სერიალის გაშვება ხდებოდა გ. კ-ავას გვარის მიუთითებლად, სახეზეა მოსარჩელის უფლების ხელყოფა, რამდენადაც სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილადაა მიჩნეული, რომ ნაწარმოების რუსეთში გაყიდვა მოხდა ავტორთან (მოსარჩელე) შეუთანხმებლად.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილსაც, რომლითაც მას უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. აღნიშნულის დასასაბუთებლად მან მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის შინაარსზე (ტომი II, ს.ფ. 88-96).
შპს “ტ.-ს” საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
შპს “ტ.-მ” მიიწვია გ. კ-ავა სატელევიზიო სერიალ “...”-ის რამდენიმე სერიის სცენარის შესაქმნელად. გარდა მოსარჩელისა, მითითებულ პროექტში ჩართული იყო 23 პირი, მათ შორის: რეჟისორი, სცენარისტები, მსახიობები და სხვა, რომლებთანაც გაფორმდა შრომითი კონტრაქტები. კონტრაქტების მიხედვით, განსაკუთრებული ქონებრივი უფლებები გადასულია შპს “ტ.-ზე”. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მოპასუხეს სურდა შეექმნა სატელევიზიო სერიალი, რისი გამოცდილებაც საქართველოში ძალიან მწირი იყო და შემდგომში მოეხდინა ამ და სხვა სერიალების პოპულარიზაცია საზღვრებს გარეთ. ამ შემთხვევაში კომერციული დატვირთვა ნაკლები იყო. შესაბამისად, შპს “ტ.-მ” შრომითი ურთიერთობები დაამყარა შემოქმედებით ჯგუფთან და ერთჯერადი ანაზღაურებით შექმნა სერიალი “...”.
კასატორი შპს “ტ.” განმარტავს, რომ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონი თანამშრომლის მიერ შრომითსამართლებრივი ურთიერთობების საფუძველზე შექმნილ ნაწარმოებს უწოდებს სამსახურებრივ ნაწარმოებს. ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (ძველი რედაქცია), სამსახურებრივი ნაწარმოების ისეთი გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რომელიც შეპირობებულია დავალების შინაარსითა და მიზნით, ეკუთვნის პირს, რომელთანაც ავტორს აქვს შრომითი ურთიერთობა, თუ მასა და ავტორს შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
კასატორის მითითებით, მოსარჩელისათვის “ტ.-ს” ოფიციალურად არ შეუთავაზებია რაიმე ჰონორარი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის. ასეთი ჰონორარი არც მოსარჩელეს მოუთხოვია მისგან. ამდენად, მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმება საავტორო ჰონორარის ოდენობისა და მისი გადახდის წესის შესახებ. შესაბამისად, რაიმე დამატებითი ჰონორარის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს არ გააჩნია
კასატორისათვის გაურკვეველია, თუ რატომ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ 500 ლარი გონივრულ ოდენობად თითოეული სერიის გასხვისებისთვის და ფილმის განმეორებითი ჩვენებისთვის, მაშინ როდესაც ისეთ ცნობილ სერიალებზე, როგორიცაა “.....”, “.....”, “.....” და სხვა, ცნობილი კომპანიები ერთ სერიაზე ითხოვენ დაახლოებით 100 აშშ დოლარს, ხოლო ასეთი სერიალების შექმნა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. აგრეთვე, ისეთი პოპულარული ფილმის ჩვენების უფლებისთვის, როგორიც არის “დ. თ.”, ტ.-მ რეჟისორებს და ავტორს გადაუხადა თითოეულს დაახლოებით 100 აშშ დოლარი. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს და სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა ის გარემოება, რომ სერიალის ჩვენების განსაკუთრებული უფლების გადაცემისთვის “ტ.-ს” 800 აშშ დოლარი ჰქონდა მიღებული, საიდან გამომდინარე სცენარის ავტორის ჰონორარის 500 ლარის ოდენობით განსაზღვრა ასევე არაგონივრულია (ტომი II, ს.ფ. 102-111).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ტ.-ს” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გ. კ-ავას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს “ტ.-ს” მიერ ტელესერიალ “...”-ის განმეორებითი ჩვენების დროს სცენარის ავტორად გ. კ-ავას მიუთითებლობის, ასევე რუსეთის ტელევიზიით მისი გვარის არასწორად გახმოვანების შედეგად საქმიანი მოლაპარაკებების ჩაშლის გამო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, ასევე ამ ნაწილებში მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებთან დაკავშირებით არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი და ამ საკითხზე კასატორ გ. კ-ავას მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია. საქმის მასალებით არ დასტურდება შპს “ტ.-ს” მიერ ტელესერიალ “...”-ის განმეორებითი ჩვენების დროს სცენარის ავტორის _ გ. კ-ავას მიუთითებლობის, ასევე რუსეთის ტელევიზიით მისი გვარის არასწორად გახმოვანების შედეგად საქმიანი მოლაპარაკებების ჩაშლისა და ამ თვალსაზრისით მიუღებელი შემოსავლის არსებობის ფაქტები. შესაბამისად, მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების დაუდასტურებლობა გამორიცხავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლიანობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია შპს “ტ.-სათვის” გ. კ-ავას თანხმობის გარეშე ტელესერიალ “...”-ის გასხვისებისა და განმეორებითი ჩვენების გამო 4500 ლარის დაკისრების ნაწილში. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ შპს “ტ.-ს” მსჯელობას, რომ სერიალის სცენარის შექმნასთან დაკავშირებით გ. კ-ავასთან მისი ურთიერთობა განხილულ უნდა იქნეს შრომითსამართლებრივ ურთიერთობად. ამ საკითხზე საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივებს, რომ გ. კ-ავას მიერ სცენარი არ შექმნილა სამსახურებრივი დავალების წესით, იგი შეიქმნა შეკვეთით (“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 43-ე მუხლი), საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და არც კასატორ შპს “ტ.-ს” აქვს წარმოდგენილი ამ საკითხზე დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. თანხის ოდენობასთან დაკავშირებით კასატორ შპს “ტ.-ს” და თავად გ. კ-ავას პრეტენზიის თაობაზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული თანხის ოდენობის განსაზღვრა გონივრულია საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე. რაც შეეხება საავტორო უფლების აღნიშნული დარღვევისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ასეთს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-17 მუხლი არ ითვალისწინებს.
გ. კ-ავას სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით რუსეთის ტელევიზიით გ. კ-ავას გვარის არასწორად წაკითხვის გამო ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია.
საქმეზე დადგენილია, რომ ტელესერიალ “...”-ის ტიტრების თარგმანი შეასრულა მოპასუხემ და მიაწოდა რუსულ მხარეს. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა და სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მოპასუხის მიერ არასწორი თარგმანის მიწოდების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასამართლომ, ერთი მხრივ, დაადგინა, რომ ტიტრების თარგმანი მოპასუხემ შეასრულა, ხოლო, მეორე მხრივ, იმის მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხემ რუსულ კომპანიას არასწორი თარგმანი მიაწოდა და სერიალი ამის გამო არასწორად გახმოვანდა, მოსარჩელეს დააკისრა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით წინააღმდეგობრივია და მტკიცების ტვირთის არასწორ გადანაწილებას ეფუძნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს, რომელმაც თარგმანი შეასრულა და მიაწოდა, ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მის მიერ შესრულებული თარგმანი სწორია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე წინააღმდეგობრივია სასამართლოს მსჯელობა არასწორად გახმოვანების ფაქტის დადგენასთან მიმართებით, რაც არ ჩაითვალა დადგენილად იმის გამო, რომ ეს ფაქტიც ვერ დაამტკიცა მოსარჩელემ, ხოლო აღინიშნა, რომ მოპასუხე ადასტურებდა ამ ფაქტს.
მოსარჩელეს მართლაც არ აქვს წარმოდგენილი აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, მის მიერ წარმოდგენილი ვიდეოკასეტა ვერ გამოდგა ვარგისი ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ აღნიშნული ფაქტის დასადგენად. მიუხედავად ამისა, საქმის მასალებში მართლაც წარმოდგენილია მოპასუხის შემდეგ განმარტება: “ჩვენ ვადასტურებთ, რომ კონკრეტულ ერთ სერიაში, რომელიც მტკიცებულების სახით წარმოადგინა მოსარჩელემ, შეცდომით იქნა გვარი წაკითხული, მაგრამ მთელ სერიალზე არ ვიცით” (ტ.1, ს.ფ. 110). ამდენად, მოპასუხე უდავოდ ადასტურებს მოსარჩელის გვარის არასწორად გახმოვანებას ერთ სერიაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხის მიერ დადასტურების გამო, საქმეზე უდავოდ დადგენილად მიიჩნევა ერთი სერიის გახმოვანებისას მოსარჩელის გვარის არასწორად მიუთითებლობა. როგორც აღინიშნა, ასევე უდავოდ დასტურდება, რომ ტელესერიალის ტიტრების თარგმანი შეასრულა შპს “ტ.-მ” და მიაწოდა რუსულ მხარეს. იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორი გახმოვანება არ იყო გამოწვეული შპს “ტ.-ს” მიერ შესრულებული და მიწოდებული თარგმანის შედეგად, შპს “ტ.-მ” ვერ დაადასტურა. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სცენარის ავტორი ითვლება აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორად. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებაა, აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია გ. კ-ავას, როგორც ავტორის არაქონებრივი უფლება. რაც შეეხება არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო გონივრულ ოდენობად მას განსაზღვრავს 200 ლარით. აღნიშნულ შემთხვევაში კასატორი გ. კ-ავა ვერ ადასტურებს, თუ რა ქონებრივი ზიანი განიცადა მან აღნიშნული არქონებრივი უფლების დარღვევით. იგი მიუთითებს მიუღებელ შემოსავალზე საქმიანი ურთიერთობების ჩაშლის გამო, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ნაწილში მისი მოთხოვნა სწორად არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის დაუდასტურებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
შპს “ტ.-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
გ. კ-ავას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინება გ. კ-ავასათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
გ. კ-ავას სარჩელის მოთხოვნა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: შპს “ტ.-ს” გ. კ-ავასათვის არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისროს 200 ლარი;
დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.