Facebook Twitter

ას-354-330-10 24 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. თ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. თ-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. თ-ძემ შ. თ-ძის მიმართ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ. თ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ. თ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით ზ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. თ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით ზ. თ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2009 წლის 18 ნოემბრის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ზ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. თ-ძემ გაცვალა ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹59-ში მდებარე მისი კუთვნილი ბინა, რომელიც მან მიიღო 1992 წლის 22 აპრილს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ა. თ-ძეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... ქ. ¹59-ში მდებარე ბინა, რომელიც შესდგებოდა 11.04კვ.მ საცხოვრებელი ფართის, 11,62 კვ.მ დამხმარე ფართისა და 4,2 კვ.მ სარდაფისაგან. ა. თ-ძის მიერ, მისთვის პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაცემული მთლიანი ფართის შ. თ-ძისათვის გაცვლის ფაქტი დასტურდება ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ცნობითაც, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹59-ში ა. თ-ძის სახელზე საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართი არ ირიცხება. შ. თ-ძის საკუთრებაშია ქ. თბილისში, ... ქ. ¹59-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. სწორედ ამ ფართს ფლობს უკანონოდ ზ. თ-ძე და, შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ მიუითითა, რომ შ. თ-ძე ითხოვს არა მთელი სახლთმფლობელობის, არამედ მხოლოდ მისი კუთვნილი წილის გამოთხოვას მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არსებობს პრეზუმფცია, რომ შ. თ-ძის მიერ საერთო ქონების წილის გამოთხოვა ხდება ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, ეს უკანასკნელი კი ვერ ასაბუთებს მისი უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვა რატომ არ გულისხმობს ამ ნივთის Yყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ გამოთხოვას ან რატომ არის ასეთი მოთხოვნა მიმართული დანარჩენ თანამესაკუთრეთა საწინააღმდეგოდ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. თ-ძემ და მიუთითა, რომ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით უდავოდაა დადასტურებული ის ფაქტი, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი მოპასუხე შ. თ-ძე, 1994 წლის 13 მაისის გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 26 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹59-ში მდებარე 11,00 კვ,მ ფართის უძრავი ქონების მესაკუთრედ, მაშინ როდესაც მითითებულ მისამართზე არსებული სახლი მდებარეობს საერთო საკუთრების ტიპის, 640,00კვ.მ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთზე, ამასთან, მოპასუხე შ. თ-ძის კუთვნილი 11,00კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი გამიჯნული არაა და შედის საერთო საკუთრების მიწის ფართში. იმავე საჯარო რეესტრის მონაცემებით, სხვა არანაირი საცხოვრებელი ან არასაცხოვრებალი ფართი ზემოთ აღნიშნულ მისამართზე შ. თ-ძის სახელზე აღრიცხული არ არის, რაც, სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 312-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, იმას ნიშნავს, რომ მას სხვა ქონებაზე საკუთრების უფლება არ მოუპოვებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ზ. თ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. თ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

ზ. თ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.