ას-357-333-2010 4 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ბ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (მოპასუხე)
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სახელფასო დავალიანების აღდგენა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ბ-ძემ საქართველოს ერთიანი სარტანსპორტო ადმინისტრაციის მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სახელფასო დავალიანების აღდგენის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა, როგორც ნ. ბ-ძემ, ასევე საქართველოს ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო 2009 წლის 29 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ერთიანი ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო პასუხის წარუდგენლობის გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 26 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-ძემ. ასევე საჩივარი შეიტანა 2009 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ძის საჩივარი, ასევე არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის განჩინებით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ნ. ბ-ძეს დაევალა საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივრის ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა სააპელაციო პასუხი, ამასთან განემარტა, რომ სააპელაციო პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მის წინააღმდეგ გამოსულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე დადგენილია, რომ ნ. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 4 მაისის განჩინების ასლი, საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სააპეელაციო საჩივარი და შესაგებლის ფორმა 2009 წლის 5 მარტს, ამდენად, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე გზავნილის ჩაბარებასთან ერთად გაფრთხილებულ იქნა სააპელაციო საჩივრის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის შედეგებთან – დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ასევე დადგენილია, რომ ნ. ბ-ძის მიერ სააპელაციო პასუხი არ ყოფილა წარმოდგენილი, გარდა ამისა, მას სააპელაციო პასუხის წარუდგენლობისათვის საპატიო გარემოებებზეც არ მიუთითებია, ამდენად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. მას დადგენილი წესით ჩაჰბარდა სააპელაციო საჩივრის ასლი და, ასევე იქნა გაფრთხილებული შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებზე, რაც თვითონაც არ გაუხდია სადავოდ.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-ძემ. მან მიუთითა, რომ 2009 წლის 16 თებერვალს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში. ასევე სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ _ საქართველოს ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტარციამ, რის გამოც მას უნდა წარმოედგინა შესაგებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოიტანდნენ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. შესაგებლის წარმოდგენასთან დაკავშირებით ის გაფრთხილებული არ ყოფილა და ვერც წარმოიდგენდა, თუ მის წარმოუდგენლობის გამო სასამართლო არაფრად ჩააგდებდა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს განიხილა საკაკსაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა კანონით დადგენილ ვადაში შესაგებლის სასამართლოში შეუტანლობის გამო. შესაგებელს გააჩნია თავისი ფორმა, შინაარსი და წარდგენის ვადა, რომელიც განსაზღვრულია სსკ 201-ე მუხლით. შესაგებელში მითითებული უნდა იყოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც სამოქალაქო კანონმდებლობა უკავშირებს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს წერილობითი ფორმა და წარდგენილი იყოს განსაზღვრულ ვადაში, რათა მხარეს მიეცეს საშუალება სათანადოდ მოემზადოს და დაიცვას თავი სასამართლო პროცესზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, კერძოდ, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მხარეთა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, შესაგებლის წარმოუდგენლობა, საპროცესო მოქმედებათა შესასრულებლად გათვალისწინებული ვადის დარღვევა იწვევს პროცესის გაჭიანურებასა და ხარჯების გაზრდას. საქმის განხილვის დაჩქარება კი მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქმეთა დროულად განხილვა და გადაწყვეტა. მოპასუხემ დროულად უნდა შეასრულოს საპროცესო მოქმედებები, რისი უზრუნველყოფაც ხდება სწორედ კოდექსის 2321 მუხლის საშუალებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს პირველ ინსტანციაში საქმეთა განხილვის მომწესრიგებელი ნორმებით, თუ საპროცესო კოდექსი სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის სპეციალურ ნორმებს არ ადგენს ამ ინსტანციაში საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე.
აღნიშნულიდან გამომდინარე გასარკვევია არსებობს თუ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების წესებში ნორმა, რომელიც განსაზღვრავს შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამდგარ სამართლებრივ შედეგებს.
ასეთი ნორმა არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის სახით არსებობს ნორმა, რომლითაც განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგები. თუმცა ეს სხვა ურთიერთობაა და ამ ნორმას ვერ გავავრცელებთ შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაზე.
შესაბამისად, 372-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის.
სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას არა მარტო სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი თვალსაზრისითაც. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პრეზუმფციასაც ეფუძნება. სასამართლოს გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გაამართლებენ მასში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების ცნობა-არცნობასთან და ფაქტობრივი გარემოებების არსებობასთან არის დაკავშირებული. 387-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რაც მიუთითებს რომ ასეთი სახის ღონისძიებები სააპელაციო სასამართლოს ბუნებიდან გამომდინარე მიუღებელი არ არის.
მოცემულ შემთხვევაში კანონში არ არის ბუნდოვანი დებულებები, რომლებიც დაზუსტებას და შევსებას, მისი იურიდიული ბუნების ანალიზს საჭიროებს. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ანალიზით ვცდებით კანონის საფუძველზე დავის გადაწყვეტის ფუნქციებს და ვიძენთ მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტის ფუნქციას. კანონის ინტერპრეტაცია კანონის ტექსტს უნდა ემყარებოდეს და მაქსიმალურად ცდილობდეს კანონის ტექსტის საფუძველზე დაადგინოს კანონის აზრი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა ყველა სამართლებრივი წინაპირობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ხდება მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას, კერძოდ ერთ-ერთი ასეთი პირობაა, რომ არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულის კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მითითებული გარემოებების არსებობისას, კერძოდ თუ ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა შესაგებლის წარმოდგენაში, ან თუ მოპასუხეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. გარდა ამ ორი გარემოებისა სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულია, რომ საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება, ან სხვა განსაკუთრებით ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამასთან, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხალმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულია, რომ საპატიო მიზეზის განმარტება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის. შესაბამისად 2321 და 201-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული საპატიო მიზეზის განმარტება უნდა მოხდეს 215-ე მუხლი მე-3 ნაწილის მიხედვით.
აქედან გამომდინარე, იმ საპატიო მიზეზებს, რომელთა გამოც მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა არ გამოიწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას წარმოადგენენ: დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა შესაგებლის წარმოდგენაში; თუ მოპასუხეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; მხარის ავადმყოფობა; ახლო ნათესავის გარდაცვალება; სხვა განსაკუთრებით ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შესაგებლის წარდგენას.
ნ. ბ-ძე ვერც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარში და ვერც საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს იმ საპატიო მიზეზებს, რომელთა არსებობა, ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. საკასაციო საჩივრის ძირითადი ნაწილი დათმობილი სასამართლოს, მოსამართლეთა და სხვადასხვა პირთა ქმედებების შეფასებებს. ერთადერთი მიზეზი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი არის კასატორის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ იგი გაფრთხილებული არ იყო შესაგებლის წარმოდგენის აუცილებლობაზე და არც მისი წარმოუდგენლობის შედეგებზე. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მოყვანილი ეს არგუმენტი არ შეესაბამება საქმეში არსებულ გარემოებებს, რის გამოც იგი არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 4 მარტს განჩინებით წარმოებაში მიიღო საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარი. იმავე განჩინებით ნ. ბ-ძეს დაევალა 7 დღის ვადაში წარედგინა წერილობითი შესაგებელი. განჩინებაში მითითებულია შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებიც. გზავნილი, რომლითაც გაიგზავნა მითითებული განჩინება სხვა მასალებთან ერთად, კასატორს ჩაბარებული აქვს პირადად. შესაგებელი კი შეტანილია განჩინებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული გარემოებანი მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებებს ადგილიარ Hჰქონია და შეუძლებელია იგი გაზიარებულ იქნეს საკასაციო პალატის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა Yვლის, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.