ას-357-337-11 29 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე –Mბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. და ე. რ-ძეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ დ. მ-შვილისა და თ. გ-ძის სარჩელის გამო მოპასუხე მ. და ე. რ-ძეების მიმართ. დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. და ე. რ-ძეების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში სრულად არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ე. და მ. რ-ძეების საკასაციო საჩივარს 2011 წლის 18 მარტის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 425 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
2011 წლის 29 მარტს კასატორებმა სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვეს. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორების ეს შუამდგომლობა და 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ხარვეზის გამოსწორების ვადა 7 (შვიდი) დღით გაუგრძელა.
2011 წლის 20 აპრილს მ. და ე. რ-ძეებმა კვლავ განცხადებით მომართეს სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვეს.
საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორებმა წარმოადგინეს სახელფასო ცნობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელფასო ცნობა უტყუარად არ ადასტურებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. სხვა მტკიცებულება კი, გარდა სახელფასო ცნობებისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 63-ე, 285-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. და ე. რ-ძეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.