ას-358-334-2010 5 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “ჯ-ი”
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “თ-ა”, სს “ს-ი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “თ-ამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “წ-ის” მიმართ მოპასუხისათვის სს “თ-ას” კუთვნილ შენობაში შემავალი წყლის მილის გაუქმებისა და ამავე შენობაში მდებარე სს “ს-ის” აბონენტის გაუქმების დავალდებულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: სს „თ-ა“ მდებარეობს ... გამზირ ¹64-ში. ამ მისამართზე „თ-ას“ კუთვნილ შენობაში წლების მანძილზე ფუნქციონირებდა სს „ს-ი“, რომელიც დარეგისტრირდა შპს „წ-ის“ აბონენტად. მასვე დაევალა ტექნიკური პირობა, შეეყვანა შენობაში წყალი შენობაზე ბანკის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნის გარეშე. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს შეექმნა დამატებითი სირთულეც, რადგან „ს-ის“ წყლის მილსადენი გადის ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე (... გამზირის მხრიდან) და შედის სს „თ-ას“ ტერიტორიაზე. ამასთან, მილსადენზე წყლის მრიცხველი დაყენებულია ცენტრალურ მაგისტრალთან, განშტოებიდან 25-30 მეტრში, არ არის დაცული და მისი დაზიანების შემთხვევაში წყლის ხარჯი არ აღირიცხება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს „ს-ი“ აბონენტად იქნა აყვანილი 2003 წლის 10 იანვარს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. ამასთან, დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული „წ-ის“ საარქივო მასალებში შენახვის ვადის ხანდაზმულობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დავაში მოსარჩელის მხარეზე მესამე პირად ჩაერთო სს “ს-ი”. ამავე სასამართლო 2009 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “წ-ს” დაევალა ქ.თბილისში, ... გამზირის ¹64-ში მდებარე სს “ს-ის” ფილიალის აბონენტად აღრიცხვის გაუქმება და მოსარჩელის საკუთრების (მიწის ნაკვეთის) გამოყენებით წყლის მიწოდების შეწყვეტა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “წ-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით შპს “წ-ის” უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს “ჯ-ი”, ხოლო 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სს “ს-ი” დავაში ჩაბმულ იქნა თანამოპასუხედ. ამავე სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შპს “ჯ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.თბილისში, ... გამზირ ¹64-ში მდებარე შენობა-ნაგებობა ¹1-დან ¹39-ის ჩათვლით საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე “თ-ას“ სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტის მითითება საკუთრების ჩანაწერზე დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიმდინარეობის შესახებ ვერ აბათილებს რეესტრის ჩანაწერის უტყუარობას, ამდენად ჩანაწერში არსებული გარემოება წარმოადგენს პრეზუმფცირებულ ფაქტს მისი უზუსტობის დამტკიცებამდე. სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერში არსებული მოსარჩელის საკუთრების უფლების უარყოფის საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებას საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ს-ის“ ნაძალადევის ფილიალი განთავსებულია ქ.თბილისში, ... გამზირ ¹64-ში მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე. სს „ს-ის“ ... გამზირ ¹64-ში მდებარე ფილიალზე „ბ-ის“ (შპს „წ-ის“) მიერ აბონენტის პასპორტი გაცემულია 2003 წლის 10 იანვარს და მას წყალი მიეწოდება სს „თ-ას“ ტერიტორიაზე მოწყობილი წყალგაყვანილობის საშუალებით. პალატის მითითებით, აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტს, რომ სს „ს-ს“ მოპასუხის მიერ წყალი მიეწოდება მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარე თავისი პოზიციის დადასტურებას შეეცადა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელემ აღნიშნული საკითხი სადავო გახადა მხოლოდ 2007 წლიდან. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 1 მარტის ¹3-3 გადაწყვეტილებით დადგენილი საქალაქო წყალსადენით სარგებლობის წესების 26-ე პუნქტის შესაბამისად, ტრანზიტული შემყვანების მოწყობა მეზობელი ობიექტების ტერიტორიაზე შესაძლებელია ტერიტორიის მფლობელის თანხმობით „ბ-თან“ შეთანხმების საფუძველზე.
პალატამ ჩათვალა, რომ საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელის თანხმობის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება, რის გამოც სადავოდ გამხდარი გარემოების მტკიცების ტვირთი აპელანტის მიერ რეალიზებული არ არის. აღნიშნულ გარემოებას კიდევ უფრო განამტკიცებს სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2009 წლის 10 თებერვლის მომსახურების ხელშეკრულება სს „ს-სა“ და სს „თ-ას“ შორის, რომლის შესაბამისადაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „თ-ას“ მიერ ქ.თბილისში, ... გამზირ ¹64-ში მდებარე ბანკის ფილიალისათვის ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების უზრუნველყოფა. პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა – მესაკუთრესა და მის ტერიტორიაზე განთავსებულ ბანკს შორის შეთანხმების წინაპირობას წყლის მიწოდების უზრუნველყოფაზე, რაც ამგვარი შეთანხმების არსებობის პირობებში თავიდან არ დაიდებოდა.
ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სს „ს-ს“ შპს „ჯ-ის“ მიერ წყალი მიეწოდება მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად გამოიყენა დავის გადასაწყვეტად თბილისის საკრებულოს 2000 წლის 1 მარტის ¹3-3 გადაწყვეტილებით დადგენილი საქალაქო წყალსადენით სარგებლობის წესები, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი და 172-ე მუხლის მეორე ნაწილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ჯ-მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არასწორად მიიჩნია, რომ სს „ლ-ის“ ნაძალადევის ფილიალი განთავსებულია სს „თ-ას“ ტერიტორიაზე, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარეობს დავა სს „ლ-ს“, სს „თ-ას“ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ქ.თბილისში, ........... პირველის ¹64-ში მდებარე ქონებაზე სს „ლ-ის“ საკუთრების უფლების არსებობის თაობაზე.
სასამართლომ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი სს „თ-ას“ სახელზე ... ¹64-ში მდებარე ქონებაზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის არსებობასთან დაკავშირებით ისე, რომ საერთოდ არ უმსჯელია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში არსებულ ჩანაწერზე, რომელზეც, ამავე კოდექსის 1515-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ვრცელდება სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია და, შესაბამისად, ... გამზირ ¹64-ში მდებარე 244 კვ.მ არასაცხოვრებელი და 311 კვ.მ განაშენიანების ფართი წარმოადგენს სს „ლ-ის“ საკუთრებას.
სასამართლოს მოსაზრებით, სს „ლ-სა“ და სს „თ-ას“ შორის 2009 წლის 10 თებერვლის მომსახურების ხელშეკრულებით დასტურდება, რომ სს „თ-ასთან“ სს „ლ-ის“ ნაძალადევის ფილიალის წყლით მოსამარაგებლად წყალსადენის მოწყობასთან დაკავშირებით მისი ტერიტორიის გამოყენებაზე შეთანხმება არ არსებობს და სს „ლ-ის“ ფილიალის წყლით უზრუნველყოფა მხოლოდ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ხდება, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნული ხელშეკრულების კანონიერების საკითხზე, მათ შორის იმაზე, უფლებამოსილია თუ არა სს „თ-ა“, განახორციელოს ხელშეკრულების საგნით გათვალისწინებული მომსახურება შესაბამისი ნებართვებისა და ლიცენზიების გარეშე.
სასამართლოს საერთოდ არ გამოურკვევია, სს „ლ-ის“ ნაძალადევის ფილიალის წყალმომარაგების მილები განლაგებულია სს „თ-ას“ თუ სს „ლ-ის“ ნაძალადევის ფილიალის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასევე შესაძლებელია თუ არა სს „ლ-ის“ ნაძალადევის ფილიალის წყლით მომარაგება სს „თ-ას“ ტერიტორიის გამოყენების გარეშე მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა შპს „ჯ-მა“ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში დააყენა აღნიშნული სახის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით შპს “ჯ-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “ჯ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია მესაკუთრის ნებართვის გარეშე მისი ტერიტორიით სარგებლობის მართლზომიერება. ასევე კასატორი სადავოდ ხდის საჯარო რეესტრში აღრიცხული საკუთრების უფლების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხებზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე და 172-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “ჯ-ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 21 მაისს მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ჯ-ის” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს “ჯ-ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.