ას-359-339-2011 30 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს «სადაზღვევო კომპანია ... ...» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,სადაზღვევო კომპანია ... ...ს» მიმართ 98351,27 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წლის 26 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹523 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მზღვეველმა იკისრა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის აპარატის მოსამსახურეების, დაწესებულების მოსამსახურეებისა და დაწესებულებაში მყოფი პატიმრების/მსჯავრდებულების და სასაჯელაღსრულების დაწესებულებების მედიკამენტებითა და კვალიფიცირებული, ლიცენზირებული სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2007 წლის პირველ ნოემბერს, ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ზემოაღნიშნული პირებისათვის მედიკამენტებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ახორციელებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.
2007 წლის პირველი ნოემბრიდან სასჯელაღსრულების სისტემის სადაზღვევო მომსახურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მზღვეველმა გადაიბარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული, დეპარტამენტის მიერ შეძენილი 98351.27 ლარის ღირებულების მედიკამენტები, რაც დასტურდება 2007 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით შედგენილი სასაქონლო ზედნადებებით. აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები ხელმოწერილია ერთი მხრივ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების და მეორე მხრივ, სს «სადაზღვევო კომპანის ... ...სა» და მისი ზარალების მენეჯერის მიერ. დეპარტამენტს, მედიკამენეტების საფასურის გადაუხდელობის გამო, წარმოეშვა დავალიანება შპს «... ფარმას» მიმართ 2007 წლის 29-31 ოქტომბერს მიწოდებული მედიკამენტებისათვის, რომლის ღირებულებაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არ აუნაზღაურებია, რადგანაც ამ უკანასკნელმა მიიჩნია, რომ მზღვეველი აანაზღაუდებდა მედიკამენტების ღირებულებას, რასაც მოსარჩელე გადასცემდა შპს «... ფარმას». თავად მედიკამენტები სს «სადაზღვევო კომპანის ... ...მ» გამოიყენა მსჯავრდებულთა/პატიმართა სამედიცინო მომსახურებისათვის, რაც დასტურდება მზღვეველის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის გადაცემული მედიკამენტების პირველადი შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, რომელიც დაწესებულებაში შეტანილ იქნა 2007 წლის 18 ნოემბრიდან. მზღვეველი ვალდებული იყო, თავად უზრუნველეყო დაზღვეულ პირთა მომარაგება მედიკამენტებით, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის გადაეხადა მათი ღირებულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
2007 წლის 26 ოქტომბერს მხარეთა შორის მართალია გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და აღნიშნული ძალაში შევიდა ამავე წლის პირველი ნოემბრიდან, თუმცა მისი პირველი ლოტი (მომსახურების გაწევა) ამოქმედდა 2009 წლის პირველი თებერვლიდან, მოპასუხემ მიუთითა, რომ დაუსაბუთებულია მოსარჩელის მსჯელობა მედიკამენტების გადაბარების თაობაზე, რადგანაც მხარე ამას სათანადოდ ვერ ასაბუთებს, რაც შეეხება სასაქონლო ზედნადებებს, მათი უმრავლესობა არ არის ხელმოწერილი, ნაწილი კი ხელმოწერილია ფიზიკური პირების მიერ, რომელთათვისაც მოპასუხეს აღნიშნულის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია. ამდენად, მედიკამენტების გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, ხოლო სადაზღვევო კომპანიის მიერ ხელმოწერილი და კომპანიის ბეჭდითვე დამოწმებული სასაქონლო ზედნადებები ადასტურებს არა სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ, არამედ სწორედ სადაზღვევო კომპანიის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის მედიკამენტების გადაცემის ფაქტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარჩელი სს ,,სადაზღვევო კომპანია ... ...ს» მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს ,,სადაზღვევო კომპანია ... ...ს» სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 90 722,08 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სს «სადაზღვევო კომპანია ... ...ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია და მასში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მატერიალურ და პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «სადაზღვევო კამპანია ... ...მ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, მან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, რადგანაც ერთადერთი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა მხარეთა შორის, არის 2007 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულება, იგი ძალაში შევიდა 2007 წლის პირველი ნოემბრიდან და მისი პირველი ლოტის თანახმად, სადაზღვევო კომპანიას დამძღვევისათვის უნდა გაეწია შემდეგი სახის მომსახურება: ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უზრუნველყოფა საჭირო სამედიცინო პერსონალით; ბ) მოწვეული კონსულტანტებითა და შესაბამისი პროფილის ექიმებით; გ) საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მანქანებით პატიმართა ტრანსპორტირებით; დ) სასჯელაღსრულების უზრუნველყოფა მედიკამენტებითს ბაზით (პირველად საჭიროების მედიკამენტებით) და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გასაწევი პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი პირველადი საჭიროების მასალებითა და ინსტრუმენტებით.
მხარეთა შორის სხვა გარიგება მედიკამენტების გადაცემის თაობაზე არ დადებულა, რის გამოც დაუსაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მან გაიზიარა დადგენილი ფაქტი, მხარეთა შორის 100000 ლარამდე ღირებულების მედიკამენტების ნასყიდობის თაობაზე, რომელიც დაიდო ზეპირი ფორმით.
საქმეში წარმოდგენილ ზედნადებებზე ხელმოწერა ეკუთვნით პირებს, რომლებიც მისი ხელმოწერის დროისათვის _ 2007 წლის პირველი ნოემბრისათვის აღარ იყვნენ საჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულების თანამშრომლები, ამ პირებს 2007 წლის პირველი ნოემბრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებთან გაფორმებული ჰქონდათ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, თუმცა კომპანიას მათთვის საზოგადოების სახელით მედიკამენტების შესყიდვის უფლებამოსილება არ მიუნიჭებია. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სახეზეა წარმომადგენლობის უფლებამოსილების ნაკლი, რაც მოსარჩელისათვის იმთავითვე ცნობილი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია და სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად გაიზიარა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, ასევე სამოქალაქო კოდექსის 103-ე და 111 მუხლების არასწორი განმარტება, როდესაც მიიჩნია, რომ კომპანიის ზარალების მენეჯერი უფლებამოსილი იყო სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების გარეშე თავად გადაეწყვიტა და საკუთარი ინიციატივით კომპანიის სახელით შეეძინა ქონება _ მედიკამენტები, მაშინ, როდესაც კომპანიის გენერალურ დირექტორს ქონების მინიჭების უფლებამოსილება არც ერთი თანამშრომლისათვის არ გადაუცია.
კასატორის მითითებით, საქალაქო სასამართლომ ყოველგავარი საფუძვლის გარეშე დაადგინა და სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულაბაში მედიკამენტების 2007 წლის 18 ნოემბერს, ხოლო სხვა დაწესებულებაში მოგვიანებით გადაცემა, სადავო მედიკამენტების კომპანიის მიერ შეძენას ადასტურებდა, რადგანაც 2007 წლის 18 ნოემბრისათვის მედიკამენტების გადაცემა ადასტურებს მხოლოდ მზღვეველის მიერ ვადის სიმცირის პირობებში ხელშეკრლებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას და არა სადაზღვევო კომპანიის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის მედიკამენტების გადაცემის ფაქტს. კასატორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლის კანონიერების შესამოწმებლად სააპელაციო სასამართლოს არც კი უმსჯელია, არამედ მან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით სს «სადაზღვევო კომპანის ... ...ს» საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სს «სადაზღვევო კომპანია ... ...ს» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ზემოხსენებული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს შეუძლია, მხოლოდ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნების გაზიარების შესახებ ზოგადი მითითებით შემოიფარგლოს. კანონის ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებსა და სასამართლოს, როგორც პირის ინტერესების დაცვის ეფექტური საშუალების მიზნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. «მოკლე დასაბუთება» არ ნიშნავს ბლანკეტურ მითითებას. ამგვარი დასაბუთებით არ უნდა ირღვეოდეს 249-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, შეიძლება ეს შეფასებები და დასკვნები არ გაიმეოროს, მაგრამ დასაბუთება უნდა შეიცვალოს თითოეულ მათგანზე და არა ზოგადად გადაწყვეტილებაზე ან მის რომელიმე სტრუქტურულ ნაწილზე მითითებით.
«ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის» ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი კუთხით არ შეუფასებია. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე სასამართლოს, თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია ცალკეული მტკიცებულებები არასარწმუნოდ მიიჩნიოს და არ გაიზიაროს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა აისახოს, რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა სასამართლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამგვარ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა დაასაბუთოს თავისი მოსაზრებები საქმის ფაქტობრივ გარემოებათა და მათ იურიდიულ შეფასებათა თაობაზე და გადაწყვიტოს დავა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს «სადასაზღვევო კომპანია ... ...ს» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.