Facebook Twitter

¹ას-361-341--11 20 ივნისი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ა-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები _ თ. ზ-ლი, ტ. ზ-ლი. ნ. ც-ია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ხელშეკრულების მოშლილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ც-იამ, თ. და ტ. ზ-ლებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მ. ა-შვილის მიმართ ხელშეკრულების მოშლილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 8 ნოემბერს ნ. ც-იამ და ნ. ზ-ლმა მოპასუხე მ. ა-შვილთან სანოტარო ფორმის დაცვით დადეს უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებაში მყიდველად მოხსენიებულ მ. ა-შვილს, 2007 წლის 15 ნოემბრამდე 70000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში უნდა გადასცემოდა თბილისში, ... ქუჩა ¹39-ში მდებარე ¹78 ბინა. მ. ა-შვილს დღემდე სრულად არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება. 2008 წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა ნ. ზ-ლი, მისი დანაშთი ქონების მიმართ 2009 წლის 21 მარტს გაიცა სამკვიდრო მოწმობა და ამ მოწმობის საფუძველზე თბილისში, ... ქუჩა ¹39-ში მდებარე ¹78 ბინის 1/2 ნაწილის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ნ. ზ-ლის მემკვიდრეები (შვილები) თ. და ტ. ზ-ლები.

მოპასუხე მ. ა-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან მის (უფრო სწორედ კი თ. თ-ძის) მიერ ხდებოდა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქმეში არსებული მასალებით კარგად ჩანს, რომ ის მალე გადაიხდიდა 70 000 აშშ დოლარიდან დარჩენილ თანხას – 27 000 აშშ დოლარს. შესაბამისად, შესრულდებოდა წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. თუკი მოსარჩელე მხარე თვლის, რომ დაირღვა ხელშეკრულების შესრულების ვადა, რის გამოც უარს ამბობს ხელშეკრულებაზე, მაშინ მოსარჩელე მხარეს უნდა გაეთვალისწინებინა სამოქალაქო კოდექსით კრედიტორისთვის დადგენილი დამატებითი ვადის მიცემის ან გაფრთხილების მოვალეობა ხელშეკრულების მოშლისას. აღნიშნულს კი ვერ ადასტურებს მოსარჩელე თავისი სარჩელით და თანდართული დოკუმენტებით. ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები, არ არსებობს გამომდინარე იქიდან, რომ ნ. ც-იას და ნ. ზ-ლს მიღებული აქვთ გადასახდელი სრული თანხის 70 000 აშშ დოლარის ნაწილი – 43 000 აშშ დოლარი. მათ რომ რაიმე საწინააღმდეგო ჰქონოდათ ამ ხელშეკრულების, მაშინ არც თანხას მიიღებდნენ. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, მოსარჩელე მხარეს არაფერი აქვს ნახსენები სარჩელში მიღებული თანხის უკან დაბრუნებაზე.

მესამე პირმა თ. თ-ძემ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ც-იას, თ. და ტ. ზ-ლების სარჩელი; მოშლილად იქნა ცნობილი გამყიდველებს _ ნ. ც-იას, ნ. ზ-ლსა და მყიდველ მ. ა-შვილს შორის 2007 წლის 8 ნოემბერს სანოტარო ფორმის დაცვით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 8 ნოემბერს ნ. ც-იას, ნ. ზ-ლსა და მ. ა-შვილს შორის სანოტარო ფორმის დაცვით დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. ამ გარიგების თანახმად, ნ. ც-იამ და ნ. ზ-ლმა ნება გამოხატეს მ. ა-შვილისათვის მიეყიდათ თბილისში, ... ქუჩა ¹39-ში მდებარე ¹78 ბინა იმ პირობით, თუ მყიდველი _ მ. ა-შვილი 2007 წლის 15 ნოემბრამდე გადაიხდიდა 70 000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მხარეებმა ამ პირობის შესრულებას და ვადას დაუკავშირეს ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება, რომლითაც გამყიდველები (ნ. ც-ია და ნ. ზ-ლი) მყიდველს (მ. ა-შვილს) გადასცემდნენ საკუთრების უფლებას ხელშეკრულების საგანზე. ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებაც «ბე». ჯერ კიდევ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე მ. ა-შვილმა ნ. ც-იასა და ნ. ზ-ლს ,,ბე-ს” ანგარიშში გადაუხადა 5 000 აშშ დოლარი. მხარეთა შორის დავას არ იწვევდა და ამასთან, საქმეში მტკიცებულებების სახით წარდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს «...ის” მიერ 2006 წლის 8 ნოემბერს მიღებული ¹01/06-200 საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2007 წლის 7 მარტს გაცემული ¹01/33-25 განკარგულების ასლებით დადასტურებული იყო ის გარემოებები, რომ ნ. ჩ-იას, ნ. ზ-ლს\ და მ. ა-შვილს შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთობები. ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში კრედიტორებს (ნ. ც-იასა და ნ. ზ-ლს) მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ნატურით გადაეცათ თბილისში, ... ქუჩა ¹39-ში მდებარე, მ. ა-შვილის კუთვნილი ბინა ¹78. სამკვიდრო მოწმობის ასლით დადასტურებულია, რომ სადავო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, გამყიდველად წოდებული ნ. ზ-ლი გარდაიცვალა 2008 წლის 19 სექტემბერს და მისი დანაშთი სამკვიდრო (აქტივი და პასივი) მიიღეს შვილებმა თ. და ტ. ზ-ლებმა, რაც ადასტურებს მათ უფლებამონაცვლეობას აწ გარდაცვლილი დედის _ ნ. ზ-ლის უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ თბილისში, ... ქუჩა ¹39_ში მდებარე ¹78 ბინის 1/2 ნაწილის მესაკუთრე იყო მოსარჩელე ნ. ც-ია, ხოლო 1/2 ნაწილის თანამესაკუთრეები იყვნენ მოსარჩელეები თ. და ტ. ზ-ლები. ამასთან, დადასტურებული იყო ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ბინა სადავო ხელშეკრულების საფუძვლით დატვირთული იყო მოპასუხე მ. ა-შვილის მომავალი საკუთრების უფლებით. მხარეთა შორის სადავოდ იყო ქცეული ის გარემოება, თუ რა რაოდენობის თანხა ჰქონდა გადახდილი მოპასუხე მ. ა-შვილს 2007 წლის 8 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის ფარგლებში. მხარეები თანხმდებოდნენ, რომ მ. ა-შვილს ხელშეკრულების ვადის დარღვევით, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ჰქონდა შესრულებული თავისი ვალდებულება. სასამართლომ მიუთითა, რომ თუ გათვალისწინებული იქნებოდა მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, მას მოსარჩელეთათვის გადასახდელი დარჩა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) აშშ დოლარი. დადგენილია, რომ მ. ა-შვილს გადაწყვეტილების გამოტანის დღისათვის სრულად არ შეუსრულებია 2007 წლის 8 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა მინიმუმ 27 000 აშშ დოლარს.

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის (ხელშეკრულების მოშლის) პირობებსა და წესს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სადავო ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო კრედიტორთა _ ნ. ც-იასა და ნ. ზ-ლის მხრიდან, მ. ა-შვილისათვის ანგარიშის გაწევით, რათა მას მისცემოდა ბინის შენარჩუნების საშუალება. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულების დადება არ იყო განპირობებული მხოლოდ ამ გარემოებით და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა კრედიტორთა ინტერესები, კერძოდ, კონკრეტული ვადის დათქმით მათ მიეღოთ თავის დროზე მ. ა-შვილისათვის სესხის სახით გადაცემული და კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით აღიარებული (დადასტურებული) თანხა. აღნიშნულის მიუხედავად, მ. ა-შვილს ჯერ კიდევ 2007 წლის 15 ნოემბრისათვის შესასრულებული ვალდებულება არ ჰქონდა სრულად შესრულებული. სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მ. ა-შვილის სამომავლო საკუთრების უფლება, დასტურდებოდა მოცემული აღიარებითი სარჩელის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესის არსებობა და ამას განაპირობებდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მიმართ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება მ. ა-შვილმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის თანახმად სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და ზემოთხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით შემოიფარგლა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მითითებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ა-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მ.ა-შვილმა მოპასუხეთა მიმართ ვალდებულება შესრულებული იყო ნაწილობრივ. სასამართლომ ისე იმსჯელა დამატებითი ვადის განსაზღვრის ან გაფრთხილების ვალდებულებაზე, რომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა, არსებობდა თუ არა ხელშეკრულების მოშლის საფუძველი, ანუ სასამართლოს უნდა შეეფასებინა და ემსჯელა ჯერ ხელშეკრულების მოშლის საფუძველზე და მხოლოდ ამის შემდეგ განესაზღვრა, არსებობდა დამატებითი ვადის განსაზღვრისა თუ გაფრთხილების აუცილებლობა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ვინაიდან მხარეთა მიერ დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. ა-შვილმა ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება, სასამართლოს უნდა ემსჯელა არსებობდა თუ არა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გარემოება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს, მინიმუმ ის მაინც უნდა დაემტკიცებინათ, რომ ხელშეკრულების ნაწილობრივი დარღვევით მათ ინტერესი აღარ გააჩნიათ მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმართ. თავის მხრივ, დამატებითი ვადის დაწესების ან გაფრთხილების საფუძველი არსებობს მაშინ, როდესაც არსებობს ხელშეკრულების მოშლის წინაპირობა. ამაზე კი, არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებს არ უმსჯელიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ფაქტობრივად და სამართლებრივად უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები სრულად არის გამოკვლეული და სამართლებრივად სწორადაა შეფასებული, რის გამოც იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით, რომელიც აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს მართლმსაჯულების აქტს, რომელიც გამოიტანება საქმის განხილვის შედეგად და უნდა პასუხობდეს კანონის მოთხოვნებს. სასამართლო გადაწყვეტილების უპირველესი ფუნქცია მოდავე პირებისათვის უფლებათა და ვალდებულებათა არსებობა-არარსებობის დადგენაა, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მართლწესრიგის დამკვიდრებას და სამართალდარღვევის პროფილაქტიკას.

სასამართლო გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონი აწესებს მკაცრ მოთხოვნებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსთან მიმართებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანაწესით, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა (მე-2 მუხლი), პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასთან ერთად იგულისხმება სასამართლოს ვალდებულება, დასაბუთებულად დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას მის მოთხოვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას. გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილი ნათლად უნდა ასახავდეს სასამართლოს შემეცნებით მსჯელობას ფაქტებთან მიმართებით (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებით მსჯელობას დადგენილი ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად, გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება, იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი. პირის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლება, მისი სადავოდ ქცეული უფლების სამართლიანი სასამართლო განხილვისა, მოიცავს პირის უფლებას, იცოდეს, მის დავასთან დაკავშირებით, რომელ ფაქტებსა და კანონებზე დაყრდნობით მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება. კანონით გარანტირებულია სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების სისტემა (აპელაცია, კასაცია) და დაინტერესებულ პირს, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპით, შეუძლია გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, გარდა კანონით ზუსტად გათვალისწინებული გამონაკლისისა. ამასთან, როდესაც პირი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, როგორც მისთვის მიუღებელსა და არადამაჯერებელს, სააპელაციო სასამართლომ, რომელიც ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, დასაბუთებულად უნდა განუმარტოს აპელანტს, თუ რატომ, რომელ ფაქტებსა და ნორმებზე დაყრდნობით არ იზიარებს მის თითოეულ სააპელაციო პრეტენზიას. ზემოაღნიშნული უდევს საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის დანაწესს, რომლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებების გაზიარების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება იცვლება მათზე _ გაზიარებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მათ შეფასებაზე მითითებით. კანონის აღნიშნული დათქმა არ ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, რომლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, დასაბუთებული პასუხი გასცეს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებს. სასამართლოს უპირველეს ფუნქციას სწორედ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება და იმ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა წარმოადგენს, რაც გააჩნია მოდავე მხარეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა დაასაბუთოს თავისი მოსაზრებები საქმის ფაქტობრივ გარემოებათა და მათ იურიდიულ შეფასებათა თაობაზე და გადაწყვიტოს დავა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.