ას-36-35-10 1 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,ს-ა”
წარმომადგენელი – ნ. კ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. კ-შვილს დაეკისრა შპს „ს-ას“ სასარგებლოდ 1770,72 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
მოპასუხე მ. კ-შვილი 2005 წლის 4 ივლისიდან მუშაობდა შპს „ს-ის“ ფილიალში – „მგზავრთა გადაყვანა“ – მოლარის თანამდებობაზე.
მ. კ-შვლსა და შპს „ს-ას“ შორს, შრომით ხელშეკრულებასთან ერთად, დადებული იყო ხელშეკრულება სრული ინდივიდუალური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.
მოპასუხე მ. კ-შვილსა და მოსარჩელე შპს „ს-ას“ შორის დადებული იყო შეთანხმება – გაფორმებული კ-9 ფორმის დოკუმენტის სახით, რომლის საფუძველზე მ. კ-შვილს ნაკისრი ჰქონდა მატერიალური პასუხისმგებლობა ჩაბარებული მატერიალური თანხებისა და სხვა ფასეულობების მოვლა-შენახვისათვის.
2008 წლის 1 მარტს თბილისის ცენტრალური ვაგზლის სალაროებში ჩატარებული ბილეთების მარაგის აღწერა-გადაბარების დროს სალარო 7-ში გამოვლინდა 90 ერთეული სახელმწიფოთაშორისო საბლანკო ბილეთის დანაკლისი, კერძოდ, 2007 წლის 3 დეკემბერს მიღებული მარაგის დასტიდან – 60 სამგზავრო დოკუმენტის (¹204941-დან ¹205000-ის ჩათვლით), ხოლო 2008 წლის 27 თებერვალს მიღებული მარაგის დასტიდან – 30 სამგზავრო დოკუმენტის (¹209971-დან ¹2100000-ის ჩათვლით).
მგზავრობის ღირებულება სახელმწიფოთაშორისო მიმოსვლის მატარებელში ბოლო სარტყლამდე (ბაქომდე) 2007 წლის დეკემბერში შეადგენდა 80,91 ლარს, ხოლო 2008 წლის თებერვალში – 79,97 ლარს. დაკარგული სამგზავრო ბილეთების ღირებულებამ შეადგინ 7 254 ლარი.
2007 წლის 3 დეკემბრიდან 2008 წლის 27 თებერვლამდე ¹7 სალაროში მუშაობდა ხუთი მოლარე (მათ შორის მ.კ-შვილი), ხოლო 2008 წლის 27 თებერვლიდან დანაკლისის გამოვლენამდე სამი მოლარე (მათ შორის მ.კ-შვილი), რომლებსაც დაეკისრათ ზარალის ანაზღაურება.
2008 წლის 28 ივლისის დანარიცხით ¹510/509 მოპასუხე მ. კ-შვილს დაერიცხა სახელმწიფოთაშორისო ბილეთების დანაკლისისთვის 1770,72 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის შესახებ, რომ მ. კ-შვილმა უგულებელყო რა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ფულადი თანხებისა და სხვა ფასეულობათა მოვლა-შენახვისათვის, გულგრილობის, დაუდევრობისა და გაუფრთხილებლობის შედეგად მიაყენა ზარალი მოპასუხეს., ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეები სადავო შემთხვევამდე იმყოფებოდნენ ვალდებულებით-სახელშეკრულებო ურთიერთობებში და მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება სწორედ სახელშეკრულებო ზიანის მიყენებას.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავოდ არ გამხდარა ზიანის არსებობის ფაქტი, რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელ მეორე წინაპირობას – მიზეზობრივ კავშირს მოპასუხის ქმედებასა (მოქმედება, უმოქმედობა) და დამდგარ ზიანს შორის, პალატამ მიიჩნია, რომ მისი არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ იყო, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხე მ. კ-შვილის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება (ანუ ზიანის გამომწვევი ქმედება) მდგომარეობდა მის უყურადღებო და გულგრილ დამოკიდებულებაში მატერიალური ფასეულობებისადმი, რაც კონკრეტულად გამოიხატა მასში, რომ მას მოლარე ი. ზ-ძის მიერ გამოწერილი სამგზავრო დოკუმენტები არ შეუმოწმებია და ისე შეაწყო კარადაში, რაც განმეორდა ცვლის დამთავრებისას. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ეს დასკვნა არ გაიზიარა, პალატის აზრით პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს დებულება ვრცელდება მხოლოდ 2008 წლის 27 თებერვალს მიღებული მარაგის დასტაზე, საიდანაც დანაკლისი შეადგენს 30 სამგზავრო დოკუმენტს, მაშინ როდესაც მოპასუხეს ასანაზღაურებლად ასევე დაეკისრა 2007 წლის 3 დეკემბერს სხვა მოლარის მიერ მიღებული მარაგის დასტიდან 60 სამგზავრო დოკუმენტის დანაკლისით გამოწვეული ზიანის ნაწილიც. ამასთან ერთად, პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული არცერთი დოკუმენტით არ დგინდება, რომ სამგზავრო დოკუმენტების დანაკლისს ადგილი ჰქონდა სწორედ მ. კ-შვილის მორიგეობის დროს. სამგზავრო დოკუმენტების დაკარგვა მოხდა 2007 წლის 3 დეკემბრიდან 2008 წლის 1 მარტამდე პერიოდში, როდესაც მ. კ-შვილის გარდა მორიგეობდა კიდევ 7 მოლარე.
პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დადგენილი არ არის, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მ. კ-შვილის ქმედებით შესაბამისად, არ არსებობდა პირდაპირი (უშუალო) მიზეზობრივი კავშირი დასაქმებულის (მოპასუხის) მოქმედებას და დამდგარ ზიანს შორის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს-ამ”.
კასატორის წარმომადგენლის აზრით სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა გადაწყვეტილება საფუძვლიანად და საქმეში არსებული დოკუმენტები და არ გაითვალისწინა მხარეთა მოსაზრებები და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე და განმარტა სამოქალაქო პასუხისმგებლობის შემადგენლობა და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მ. კ-შვილის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის კი არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუდევარ, გაუფრთხილებელ და გულგრილ მოქმედებას, რაც გამოიხატა იმაში, რომ მისივე განმარტებით, ის არ ახდენდა მიბარებული ფასეულობების შემოწმებას, რითაც დაარღვია სახელშეკრულებო პირობა. გარდა აღნიშნულისა, როგორც ჩანს სააპელაციო სასამართლომ რკინიგზასა და მ. კ-შვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების (შრომის, ფორმა კ-9) შინაარსი არასწორად გაიგო. სამოქალაქო სამართალში სხვაგვარად განიმარტება პასუხისმგებლობის საფუძვლის შემადგენლობა, როცა პირი არ ასრულებს სახელშეკრულებო ვალდებულებას, ის მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს, მიუხედავად იმისა პირი ბრალის გარეშე მოქმედებს თუ ბრალეულად. როდესაც სამართლებრივი დანაწესი ირღვევა, უფრო ზუსტად კი, კონკრეტულ შემთხვევაში, შეთანხმებაში ნეგატიური დანაწესის ანუ მასში აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში შედეგი ანუ მხარის მოქმედება თუ უმოქმედობა განიხილება სამართლებრივი დანაწესის დარღვევად ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებად ან უმოქმედობად, ვინიდან მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა, ანუ თუ ურთიერთობას განვიხილავთ სამოქალაქო ურთიერთობის ფორმატში ნათელია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა ორიენტირებულია შედეგზე და არა დანაშაულებრივ თუ სხვა მოქმედებათა პრევენციაზე. როცა ვალდებულების პირობის დარღვევას აქვს ადგილი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს ხელშეკრულების მხარის მიერ.
კასატორის წარმომადგენლის აზრით სასამართლოს მხრიდან დარღვეულია აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი და აგრეთვე მან უგულვებელყო სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ერთ-ერთი ძირითადი და ამოსავალი პრინციპი. როგორიცაა მტკიცების ტვირთი, მისი გადანაწილების წესი, კერძოდ, მათი მხრიდან დადასტურებულია, რომ მ. კ-შვილს ჩაბარებული ჰქონდა სამგზავრო დოკუმენტები, რომლის რეალიზაციასაც 2007 წლის 3 მარტიდან 2008 წლის 1 მარტამდე ახორციელებდა, ხოლო მტკიცების ტვირთი კი აღნიშნულ შემთხვევაში ეკისრება მოპასუხეს, როგორც მატერიალური სამართლის ნორმების აგრეთვე პროცესუალური ნორმების თვალსაზრისით. მხარემ კი ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და ვერც ახსნა-განმარტებით დაადასტურა, რომ ზიანი მის ცვლაში არ დამდგარა, ხოლო მოლარეზე ფასეულობა ჩაბარებულად ითვლება მისი კონკრეტულ სალაროში გამწესების შემდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ¸დადასტურებულია, რომ მ. კ-შვილს ჩაბარებული ჰქონდა ის დასტები საიდანაც დაიკარგა სამგზავრო დოკუმენტები, რაც დაფიქსირდა შემოწმების შედეგად 2008 წლის 1 მარტს. მ. კ-შვილს სხვა მოლარეებთან ერთად ნაკისრი აქვს ვალდებულება ნებისმიერი დანაკლისისათვის სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ, ის კი ვერ ადასტურებს, რომ დაკარგვა ფასეულობისა მათი მიღებიდან ორი თვის განმავლობაში არ მომხდარა მის ცვლაში. იგი ვერ ადასტურებს, რომ ბრალი არ მიუძღვის ბილეთების დაკარგვაში, ჩვენთვის ერთი გარემოებაა სახეზე და ნათელია, რომ დაფიქსირდა დანაკლისი, ხოლო მათი მოვლა-პატრონობა და შენახვა სხვა მოლარეებთან ერთად ეკისრებოდა მ. კ-შვილს, თუკი მხარე თვლის, რომ ის სრულად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას, როდესაც დაფიქსირდა დანაკლისი, მას უნდა ჰქონოდა არგუმენტირებული პასუხი და დაედასტურებინა მინიმუმ ის ფაქტი, რომ სამგზავრო დოკუმენტები მისი მორიგეობის დროს არ დაკარგულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან მიმართებაში, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს არა დელიქტიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებს, არამედ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო მიყენებულ ზიანს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დგინდება მ. კ-შვილის ქმედებით მიყენებული ზიანი. კასატორი მითითებული ფაქტის უარსაყოფად აპელირებს (კ-9) შრომით ხელშეკრულებაზე, რომელიც კასატორის აზრით, წარმოადგენს დანაკლისის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საფუძველს, რომლის რისკიც ეკისრება მხარეს. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საკასაციო სასამართლოც, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დანაკლისი სწორედ მოპასუხისთვის მიბარებული დასტებიდან გამოვლინდა. როგორც კასატორი უთითებს, 2007 წლის 3 მარტიდან 2008 წლის 1 მარტამდე ბილეთების რეალიზებას ახდენდა მ. კ-შვილი. ასეთ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა მხოლოდ მას, როგორც ინდივიდუალურ მატერიალურ პასუხისმგებელ პირს. მოცემულ შემთხვევაში კი როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ზიანი დაეკისრათ სხვა პირებსაც, რაც არ გულისხმობს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას.
იმ გარემოების დადასტურება, რომ მ.კ-შვილის ცვლაში დაიკარგა ბილეთები, შეადგენს მოსარჩელის მტკიცების ტვირთს და არა მოპასუხისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. მოსარჩელის მოთხოვნა კი იმაში მდგომარეობდა, რომ შემოწმების შედეგად სალაროში გამოვლინდა დანაკლისი და ვინაიდან, მ. კ-შვილს, როგორც ერთ-ერთ მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, სხვა მოლარეებთან ერთად სოლიდარულად უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება. იმ ფაქტის დადასტურება, რომ კ-შვილმა ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, სწორედ ამ უკანასკნელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რაც სწორად განაწილდა სასამართლოს მიერ.
პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით მ. კ-შვილს ეკისრებოდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მისთვის გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებზე. აღნიშნული ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მისთვის და არა ნებისმიერი მოლარისათვის გადაცემულ ფასეულობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი დაიკარგა თუ არა მისთვის გადაცემული ფასეულობა, დადასტურებული არ არის.
ამასთან, როგორც კასატორი უთითებს, სალარო დაცულია და რისკის ფაქტორი არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში ფასეულობების დაკარგვა ნაკლებად შეიძლება იყოს გაუფრთხილებლობის ან გულგრილი ქმედების ბრალი, როგორც ამას უთითებს კასატორი. ხოლო დანაშაულის ფაქტის დასადგენად მოსარჩელეს სათანადო ორგანოებისათვის არ მიუმართავს. პალატა იზიარებს იმ არგუმენტებსაც, რომ დანაშაულის არსებობა არ გამორიცხავს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ცალსახად უკავშირდება პასუხისმგებელი პირის დამოკიდებულებას დამდგარ შედეგთან.
აღნიშნული თვალსაზრისით გაუგებარია კასატორის მითითება სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე. მითითებული ნორმის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მოვალის ქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება მოცემულ შემთხვევაზე. მითითებულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს. ქმედება თავისთავად მოიაზრებს როგორც ბრალით, ასევე ბრალის გარეშე პირის მოქმედებას ან უმოქმედობას. ზემოთ მითითებული მუხლის გამოყენების უარყოფით კასატორი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბილეთების დაკარგვა არ წარმოადგენს მ. კ-შვილის ქმედების უშუალო შედეგს. ასეთ შემთხვევაში კი შეუძლებელია ადგილი ჰქონოდა მისი მხრიდან დაუდევრობის ან გაუფრთხილებლობის ფაქტს, როგორც ეს მითითებულია საკასაციო საჩივარში.
მ.კ-შვილი წარმოადგენდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მქონე პირს და მასზე მიბარებული ნივთების დაკარგვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას დაეკისრებოდა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მაგრამ ვინაიდან ასეთი გარემოება დადგენილი არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ და არც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს აღნიშნულთან დაკავშირებით დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, შეუძლებელია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს-ის” წარმომადგენლის ნ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.