ას-366-346-2011 6 ივნისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
სხდომი მდივანი- ლ. ს-ძე
კასატორი _ ე. ჯ-ლი
მოწინააღმდეგე მხარეები _ პ. მ-ანი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. მ-ანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ჯ-ლის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 31 მარტის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე პ. მ-ანს დაეკისრა 3000 აშშ დოლარის გადახდა შ. ფ-შვილისათვის, ვინაიდან ბათილი გარიგების საფუძველზე მან გაასხვისა შპს „ლ-ს“ წილი – 2,27, რომელიც იმავე წესით შეიძინა ამ ფირმის დირექტორის თ. კ-იასაგან 2500 აშშ დოლარად. აღნიშნული 2500 აშშ დოლარი შ. კ-იამ გადასცა თ. კ-იას. მოცემული წილი საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხე – ე. ჯ-ლის სახელზე. არ მომხდარა წილის გასხვისება კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, რაც მოითხოვს სანოტარო წესით ხელშეკრულების დამოწმებას და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობას. შპს „ლ-ს“ 2,27 წილის ნასყიდობაზე დადებული ზეპირი გარიგება არის ბათილი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს კანონიერ ძალაში შესული 2008 წლის 31 იანვრის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მოცემული ქმედებები შეფასდა როგორც უსაფუძვლო გამდიდრება.
მოპასუხე თ. კ-იამ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: პ. მ-ანს მისთვის თანხა არ გადმოუცია არც პირადად და არც შ. კ-იას მეშვეობით და შესაბამისად, ვერც იარსებებდა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით პ. მ-ანის სარჩელი ე. ჯ-ლის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ე. ჯ-ლს მოსარჩელე პ. მ-ანის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა, პ. მ-ანის სარჩელი მოპასუხე თ. კ-იას მიმართ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ-ლმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ე. ჯ-ლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე. ჯ-ლი წარმოადგენს შპს ,,ლ-ს” 2,27% წილის მფლობელ პარტნიორს, შპს “ლ-ს” დირექტორია თ. კ-ია. 2001 წელს პ. მ-ანსა და ე. ჯ-ლს შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ზეპირი ფორმით თ. კ-იას შუამავლობით. ნასყიდობის ფასი მიღებული აქვს ე. ჯ-ლს. შ. კ-იას მეშვეობით პ. მ-ანის კუთვნილი თანხა 2500 აშშ დოლარი თ. კ-იას თანდასწრებით გადაეცა ე. ჯ-ლს. თანხა განაწილდა თ. კ-იასა და ე. ჯ-ლს შორის.
აპელანტის მოსაზრება, რომ სარჩელზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თ. კ-იას, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 59-ე და 61-ე მუხლების თანახმად მხარეეს შორის დადებული გარიგება ბათილია. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად პალატამ ასევე დაასკვნა, რომ, ვინაიდან მხარეთა შორის შპს “ლ-ს” წილის ნასყიდობაზე დადებული გარიგება ბათილია, პ. მ-ანი უფლებამოსილია, მოპასუხისაგან მოითხოვოს ვალდებულების არსებობის გარეშე გადაცემული თანხის _ 2000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, დაუბრუნოს მოსარჩელეს უსაფუძვლოდ, ვალდებულების არსებობის გარეშე მიღებული თანხა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ-ლმა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი დასაბუთებით: პ. მ-ანის მიერ შპს „ლ-ში“ არსებული წილის შესაძენად თანხის გადახდა მიიჩნიეს უსაფუძვლო გარიგებად, მაშინ, როდესაც აღნიშნული არ გამომდინარეობს ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები და კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 976-979-ე მუხლების მოთხოვნებიდან, რაც არასწორად იქნა გამოყენებული სასამართლოების მიერ. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა სახელშეკრულებო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები, არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი. პ. მ-ანი წლების განმავლობაში სარგებლობდა აღნიშნული უფლებით (სამარშუტო ხაზზე მუშაობის უფლება) და მხოლოდ წლების შემდეგ აღძრა სარჩელი. ამავდროულად, თუკი მას ამ უფლების რეალიზებაში რაიმე სახით შეეშალა ხელი, მას შეეძლო მოეთხოვა მხარისათვის, ხელშეკრულების სათანადოდ ჯეროვნად შესრულება და არა ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც ამ შემთხვევაში გამორიცხულია, როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი გარემოებების გამო.
2011 წლის 6 ივნისს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
ე. ჯ-ლი იღებს ვალდებულებას, პ. მ-ანს 2011 წლის 25 სექტემბრამდე გადაუხადოს 1000 (ათასი) აშშ დოლარი;
მითითებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ე. ჯ-ლი კოსრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი;
ამ მორიგების აქტის საფუძველზე მხარეები უარს აცხადებენ წინამდებარე სადავო საკითხებთან დაკავშირებით და მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ ექნებათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომადე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. ჯ-ლს დაუბრუნდეს ლ. ჯ-ლის მიერ 2011 წლის 25 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება ე. ჯ-ლსა და პ. მ-ანს შორის შემდეგი პირობებით:
ე. ჯ-ლი იღებს ვალდებულებას, პ. მ-ანს 2011 წლის 25 სექტემბრამდე გადაუხადოს 1000 (ათასი) აშშ დოლარი;
მითითებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ე. ჯ-ლი კოსრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი;
ამ მორიგების აქტის საფუძველზე მხარეები უარს აცხადებენ წინამდებარე სადავო საკითხებთან დაკავშირებით და მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ ექნებათ.
შეწყდეს საქმის წარმოება, პ. მ-ანის სარჩელის გამო, ე. ჯ-ლის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
ე. ჯ-ლს დაუბრუნდეს ლ. ჯ-ლის მიერ 2011 წლის 25 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.