ას-367-347-2011 5 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. მ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ამხანაგობის კრების გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88-ის» მიმართ და მოითხოვა ამხანაგობის გამგეობის 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელე უკანონოდ გაირიცხა ამხანაგობიდან.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ძის სარჩელი ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «... 88-ის» მიმართ ამხანაგობის გამგეობის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და ბ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88-ის» გამგეობის 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ...ს ქუჩა ¹7, 9, 11, 11ა, 16, 18-ში მცხოვრებ მოქალაქეთა თხოვნა ბარაკული და დრომოჭმული სახლების აღებისა და იმავე ტერიტორიაზე კოლექტიური ამხანაგობის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა «... 88-ის” გამგეობა და ხელმძღვანელთა კანდიდატურები.
თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1999 წლის 1 აგვისტოსა და 20 თებერვლის გადაწყვეტილებებით ამხანაგობა «... 88-ში” გაწევრიანების უფლება მიეცა ბ. მ-ძეს სამოთახიანი ბინისა და სახელოსნოს მისაღებად. ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88-ის” 2000 წლის 8 დეკემბრის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ საერთო კრების მიერ 2003 წლის 20 ნოემბერს დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ამხანაგობის უმაღლესი მმართველი ორგანოა გამგეობა, რომლის უფლებამოსილებას განეკუთვნება ამხანაგობის წევრის გარიცხვის საკითხის გადაწყვეტა (დებულების მე-8 პუნქტი).
ამხანაგობის დებულების მე-13 პუნქტის მიხედვით, ამხანაგობის ნებისმიერი წევრი ვალდებულია, დაემორჩილოს ამ დებულების, ამხანაგობის წევრთა საერთო კრებისა და ამხანაგობის გამგეობის გადაწყვეტილებებს. ამხანაგობის წევრი, რომელიც თავისი ქმედებით ხელს შეუშლის ამხანაგობის მიზნის მიღწევას, დააბრკოლებს მას ან განახორციელებს ამხანაგობის მიზნის საწინააღმდეგო ქმედებას, დაუყოვნებლივ იქნება გარიცხული ამხანაგობიდან ყოველგვარი პირობისა და კომპენსაციის გარეშე.
ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88-ის” გამგეობის 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, ბ. მ-ძე გაყვანილ იქნა ამხანაგობის წევრობიდან ამხანაგობის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართული საქმიანობით ამხანაგობის ძირითადი მიზნის მიღწევისათვის ხელის შეშლის მოტივით, ამხანაგობის დებულების მე-13 პუნქტის საფუძველზე. გადაწყვეტილების მიხედვით, ამხანაგობის საწინააღმდეგო მიზანმიმართული ქმედება გამოიხატება შემდეგში: მშენებლობის დაწყების დღიდან ბ. მ-ძე ხელს უშლის ტექნიკის მუშაობას. მისი მოთხოვნით უკანონოდ დაყადაღდა ამხანაგობის კუთვნილი სამშენებლო მიწის ნაკვეთი, წლების მანძილზე ამხანაგობის წინააღმდეგ აწარმოებდა უსაფუძვლო და გაუმართლებელ სასამართლო პროცესებს, რომლებიც ამხანაგობის სასარგებლოდ დასრულდა. ამასთან, აღინიშნა, რომ ბ. მ-ძე ფორმალურად ირიცხება ამხანაგობის წევრად, მის ოჯახს ბინის აშენების უფლება გაცვლილი აქვს მზა საცხოვრებელ ბინაზე, რის გამოც ამხანაგობის უბინაოდ დარჩენილ წევრთა ბედი არ აღელვებს. ბ. მ-ძეს ფაქტობრივად კავშირი აქვს გაწყვეტილი ამხანაგობასთან, არ მონაწილეობს ერთობლივ საქმიანობაში, არ ყოფილა ჩართული მიწის პრივატიზების პროცესში და არ გაუღია ამხანაგობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სახსრები.
2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული გარემოებების დასადასატურებლად ამხანაგობამ სასამართლოს წარუდგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 25 თებერვლის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ა-ვას უფლებამონაცვლე _ ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, ვაკე-საბურთალოს 2000 წლის 17 აგვისტოს განჩინება რ. ა-ვას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მისი გაუქმების თაობაზე იგივე სასამართლოს 2000 წლის 26 სექტემბრის განჩინება, ასევე გია ინაძის წარმომადგენლების _ ზ. ჯ-ძისა და ბ. მ-ძის 2006 წლის 28 თებერვლის განცხადება და ბ. მ-ძის 2010 წლის 30 მარტის განცხადება.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ამხანაგობა «..-88” შეიქმნა მრავალბინიანი კორპუსის აშენების მიზნით და არსობრივად მისი წევრები წარმოადგენენ ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებს.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, სადავო 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სამართლებრივი ურთიერთობა ამხანაგობა «... 88-სა” და ბ. მ-ძეს შორის შეწყდა გამგეობის მიერ სადავო გადაწყვეტილებით გამოხატული შესაბამისი ნებით.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა და ამხანაგობის დებულების მე-13 პუნქტის საფუძველზე პალატამ აღნიშნა, რომ ამხანაგობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს მისი სახელით ან მის წინააღმდეგ ისეთი გარიგების დადება, ან სხვა სახის არამართლზომიერი ქმედების განხორციელება, რაც ზიანს აყენებს ამხანაგობას. პირის შესაძლებლობა, განახორციელოს კანონით განსაზღვრულ უფლებათა სასამართლოსადმი მიმართვის გზით რეალიზაცია, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. უფლების დარღვეულად მიჩნევის შემთხვევაში ამ უფლების დასაცავად შესაბამისი ორგანოსათვის მიმართვა წარმოადგენს რა კანონით დაცულ უფლებას, მისი რეალიზაციის ნეგატიური თვალსაზრისით შეფასება ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია და ეწინააღმდეგება არსებულ მართლწესრიგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. მ-ძის მიერ წარმოებული სასამართლო დავის, ასევე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ამხანაგობის საწინააღმდეგო ქმედებად მიჩნევა არ განაპირობებს აღნიშნულის გამო ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არამართლზომიერებას და არ ქმნის მისი ბათილად ცნობის საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88-ის” გამგეობის 2006 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, როგორც კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგო, უნდა იქნეს ცნობილი ბათილად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88-ის» თავმჯდომარე ზ. თ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ამხანაგობის დებულების მე-13 პუნქტით გათვალისწინებული, ბ.მ-ძის ამხანაგობიდან გარიცხვის წანამძღვრები.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლი. მოცემული დავა უნდა გადაწყვეტილიყო ამავე კოდექსის 1512-ე, 208-232-ე მუხლებით. ამხანაგობის დებულება დამტკიცებულია ამ ნორმების არსებობის პირობებში, იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, ძალაშია ამხანაგობის ყველა წევრისათვის.
სააპელაციო პალატას არ შეუფასებია ამხანაგობის 2001 წლის 30 მაისის კრების ოქმი, როდესაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბ.მ-ძე დაეკმაყოფილებინათ ხუთოთახიანი ბინით, ნაცვლად სამოთახიანისა, რის სანაცვლოდან ეს უკანაკსნელი შეწყვეტდა დავებს კასატორის მიმართ. ამდენად, ბ.მ-ძის გარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა ზემოხსენებული შეთანხმების დარღვევა, რაც არ უნდა ჩაითვალოს პირისათვის მინიჭებული კანონიერი უფლებების რეალიზაციის შეზღუდვად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88-ის» თავმჯდომარე ზ. თ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობიდან წევრის გარიცხვის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88-ის» თავმჯდომარე ზ. თ-შვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 4 მარტს ზ. თ-შვილის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88-ის» თავმჯდომარე ზ. თ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88-ის» თავმჯდომარე ზ. თ-შვილს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.