ბს-1159-734(კ-05) 23 თებერვალი, 2006 წელი
თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
ლანა ჭანტურიას მდივნობითკასატორი _ ყოფილი შპს «ხ.-ის» დამფუძნებლები ც. ა.-ა, ნ., ი. და ი. მ.-ები, ლ. ფ.-ე, გ. კ.-ი წარმომადგენელი ქ. ჭ.-ი; მ. მ.-ე _ არ გამოცხადდა
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ო.-ა» დირექტორი მ. ლ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ტყიბულის რაიონის გამგეობა _ წარმომადგენელი არ გამოცხადდა
მოწინააღმდეგე მხარე _ ტყიბულის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო _ წარმომადგენელი არ გამოცხადდა
III პირი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო _ წარმომადგენელი არ გამოცხადდა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ქონების ღირებულების ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ყოფილი შპს «ხ.-ის» დამფუძნებლების _ ჟ. კ.-ის, ც. ა.-ას, ე. წ.-ის, გ. კ.-ის, ჟ. ნ.-ის, მ. ც.-ის, ჯ. ნ.-ის, ლ. ფ.-ის, ნ. ქ.-ის, ნ. ბ.-ის, გ. რ.-ის და გ. მ.-ის უფლებამონაცვლეებმა: ნ., ი. და ი. მ.-ებმა სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხისათვის 439.424 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
ტყიბულის ზონის ...-ის საკონსერვო ქარხნის შრომითმა კოლექტივმა იჯარა-გამოსყიდვის გზით 1990-93 წლებში მოახდინა ქარხნის პრივატიზება. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 27.12.93წ. ბრძანების შესაბამისად, შექმნილი კომისიის დადებითი დასკვნის მიუხედავად, უარი თქვა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე. უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 15.12.93წ. გადაწყვეტილებით კანონიერად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა მიერ ქონების გამოსყიდვა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტყიბულის სამმართველოს დაევალა საკუთრების მოწმობის გაცემა. სამინისტროს 07.02.94წ. ¹18 ბრძანებით მუშა ჯგუფს კვლავ დაევალა იჯარა-გამოსყიდვის კანონიერების შემოწმება, შემოწმების შემდეგ სამინისტროს კოლეგიის 01.04.94წ. დადგენილებით გაიცა საკუთრების დამადასტურებელი დროებითი მოწმობა. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელეებმა საკონსერვო ქარხნის ბაზაზე დააფუძნეს და რეგისტრაციაში გაატარეს შპს „ხ.-ი“. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მათ უარი ეთქვათ საკუთრების მუდმივი მოწმობის გაცემაზე. უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 03.04.96წ. გადაწყვეტილებით, რესპუბლიკის პროკურატურის წარდგინების საფუძველზე, გაუქმდა უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 15.12.93წ. გადაწყვეტილება და საწარმო ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა. ქ. ტყიბულის მერიის 12.10.96წ. ¹141 დადგენილებით ქარხანა მერიის სახაზინო საწარმოდ გარდაიქმნა, ქ. ტყიბულის სასამართლოს 26.11.96წ. დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა სახაზინო საწარმო „ხ.-ი“, რომლის სამართალმემკვიდრე ამჟამად არის შპს „ო“. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ შპს „ხ.-ის“ მიერ შეძენილი ქონების ღირებულება 488429 აშშ დოლარს შეადგენს, ვინაიდან შპს „ხ.-ის“ დამფუძნებელთაგან რვა პირმა უარი განაცხადა წილის მიღებაზე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის 439424 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება /იხ.ს.ფ. 1-6, ტ.I/.
მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ საოლქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო ყოფილი სახაზინო საწარმო «ხ.-ის» დამფუძნებლების _ ჟ. კ.-ის, ც. ა.-ას და სხვათა სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
მოპასუხის განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რამდენადაც სადავო ქონება სამინისტროს საკუთრებაში არასოდეს ჰქონია. გარდა აღნიშნულისა, თუ ქონება იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ არსებობდა, იგი უნდა იმყოფებოდეს შპს «ო»-ის საკუთრებაში, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფო ქონების მართვის ტყიბულის სამმართველოს მიერ, რის გამოც სადავო სამართალურთიერთობაში მოპასუხეს უნდა წარმოადგენდეს შპს «ო». სარჩელს თან არ ერთვოდა არც ერთი მტკიცებულება, რომ სადავო ქონება შეძენილია მოსარჩელეთა მიერ და იგი რეალურად არსებობდა, ამასთან იმ პერიოდისათვის, როცა დაფუძნდა შპს «ო», მით უფრო, რომ სარჩელზე მტკიცებულებად წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს იმერეთის რეგიონალური განყოფილების 1995 წლის 28 სექტემბრის შემოწმების აქტით დადგენილია, რომ რიგი სადავო ქონებისა გაყიდულია თვით მოსარჩელეთა მიერ /იხ.ს.ფ. 104-105, ტ.I/.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაებნენ სახელმწიფო ქონების მართვის ტყიბულის სამმართველო და შპს «ო» /იხ.ს.ფ. 115 ტI/.
ყოფილი შპს «ხ.-ის» დამფუძნებლების _ ჟ. კ.-ის, ც. ა.-ას, ე. წ.-ის, გ. კ.-ის, ჟ. ნ.-ის, მ. ც.-ის, ჯ. ნ.-ის, ლ. ფ.-ის, ნ. ქ.-ის, ნ. ბ.-ის, გ. რ.-ისა და გ. მ.-ის უფლებამონაცვლეებმა: ნ., ი. და ი. მ.-ებმა თბილისის საოლქო სასამართლოში წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოპასუხეებად მიუთითეს ტყიბულის რაიონის გამგეობა, სახელმწიფო ქონების მართვის ტყიბულის ტერიტორიული განყოფილება და შპს «ო», მესამე პირის _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მონაწილეობით და მოითხოვეს მოპასუხეებისათვის 439.424 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში დაკისრება იმავე საფუძვლით /იხ.ს.ფ. 273-277, ტ.I/.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ყოფილი შპს «ხ.-ის» დამფუძნებლების _ჟ. კ.-ის, ც. ა.-ას, ე. წ.-ის, გ. კ.-ის, ჟ. ნ.-ის, მ. ც.-ის, ჯ. ნ.-ის, ლ. ფ.-ის, ნ. ქ.-ის, ნ. ბ.-ის, გ. რ.-ისა და გ. მ.-ის უფლებამონაცვლეების ნ., ი. და ი. მ.-ების სარჩელი განსჯადობის შესაბამისად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს /იხ.ს.ფ. 278-279 ტ.I./
შპს «ო-ის» დირექტორმა თ. ლ.-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარს თქმა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელეთა მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, რამდენადაც მათ არ შეუქმნიათ და არც შეუძენიათ სადავო ქონება, საწარმოში ყველაფერი სახელმწიფო ხარჯებით გაკეთდა, ამასთან, მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ სადავო ურთიერთობაში უფლებამოსილ პირებს, რადგან შპს «ხ.-ის» შექმნის კანონიერება სადავო იყო, კერძოდ, სარჩელი გამომდინარეობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმიდან, რის გამოც მოცემული საქმე არ უნდა განხილულიყო ხსენებული სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე, რამდენადაც ეს უკანასკნელი უშუალო კავშირშია სარჩელთან. შპს «ხ.-ის» საწარმო, რომლის სამართალმემკვიდრეა შპს «ო», ყოველთვის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და ის სახელმწიფოს სხვების საკუთრებაში არ გადაუცია. 2000 წლის 8 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შპს «ო»-ის მიერ შეტანილ იქნა სარჩელი მოპასუხე ნ., ი. და ი. მ.ების მიმართ 260 100 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების შესახებ. მითითებული სარჩელის განხილვაზე 2001 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ხ.-ის საკონსერვო ქარხანასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ სსსკ-ის 279-ე მუხლის «დ» პუნქტის თანახმად, მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება სისხლის სამართლის, საქმის გადაწყეტამდე, ხოლო აღნიშნულის შემდეგ მოცემული საქმის გაერთიანება ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში არსებულ სამოქალაქო საქმესთან /იხ.ს.ფ. 8-9, ტ.II/.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 მარტის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო /იხ.ს.ფ 38-39, ტ.II/
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 8 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 395 709 აშშ დოლარის ეკვივალენტის დაკისრება /იხ.ს.ფ. 121, ტ. II, სხდომის ოქმი/.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების _ ჟ. კ.-ის, ც. ა.-ას, ე. წ.-ის, გ. კ.-ის, ჟ. ნ.-ის, მ. ც.-ის, ჯ. ნ.-ის, ლ. ფ.-ის, ნ. ქ.-ის, ნ. ბ.-ის, გ. რ.-ის და გ. მ.-ის უფლებამონაცვლეების _ ნ., ი. და ი. მ.ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ ტყიბულის რაიონის გამგეობას, შპს «ო.-ს», საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტყიბულის სამმართველოს სოლიდარულად დაეკისრათ 385 502 აშშ დოლარის ეკვივალენტის ანაზღაურება ლარებში, გადახდის დღის ათვის არსებული კურსის შესაბამისად /იხ.ს.ფ. 133-145, ტ.II/.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ტყიბულის რაიონის გამგეობამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო ტყიბულის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი _ ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და 2003 წლის 13 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 194-204, ტ. II/.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ყოფილი შპს «ხ.-ის» დამფუძნებელთა წარმომადგენელ მ. მ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება გარდაცვლილ მოსარჩელეთა ჟ. ნ.-ისა და გ. რ.-ის უფლებამონაცვლეების დადგენამდე /იხ.ს.ფ.308-311 ტII/, ხოლო სასამართლოს 2005 წლის 19 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება /იხ.ს.ფ. 356-358, ტ.II/.
სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 24 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შპს «ო»-ის დირექტორმა თ. ლ.-ემ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 469,ტ.II სხდომის ოქმი/.
ასევე არ ცნეს სარჩელი მოპასუხე ტყიბულის რაიონის გამგეობის და მესამე პირის _ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 472, ტ.II სხდომის ოქმი/.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ყოფილი შპს «ხ.-ის» დამფუძნებლების _ ც. ა.-ას, ნ. ბ.-ის, ჟ. კ.-ის, და სხვათა უფლებამონაცვლეების _ ნ., ი. და ი. მ.ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლო კოლეგიამ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ მიიჩნია, რომ იჯარაზე გასვლის შემდგომ პერიოდში მოსარჩელეთა მიერ შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, ანუ ქონება, რომელსაც მოსარჩელეები მოპასუხეებისაგან მოითხოვენ, მათ მიერ შეძენილი არ ყოფილა, რამდენადაც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამასთან, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ქონების შეძენის ფაქტი დადასტურებულია 1995 წლის 25 სექტემბრის სარევიზიო აქტითა და წერილებით, რომლებიც სარჩელს თან ერთვის.
სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 135-ე მუხლი და განმარტა, რომ ყველა მკიცებულება, რომლებიც მოსარჩელეთა მიერ წარდგენილია სასამართლოში, არის ასლის სახით, მაშინ, როცა წერილობითი მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს დედნის სახით, ამასთან სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მოითხოვოს დედნის წარმოდგენა, მაგრამ ეს აუცილებლად იმ პირმა უნდა გააკეთოს, ვისაც ასლი აქვს წარდგენილი სასამართლოში, ხოლო მოსარჩელე მხარეს მონაწილეობა არ მიუღია საქმის განხილვაში, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოეთხოვა მტკიცებულებათა დედანი. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი ასლებით მაინც არ დასტურდებოდა მოსარჩელეთა სარჩელის საფუძვლიანობა, რამდენადაც ს.ფ. 7-ზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, სადაც ტვირთის (რექტიფიცირებული სპირტის) მიმღებად დასახელებულია ხ.-ის საკონსერვო ქარხანა, არის უთარიღო, რის გამოც სრულიად გაუგებარია, რომელ პერიოდზე იყო საუბარი, კერძოდ, იჯარამდე (ხ.-ის საკონსერვო ქარხანა ამ სახელწოდებით არსებობდა მანამ, სანამ იჯარა-გამოსყიდვა მოხდებოდა) თუ იჯარის შემდგომ პერიოდს. საქმის ფურცელ 8-ზე წარმოდგენილია სასაქონლო-სატრანსპორტო ზედდებულის ასლი დიზელ-გენერატორის და ორთქლის ქვაბის თაობაზე, მაგრამ დოკუმენტი ფაქტობრივად არ იკითხება, ამასთან არის უთარიღო, ასევე მოსარჩელეების მიერ წარდგენილი არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, პროკურატურის წარდგინებები, ქონების მართვის სამინისტროს დადგენილებები (ასლები), ქონების მართვის მინისტრისა და მერის წერილები, რომლებიც ძირითადად ზოგადი ხასიათისაა და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მტკიცებულებებად მოსარჩელეთა მიერ სადავო ქონების შეძენის ფაქტის დასადასტურებლად. ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება, რომელზედაც მოსარჩელეები ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნას, არის 1995 წლის 28 სექტემბრის საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს იმერეთის რეგიონალური განყოფილების მიერ ხ.-ის საკონსერვო ქარხანაში ჩატარებული რევიზიის აქტი. მითითებული აქტით დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების დადებამდე, არ იყო ჩატარებული ძირითადი ფონდებისა და საბრუნავ საშუალებათა ინვენტარიზაცია, საიჯარო ხელშეკრულებას თან არ ახლავს იჯარით გაცემული ქონების ჩამონათვალი _ რაოდენობრივ და თანხობრივ მაჩვენებლებში. მითითებულ აქტში აღნიშნულია იმის შესახებ, რომ ქონების იჯარით აღების პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით მეიჯარემ (ტყიბულის აგროსამრეწველო გაერთიანებამ) გამოსყიდვამდე სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი წარმოების საშუალებანი არ აღრიცხა თავის საბალანსო ანგარიშზე, ასევე მოიჯარემ (შრომითმა კოლექტივმა) დადგენილი წესის დარღვევით იჯარით აღებული ძირითადი საშუალებები არ ასახა ანგარიშზე, ქონების იჯარით გაცემის დროს ხელოვნურად შემცირდა ქონების ნარჩენის ღირებულება.
სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ იჯარით გაცემის პერიოდში მოქმედი სსრ კავშირის და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების მე-7 მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებაში, სხვა საკითხებთან ერთად, სავალდებულო წესით უნდა ყოფილიყო ასახული იჯარით გადასაცემი ქონების შემადგენლობა და ღირებულება. 1992 წლის 01.09 ხელშეკრულებაში კი, ისევე როგორც მთლიანად საქმის მასალებში, არ მოიპოვებოდა იჯარით გაცემული ქონების ჩამონათვალი, მათი რაოდენობრივი და თანხობრივი მაჩვენებელი, ასევე სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცება, რომ მათ მიერ 1991 წლის აპრილში შეძენილია ავტოამწე _ «ზილ 13 აია», «კრაზი», «სუპერამწე», «მაზი», «რეფრეჟერატორი» და «ვაზ _ 2107» და ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული აქტის მიხედვით ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ქარხნის ბალანსზე არ ირიცხებოდა, ქარხნის ტერიტორიაზე შემოწმების დროს აღმოჩნდა მხოლოდ ა/მ «კრაზი», რომელიც ქარხნის მთავარი ბუღალტრის განმარტებით, შეძენილია 1991 წლის აპრილში ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, ამასთან, მითითებული სატრასპორტო საშაულებები არც ფაქტობრივად აღმოჩნდა ქარხნის მფლობელობაში და მათ შესახებ არც დოკუმენტური ასახვა არ არის ქარხნის საბალანსო მონაცემებში, რის გამოც სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა ქონების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, მით უფრო, რომ რევიზიის აქტის თანახმად, რიგი სატრანსპორტო საშუალებები გადაცემულია «ქ.-ზე», რაზედაც მიღება-ჩაბარების აქტიც არსებობს, მაგრამ მათი ღირებულება განაღდებული არ არის «ქ.-ის» მიერ.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდეგენილია უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება და უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს საზედამხედველო კოლეგიის 1996 წლის 8 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც დაუკმაყოფილებელი დარჩა სარჩელი ქ. ტყიბულის ზონის ...-ის საკონსერვო ქარხნის იჯარით გაცემის და მისი გამოსყიდვის საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის დადასტურების შესახებ, შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოებების გამო მოსარჩელეთა მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება, რომ შპს «ხ.-ის» რეგისტრაციის მასალები იყო კიდევ ერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქონება მოსარჩელეთა მიერ იყო შეძენილი და განმარტა, რომ სადავო ქონების შეძენა არ ასახულა შპს «ხ.-ის საწესდებო კაპიტალში», ხოლო წარდგენილი რეგისტრაციის მასალების თანახმად კი საწესდებო ფონდში შპს-მ 1 150 აშშ დოლარის ღირებულების ქონება შეიტანა. ამასთან, სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება, რომ მათ მიერ შეძენილი ქონების არასახვა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ან მის ბალანსზე, გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ქ. ტყიბულის მერი ფაქტობრივად დაეპატრონა ქარხანას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგიამ დაასკვნა, რომ თუ ქონების შეძენა შპს-ს რეგისტრაციამდე განხორციელდა, ამ შემთხვევაში ქონების ასახვა საიჯარო საწარმოს საბუღალტრო მონაცემებში უნდა მომხდარიყო «სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების» 18.7. მუხლის თანახმად, ხოლო იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოიჯარეს საკუთრება მიღებული პროდუქციისა და შემოსავლის სახით უნდა აღერიცხა თავის ბალანსზე, კერძოდ, 0.1 საბალანსო ანგარიშზე, მეიჯარისაგან იჯარით აღებული ძირითადი საშუალებების აღრიცხვა მოიჯარეს უნდა მოეხდინა ბალანსგარეთ 0,01 ანგარიშზე, ხოლო აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა /იხ.ს.ფ. 475-487, ტ.II/.
სასამართლო კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლია ფ.-მ, ც. ა.-მ, ნ. მ.-მ, ი. მ.-მ და ჟ. კ.-მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი მოტივით:
კასატორთა განმარტებით, ისინი საქმეს აწარმოებდნენ წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო მათ ერთ-ერთ წარმომადგენელ მ. მ.-ს სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 394 «ბ» მუხლის შესაბამისად, ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლი, როცა მიუთითა, რომ სასამართლოში მხოლოდ მტკიცებულებათა დედანზეა შესაძლებელი მსჯელობა, მაშინ, როცა არც მოპასუხის და არც სასამართლოს მიერ არ ყოფილა მოთხოვნა მტკიცებულებათა დედნების წარმოდგენის თაობაზე, მით უფრო, რომ სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, რაც სასამართლო კოლეგიის მიერ არ განხორციელებულა.
სასამართლო კოლეგია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებას და 1996 წლის 8 აგვისტოს დადგენილებას, რომელიც გაუქმებულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ხოლო გაუქმების საფუძველი გახდა გორის სამხარეო პროკურატურის დადგენილება, რომლითაც დადგინდა, რომ ...-ის საკონსერვო ქარხნის პრივატიზაციის დროს არავითარი სიყალბე ქარხნის ადმინისტრაციის არ ჩაუდენია, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აღნიშნული დოკუმენტები მათი წარმომადგენლის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სასამართლოში, კასატორთა განმარტებით, ეს უკანასკნელი არ ყოფილა გამოძახებული სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით /იხ.ს.ფ. ტII/.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორების წარმომადგენელმა ქ. ჭ.-მ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება /იხ.ს.ფ. 74, სხდომის ოქმი/.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ შპს «ო.-ს» დირექტორმა თ. ლ.-მ არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 74, სხდომის ოქმი/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, სასამართლო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების, და საკასაციო საჩივრის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, ყოფილი შპს «ხ.-ის» დამფუძნებლების ც. ა.-ს, ნ., ი. და ი. მ.-ების, ლ. ფ.-ის, გ. კ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა გადაეცეს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლოს მიერ დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3. და 394. «ე" მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოტივები საფუძვლიანია, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 24 ივნისის სასამართლო სხდომის (რომელიც შესვენების გამო გაგრძელდა და დამთავრდა 2005 წლის 27 ივნისს) შესახებ უწყება კანონით დადგენილი წესით მოსარჩელეთა წარმომადგენელს მ. მ.-ს არ ჩაბარებია, რამდენადაც დადასტურება სასამართლო უწყების ჩაბარების შესახებ საქმეში არ მოიპოვება. ს.ფ 445-ზე მდებარე გზავნილზე, რომლითაც სასამართლო სხდომის შესახებ უწყება გაეგზავნა მ. მ.-ს, ხელმოწერა, რომ მას ჩაბარდა უწყება და უწყების ჩაბარების თარიღი არ არის აღნიშნული. ასევე, ს.ფ. 259, 268-270-ზე მდებარე რწმუნებულებებით, მოსარჩელეებმა _ ციცინო ა.-მ, ი., ი. და ნ. მ.-ებმა სასამართლოში საქმისწარმოების უფლებამოსილება მიანიჭეს ნ. გ.-ს და ქ. ჭ.-ს, რმუნებულება გაიცა განუსაზღვრელი ვადით, ხოლო სასამართლოს სხდომის შესახებ მოსარჩელეთა წარმომადგენლებს ნ. გ.-ს და ქ. ჭ.-ს უწყება საერთოდ არ გაეგზავნათ, რამდენადაც წარმომადგენლებისათვის სასამართლო უწყების გაგზავნის და ჩაბარების შეტყობინება საქმეში არ მოიპოვება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი საქმის განხილვა დაეწყო 2005 წლის 24 ივნისს, ვინაიდან ეს გარემოება საქმის განხილვას ვერ დააბრკოლებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეს და მის წარმომადგენელს უწყება ჩაბარდებოდა კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული გარემოება, რომ მხარეებს სასამართლო სხდომის დღე ეცნობათ კანონით დადგენილი წესით სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად მოკლებულია რეალობას, რადგან საქმეში კასატორის წარმომადგენლისათვის მ. მ.-ისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების შეტყობინება არ მოიპოვება /იხ.ს.ფ. 466, სხდომის ოქმი/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უწყება ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უწყების მეორე ეგზემპლარზე, რომელსაც ხელს აწერს ადრესატი, აღნიშნულია მისი ჩაბარების დრო, იგი დაუბრუნდა სასამართლოს და ჩაკერებულია საქმეში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, საქმის მასალებში ასეთის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება, შესაბამისად სასამართლომ ისე განიხილა და გადაწყვიტა მოცემული დავა, რომ არ გამოიკვლია ის გარემოება ჰქონდა თუ არა მხარეებს - შესაძლებლობა დაეცვა საპროცესო უფლებები სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღების გზით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.4. მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი სასამართლოს ვალდებულება თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი გაუგზავნოს წარმომადგენელს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტი მხარესაც უნდა გაეგზავნოს.
სსსკ-ის 70.1. მუხლის შესაბამისად მხარეეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო ვალდებული იყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ეცნობებინა მხარეთათვის და მათი წარმომადგენლისათვის სასამართლოს სხდომის დროის და ადგილის შესახებ, რამდენადაც სასამართლო არ არის გათავისუფლებული ვალდებულებისაგან სასამართლო სხდომის შესახებ აცნობოს მხარის წარმომადგენელს, ხოლო ამგვარი შეტყობინების გარეშე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, რამდენადაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 393.3. მუხლის შესაბამისად წარმომადგენლის გარეშე საქმის განხილვა წარმოადგენს არსებით პროცესუალურ დარღვევას, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, საპროცესო ნორმების დაცვის საფუძველზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის განჩინებით მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს მითითებებით, კერძოდ, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ერთ-ერთ მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, ამასთან სასამართლოს დაევალა სრულყოფილად გამოეკვლია საქმის მასალები და სათანადო შეფასება მიეცა მათთვის კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, შესაბამისად ფაქტობრივი გარემობები დადგენილია არასრულად, ამასთან სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 135-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს მოვალეობა მტკიცებულებათა შეგროვების თაობაზე, რითაც დაარღვია სსსკ-ის 393.2. მუხლის «გ» პუნქტის მოთხოვნა, შესაბამისად გადაწყვეტილება ამ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და მტკიცებულებათა დედნის გამოთხოვისას, საპროცესო მოქმედების განხორციელების მოვალეობა იმ მხარეებს ეკისრებათ, რომლებსაც წარდგენილი აქვთ სასამართლოში მტკიცებულებათა ასლები, ხოლო რაკი მოსარჩელეებს სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა არ მიუღიათ სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეთხოვა მტკიცებულებათა დედნები.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზირებს სასამართლო კოლეგიის აღნიშნულ დასკვნას, რამდენადაც ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე, სასამართლოს არ ართმევდა შესაძლებლობას მოეთხოვა მოსარჩელეთათვის მტკიცებულებათა დედნების წარმოდგენა, საქმის მასალებში არსებული მისამართების მიხედვით მიემართა მათთვის და დაევალებინა მტკიცებულებათა დედნების წარმოდგენა, მით უფრო რომ 2005 წლის 6 ივნისის სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას ღებულობდნენ მოსარჩელეები _ ნ. ქ.-ე, ჟ. კიბლაშვილი, დ. ჩ.-ე და თ. ლ.-ე, შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილი იყო დაევალებინა მოსარჩელეებისათვის მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც არ განხორციელებულა, სხდომის ოქმში აღნიშნულის შესახებ დაფიქსირებული არ არის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპისა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით სასამართლოს მინიჭებულია აქვს უფლებამოსილება თავისი ინიციატივითY მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე, შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები საკუთარი ინიციატივით და მოიპოვოს მტკიცებულებები, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულვებელყოფილია სასამართლოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1. მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, შეუძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის მე-15 მუხლის მიხედვით საოლქო სასამართლოებში I ინსტანციით საქმის განმხილველი ადმინისტრაციული და სამოქალაქო კოლეგიების განსჯადი საქმეები განსახილველად დაექვემდებარა შესაბამის რაიონულ /საქალაქო/ სასამართლოებს სსსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საერთო განსჯადობის მიხედვით, რის გამოც მოცემული საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4 მუხლის შესაბამისად, საქმეზე სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4 257-ე, 372-ე, 390-ე, 393-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ყოფილი შპს «ხ.-ის» დამფუძნებლების ც. ა.-ას, ნ., ი. და ი. მ.-ების, ლ. ფ.-ის, გ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება; საქმე განსახილველად გადაეცეს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს; სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;