საქმე # 110100118002524552
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№305აპ-19 ქ. თბილისი
კ. ა., 305აპ-19 17 ოქტომბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ. და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. კ-ს, - - ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2018 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, არასრულწლოვანი ა. კ. ბინაში უკანონო შეღწევით თავს დაესხა ზ-ის რაიონის სოფელ ი-ი მცხოვრებ ო. მ-ს, რომელიც თავისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საწოლზე ისვენებდა. ა. კ-მა ო. მ-ს თავზე დააფარა ბალიში, ამავდროულად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ტანთჩაცმული მოსაცმელის ჯიბიდან გასტაცა მისი კუთვნილი - 700 ლარი.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:
2.1. ა. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ,” „დ” ქვეპუნქტებზე.
2.2. ა. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ”, „დ” ქვეპუნქტებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა 1/3-ით და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. ა. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 3 ივნისიდან.
3. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ა. კ-მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევითა და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5. ბრალდების მხარე ითხოვდა ა. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთის - პირობით მსჯავრად ჩათვლას, იმავე გამოსაცდელი ვადით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
8. პროკურორი კობა სირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.
8.1. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანია, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. კ-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს.
9. მსჯავრდებულ ა. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. კ-ისათვის დანიშნული სასჯელის - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთის - სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად პირობით მსჯავრად ჩათვლას, იმავე გამოსაცდელი ვადით.
10. ცნობად უნდა იქნეს მიღებული, რომ N-- არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორის N. წერილის თანახმად, ა. კ. საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 27 აგვისტოს N-- განკარგულებით 2019 წლის 27 აგვისტოს გათავისუფლდა N-- არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ. და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი სახის მტკიცებულებას, რომელიც ა. კ-ის მიერ ო. მ-ზე სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას დაადასტურებდა, წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებულის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმი. შესაბამისად, პროკურორის პოზიცია, რომ ბრალდების მხარემ ა. კ-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის დასადასტურებლად ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარმოადგინა, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.
3. კერძოდ, ზემოხსენებული გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ო. მ. 2018 წლის 3 ივნისს, დილით, საძინებელ ოთახში იწვა, როდესაც გაიგო ფეხის ხმა. მან გაახილა თვალები და დაინახა, რომ ოთახში შევიდა მის გვერდით, მეზობლად, ნ. მ-სთან მცხოვრები და აღსაზრდელად მიბარებული ა. კ., რომელსაც ხელში ეჭირა ჭრელი ბალიში. ა. მივარდა მას და ისე, რომ ვერაფრის თქმა მოახერხა, მოსთხოვა ფული, თან უყვიროდა, რომ თუ ფულს არ მისცემდა, ბალიშით გაგუდავდა. ა-მ სახეში დააფარა ბალიში და ზემოდან ხელით აწვებოდა, რა დროსაც განიცდიდა ტკივილსა და შიშს, რადგან როცა ბალიშით სახეზე აწვებოდა, სუნთქვა ეკვროდა, რის გამოც იგუდებოდა და ცდილობდა თავის გვერდზე გაწევით ჩაესუნთქა. ა. კ. აგრესიულად მოითხოვდა თანხას და თუ არ მისცემდა, გაგუდვით ემუქრებოდა. როდესაც მოახერხა, უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა. ა. კ-მა ცალი ხელი ჩაუყო ჟილეტის მარჯვენა ჯიბეში, ისე, რომ მეორე ხელით კვლავ აწვებოდა ბალიშს. ხელი იმ ჯიბეში ჩაუყო, სადაც 700 ლარი ედო. ყვიროდა, რომ გაეწია ბალიში, რადგან გრძნობდა ტკივილს და ვეღარ სუნთქავდა. იძახდა, რომ იგუდებოდა და ეშინოდა, მართლა არ გაეგუდა ა. კ-ს, ვინაიდან უჰაერობა აწუხებდა და მისი მოქმედება (რაც გამოხატული იყო სახეზე ბალიშის დაფარებაში), უეჭველად გამოიწვევდა მის გაგუდვას. მას შემდეგ, რაც ა-მ ფული ამოუღო ჯიბიდან, იგრძნო, რომ ბალიშზე ხელით აღარ აწვებოდა და სახიდან მოიშორა. ამ დროს ა. კ. უკვე გასული იყო ოთახიდან. მან ყვირილი დაიწყო; მის ძახილზე მივიდნენ მეზობლები _ ნ. მ., თ. მ. და ლ. ხ., რომლებსაც უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ. როდესაც ჯიბე ნახა, აღმოაჩინა, რომ ფული აღარ ედო და ა. კ-ს მისი კუთვნილი 700 ლარი ჰქონდა წაღებული.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ო. მ-ის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ნივთთან ერთად ამოიღეს ჭრელი ბალიშიც (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ა. კ-ს ხელში სწორედ ჭრელი ბალიში ეჭირა). ბიოლოგიური (გენეტიკური, სერეოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი აღნიშნულ ბალიშზე ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმაციული აღმოჩნდა.
5. საკასაციო საჩივრის თანახმად, პროკურორი ყაჩაღობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად აგრეთვე მიიჩნევს დაზარალებულის მეზობლების ჩვენებებსა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. საკასაციო სასამართლო პროკურორის ამ პოზიციას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მოწმეები - ნ. მ., ლ. ხ. და თ. კ. დანაშაულის ჩადენის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებიან, მათი ჩვენებების შინაარსი ეფუძნება ო. მ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ამასთანავე, აღწერს დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაზარალებულის ემოციურ (შეშინებულ, აკანკალებულ, აფორიაქებულ) მდგომარეობას. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგი ბალიშის სახეზე დაფარებით გაგუდვის საშიშროებას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს, ვინაიდან ო. მ-ს გარეგნულად დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით აღენიშნებოდა მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე, ქვედა მესამედში, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (2018 წლის 3 ივნისს).
6. ამდენად, დასახელებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ა. კ-ის მიერ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას ადასტურებს მხოლოდ ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, კერძოდ კი სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი. საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თუ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს სხვა უტყუარი სახის მტკიცებულება პირის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, მხოლოდ გამოქვეყნებული მოწმის ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია. ამასთან, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით მსჯავრდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მტკიცებულება საკმარისად სარწმუნოა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინაღმდეგ“ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [დიდი პალატა], N 26766/05; 22228/06, § 147, 15.12.2011).
7. მოცემულ შემთხვევაში სხვა მტკიცებულება, რომელიც ო. მ-ის გამოკითხვის ოქმის იმ ნაწილის გადამოწმებას შესაძლებელს გახდიდა, სადაც დაზარალებული თანხის გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ბალიშით გაგუდვის საშიშროებაზე საუბრობს წარმოდგენილი არ არის.
8. ამდენად, საკასაციო პალატა უთითებს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. კ-ის ბრალად წარდგენილი ქმედების (სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის) ძარცვაზე (სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ,” „დ” ქვეპუნქტებზე) გადაკვალიფიცირების შესახებ არის სწორი, ვინაიდან:
9. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა. კ-მა განაცხადა, რომ იგი დაზარალებულის საძინებელში შევიდა; ო. მ. მის დანახვაზე ფეხზე ადგა და ჰკითხა, თუ რა უნდოდა; ისე, რომ არაფერი მოუმოქმედებია, ჩაუყო მარჯვენა ჯიბეში ხელი და თანხა ამოაცალა (როგორც შემდეგში ნახა - 700 ლარი). ამასთანავე, მსჯავრდებულმა უარყო ო. მ-ისათვის სახეზე ბალიშის დაფარებისა და საწოლზე მისი წაქცევის ფაქტი.
10. აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
11. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ა. კ-ს შემთხვევის დღესვე (2018 წლის 3 ივნისს) ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მას შვიდი ასლარიანი კუპიურა ამოუღეს; ჩხრეკის ოქმში აღნიშნულია, რომ ა. კ-ის განმარტებით, აღნიშნული თანხა მან ო. მ-ს გასტაცა. ამასთან, ნივთიერებათა მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულის ტანსაცმელს საერთო გვარობრივი კუთვნილება გააჩნია დაზარალებულის ტანსაცმელთან.
12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ ა. კ-ის მიერ 700 ლარის აშკარად დაუფლების ფაქტს (მაკვალიფიცირებელ გარემოებებში) დაზარალებულ ო. მ-ის გამოქვეყნებული ჩვენების გარდა, აგრეთვე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც მიაჩნია, რომ ა. კ-ის ბრალეულობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
13. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც N-- არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორის წერილით დგინდება, ა. კ. N-- არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან 2019 წლის 27 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 27 აგვისტოს N-- განკარგულებით საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდა.
14. შესაბამისად, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით ა. კ. გასაჩივრებული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს აღარ იხდის, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოთხოვნილ - თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის თაობაზე.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ. და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე