Facebook Twitter

ას-370-343-2010 28 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “მ.” დირექტორი ტ. დ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.ქუთაისის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.ქუთაისის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქუთაისის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ “თ.” და შპს “მ.” დირექტორ ტ. დ-ძის მიმართ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და შპს “მ.” საკუთრებაში აღრიცხული 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქუთაისის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ „თ.“ პრეტენზიით მიმართა შპს „მ.“ დირექტორმა ტ. დ-ძემ იმ მოტივით, რომ საკუთრების მოწმობით გადაცემული ჰქონდა 340 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ფაქტობრივად კი ფლობდა მომიჯნავედ არსებულ, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1998 წლის 12 დეკემბერს ყოფილი სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „წ..“ გამოყოფილ 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მოითხოვა მისი საკუთრებაში აღრიცხვა.

ქუთაისის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ „თ.“ დირექტორ გ. ფ-შვილს საქმის განხილვისა და მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, თუმცა მოსარჩელეს განუცხადა, რომ უფლებამოსილი იყო, განეხილა საქმე, მიიღო იგი წარმოებაში, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს კანონის სრული იგნორირებითა და საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შპს „ქ.“ მფლობელობაში არსებული 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთის სს “მ.“ მიკუთვნების შესახებ. მან დაარღვია „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლები, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრი გ. ფ-შვილი ზემოაღნიშნულ და ასევე მის მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებათა გამო, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია), 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის მდგომარეობით), 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2007 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით დადგენილია, რომ არბიტრაჟის მიერ საქმეთა განხილვისას დაირღვა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

შპს “მ.” დირექტორმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ.ქუთაისის მერია არ არის უფლებამოსილი, სადავო გახადოს გასაჩივრებული არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო შპს “მ.” სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერი მესაკუთრეა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ.ქუთაისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ “თემიდას” 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹1/1157 გადაწყვეტილება ქ.ქუთაისში, ... ¹8-ში მდებარე 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს “მ.” საკუთრებად აღრიცხვის შესახებ, შესაბამისად, გაუქმდა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერი და ... ¹8-ში მდებარე 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღირიცხა თვითმმართველ ქ.ქუთაისის საკუთრებად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “მექანიკოსის” დირექტორმა ტ.დ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს “მ.” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2006 წლის 6 ოქტომბერს შპს „მ.“ დირექტორმა ტ. დ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ „თ.“ შპს „ქ.“ მიმართ და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ... ¹8-ში არსებული 340 კვ.მ შენობა-ნაგებობებისა და 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა, რომლითაც 1999 წლიდან ფაქტობრივად სარგებლობდა შპს „მექანიკოსი“.

ქ.ქუთაისში, ... ქ.¹8-ში მდებარე 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1998 წლის 12 ოქტომბრის ¹2072 აქტით დაუმაგრდა სახელმწიფო საწარმოო გაერთიანება „წ.“, რომლის რეორგანიზაციის შემდგომ ჩამოყალიბდა კერძო სამართლის იურიდიული პირი შპს “ქუთაისწყალმშენი“. ეს უკანასკნელი აღნიშნული მიწის ნაკვეთით არ სარგებლობდა და აცნობა ქ.ქუთაისის მერიას, უძრავი ნივთი გადასცემოდა თვითმმართველ ერთეულს. სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.

2006 წლის 6 ოქტომბერს შპს „მ.“ დირექტორ ტ. დ-ძესა და შპს „ქ.“ დირექტორ ვ. მ-ძეს შორის გაფორმდა საარბიტრაჟო შეთანხმება დავის კერძო არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ.

ქუთაისის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ „თ.“ 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹1\157 გადაწყვეტილებით შპს „მ.“ დირექტორ ტ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ.ქუთაისში, ... ¹8-ში არსებული 340 კვ.მ შენობა-ნაგებობები და 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღირიცხა შპს „მ.“ საკუთრებად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა უძრავი ქონების შპს „მ.“ სახელზე რეგისტრირება. უდავოა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით ქუთაისის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ „თ.“ არბიტრი გ. ფ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ არბიტრ გ.ფ-შვილს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, განეხილა ზემოთ მითითებულ მხარეებს შორის დავა და ეღიარებინა სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე საკუთრების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, მან მიიღო საქმე წარმოებაში, მხარეებს გადაახდევინა ბაჟი და „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ”, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ და „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით, საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულების არქონის მიუხედავად, დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნები. განაჩენით დადგინდა, რომ გ. ფ-შვილის დანაშაულებრივმა ქმედებამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კერძო პირებზე გადაცემისა და მართლწარმოების არასწორად განხორციელების სახით გამოიწვია სახელმწიფო ინტერესების შელახვა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ ქუთაისის მერია სათანადო მხარე და უფლებამოსილი პირი არ არის, სადავოდ გახადოს მითითებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ ¹ას-665-934-04 სამოქალაქო საქმეზე და განმარტა, რომ „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლში მითითებული სიტყვა “სარჩელი“ ამ მუხლში არატრადიციული გაგებითაა გამოყენებული, იგი ამ შემთხვევაში გულისხმობს საჩივარს გაუქმების შესახებ და არა სარჩელს. აღნიშნული დასტურდება ამ კანონის 44-ე მუხლითაც. სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, გასაჩივრების სუბიექტები აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით შეიძლება იყვნენ როგორც მხარეები, ასევე სხვა იურიდიულად დაინტერესებული პირები. დაინტერესებულ პირებად სამოქალაქო საპროცესო სამართლის თვალსაზრისით ითვლებიან ის პირები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი უფლება დარღვეულია ან სადავოდ არის გამხდარი. გადაწყვეტილებაში მითითებულ-სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებათა გამო პალატამ მიიჩნია, რომ ქ.ქუთაისის მერიას გააჩნია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ სადავო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით აპელანტი სწორად იქნა ცნობილი უძრავი ნივთის მესაკუთრედ. უკანონოა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო უძრავი ქონების მერიის საკუთრებად აღიარების თაობაზე.

პალატამ განმარტა, რომ საკუთრების უფლება სანივთო უფლებაა და ტრადიციულად განიმარტება როგორც ნივთის მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთობლიობა. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი კი განსაზღრავს იმ საფუძვლებს, რომლებიც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლადაა საჭირო. სადავო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი რედაქციით, უძრავი ნივთის შესაძენად (ანუ მასზე საკუთრების მოსაპოვებლად) აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სანოტარო წესით დამოწმებულ საბუთში კანონმდებელი მოიაზრებს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობისას წარმოშობილ ისეთ ურთიერთობებს (დამოწმებულს საბუთით), რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილე მხარეებს ერთმანეთის მიმართ გარკვეულ უფლება-მოვალეობებს აკისრებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აპელანტს მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არ გააჩნია, რაც, თავის მხრივ, მისი მესაკუთრედ ცნობისა და აღიარების გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს.

სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილს, რომლითაც იგი სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას ითხოვს. პალატამ ჩათავალა, რომ კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან განსხვავებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ქ.ქუთაისის მერიის კუთვნილ ქონებას განსაზღვრავს კანონმდებლობა, კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი. ასეთია იმ კატეგორიის ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გადაცემულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ან თვითმმართველი ერთეულის მიერ შექმნილია ან შეძენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თვითმმართველი ქონების ფლობისა და განკარგვის, მისით სარგებლობის დროს ვალდებულნი არიან, დაიცვან თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესები.

საქმეში არსებული მასალებით სასამართლომ დაადგინა, რომ ქუთაისის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ „თ.“ 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹1\157 გადაწყვეტილებით ქ.ქუთაისში, ... ¹8-ში მდებარე 340 კვ.მ შენობა-ნაგებობებისა და 29 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობილ იქნა შპს „მ.”. მიწის ნაკვეთი, რომელიც გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წყალობით შპს „მ.“ საკუთრება გახდა ქალაქად, ანუ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთა კატეგორიას განეკუთვნება, რაც, ზემოხსენებული კანონის 47-ე მუხლის „ა“ პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად ითვლება და აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული გამონაკლისი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს. პალატის მოსაზრებით, აპელანტს არ მიუთითებია, რომ 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დამაგრებული ქონება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობითაა შექმნილი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაირღვა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი. მოცემულ შემთხვევაში შპს „მ.“ და შპს „ქ.“ შორის არ შეიძლებოდა ყოფილიყო სამოქალაქო დავა, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი არც ერთი მხარის საკუთრება არ იყო და იგი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. შესაბამისად, მხარეებს შორის შემდგომი საარბიტრაჟო შეთანხმება არ შეიძლება ჩაითვალოს დადებულად, ვინაიდან იგი არაუფლებამოსილმა მხარეებმა გააფორმეს. აღნიშნული გარემოება 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹1\157 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ასევე სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტზე, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრი გ. ფ-შვილი სწორედ ზემოაღნიშნულ და ასევე მის მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებათა გამო იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სწორედ აღნიშნული განაჩენით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისას დაირღვა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი. რაც შეეხება აპელანტის მითითებას „ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ქონება არ ხვდება ამ კანონის მოქმედების ფარგლებში, რის გამოც მასზე აღნიშნული კანონი ვერ გავრცელდება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “მ.” დირექტორმა ტ. დ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად განმარტა “კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და არ გაითვალისწინა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანის უფლებამოსილება ენიჭებოდა მხოლოდ შპს „მექანიკოსსა“ და შპს „ქუთაისწყალმშენს“.

სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი და სადავო შენობა-ნაგებობების შპს „მ.“ საკუთრებაში დატოვებისას 340 კვ.მ ფართის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც აღნიშნული შენობის შემადგენელი ნაწილია, არ აღრიცხა აპელანტის საკუთრებად და გადასცა თვითმმართველ ქ.ქუთაისს, რითიც დაირღვა შპს „მ.“ უფლებები და იგი ვერ ისარგებლებს მითითებული მიწის ნაკვეთებით.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლითაც შპს „მ.“ საკუთრება უნდა დადასტურებულიყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთით და ასევე არასწორად განმარტა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, რის შედეგადაც თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს საკუთრებაში გადასცა 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთი. „ადგილობრითი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლიდან გამომდინარე, ქ.ქუთაისში, ... ¹8-ში მდებარე 4929 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზემოთ მითითებულ მუხლებში განმარტებულ არც ერთ კატეგორიას არ განეკუთვნება და არც სახელმწიფოს გადაუცია თვითმმართველი ერთეულისათვის. თუ სასამართლო გააუქმებდა არბიტრაჟის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სადავო მიწის ნაკვეთი უნდა გადაეცა არა თვითმმართველ ქ.ქუთაისისათვის, არამედ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება სადავო ნაკვეთის სახელმწიფოს კუთვნილებასთან დაკავშირებით. ამდენად, იმ შენობა-ნაგებობის საკუთრების მოწმობიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფომ იჯარა-გამოსყიდვის საფუძველზე შპს „მ.“ გადასცა, სასამართლო ვალდებული იყო, საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მაინც ჩაერთო ეკონომიკის განვითარების სამინისტრო, რითაც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო ნორმები.

მართალია, დავის განხილვა მიმდინარეობდა სამოქალაქო საპროცესო ნორმებით, მაგრამ დაინტერესებულ მხარედ ეკონომიკის სამინისტროს ჩართვის შემთხვევაში დავის განხილვა უნდა გაგრძელებულიყო ადმინისტრაციული წესით, მით უმეტეს, რომ საქმის სავარაუდო შედეგიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გამხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა და სახელმწიფო ორგანოსათვის ზარალის ანაზღაურების დაკისრება. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით სააპელაციო სასამართლოს საქმეში უნდა ჩაერთო პრივატიზაციის სამმართველო და საქმე განეხილა ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების გამოყენებით.

სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კანონი „ქონების ლეგალიზაციის შესახებ”, როდესაც ჩათვალა, რომ სადავო ქონება არ ხვდება ამ კანონის მოქმედების ფარგლებში. სადავო მიწის ნაკვეთი შეძენილია ამ კანონის ამოქმედებამდე _ 2006 წელს, ხოლო კანონი ამოქმედდა 2007 წლის ივლისში. „ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონის მე-7 მუხლში მითითებულია ქონების ნუსხა, რომელთა მოძიების შემდეგ კასატორმა მიმართა პარლამენტს და დადასტურდა, რომ შპს „მ.“ მიმართ იმ მომენტისათვის არც სასამართლო დავა, არც ადმინისტრაციული წარმოება და არც გამოძიება არ მიმდინარეობდა. ყოველივე აღნიშნული საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ შპს “მ.“ საკუთრების შესაძენად გამოყენებულ იქნას “ქონების ლეგალიზაციის შესახებ” საქართველოს კანონი და აღნიშნული ქონება ჩაითვალოს ლეგალიზებულად.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ქ.ქუთაისის მერიამ წარადგინა ¹ა-1349-10 მოსაზრება შპს “მ.” საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელსაც დაურთო წერილობითი მტკიცებულება 7 ფურცლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით შპს “მ.” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს “მ.” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვასა და შენობა-ნაგებობის მიკუთვნებასთან ერთად იმ მიწის ნაკვეთის მიკუთვნებაზე უარის თქმის მართლზომიერებას, რაზეც აღნიშნული შენობა დგას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლს, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე, 47-ე მუხლებს, “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 43-44-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “მ.” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2010 წლის 14 აპრილს და 21 მაისს მის მიერ გადახდილი 1479 ლარის 70% _ 1035,3 ლარი.

ქ.ქუთაისის მერიას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ¹ა-1349-10 მოსაზრებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 7 ფურცლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “მ.” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ შპს “მ.” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 1035,3 ლარი.

ქ.ქუთაისის მერიას დაუბრუნდეს მის მიერ ¹ა-1349-10 მოსაზრებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები 7 ფურცლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.