ას-371-344-2010 14 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ რ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ 1. ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი შპს “თ.”; 2. შპს “ი.”; 3. შპს “ლ. მ. ჯ.”; 4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 31 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა რ. ბ-შვილმა. საქმეზე მოპასუხეებად დასახლდნენ: ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი შპს “თ.”, შპს “იმ.”, შპს “ლ. მ. ჯ.”, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველო. მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი შპს “თ.” 2007 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.
სარჩელის თანახმად, კერძო არბიტრაჟ შპს “თ.” 2000 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით ქუთაისში, ... ¹1/11-ში მდებარე სამსართულიანი შენობა ცნობილ იქნა ტერიტორიული სამეურნეობათაშორისი გაერთიანება (ტსგ) “ი.” საკუთრებად და ასეთად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. 2007 წელს “ი.” დირექტორმა ზ. ქ-აიამ განცხადებით მიმართა არბიტრაჟს და მოითხოვა 2000 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ არბიტრაჟის კომპეტენციაში არ შედიოდა აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების დადგენა, ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენდა. არბიტრაჟმა ზ. ქ-აიას განცხადების საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გააუქმა თავისი გადაწყვეტილება და შენობა, როგორც სახელმწიფოს კუთვნილება, გადასცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს. არბიტრაჟის დასახელებული გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2008 წლის 18 მარტს. იგი არის ამ შპს-ში 5% წილის მფლობელი პარტნიორი, არბიტრის უკანონო ქმედების შედეგად მიადგა ქონებრივი ზიანი (ტომი I, ს.ფ. 1-10, ტომი II, ს.ფ. 25-26, 43, 49, 50).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ. 159-160).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 167-176).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით რ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2000 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ტერიტორიული სამეურნეობათაშორისი გაერთიანება “ი.” (დირექტორის მოადგილე ზ. ჭ-ძე) საარბიტრაჟო პრეტენზია და ქუთაისში, ... ქ. ¹1/11-ში მდებარე სამსართულიანი შენობა ცნობილ იქნა შპს ტერიტორიული სამეურნეობათაშორისი გაერთიანება “ი.” საკუთრებად, ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურს დაევალა მასთან არსებულ ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა;
2007 წლის 8 ივნისს იმავე არბიტრაჟმა დააკმაყოფილა შპს ტერიტორიული სამეურნეობათაშორისი გაერთიანება “ი.” (დირექტორი ზ. ქ-აია) განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გააუქმა არბიტრაჟის 2000 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება და შპს ტსგ “ი.” მიკუთვნებული ქონება, როგორც სახელმწიფო კუთვნილება, გადასცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს; რ. ბ-შვილი არის შპს ტსგ “იმ.” პარტნიორი და ამ საწარმოში ეკუთვნის წილი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 43-ე მუხლზე და განმარტა, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებათ, ანუ ვისი უფლებებიც ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრა. შესაბამისად, პირებს, რომელთაც არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ შეხებიათ, მისი გასაჩივრების უფლება არა აქვთ.
საქმეზე დგინდებოდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას აპელანტი არ ყოფილა საარბიტრაჟო განხილვის მხარე. რ. ბ-შვილს ეკუთვნოდა მხოლოდ წილი საწარმოში, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ქონება, რომელიც გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით გადაეცა სახელმწიფოს, იურიდიული პირის საკუთრება იყო. შესაბამისად, აპელანტი არ წარმოადგენდა მოთხოვნის უფლების მქონე პირს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის უფლების მქონე იყო შპს “ი.”, რომელიც დავაში მონაწილეობდა, როგორც მოწინააღმდეგე მხარე და პრეტენზიას დავის საგანზე არ აცხადებდა (ტომი III, ს.ფ. 30-34).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ, თუკი არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ შეხებია რ. ბ-შვილს, როგორც შპს “ი.” (არბიტრაჟის გადაწყვეტილების მხარე) ერთ-ერთ პარტნიორს, მაშინ რატომ არ იღებს იგი იმ დივიდენდს, რომელსაც მისი წილის პროპორციულად იღებდა საზოგადოების ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემამდე. მითითებული ქონება სახელმწიფოზე გასხვისებამდე წარმოადგენდა შპს “ი.” საკუთრებას, მისი კაპიტალის განუყოფელ ნაწილს, რომელიც საზოგადოებას იჯარით ჰქონდა გაცემული და იღებდა შემოსავალს (ტომი III, ს.ფ. 44-52).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, რ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.