Facebook Twitter

ას-371-351-2011 10 მაისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ნ-ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ო-იანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ო-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ნ-ვის მიმართ მიმართ თანხის შესახებ შემდეგი დასაბუთებით:, ქ. ახალციხეში, ... ქ.¹23-ში მდებარე სახლის 1/2-ის მესაკუთრეა თავად, ხოლო 2/2-ისკი მისი ბიძა გ. ო-იანი. გ. ო-იანმა თავისი წილი მინდობილობით გადასცა მართვის და სარგებლობის უფლებით მ. ჩ-ს, რომელიც შესახლების შემდეგ დაეუფლება მოსარჩელის წილსაც. მ. ჩ-ის მეუღლე, გ. ნ-ვმა თვითნებურად მოხსნა სახლს მთლიანი სახურავი, დაანგრია ოთახის გამყოფი კედელი, ჩამოხსნა ოთახის კარები, გაანადგურა სახლში არსებული ქონება. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2007 წლის 7 მარტს გ. ნ-ვის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნე­ბელიგანაჩენი, თვითნებობისათვის. სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის I ნაწილით. აღნიშნულ საქმეში იგი ცნობილია დაზარა­ლებულად. მას მიადგა როგორც ქონებრივი, ასევე მორალური ზიანი. გ. ნ-ვმა უნდა აუნაზღაუროს სახლის სახურავის, დანგრეული კედლების, კარებების აღდგენის, კედლების შელესვისა და მთლიანად სახლის საცხოვრებელ მდგომარეობაში მოყვანის ხარჯები 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, ასევე მისი სახლიდან წაღებული ნივთების ღირებულება: 2 (ორ) ცალი საწოლი – 200 (ორასი) ლარი, ხის კარადა „გარდე­რობი“ – 300 (სამასი) ლარი, გასაშლელი მაგიდა – 1000 (ათასი) ლარი, 6 (ექვსი) ცალი სკამი – 300 (სამასი) ლარი, ძველებური სერვანტი – 1500 (ათას ხუთასი) ლარი, დივანი – 700 (შვიდასი) ლარი, სულ მოძრავი ნივთების ღირებულებაა – 4000 (ოთხი ათასი) ლარი. ასევე მიადგა მორალური ზიანი, გაუარესდა მისი ჯანმრთელობა, სამკურნალოდ დაეხარჯა 500 (ხუთასი) ლარი, ასევე დადიოდა სასამართლოების აღმასრულებელთან, იხდიდა ბაჟს, მომსახურების ხარჯებს, აგზავნიდა საფოსტო გზავნილებს, ტრანსპორტირების ხარჯებს, საერთო ღირებულებამ გადახდილი თანხისა, შეადგინა 2000 (ორი ათასი) ლარი. მ. ო-იანმა მოითხოვა მოპასუხისათვის 21500 (ოცდაერთი ათას ხუთასი) ლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ განაჩენის მიხედვით მ. ო-იანს, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულს მიადგა ზიანი 257 (ორასორმოცდაჩვიდმეტ) ლარი. რისი ანაზღაურების წინააღმდეგიც არ არის. ის და მისი მეუღლე სარგებლობდნენ გ. ო-იანის მოძრავი ქონებით, კერძოდ, ეს არის ორი ძველი კარადა და ერთი გარდერობი. გარდერობი მათ არ წაუღიათ, ხოლო კარადები ნივთების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით წაიღეს სოფელში მაშინ, როდესაც სახლის სახურავი ახადეს, აღნიშნულ ნივთების დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ჩამოთვლილ დანარჩენ ნივთებს, ასეთი მას არ გააჩნია. მოსარჩელის მოთხოვნა სახლის სახურავის, დანგრეული კედლების, კარების აღდგენის, კედლების შელესვის და მთლიანად სახლის საცხოვრებელ მდგომარეობაში მოყვანის ნაწილში, რაშიც ითხოვს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარს საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული სახლი ავარიული იყო, რის გამოც ქალაქის მერიის დადგენილებით მინდობილ პირს დაევალა, რომ მოეხდინა რეკონსტრუქცია და ამის გამო სახურავის მოხსნა. უსაფუძვლოა მ. ო-იანის მოთხოვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე მკურნალობის ხარჯების 500 (ხუთასი) ლარის მოთხოვნის ნაწილში, რადგან იგი კავშირში არ არის მომხდარ ფაქტთან, ხოლო მორალური ზიანი არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ო-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ნ-ვს მ. ო-იანის სასარგებლოდ დაეკისრა ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად _257 ლარი, ასევე გ. ნ-ვმა უნდა დააბრუნოს: კარადა, დივანი, გასაშლელი მაგიდა, სკამები, ტანსაცლის საკიდი ე.წ ძველებური პირსაბანი, სერვანდი, აღნიშნული ნივთების ნაწილის რეგრესის წესით მოთხოვნის უფლება აქვს გ. ო-იანს. მოსარჩელეს უარი ეთქვა მორალური ზიანის, მკურნალობის ხარჯების, სასამართლოს და სხვა ხარჯების ანაზღაურებაზე.

ახალციხის რაოინული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ო-იანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ.ახალციხეში, ... ქ.¹23-ში არსებული საცხოვრებელი სახლის 1/2 წილის მესაკუთრეა გ. ო-იანი, მეორე 1/2 წილის მესაკუთრე კი – მ. ო-იანი. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გ. ნ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელის სახით შეეფარდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით – ერთი წლით გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი. გ. ნ-ვს მსჯავრი დაედო შემდეგ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისათვის: გ. ნ-ვმა „კარგად იცოდა, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, ქ.ახალციხეში ... ქ.¹23-ში, ნახევარი ეკუთვნოდა მ. ო-იანს, ხოლო ნახევარს ფლობდა და სარგებლობდა მისი მეუღლე მინდობილობით, იგი არ შეთანხმებია ბინის ნახევრის მესაკუთრეს, რომ რეკონსტრუქცია უნდა ეწარმოებინა, მან მოშალა ოთახის გამყოფი კედელი მთლიანი სახურავი სხვასასხვა ნივთებთან ერთად რომ არ მოეპარათ წაიღო სოფელში. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ვს მ. ო-იანის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად – 257 (ორას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი. გადაწყვეტილება გ. ნ-ვის არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო შესაგებლით იგი დაეთანხმა გადაწყვე­ტილებით მისთვის მ. ო-იანისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად – 257 ლარის დაკისრებას. მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა. აპელანტის მოთხოვნაა დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 15000 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის განჩინებით დანაშაულით მიყე­ნებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით დაინიშნა სასამართლო ექსპერტიზა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 20 აგვისტოს დასკვნის თანახმად: ქ.ახალციხეში ... ქ.¹23-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ე.წ. ,,შიფერით’’ გადახურვისათვის შესასრუ­ლებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 375,35 ლარს,ხოლო კედდლის აღდგენისათვის 259,87 ლარს. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული დასკვნით გამოიკვეთა ისეთი გარემოება, რამაც აუცილებელი გახადა ექსპერტიზის ჩატარება ახალ საკითხზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 22 თებერვლის დასკვნის შესაბამისად, ქ.ახალციხეში, ... ქ.¹23-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის თუნუქით გადახურვაზე და ხის კონსტრუქციის მოწყობისათვის საორიენტაციო ღირებულებამ შეადგენა 4472.55 ლარი, ხოლო ე.წ ,,შიფერით” გადახურვისათვის და ხის კონსტრუქციის მოწყობისათვის საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვამ კი 4249.18 ლარი შეადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, გ. ნ-ოვს მ. ო-იანის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4884,4 ლარი.

რაც შეეხება მ. ო-იანის მოთხოვნას მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მართებულად ეთქვა უარი, ვინაიდან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რომ მ. ო-იანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეულია გ. ნ-ვის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედების შედეგად, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ნ-ვმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა 106-ე მუხლის „გ“ პუნქტი. აღნიშნული ნორმის უგულებელყოფით არასწორად გაითვალისწინა სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების ეტაპზე ჩატარებული სასაქონლო-საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ, რომელიც განისაზღვრა 257 ლარით და, რაც აღნიშნული ნორმის თანახმად წარმოადგენდა პრეუდიციული ძალის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებას. სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების პერიოდში საქმის მწარემოებელი ორგანოს მიერ მ. ო-იანი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იქნა აუდიტორის დასკვნისა და მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობის შესახებ, რაზედაც მას არავითარი პრეტენზია არ განუცხადებია და არც გაუსაჩივრებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ-ვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

მოცემული დავის საგანია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ნ-ვს უნდა დაუბრუნდეს მ. ნ-ვის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ნ-ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

გ. ნ-ვს უნდა დაუბრუნდეს მ. ნ-ვის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.