Facebook Twitter

ას-372-352-2011 18 მარტი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბ. ხ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-შვილი, ო. ხ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ხ-ძემ და ნ. მ-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბ. ხ-ძისა და ნოტარიუს მ. ჩ-შვილის მიმართ 2004 წლის 19 სექტემბერს გარდაცვლილი გ. ხ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნების, კერძოდ, ქ.თბილისში, ... ქ¹6-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4-ის მესაკუთრედ თითოეულის ცნობისა და 2005 წლის 15 თებერვალს ნოტარიუს მ. ჩ-შვილის მიერ ბ. ხ-ძის სასარგებლოდ გაცემულ ¹2-11 სამკვიდრო მოწმობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის, ასევე მამკვიდრებლის სახელზე რიცხული ავტომანქანა «ფოლკსვაგენ პასატის», ნ. მ-შვილის (როგორც თანამესაკუთრისა და მემკვიდრის ) _ 5/8-ის, ხოლო ო. ხ-ძის _ 1/8-ის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილბით ნ. მ-შვილისა და ო. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. მ-შვილი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ¹6-ში მდებარე ბ. ხ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/4-ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ცვლილება შევიდა ნოტარიუს მ. ჩ-შვილის მიერ 2005 წლის 15 თებერვალს ბ. ხ-ძის სასარგებლოდ გაცემულ ¹2-11 სამკვიდრო მოწმობაში, ო. ხ-ძე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... ქ¹6-ში მდებარე ბ. ხ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/4-ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ცვლილება შევიდა ნოტარიუს მ. ჩ-შვილის მიერ 2005 წლის 15 თებერვალს ბ. ხ-ძის სასარგებლოდ გაცემულ ¹2-11 სამკვიდრო მოწმობაში, ნ. მ-შვილი ცნობილ იქნა მამკვიდრებელ _ 2004 წლის 19 სექტემბერს გარდაცვლილი გ. ხ-ძის სახელზე რიცხული ავტომანქანა «ფოლკსვაგენ პასატის» 5/8-ის მესაკუთრედ, ო. ხ-ძე ცნობილ იქნა მამკვიდრებელ _ 2004 წლის 19 სექტემბერს გარდაცვლილი გ. ხ-ძის სახელზე რიცხული ავტომანქანა «ფოლკსვაგენ პასატის» 1/8-ის მესაკუთრედ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილბა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ხ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ბ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ხ-ძემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ამავე კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის იმპერატიულად ადგენს ერთთვიან ვადას. აღნიშნული ვადის დენა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განჩინების) მოდავე მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემის დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება გაეგზავნა ბ. ხ-ძის წარმომადგენელ ი. ჯ-ძეს (რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ.299) მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 3 თებერვალს აღნიშნულ მისამართზე სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა ადრესატის ოჯახის ქმედუნარიან წევრს _ დედას, ც. ღ-ავას (იხ.ტ.III, ს.ფ.71).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და კანონმდებელი მითითებულ პირთაგან ერთ-ერთისათვის კორესპოდენციის ჩაბარებას განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დენის დასაწყისად.

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისმართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამდენად, დასახელებული ნორმებით რეგლამენტებულია და ამომწურავადაა განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება სასამართლო შეტყობინების ჩაბარება კანონის შესაბამისად მხარისათვის გადაცემად, კერძოდ, კანონმდებელი შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობისათვის ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის მის ჩაბარებას საკმარისად მიიჩნევს.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენლისათვის გაგზავნილი სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის დასაბუთებული განჩინების 2011 წლის 3 თებერვალს ი. ჯ-ძის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის ჩაბარება განხილულ უნდა იქნას როგორც უშუალოდ ი. ჯ-ძისათვის, ისე ბ. ხ-ძისათვის ჩაბარებად. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა ამავე კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაიწყო 2011 წლის 3 თებერვალს და ვინაიდან ერთთვიანი ვადის უკანასკნელი დღე _ 3 მარტი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ დედის დღეს, საპროცესო ვადის დენა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, პარასკევს _ 4 მარტს.

საქმეში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დასმული შტამპის თანახმად კი ბ. ხ-ძემ სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა 2011 წლის 7 მარტს, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოცემული საკასაციო საჩივარი შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დარღვევით, არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების საფუძველი.

ბ. ხ-ძეს უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 4 მარტს ნ. ა-იანის მიერ საგადასახადო დავალება ¹5-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1125 ლარი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.

ბ. ხ-ძეს (ქ.თბილისი, ... ქ¹6, პირადი ¹...) დაუბრუნდეს 2011 წლის 4 მარტს ნ. ა-იანის მიერ საგადასახადო დავალება ¹5-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1125 ლარი (შემდეგი ანგარიშიდან თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150).

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.