ას-373-346-2010 2 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. დ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ქ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის, იპოთეკის მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ქ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. დ-ძის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, ნოტარიუს ა. მ-ძისა და სს “პ-ის” ბათუმის ფილიალის მიმართ ნ. ქ-ძის სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუს ა. მ-ძის მიერ გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერის, იპოთეკის მოწმობის, იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების საჯარო რეესტრში განხორცილებული ჩანაწერისა და რ. დ-ძესა და სს “პ-ს” შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით ნ. ქ-ძის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ძის სარჩელი ხულოს რაიონის ნოტარიუს ა. მ-ძის მიერ ნ.ქ-ძის დანაშთ ქონებაზე რ.დ-ძის სახელზე 2003 წლის 25 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ¹1-1022-ის ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნ.ქ-ძეს ეთქვა უარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ქ-ძის სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, ასევე განისაზღვრა სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საკითხი შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებით, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტითა და ცნობა-დახასიათებით 1995 წლის 9 ივნისს, ნ. ქ-ძესა და ქ.ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ¹8 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორას შორის დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ნ. ქ-ძეს უსასყიდლოდ გადაეცა ქ.ბათუმში, ... ქ.¹44/48 ბ.93-ში მდებარე უძრავი ქონება. დასახელებული პერიოდიდან 2006 წლის 21 აგვისტომდე ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ნ. ქ-ძე. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 2003 წლის 25 დეკემბერს, რ. დ-ძემ განცხადებით მიმართა ხულოს ნოტარიუსს და მოითხოვა ნ. ქ-ძის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსმა შეამოწმა რ. დ-ძის განცხადების საფუძვლიანობა და მის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა რეესტრის ¹1-1022. დასახელებული მოწმობის თანახმად, ნ. ქ-ძის გარდაცვალება რეგისტრირებულია ქ.ბათუმის მმაჩის მიერ 2001 წლის 9 მარტს. სამკვიდრო გაიხსნა 2001 წლის 9 მარტს, სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ.ბათუმი. სამკვიდროს წარმოადგენს ქ.ბათუმში ... ქ.¹44\48 ბ.93-ში მდებარე ქონება. მემკვიდრეს წარმოადგენს რ. დ-ძე, რომელმაც წარადგინა ნ. ქ-ძის ანდერძი დამოწმებული ქ.ბათუმის ¹1 საზღვაო საავადმყოფოს მიერ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 21 ივლისის ცნობით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2003 წლის 25 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში და ქ.ბათუმში, ... ქ.¹44/48 ბ.93-ში მდებარე ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა რ. დ-ძე. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ გაცემული 2009 წლის 16 ივლისის ცნობის თანახმად, ნ. ქ-ძის გარდაცვალების ჩანაწერი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურში არ არის დარეგისტრირებული. ხულოს რაიონის ნოტარიუს ხ. დ-ძის 2009 წლის 29 ივნისის მიმართვის თანახმად ხულოს რაიონის ყოფილი ნოტარიუსის _ ა.მ-ძის სანოტარო არქივში არ მოიძებნა 2003 წლის 25 დეკემბერს ნ. ქ-ძის სამკვიდრო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, ასევე არაა იგი რეგისტრირებული შესაბამის ჟურნალში. სამკვიდრო მოწმობას არასწორად აქვს მინიჭებული კოდი “¹1”, რადგანაც “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციით სამემკვიდრო საქმეთა საერთო რეესტრის კოდი არის “¹2”. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის მიმართვით დადგენილია, რომ ხულოს რაიონის ყოფილი ნოტარიუსის ა. მ-ძის სანოტარო არქივი აჭარის არ ნოტარიუსთა პალატაში არ ინახება. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ნ. ქ-ძე არ გარდაცვლილა და ცოცხალია. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნა მოსარჩელის თანხმობის გარეშე საქმეში თანამოპასუხედ ხულოს ნოტარიუს ხ. დ-ძის ჩართვის გამო, ვინაიდან 2009 წლის 1 ივლისის სხდომის ოქმით ირკვევა, საქმეში თანამოპასუხედ ხულოს ნოტარიუსი ხ. დ-ძის ჩართვის თაობაზე შუამდგომლობა დაყენებულ იქნა მოსარჩელის წარმომადგენლის დ.ჩხეიძის მიერ, რაც დაკმაყოფილდა საოქმო განჩინებით. ასევე არ იქნა გაზიარებული აპელანტის მითითება სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დარღვევის თაობაზე, რადგანაც მას არ მიეცა საშუალება მოსარჩელესთან ერთად მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში და წარედგინა მისი არგუმენტები და მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა საშუალებას ჰქონოდა ნათელი წარმოდგენა და მიეღო ობიექტური და სწორი გადაწყვეტილება. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მათი შუამდგომლობა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, საერთოდ არ იმსჯელა თუ რამდენად აკმაყოფილებდა იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მოთხოვნებს და გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლო ვალდებული იყო, გონივრული ვადით ერთხელ კიდევ გადაედო სხდომა, ამასთან რადგანაც 2009 წლის 20 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობაზე სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით და აღნიშნული განჩინება დასაბუთებულია, ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო უფლებამოსილი იყო მოპასუხის დაუსწრებლად გამოეტანა გადაწყვეტილება. პალატის მითითებით მართალია საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე დასაბუთებულია და სასამართლო უფლებამოსილი იყო მოპასუხის დაუსწრებლად გამოეტანა გადაწყვეტილება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-230-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნის იურიდიულ მართებულობაზე და თუკი მიიჩნევდა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში იურიდიულად გამართლებულია, გამოეტანა არა დასაბუთებული, არამედ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელზედაც საჩივრის განხილვის უფლებამოსილება ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გააჩნია და მხოლოდ საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შეადგენს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს. ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეების: რ. დ-ძისა და ა. მ-ძის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში მოპასუხეთა დაუსწრებლად არსებითად განიხილა სასამართლო მთავარ სხდომაზე და ნაცვლად დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა გამოიტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება, პალატამ მიიჩნია, რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის კანონით დადგენილი წესის დარღვევის გამო, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისათვის არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი საფუძველი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მითითება დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერსა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ სარეზოლუციო ნაწილთან შეუსაბამობის თაობაზე, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად, სხდომაზე გამოცხადებულ იქნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სადაც სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით რ. დ-ძესა და ა. მ-ძეს, ნ. ქ-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელთან დაკავშირებით წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1400 ლარის ანაზღაურება. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სხდომაზე გამოცხადებულ სარეზოლუციო ნაწილთან. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა კი იწვევს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1319-1320-ე მუხლების საფუძველზე მიუთითა, რომ სამკვიდრო ქონების მემკვიდრეზე გადასვლა საჭიროებს ერთდროულად რამოდენიმე პირობის არსებობას, კერძოდ, მამკვიდრებელი უნდა გარდაიცვალოს, მისი გარდაცვალებით უნდა გაიხსნას სამკვიდრო და მემკვიდრე უნდა წარმოადგენდეს კანონით ან/და ანდერძით განსაზღვრულ მემკვიდრეს. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან ნ. ქ-ძე არ გარდაცვლილა და მისი გარდაცვალება სამოქალაქო რეესტრის ბათუმის სამსახურში რეგისტრირებული არ არის, შესაბამისად სანოტარო აქტში არასწორად იქნა მითითებული რომ რ. დ-ძემ ნოტარიუსს წარუდგინა ნ. ქ-ძის გარდაცვალების მოწმობა გაცემული ქ.ბათუმის მმაჩის ბიუროს მიერ. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნოტარიუსმა ა.მ-ძემ დაარღვია “ნოტარიუსთა შესახებ საქართველოს კანონის” 54-ე მუხლის მოთხოვნები და რ.დ-ძის განცხადების საფუძველზე არასწორად გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც რ.დ-ძემ მიიღო ნ. ქ-ძის ქონება. ვინაიდან ნ. ქ-ძე გარდაცვლილი არ არის და დადგენილია, რომ რ.დ-ძის სახელზე ხულოს ნოტარიუსის ა.მ-ძის მიერ 2006 წლის 25 დეკემბერს გაცემული სანოტარო აქტი _ სამკვიდრო მოწმობა ეწინააღმდეგებოდა კანონს, სასარჩელო მოთხოვნა _ ბათილად იქნას ცნობილი ხულოს რაიონის ნოტარიუსის ა. მ-ძის მიერ ნ. ქ-ძის დანაშთ ქონებაზე რ. დ-ძის სახელზე 2003 წლის 25 დეკემბერს გაცემული სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობა რეესტრის ¹1-1022 დასაბუთებულია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აპელანტის მოთხოვნა მითითებულ ნაწილში ნ. ქ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინებით მხარეს განემარტა, რომ ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს 2003 წლის 25 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ¹1-1022 რომლითაც საკუთრების უფლება ნ. ქ-ძის დანაშთ ქონებაზე გადაეცა კასატორს, სარჩელის ფაქტობრივი ფარგლების გათვალისწინებით სადავოა უძრავი ნივთზე საკუთრების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა რ.დ-ძის მითითება დავის არაქონებრივად მიჩნევის შესახებ. ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა სადავო ნივთის საბაზრო ფასად 50000 ლარის მითითების თაობაზე (იხ. ს.ფ.27) და საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრა აღნიშნული თანხით, ხოლო საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა _ 2500 ლარით (50000X5%).
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში რ. დ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივი მოთხოვნის შესაბამისად განუსაზღვრა მხარეს, ამასთან, მოსარჩელე ქონებრივ პრეტენზიას არც ერთ ინსტანციაში არ აცხადებდა დავის საგანზე და შესაბამისად დავა არაქონებრივია, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს სამოქალაქო საპროცესო ოდექსის 39-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, რომელსაც დაეყრდნო საკასაციო სასამართლო შედგენილია ბანკის მოთხოვნით სესხის გასაცემად, რის გამოც სასამართლომ დავის ქონებრივად მიჩნევის შემთხვევაშიც კი უნდა იხელმძღვანელოს არა აღნიშნული მტკიცებულებით, არამედ საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით, სადაც დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია 8000 ლარით. კასატორმა ასევე წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით არ იქნა გაზიარებული კასატორის მოსაზრება დავის არაქონებრივად მიჩნევის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს რ.დ-ძის სახელზე 2003 წლის 25 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ¹1-1022-ის კანონიერება, რომლითაც საკუთრების უფლება ნ. ქ-ძის დანაშთ ქონებაზე გადაეცა კასატორს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელის ფაქტობრივი ფარგლების გათვალისწინებით სადავოა უძრავი ნივთზე საკუთრების უფლება, საკასაციო საჩივრის საგნის არაქონებრივად მიჩნევის საფუძველი არ არსებობს. ასევე არ იქნა გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ დავის საგნის ღირებულების გამოთვლა არა საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის, არამედ 2003 წლის 25 დეკემბერს გაცემული სადავო სამკვიდრო მოწმობით, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასით და არა 2003 წლის 25 დეკემბერს შედგენილი სამკვიდრო მოწმობით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კასატორი სადავოდ მიიჩნევს რა აუდიტის დასკვნას, მას სასამართლოსათვის საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასის განმსაზღვრელი მტკიცებულება ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში არ წარმოუდგენია, ამასთან, 2003 წლის 25 დეკემბერს შედგენილი სამვიდრო მოწმობისა და აუდიტორული დასკვნების, როგორც საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად შესწავლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ აუდიტის დასკვნა საჩივრის საგნის საბაზრო ღირებულების დასადგენად უფრო მეტი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, ვიდრე მხარის მიერ მითითებული ანდერძი, შესაბამისად კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 2200 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა კასატორს 2010 წლის 7 მაისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში რ.დ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დარღვევით შესრულებულ საპროცესო მოქმედებას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება და განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განჩინებით რ.დ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 4 (ოთხი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 2200 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგი.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მაისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა რ.დ-ძეს და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 7 ივნისს (იხ. ს.ფ.376).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას სასამართლოს შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ (საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ) აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს და მითითებულთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმების თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი ოთხდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 8 ივნისს და ამოიწურა ამავე თვის 11 ივნისს, აღნიშნულ ვადაში მხარეს სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მოუმართავს და არც ხარვეზი გამოუწორებია, რაც რ.დ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
რ. დ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 21 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მხარეს დაუბრუნდება მის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით ამ ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
რ.დ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 21 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.