ას-374-347-2010 9 ნოემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) _ ქუთაისის საკრებულო, წარმომადგენელი ავთანდილ ყიფიანი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “ა. ქ.”, წარმომადგენელი ლ. ფ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სატელეფონო მომსახურების დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 27 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “ა. ქ.-მ” მოპასუხე ქუთაისის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სატელეფონო დავალიანების _ 47 540.03 ლარის დაკისრება.
სარჩელის თანახმად, შპს “ა. ქ.” წლების მანძილზე სატელეფონო მომსახურებას უწევს ქუთაისის საკრებულოს, რომელიც სარგებლობს შპს “ა. ქ.-ს” 22 სატელეფონო ნომრით. შპს “ა. ქ.-ს” ქუთაისის ფილიალის 2009 წლის 6 აპრილის ¹256 ცნობით ირკვევა, რომ ქუთაისის საკრებულოს სატელეფონო დავალიანების სახით შპს “ა. ქ.-სათვის” გადასახდელად ერიცხება 47 540.03 ლარი. 2009 წლის 24 მარტის ბუღალტრული ბრუნვის უწყისის შესაბამისად, 2003 წლიდან მოყოლებული ქუთაისის საკრებულო შპს “ა. ქ.-ს” პერიოდულად უხდის სატელეფონო მომსახურების თანხებს, მაგრამ გადახდები ნაწარმოები არ არის სრულად და დავალიანება რჩება ამჟამინდელი მდგომარეობითაც.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ აღიარა დავალიანების არსებობა. ამას ადასტურებდა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შედგენილი და დამოწმებული 2007 წლის 1 აპრილის შედარების აქტი, რომლითაც დავალიანების ოდენობა შპს “ა. ქ.-ს” სასარგებლოდ განისაზღვრაა 47 954.17 ლარით.
შპს “ა. ქ.-მ” სამართლებრივად მოთხოვნა დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317.1 მუხლებზე (ს.ფ. 1-4).
მოპასუხე ქუთაისის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა შემდეგი არგუმენტებით დაასაბუთა:
2007 წლის 1 აპრილის შედარების აქტს, რომელზე დაყრდნობითაც მოსარჩელე ცდილობს დაადასტუროს დავალიანების არსებობა, ქუთაისის საკრებულოს მხრიდან ხელს აწერს მერიის აპარატის მთავარი სპეციალისტი ც. ხ-შვილი. ამ უკანასკნელს საამისოდ საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობა არ გააჩნდა, მაშინ როდესაც მესამე პირებთან ურთიერთობაში საკრებულოს წარმოადგენს სწორედ საკრებულოს თავმჯდომარე. ამასთან, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ც. ხ-შვილი უფლებამოსილი იყო წარმოედგინა ქუთაისის საკრებულო შპს “ა. ქ.-სთან” ურთიერთობაში.
გარდა ამისა, მოპასუხის მოსაზრებით, სარჩელი იყო ხანდაზმული. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა 3 წელს. შპს “ა. ქ.-ს” ეს ვადა გაშვებული ჰქონდა (ს.ფ. 18-26).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ა. ქ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სარჩელში მითითებული დავალიანების თანხის მოპასუხის მიერ აღიარების თაობაზე. სარჩელზე თანდართული 2007 წლის 1 აპრილის შედარების აქტით დგინდებოდა შპს “ა. ქ.-ს” ქუთაისის ფილიალსა და ქუთაისის საკრებულოს შორის სატელეფონო მომსახურების დავალიანების (47 954.17 ლარი) არსებობა, მაგრამ მასში მითითებული არ იყო დავალიანების წარმოშობის პერიოდი. ამასთან, აქტს ხელს აწერდა ქუთაისის მერიის მთავარი სპეციალისტი ც. ხ-შვილი, რაც დამოწმებული იყო ქუთაისის მერიის ბეჭდით.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული შედარების აქტი ვერ მიიჩნეოდა დავალიანების აღიარებად. ც. ხ-შვილი არ წარმოადგენდა საკრებულოს წარმომადგენელს და მას არ ჰქონდა უფლება ხელი მოეწერა ქუთაისის საკრებულოს სახელით შედარების აქტზე.
საქმის მასალებით და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოთხოვნილი დავალიანება შეეხებოდა 1999-2005 წლების პერიოდს.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოდავე მხარეებს შორის 1999 წლის 2 ივლისს დადებული ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, სატელეფონო მომსახურებაზე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის შემდეგ ტელეფონის ჩართვის დღიდან. 3.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება იდება ერთი წლით; თუ ამ ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 დღისა აბონენტმა არ მიმართა შპს “ა. ქ.-ს” ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ, ხელშეკრულება გაგძელდება მომდევნო ერთი წლით. 3.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება წყდება მხარეთა შეთანხმებით. ხელშეკრულების 3.5 მუხლით, შპს “ა. ქ.-ს” არ შეუძლია ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტა, გარდა ამ ხელშეკრულების 5.3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; 5.2 მუხლით, ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის დაფარვა სავალდებულოა მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე, თუ აღნიშნულ ვადებში აბონენტმა არ დაფარა დავალიანება, ის გაფრთხილებული იქნება ინდივიდუალურად, რის შემდეგაც აბონენტს ეძლევა დამატებით კიდევ 10 დღე დავალიანების დასაფარად; 5.3 მუხლით ყოველი თვის 25 რიცხვამდე დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ტელეფონი ითიშება ცალმხრივად და 5 დღის განმავლობაში აბონენტი იხდის ჩართვის 5 ლარს, აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ტელეფონი ითიშება ორმხრივად და მომდევნო 30 დღის განმავლობაში აბონენტი მისი ჩართვისთვის იხდის 25 ლარს. თუ აბონენტმა ამ ვადაშიც არ დაფარა დავალიანება, მას კიდევ ერთი თვით ენახება ტელეფონის დადგმის ტექნიკური საშუალება. ხელახლა დადგმა მოხდება ძველი დავალიანების და შპს “ა. ქ.-ს” აბონენტთათვის დაწესებული ტელეფონის დადგმის ღირებულების 50%-ის გადახდის შემდეგ. ამ ვადაში ტელეფონის დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება უქმდება, ტელეფონი იხსნება და ნაწილდება დადგენილი წესის მიხედვით. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დავალიანების წარმოშობის შემდეგ მითითებულ ვადაში უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა მომსახურება, რაც მას არ განუხორციელებია.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვინაიდან დავალიანება წარმოშობილი იყო 1999-2005 წლებში, ხოლო სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2009 წლის 27 მაისს.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამ შემთხვევაში დადებული ხელშეკრულების თანახმად 1999 წლიდან მოსარჩელე ყოველთვიურად იგებდა თავისი უფლების დარღვევის შესახებ და არ მიმართავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებაში მითითებული იყო თანხის გადახდის გარკვეული დრო და მისი აღკვეთის კონკრეტული მექანიზმი, რასაც მოსარჩელე შეგნებულად არ იყენებდა და ამით ხელს უწყობდა დავალიანების გაზრდას (ს.ფ. 128-129).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ა. ქ.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 132-136).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ა. ქ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს “ა. ქ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, ქუთაისის საკრებულოს შპს “ა. ქ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 46 836.47 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქუთაისის საკრებულოს სარგებლობაში გააჩნია შპს “ა. ქ.-ს” სატელეფონო ნომრები;
მოპასუხის დავალიანება შპს “ა. ქ.-ს” წინაშე შეადგენს 46 836.47 ლარს;
დასახელებული დავალიანება წარმოშობილია 2001-2004 წლებში. საკრებულო ნაწილ-ნაწილ ფარავს დავალიანებას და ამცირებს ვალს აპელანტის მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის საკრებულო სადავოდ არ ხდიდა ვალდებულების არსებობას, მაგრამ მიუთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა წარმოშობილი იყო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, ყველაზე ბოლოს, 2004 წლის დეკემბერში წარმოშობილ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2007 წლის დეკემბერს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ 2005 წლის აპრილიდან ქუთაისის საკრებულო იხდიდა როგორც მიმდინარე დავალიანებას, ასევე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ნაწილს. ეს დგინდებოდა იქედან, რომ საკრებულო მუდმივად იხდიდა აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის წარდგენილ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ თანხაზე მეტ თანხას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ იგი ამ თანხას იხდიდა არა ძველი ვალდებულების შესრულების ანგარიშში, არამედ წინსწრებით, მომავალში გასაწევი მომსახურების ავანსად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, ხსენებული ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა საკრებულოს, მას კი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკრებულოს პოზიცია დაუსაბუთებელი იყო იმიტომაც, რომ თუ საკრებულო თანხას ზედმეტად იხდიდა მომავალში გასაწევი მომსახურების ანგარიშში, მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა გამოკლებოდა გადახდის შემდგომი პერიოდის მიმდინარე დავალიანებას. ასეთ კი მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. აპელანტი საკრებულოს მიერ ზედმეტად გადახდილ თანხას ითვლიდა ძველი დავალიანების ანგარიშში და საკრებულო ამაზე არ შედავებია.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკრებულომ აღიარა ვალდებულების არსებობა აპელანტის მიმართ და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა შეწყდა, ამიტომ შპს “ა. ქ.-ს” მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო (ს.ფ. 184-188).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საკრებულომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა შპს “ა. ქ.-ს” მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობისა და შესწავლის გარეშე გაიზიარა შპს “ა. ქ.-ს” განმარტება იმის შესახებ, რომ საკრებულომ მას ჩაურიცხა გადასახდელზე მეტი თანხა და დეკემბრის თვეში 1 352.97 ლარის ნაცვლად გადახდილია 2 189.70 ლარი. სინამდვილეში საკრებულომ დეკემბერში გადაიხადა ოქტომბრის თვის 1 120.14 ლარი და ნოემბრის 1 069.56 ლარი, რაც შეადგენს 2 189.70 ლარს, ხოლო დეკემბრის თანხა 1 352.97 ლარის ოდენობით გადაირიცხა 2010 წლის იანვარში, რასაც ადასტურებს საქმის მასალებში არსებული გადახდის ქვითრები.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ საკრებულომ აღიარა ვალდებულების არსებობა. დასახელებული მუხლის სწორად განმარტების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა შპს “ა. ქ.-ს” მიმართ შეწყვეტილად არ ჩაითვლებოდა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ სადავო დავალიანება ადგილობრივ ბიუჯეტში არ ასახულა. ეს ფაქტი პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია. მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია კანონით დადგენილი წესით შედგენილი მტკიცებულება (საკრებულოს ან მერიის ადმინისტრაციული აქტები) დავალიანების დაფარვის მიზნით თანხის გადარიცხვის თაობაზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი, რომ თვითმმართველობის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხები წარმოადგენდა თვეების დაჯგუფებით გადახდილ თანხას და არა დავალიანების ნაწილის დასაფარ თანხას, არასწორად არ გაიზიარა (ს.ფ. 196-203).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ საქმეზე სადავოა სატელეფონო მომსახურების დავალიანების _ 46 836.47 ლარის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო დავალიანება წარმოშობილია 2001-2004 წლებში, ამასთან, ქ. ქუთაისის საკრებულო ნაწილ-ნაწილ ფარავს დავალიანებას და ამცირებს ვალს შპს “ა. ქ.-ს” მიმართ. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული დასკვნის საფუძვლად დასახელებულია ს.ფ. 110-ზე განთავსებული მტკიცებულება _ ქუთაისის მერიის 2009 წლის 29 ოქტომბრის ¹ს-282 წერილი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისადმი. ამ წერილში ქუთაისის მერია პასუხად აცნობებს საკრებულოს, რომ შპს “ა. ქ.-ს” დავალიანების სახით ერიცხება 46 806 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2001-2004 წლებში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული თანხის ქუთაისის საკრებულოსათვის დაკისრებას საფუძვლად დაუდო ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მუდმივად იხდიდა შპს “ა. ქ.-სათვის” წარდგენილ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ თანხაზე მეტს, რითაც ვალდებულების არსებობა აღიარა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნები დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, ქუთაისის მერიის 2009 წლის 29 ოქტომბრის ¹ს-282 წერილი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს თუ არა ვალდებული პირის აღიარებას და ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით ვალდებული პირის აღიარება უნდა განხორციელდეს უშუალოდ უფლებამოსილი პირის და არა სხვა სუბიექტის წინაშე. მოცემულ შემთხვევაში წერილის ადრესატს არ წარმოადგენს შპს “ა. ქ.-”. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა, აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს მხოლოდ ფაქტის აღიარებას თუ ვალდებულების აღიარებას. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის როგორც 137-ე, ისე 144.3 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტის კონსტატაციას.
საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ 2005 წლის აპრილიდან ქუთაისის საკრებულო იხდიდა როგორც მიმდინარე დავალიანებას, ისე სადავო პერიოდში წარმოშობილ დავალიანებას ნაწილ-ნაწილ. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ საკრებულო მუდმივად იხდიდა შპს “ა. ქ.-ს” მიერ წარდგენილ ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ თანხაზე მეტს. სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა აღნიშნული დასკვნა, რომ არ დაადგინა, რომელი კონკრეტული პერიოდის გადახდებს შეეხება საქმეში არსებული საგადასახადო დავალებები, რა ადასტურებს, რომ მათში მითითებულ გადახდილ თანხაში შედის მთლიანად ან ნაწილობრივ სადავო პერიოდის დავალიანება, ამასთან, კონკრეტულად, რომელი პერიოდის (წელი, თვე) დავალიანება დაიფარა. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს, რომელი კონკრეტული პერიოდის გადახდებს შეეხება საქმეზე წარდგენილი საგადასახადო დავალებები, შედის თუ არა მათში სადავო პერიოდის დავალიანება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოარკვიოს ზემოაღნიშნული საკითხები და გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.