ას-375-355-2011 10 მაისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. პ-ვი
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ლ-ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისგაუქმება
დავის საგანი – ვალებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ლ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. პ-ვის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ნოემბერს გადაწკვეთილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ნ. პ-ვს დაეკისრა მის სასარგებლოდ 1353 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მის მიერ მოპასუხისათვის გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურს, რომელიც მას უნდა გადაეხადა ჯერ კიდევ 2002 წლის 2 აგვისტოს, და რომელიც მან არ გადაიხადა. 2002 წლის 2 აგვისტოდან გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე 2009 წლის 3 ნოემბრამდე თანხის მიუღებლობით მიადგა ზიანი, რამაც შეადგინა 2354.22 ლარი.
მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ლ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-იამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ლ-იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. ლ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. პ-ვს ვ. ლ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1325 ლარისა და 94 თეთრის გადახდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ვ. ლ-ია უწევდა საადვოკატო მომსახურებას ნ. პ-ვს, საყოფაცხოვრებო ბინის მიღებასთან დაკავშირებულ დავაში, რომელიც ნ. პ-ვის სარჩელის დაკმაყოფილებით დამთავრდა, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა 2005 წლის სექტემბერში. გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის ნ. პ-ვს თანხა არ გადაუხდია ვ. ლ-იასათვის, რის გამოც ამ უკანასკნელმა 2005 წლის 15 ნოემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. პ-ვის წინააღმდეგ და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება ითხოვა იმ მოტივით, რომ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურებით მოგებული დავა აღსრულდა და ნ.პ-ვს ეკისრებოდა მომსახურეობის საფასურის გადახდის ვალდებულება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაწეული იურიდიული მომსახურებისთვის ნ. პ-ვს, ვ. ლ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1353 ლარის გადახდა. დასახელებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. მოვალე ნ. პ-ვის მიერ ნებაყოფლობით არ შესრულებულა, არამედ იგი აღსრულდა იძულებით 2010 წელს. დადგენილია, რომ ვ. ლ-იამ მოითხოვა მიყენებული ზიანისთვის ძირითადი გადასახდელი თანხის 2%.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად „ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს“ აღნიშნული მუხლის საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ ვ. ლ-იას მიერ ნ. პ-ვის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით, სარჩელის წარდგენიდან, ანუ 2005 წლის 15 ნოემბრიდან მოვალე ნიკოლო პ-ვისათვის სავარაუდო იყო მისი ვალდებულებისა და ვ. ლ-იას შესაძლო ზიანის თაობაზე, რადგან ვ.ლ-იას, მოთხოვნის უფლება ნ.პ-ვის მიმართ სწორედ 2005 წლის ოქტომბრის თვიდან წარმოეშვა. ამდენად ნ. პ-ვს უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 2%-ის ოდენობით, 2005 წლის ოქტომბრიდან (სარჩელის შეტანის დღიდან) 2009 წლის 3 ნოემბრამდე პერიოდის (49 თვეზე 2%-ის ოდენობით) გაანგარიშებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. პ-ვმა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება,შემდეგი დასაბუთებით: მოწინააღმდეგე მხარემ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი. Mმხარეები არათუ პროცენტზე, არამედ თავად ძირითადი თანხაზეც კი არ შეთანხმებულან და მის დადგენას რამდენიმე სასამართლო პროცესი დასჭირდა, რადგანაც მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობდა. სწორედ ამის გამო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, და იგი ფაქტობრივად ითხოვდა გადახდის ვადის გადაცილების გამო ყოველთვიურად 2%-ს. თუმცა ვერ ასაბუთებს მისთვის მიყენებულ ზიანს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ვ. ლ-იას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლს, რაც ასატორის აზრით არასწორია, ვინაიდან შეუძლებელია მას ცოდნოდა რა ზიანი შეიძლებოდა მიეყენებინა ვ. ლ-იასათვის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1353 ლარის გადაუხდელობით, როცა ლ-ია 2008 წლის დეკემბრიდან ითხოვდა 7000 აშშ დოლარს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. პ-ვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურება საქართველოს საქმოქალაქო კოდექსის 408-ე 411-ე, 412-ე მუხლებით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. პ-ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. პ-ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.