ას-376-349-2010 4 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ქ-აია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. თ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ქ-აიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. თ-ძის მიმართ ე. ჯ-იას მიერ მისი კუთვნილი ქონებიდან _ სამკვიდროს ნახევრის მოპასუხისათვის დატოვების თაობაზე 2007 წლის 21 იანვარსა და 2008 წლის 14 თებერვალს შედგენილი ანდერძების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-აიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა.ქ-აიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-აიამ. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, თუმცა შუამდგომლობა სათანადო მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინებით ა.ქ-აიას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, კასატორს განემარტა, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს საქმეში არსებულ ა.ქ-აიას მოსაზრებას დავის არაქონებრივად მიჩნევის თაობაზე ვინაიდან მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ მამკვიდრებლის ნების ნამდვილობას, რადგანაც მოცემული დავის სამართლებრივი საფუძველი სწორედ ნივთზე (სამკვიდრო ქონებაზე) საკუთრების უფლების მოპოვებაა, აღნიშნული კი გამორიცხავს დავის არაქონებრივად მიჩნევის შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების სარწმუნოდ დადასტურება, ასევე სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების ან საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს და სასამართლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 16 მაისს.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით კასატორმა საფოსტო განყოფილებას მიმართა 2010 წლის 22 მაისს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 350 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, შპს “აუდიტ-სერვის-ცენტრის” მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, საჯარო რეესტრის ამონაწერი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ქ-აიას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დარღვევით შესრულებულ საპროცესო მოქმედებას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება და განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ა. ქ-აიას საკასაციო საჩივარს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის განჩინებით დაუდგინდა რა ხარვეზი, მის ავტორს დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საკასაციო საჩივარის საგნის ღირებულების სარწმუნოდ დადასტურება, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულების ან საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით მხარისათვის დაკისრებული საპროცესო მოქმდებების შესრულების ვადა განისაზღვრა 5 (ხუთი) დღით და განემარტა კასატორს დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ა.ქ-აიას და ადრესატს ჩაბარდა 2010 წლის 16 მაისს (იხ. ს.ფ.145).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას სასამართლოს შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება) აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს და მითითებულთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 17 მაისს და ამოიწურა ამავე თვის 21 მაისს, ხოლო საფოსტო კონვერტით უდავოდ დასტურდება, რომ ა. ქ-აიამ საფოსტო განყოფილებას მიმართა 2010 წლის 22 მაისს _ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ა. ქ-აიას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 21 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 350 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მხარეს დაუბრუნდება მის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით ამ ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ქ-აიას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
ა. ქ-აიას დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 21 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 350 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.