ას-377-350-2010 5 ივლისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) _ შპს “ქ-ი”, ზ. ა-ია, ლ. ა-ია, ვ. კ-ია, ლ. ფ-ავა (წარმომადგენელი გ. ფ-ია)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს “თ-ი”
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “თ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. შპს “ქ-ს”, ზ. ა-იასა და ვ. კ-იას სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების _ 296 953.91 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც მოპასუხეების სრული დავალიანება 2007 წლის 23 აგვისტოს სს “თ-ისა” და შპს “ქ-ს” შორის გაფორმებული ¹778624-732345 საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2009 წლის 29 მაისის მდგომარეობით შეადგენს 167 689.76 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 153 908.61 აშშ დოლარი, სარგებელი _ 10 322.43 აშშ დოლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე 2 908.76 აშშ დოლარი, დაზღვევის პრემია 549.96 აშშ დოლარი; ხოლო 2008 წლის 25 ივნისს სს “თ-სა” და შპს “ქ-ს” შორის გაფორმებული ¹778624-945231 საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეების სრული დავალიანება 2009 წლის 29 მაისის მდგომარეობით შეადგენს 129 264.15 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 90 552.76 აშშ დოლარი, სარგებელი _ 8 082.77 აშშ დოლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე 30 158.86 აშშ დოლარი, დაზღვევის პრემია 469.76 აშშ დოლარი;
2. შპს “ქ-ს”, ზ. ა-იასა და ვ. კ-იას სოლიდარულად დაეკისრათ ¹778624-732345 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე _ 153 908.61 აშშ დოლარზე წლიური 17%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, სარჩელის შეტანიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 2 180.37 აშშ დოლარს;
3. შპს “ქ-ს”, ზ. ა-იასა და ვ. კ-იას სოლიდარულად დაეკისრათ ¹778624-945231 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე _ 90 552.76 აშშ დოლარზე წლიური 18%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, სარჩელის შეტანიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1 358.29 ლარს;
4. შპს “ქ-ს”, ზ. ა-იასა და ვ. კ-იას სოლიდარულად დაეკისრათ ¹778624-732345 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე _ 153 908.61 აშშ დოლარზე 0.2%-ის გადახდა გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარჩელის შეტანიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 307.81 აშშ დოლარს;
5. შპს “ქ-ს”, ზ. ა-იასა და ვ. კ-იას სოლიდარულად დაეკისრათ ¹778624-945231 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე _ 90 552.76 აშშ დოლარზე 0.2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარჩელის შეტანიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 181.10 აშშ დოლარს;
6. დადგინდა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებითი რეალიზაცია აუქციონის წესით:
ა. ზ. ა-იას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ზუგდიდი, ... და ...... ქუჩების გადაკვეთაზე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹.... ზონა _ ზუგდიდი 43, სექტორი _ ... 33, კვარტალი _ 01, ნაკვეთი _ 001, ფართობი _ 600კვ.მ (დაუზუსტებელი);
ბ. ზ. ა-იას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ზუგდიდი, სოფელი ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹.... ზონა _ ზუგდიდი 43, სექტორი _ ... 17, კვარტალი _ 03, ნაკვეთი _ 112, ფართობი _ 600კ. (დაუზუსტებელი);
გ. ლ. ფ-ავას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ზუგდიდი, ... ქ. ¹66, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹.... ზონა _ ზუგდიდი 43, სექტორი _ ... 36, კვარტალი _ 01, ნაკვეთი _ 356, ფართობი _ 424კვ.მ (დაუზუსტებელი);
დ. ლ. ა-იას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ზუგდიდი, ... ქ. ¹137, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹.... ზონა _ ზუგდიდი 43, სექტორი _ ... 34, კვარტალი _ 02, ნაკვეთი _ 022, ფართობი _ 600კვ.მ (დაუზუსტებელი)A(ტომი I, ს.ფ. 232-247).
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ქ-მა”, ზ. ა-იამ, ლ. ა-იამ, ვ. კ-იამ და ლ. ფ-ავამ (წარმომადგენელი გ. ფ-ია), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 259-268).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს “ქ-ის”, ლ. ა-იას, ვ. კ-იასა და ლ. ფ-ავას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტებს დაევალათ აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, მათვე განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ტომი II, ს.ფ. 3-5).
2010 წლის 4 იანვარს შპს “ქ-ის” დირექტორმა ზ. ა-იამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის ერთ თვით გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ საზოგადოება განიცდიდა ფინანსურ კრიზისს და ათი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია (ტომი II, ს.ფ. 16).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 იანვრის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების გადაცემიდან 14 დღით (ტომი II, ს.ფ. 18-19).
2010 წლის 1 თებერვალს შპს “ქ-ის” დირექტორმა ზ. ა-იამ სააპელაციო სასამართლოში კვლავ წარადგინა განცხადება, რომელსაც თან დაურთო 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ხოლო დარჩენილი ნაწილის დასაფარად ითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება კიდევ ერთი თვით, ან სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადება საზოგადოების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო. განმცხადებელმა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე (ტომი II, ს.ფ. 32, 33).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 თებერვლის განჩინებით შპს “ქ-ის”, ზ. ა-იასა და სხვებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა განჩინების გადაცემიდან 7 დღით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იძლევა მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აპელანტებს არ წარუდგენიათ მათი ეკონომიური მდგომარეობისა და გადამხდელუნარიანობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები (ტომი II, ს.ფ. 35-38).
2010 წლის 23 თებერვალს შპს “ქ-ის” დირექტორმა ზ. ა-იამ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ახალი განცხადება, რომლითაც იმავე საფუძვლით (მძიმე ფინანსური მდგომარეობა) ითხოვა ხარვეზის ვადის 1 თვით გაგრძელება. ამასთან, მან განცხადებას თან დაურთო სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტომი II, ს.ფ. 49, 50).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს “ქ-ის” დირექტორ ზ. ა-იას შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა, შპს “ქ-ის”, ლ. ა-იას, ვ. კ-იასა და ლ. ფ-ავას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, შპს “ქ-ის” დირექტორ ზ. ა-იას დაუბრუნდა შპს “ქ-ის” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით აპელანტებს _ შპს “ქ-ის”, ზ. ა-იას, ლ. ა-იას, ვ. კ-იასა და ლ. ფ-ავას 2010 წლის 6 იანვრისა და შემდგომ კვლავ 7 თებერვლის განჩინებებით გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა. 2010 წლის 23 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით შპს “ქ-ის” დირექტორმა ითხოვა ხარვეზის ვადის კიდევ გაგრძელება ერთ თვით. შუამდგომლობის ავტორის აღნიშნული მოთხოვნა მოტივირებულია იმით, რომ შპს “ქ-ის” სახელმწიფო ბაჟის გადახდის არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არა აქვს. დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოში არ წარუდგენია, რაც სასამართლოს მისცემდა იმის შეფასების საშუალებას, თუ რამდენად მართებული იქნებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოცემული საქმე ხარვეზის შევსების ეტაპზე იმყოფებოდა 2 თვეზე მეტი ვადის განმავლობაში, თუმცა ამ დროის მანძილზე მხარეებს დამატებით რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ. სააპელაციო სასამართლომ არსებული რეალობის პირობებში ხარვეზის ვადის კვლავ გაგრძელება, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, არაგონივრულად და არასამართლიანად მიიჩნია (ტომი II, ს.ფ. 52-57).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს “ქ-მა”, ლ. ა-იამ, ვ. კ-იამ და ლ. ფ-ავამ (წარმომადგენელი გ. ფ-ია), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტისას არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ მიიჩნეოდა შპს “ქ-ის” მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად საქმეში არსებული რიგი მასალები _ საბანკო დაწესებულების ცნობები, გაანგარიშებები, საბანკო ანგარიშის ამონაწერები. დასახელებული მტკიცებულებებიდან ნათლად ირკვეოდა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება შპს “ქ-ი”. საგულიხმოა, რომ განსახილველი დავა სწორედ საზოგადოების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო წარმოიშვა.
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, შპს “ქ-ის” მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო შეემცირებინა გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ან გადაევადებინა მისი გადახდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რაც არ განუხორციელებია (ტომი II, ს.ფ. 70).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საქმის მასალების თანახმად, აპელანტებს _ შპს “ქ-ს”, ზ. ა-იას, ლ. ა-იას, ვ. კ-იასა და ლ. ფ-ავას შპს “ქ-ის” შუამდგომლობების საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 6.01.2010წ. და 7.02.2010წ. განჩინებებით ორჯერ გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადა; მათვე არაერთხელ განემარტათ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტებს საკმაო დრო ჰქონდათ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ან მათი სრული ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებების სააპელაციო სასამართლოში წარსადგენად, მათ შუმადგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაუსაბუთებიათ მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებებით. ამასთან, საგულისხმოა, რომ თითოეულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ყველა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად მიუთითებდა მხოლოდ შპს “ქ-ის” და არა დანარჩენი აპელანტების მძიმე ქონებრივ მდგომარეობას (ტომი II, ს.ფ. 16, 33, 50). იგივეს აღნიშნავენ კერძო საჩივრის ავტორები წარმოდგენილ კერძო საჩივარშიც (ტომი II, ს.ფ. 70).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს შპს “ქ-ის”, ზ. ა-იას, ლ. ა-იას, ვ. კ-იასა და ლ. ფ-ავას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ქ-ის”, ზ. ა-იას, ლ. ა-იას, ვ. კ-იასა და ლ. ფ-ავას (წარმომადგენელი გ. ფ-ია) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.