Facebook Twitter

ას-381-354-2010 21 ივნისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. სულხანიშვილი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ი. რ-უა, ლ. ა-ია (წარმომადგენელი კ. ხ-უა)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ მარტვილის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივი; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ ქონების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 7 მაისს ი. რ-უამ, ლ. ა-იამ და რ. ხ-იამ სარჩელით მიმართეს მარტვილის რაიონულ სასამართლოს მარტვილის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა. სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მარტვილის სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელთა კრების ¹1 ოქმის 2006 წლის 15 მაისის დადგენილების ბათილად ცნობა 61 ობიექტზე; ბ. მარტვილის სამომხმარებლო კოოპერატივსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2006 წლის 30 მაისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა; გ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და აღნიშნული ქონების კვლავ მარტვილის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებაში დარეგისტრირება (ს.ფ. 1-6).

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. რ-უას, ლ. ა-იასა და რ. ხ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ.119-123).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. რ-უამ და ლ. ა-იამ, რომლებმაც მოითხოვეს მარტვილის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 128-140).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით ლ. ა-იასა და ი. რ-უას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ მარტვილის სამომხმარებლო კოოპერატივის წესდების მიხედვით კოოპერატივის კრებას მინიჭებული არ ჰქონდა უფლება მიეღო გადაწყვეტილება კოოპერატივის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) თაობაზე. კოოპერატივის წესდების მე-5 თავის მე-5 პუნქტი შეიცავს დათქმას იმის შესახებ, რომ საერთო (წარმომადგენელთა) კრების გადაწყვეტილებით ცეკავშირის გამგეობასთან შეთანხმებით კოოპერატივი განმკარგულებელია თავისი ქონებისა, რაც დასტირი იყო იმისა რომ, საერთო კრებას უფლება ჰქონდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება (ს.ფ. 206-216).

აღნიშნული განჩინება ი. რ-უამ და ლ. ა-იამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (ს.ფ. 227-238).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. რ-უასა და ლ. ა-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ი. რ-უასა და ლ. ა-იას საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. რ-უასა და ლალაი ა-იას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.