ბს-1160-988-კ-04 10 თებერვალი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹59 სახელმწიფო აქტის, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთის გამონთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. ა-ემ სარჩელით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, თერჯოლის რაიონის სოფ. ... თემის საკრებულოს და ნ. შ-ის მიმართ და მოითხოვა ნ. შ-ის სახელზე სოფ. ... საკრებულოს მიერ 1998წ. 20 მარტს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ¹59 და მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა, ნ. შ-ის მიერ უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთის გამონთავისუფლება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მიწის რეფორმის განხორციელების შედეგად, თერჯოლის რაიონის სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ მიეზომა 2010 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაზედაც გააჩნდა 1996წ. 3 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹24 აქტი, ასევე, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ¹3828/99.
მიწის ნაკვეთის მიღების შემდეგ იგი ამუშავებდა და ფლობდა მიწის ნაკვეთს, ხოლო 2001 წელს მიწის ნაკვეთში შესვლისა და მისი დამუშავების უფლება მას არ მისცა სოფ. ... მცხოვრებმა ნ. შ-ემ, რომელიც აცხადებდა, თითქოს მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნოდა და სოფ. ... საკრებულოს მიერ მის სახელზე გაცემული იყო სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სოფ. ... ციცქის სახელობის კოლმეურნეობის 1940წ. ჩანაწერით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ¹168, ფართით 2010 კვ.მ, ნ. შ-ის ბაბუის, სოფ. ... მცხოვრებ ბ. ა-ის, შემდეგ კი მისი შვილის _ ტ. შ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი იყო. 1998-1999 წლებში კი შ-ის ოჯახისაგან ჰქონდა აღებული ნაკვეთი ზიარად კ. ა-ეს და ამუშავებდა რამდენიმე წელი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ განხორციელების თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გაცემას ამტკიცებს რაიონის მმართველობის ორგანო საქართველოს კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სახელმწიფო წიგნში, რომლის ერთი დედანი უნდა ინახებოდეს სოფლის მმართველობის ორგანოში, ხოლო მეორე წიგნი _ რაიონის მიწათმოწყობის სამსახურში.
სააპელაციო სასამართლომ ... საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ... საკრებულოში კ. ა-ის სახელზე გაცემული ¹24 აქტი რეგისტრირებული არ იყო. შესაბამისად, მიწის რეფორმამდე და მიწის რეფორმის შემდეგაც სადავო მიწის ნაკვეთი ¹168 ეკუთვნოდა მოპასუხე ნ. შ-ის ოჯახს.
“საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 24 თებერვლის ¹148 დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად, “დაუშვებლად იქნა მიჩნეული მოსახლეობისათვის საკარმიდამო ნაკვეთების შესავსებად, აგრეთვე, ქალაქებსა და რაიონული ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოსაყოფად ფართობის შერჩევის მოტივით სოფლებსა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა შორის არსებული საზღვრების გადასინჯვის მოთხოვნა”.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ნ. შ-ის სახელზე გაცემული 2010 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹59 აქტის ბათილობის საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა კ. ა-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ მიწების პრივატიზაციასთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთი შეევსო დადგენილ ზღვრულ ნორმამდე და 1996წ. 3 ნოემბერს სოფ. ... თემის საკრებულოს მიერ მასზე გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹24 და მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ¹3828/99, სულ სამ ნაკვეთად. რეფორმის კომისიის მიერ ერთი ნაკვეთი მიეზომა 2010 კვ.მ-ად, რომლის დაზუსტებული ზომა შეადგენს 2146 კვ.მ-ს. მიწების პრივატიზაციამდე ფაქტობრივად ფლობდა მიწის ნაკვეთს და ამუშავებდა, ხოლო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის მიღების შემდეგ, ჩვეულებრივად აგრძელებდა სადავო ნაკვეთის დამუშავებას. სოფ. ... საკრებულოს მიერ 1998წ. 20 მარტს გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹59, რომლითაც ნ. შ-ეს მიეზომა სადავო მიწის ნაკვეთის 2010 კვ.მ, რომლის შესახებაც მან 2003წ. 24 თებერვალს შეიტყო.
კასატორი მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც საკუთრების უფლებით გაიცა მასზე, ხოლო შემდეგ _ ნ. შ-ეზე, ტერიტორიული შიგასამეურნეო რუკების მიხედვით მდებარეობს სოფ. ... ტერიტორიაზე. ამდენად, აღნიშნული ნაკვეთის სახელმწიფო მფლობელი მიწების პრივატიზაციამდე ითვლებოდა ... თემის (სოფლის) საკრებულო, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელის მიერ მასზე კანონიერად გაიცა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტი. ხოლო ... საკრებულოს მიერ ნ. შ-ეზე 1998წ. 20 მარტს გაცემულ იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹59, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი მიეზომა ნ. შ-ეს, რისი უფლებაც ... საკრებულოს არ ჰქონდა. რადგან ხსენებული მიწის განმკარგავი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ... საკრებულოა და არა ... საკრებულო. კ. ა-ის რწმუნებულმა ჯ. ა-მა სასამართლოს წარუდგინა განცხადება, რომლითაც მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და დამატებით მიუთითა იმ დარღვევებზე, რომლებსაც, მისი აზრით, ადგილი ჰქონდა საქმის განხილვისას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინება.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სოფ. ... თემის საკრებულოს უფლება არ ჰქონდა, გაეცა ... ტერიტორიაზე მდებარე მიწა. ამასთან, ეს მიწა 1996წ. მიღება-ჩაბარების ¹24 აქტით გადაცემული ჰქონდა კასატორს და ეს აქტი არავის გაუუქმებია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დაცვით.
საქმეზე წარმოდგენილი ... თემის საკრებულოს 2003წ. 7 აგვისტოს ¹65 ცნობით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ¹168 სოფ. ... მიწის რეფორმის კომისიის მიერ შეტანილია ... რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის სარეფორმო მიწების ფონდში. ხოლო ... თემის საკრებულოს 2003წ. 5 აგვისტოს ¹246 ცნობის თანახმად, უცნობია იმყოფებოდა თუ არა სადავო ნაკვეთი ... სარეფორმო ფონდში, სარეფორმო მიწების ჩამონათვალის არარსებობის გამო.
1991-93 წლებში თერჯოლის რაიონის სოფ. ... გამგებლის _ ა. ბ-ის ჩვენებით დადგენილ იქნა, რომ 1991 წელს რუფოთის საბჭოთა მეურნეობას გამოეყო რა სოფ. ..., კომისიამ, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო, ქონება გამიჯნა, სადავო მიწის ნაკვეთი ¹168 და კიდევ რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომლებიც შეჭრილი აღმოჩნდა ... ტერიტორიაზე, სარეფორმო მიწად არ გადასცემია ... საკრებულოს, ვინაიდან ეს ნაკვეთი იყო სოფ. ... მცხოვრები ტატიანა შ-ის მფლობელობაში და იგი არ მიზომვია კ. ა-ეს მისი მუშაობის წლებში.
საკასაციო პალატის აზრით, საფუძველს მოკლებულია კასატორის არგუმენტი იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მას მიეზომა ... 1996წ. 3 ნოემბრის ¹24 მიღება-ჩაბარების აქტით, ვინაიდან აღნიშნულ აქტში მითითებული საფუძველი _ ... საკრებულოს 1994წ. 9 მაისის ¹22 დადგენილება, მიწის აზომვის პირველადი თუ შუალედური აქტები, წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო თვით მიღება-ჩაბარების აქტი ¹24 არ არის რეგისტრირებული სოფლის საკრებულოში. საქმეზე წარმოდგენილი თერჯოლის მიწის მართვის სამმართველოს წერილით, რომელიც მიმართულია ამერიკის ბაზრის განვითარების სააგენტოს კონტრაქტორისადმი მიწის პირველადი რეგისტრაციის საკითხებში, აღნიშნულია, რომ სოფ. ... საკრებულოს მომართვის საფუძველზე უნდა ამოეღოთ სოფ. ... მცხოვრებ კ. ა-ის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა ¹3828/99, რომელიც ხელზე იყო გაცემული. აღნიშნული წერილის საფუძველზე გაუქმდა კასატორის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, იგი არ არის კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული. მიუხედავად ამისა, კ. ა-ეს სადავოდ არ გაუხდია მის სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება და იგი თავის მოთხოვნას აფუძნებს გაუქმებულ სარეგისტრაციო მოწმობაზე. უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული მოწმობა გაუქმებული არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული წესით და იგი ძალაშია. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ამოქმედდა 2000წ. 1 იანვრიდან, ხოლო სარეგისტრაციო მოწმობა კ. ა-ეს გაუუქმდა 1999 წელს, რაც, თავისთავად, გამორიცხავს ზაკ-ით გათვალისწინებული წესით მის გაუქმებას (ბათილად ცნობას). სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ... საკრებულოს პოზიცია, რომელიც არ ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთის ... თემის სარეფორმო ფონდში არსებობას, განსხვავებით ... საკრებულოსაგან, რომელსაც მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთი სწორად იქნა განაწილებული ნ. შ-ეზე. თერჯოლის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ, თერჯოლის რაიონის ... საკრებულომ, სოფ. ... საკრებულომ არ ცნეს კ. ა-ის სარჩელი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ... და ... საკრებულოებს მიწის გამიჯვნასთან დაკავშირებით რაიმე სადავო ერთმანეთთან არ აქვთ, რამდენადაც მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 24 თებერვლის ¹148 დადგენილებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შესავსებად, აგრეთვე, ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოსაყოფად ფართობის შერჩევის მოტივით, სოფლებსა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა შორის არსებული საზღვრების გადასინჯვის მოთხოვნა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
კ. ა-ე მიეკუთვნება პირველი კატეგორიის მიწათმოსარგებლეს. ამ კატეგორიის მიწათმოსარგებ-ლისათვის ზღვრული ნორმა სოფ. ... შეადგენს 1,0 ჰა-ს. უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოწმობებით დასტურდება, რომ ამ უკანასკნელს საკუთრებაში აქვს 1,30 ჰა მიწის ნაკვეთი, იმაზე მეტი, ვიდრე გათვალისწინებულია სოფ. ... I კატეგორიის მიწათ-მოსარგებლისათვის.
ნ. შ-ე, როგორც სოფ. ...ში მცხოვრები ცალკე კომლი, ფლობს 0,21 ჰა მიწის ნაკვეთს და მას სხვა მიწის ნაკვეთი არ გააჩნია. სოფ. ... ციცქის სახელობის კოლმეურნეობის 1940წ. ჩანაწერებით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო ნ. შ-ის ბაბუის, სოფ. ... მცხოვრები ბ. ა-ის, ხოლო 1992წ. 10 ნოემბრის მიწის აზომვის აქტითა და 2.05.95წ. მიღება-ჩაბარების აქტით ნ. შ-ის დედის _ ტ. შ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. 1995წ. 22 მარტის განცხადებით ნ. შ-ემ მოითხოვა ცალკე კომლად გამოყოფა. სოფ. ... საკრებულოს 11.04.95წ. ¹21 გადაწყვეტილებით ნ. შ-ე გამოყოფილ იქნა ცალკე კომლად დედის, ტატიანა შ-ის, კომლიდან. იმავე გადაწყვეტილებით დაევალა მიწის რეფორმის კომისიას ნ. შ-ეზე მოეხდინა მიწის ნაკვეთის გამოყოფა მისი დედის კომლის საკარმიდამო ნაკვეთიდან. სადავო მიწის ნაკვეთი რომ ნამდვილად ტატიანა შ-ის საკარმიდამოს წარმოადგენდა, დასტურდებოდა 10.11.95წ. მიწის აზომვის აქტით. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის 1992-96 წწ. მოქმედი კანონმდებლობით, კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მასზე სწორად იქნა გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობა, ვინაიდან იმ დროისათვის სადავო ნაკვეთი, მითითებული დადგენილების შესაბამისად, ტ. შ-ის საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნული ნაკვეთი 1997წ. 1 აპრილს მიეზომა ნ. შ-ეს და შედგა მიწის აზომვის აქტი, რაც გახდა ნ. შ-ის სახელზე 1998წ. 20 მარტის ¹59 მიღება-ჩაბარების აქტის და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფუძველი, რომლებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, მიწაზე საკუთრების უფლება წარმოიშვება სახელმწიფო რეგისტრაციის შემდეგ. საკადასტრო რუკითა და სააღრიცხვო ბარათით დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ¹168, ფართით 0,225 ჰა, აღრიცხულია ნ. შ-ის სახელზე 26.10.99წ. სკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მოსთხოვოს მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება ან სხვაგვარი ხელშეშლის აკრძალვა. ვინაიდან დადგენილია, რომ კ. ა-ე არ წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ამიტომ მისი მოთხოვნა ნაკვეთის გამონთავისუფლების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სააპელაციო პალატამ, რის გამო არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინება;
3. კ. ა-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.